ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
24 დეკემბერი, 2018


ვერშობილი პატიება

       
  წვიმა მძივებივით დაეკიდა აივნებს. წვეთები საქანელაზე მსხდომი ბავშვებივით წინ და უკან ირწეოდნენ. თითი შეახო, ხელი უნდოდა შეეშველებინა, რომ არ გადავარდნილიყო და ასფალტზე არ დაესხა ტვინი, მაგრამ  წვეთი ჰაერის ბუშტივით ჩაიფუშა. ხასიათი წაუხდა.  წვიმა სახლში შემოსვლას ითხოვდა და სახეზე ეხეთქებოდა, ხელებს უფათურებდა ყვრილამებზე. შუბლიდან თვალისკენ დაიძრა წვეთი. თავი გადაყო აივნიდან, ახლა კისერში ჩაუძვრნენ წვეთები, აბაზანიდან ახლადგამოსული ქალივით სველი ტანი ჰქონდა წვიმას. შეაჟრჟოლა. ზამთრის პირი იყო. სიცივემ მოძალადე კაცივით მოულოდნელად ჩაავლო მხრებში ხელი. ამ სიცივისაგან თავის დასაცავად საკუთარი ხელები შემოიხვია სხეულზე, რას გაგათბობს ადამიანს შენი თავის სიყვარული, ვინ იცის, იქნება ამან კიდევაც უარესად გაგყინოს, სითბოსა და სიყვარულისაგან დაგცალოს.
  სახლში შებრუნდა. რადიატორს აეკრა და ახლა მინის მიღმა დაიწყო წვეთების თვალიერება. არ ჰგავს  წვიმის ყველა წვეთი ერთმანეთს, ყველას თავისებური ფორმა აქვს, ყველას თავისი ფიქრი ჩამოაქვს მიწაზე. იქნება და ეს წვეთები ღმერთის სიტყვებია, ჩვენთვის გამოგზავნილი, კი, ასე იქნება, წვიმა ღმერთის წერილია ადამიანებისთვის მოწერილი, მაგრამ ჩვენ მისი კითხვა არ ვიცით, ჩვენ ეს იდუმალი ანბანი გვაქვს სასწავლი. ან როგორ ვისწავლით, წიგნის გადაშლას არც ვფიქრობთ, წამოვა უცოდველი წვიმა და ჩვენ თავს შევაფარებთ ქოლგებს, შევიყუჟებით სახლებში და ვამბობთ, ჩამოიქცა ცა, აღარ გადაიღო ამ ოხერმა.
  უნდა გახვიდე და სახე მიუშვირო, უნდა გაშალო ხელები და მერე ეს წვეთები, შენს თვალებზე მოხაზავენ ბგერებს, მოგიყვებიან ათასფერ ზღაპრებს, იქ, იმ სხვა სამყაროზე.
    წვიმა ათასწლეულების მანძილზე წაუკითხავი წერილია, გაუხსნელი კონვერტით უკან-ღრუბლებში დაბრუნებული…. ის გაუხსნელი, წაუკითხავი წერილი გაახსენდა…
  მამა სვამდა და დედა იყო ძალიან ლამაზი და ახალგაზრდა. მამა სვამდა და ეძინა სადარბაზოში, კიბეზე, სამზარეულოში, მეზობლის სარდაფში, უბნის გარაჟში. დედა კი იყო ძალიან ლამაზი და ძალიან მარტო. მამას ეძინა და მერე, ბოლო დროს მეორე კვარტალიდან, იმ არყისაგან გონდაკარგულ ღამეებში, მოდიოდა ახალგაზრდა, კუნთმაგარი ბიჭი. მამას ეძინა. ბიჭი, კი რომელსაც დედასთვის მოჰქონდა ყვავილები, თავიდან მოდიოდა მორიდებული, მშიშარა ნაბიჯებით, მერე და მერე მას მოჰყვებოდა სითამამე და ბოლოს მესაკუთრის მშიერი თვალები.
  მამას ეძინა და დედა წავიდა. წავიდა  და დატოვა შვილი მძინარე მამასთან ერთად. მამამ განთიადისას გაიღვიძა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ყველა მატარებელი ჩავლილიყო.
  მაშინ გიორგი 7-ის იყო. მერე მათ სახლში გადმოსახლდა მამიდა, თავისი ორი შვილითა და ფხიზელი ქმრით. გადმოვიდა, მისწი-მოსწია ნივთები, რომ მსუქანი გვერდები კარგად გატეულიყვნენ ოთახიდან-ოთახში. ერთ ხანს გიორგის ეძინა თავის ლაჟვარდისფერ საძინებელში, მერე ერთი ბავშვისთვის დიდია ეს ოთახი, სამისთვის პატარაო და თავისი შვილებისათვის გამოაცარიელა კარადები, გადმოყარა  ტანსაცმელი,  ზეწრები. კარგად გადაწმინდა მტვერი, რათა საბოლოოდ წაეშალა რძლის სუნი, რათა მისი ნაკვალევი ოთახიდან გაექრო და მერე იწვა  გიორგი  სამზარეულოს პატარა დივანზე. იწვა და არ ეძინა, დედაზე ფიქრობდა. რამდენჯერაც მამიდა თავისი ჯანიანი, მიწაზე ნამუშევარი ღონიერ ხელებით ყურის ბიბილოებს დაუგრეხდა, ბრაზი ეძალებოდა, უნდოდა იმ წუთას დედასაც ზუსტად ისე სტკენოდა სხეულის ყველა უჯრედი.
  გიორგი 15-ის იყო დედისგან წერილი რომ მიიღო. ბევრი რამე ჰქონდა შვილთან სათქმელი  ალბათ, კარგად ჩასუქებული კონვერტი გამოეგზავნა. ამ წერილში მთელი 8 წლის ტკივილი ჩამწყვდეულიყო და თუ გიორგი კონვერტს  გახსნიდა, ყველა ტკივილი თავიდან დაბრუნდებოდა, ყველა უძილო ღამე თავიდან ექნობოდა გასათენებელი, ყველა ცრემლი თავიდან დასაღვრელი.
  უკან გაგზავნა გაუხსნელი კონვერტი. იწვა უსიზმრო ღამეში თვალებგახელილი და სიბნელე მის წუხილს ვერ იტევდა. ეჯახირა ფიქრსა და მოგონებებს გიორგი, ეომა წარსულს. აჰყვა მიძინებეული სევდა  კვალდაკვალ, აედევნა კუდში ძლივს შემორჩენილი სახება დედის. რამდენიმე დღეში  დარეკა ზარი ფოსტალიონმა და ის, ხელიდან ხელში გადასული, ფერშეცვლილი წერილი ისევ მოიტანა. ხორცი ეტკინა, თითქოს მილიონი ნემსი ესობოდა გულში, თითქოს ეს უბრალო ფურცელი კი არა ნაკვერჩხლები ყოფილიყოს,  თითქოს თავიდან დაბრუნდა  ღამე, როცა მამას ეძინა, დედამ კი წინასწარგამზადებულ ჩემოდანს დაავლო ხელი და სახლიდან ისე გავიდა, შვილისთვის არც უკოცნია, ბოლო მზერა არ შეუვლია, მისი სახის დამახსოვრება არ უცდია. გაიხურა კარი და ქუსლების პაკა-პუკი სიკვდილის წინ ბოლო ამოხრიალებასავით დატოვა ხსოვნაში.
  წერილი აღარ დააბრუნა, დატოვა უთქმელი სიტყვები კარადის ქვედა უჯრის სიღრმეში დამალული, არ გადაუგდია, არც დაუხევია, არც დაუწვია, დატოვა სახლში, როგორც საკუთარი თავის, საკუთარი ნებისყოფის გამოცდა, როგორც იმედი, რომ ერთ დღესაც გადალახავდა ტკივილსა და ბრაზს და ცივი გონებით იმ ქალის ნაამბობს წაიკითხავდა, რომელმაც შობა და რომელმაც სხვის ბუდეში დადებული კვერცხივით მიატოვა, რომელმაც დატოვა მძინარე მამასთან. . .
  წვიმის წვეთები თავს იხრჩობდნენ აივნის რიკულებზე, წვიმის წვეთები ღმერთის წაუკითხავი წერილები იყო, ყოველ ჯერზე უკან გაბრუნებული, გაცვეთილი კონვერტით გამოგზავნილი.
  დედა სწერდა:
  „ცხოვრობდე, ნიშნავს გრძნობდე ტკივილსა და სიხარულს. გული გიჩქარდებოდეს, ელოდებოდე, ღამე გეღვიძებოდეს, რომ საბანი გაუსწორო. ცხოვრობდე, ნიშნავს ხედავდე ფერად სიზმრებს. მე აღარაფერს ვგრძნობდი. მე არ ვცხოვრობდი. მე ვკვდებოდი ყოველ დღე, ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად ვიცლებოდი სისხლისგან. წავიდა ჩემგან ფერადი სიზმრები და  ჩამოდგა ნაცრისფერი, გაუთენებელი ღამე.
  სანამ ცხოვრება იყო გაზაფხულის დღესავით ნათელი, ძალას არ ვიშურებდი, რომ სახლი სითბოთი და სიხარულით ამევსო. მერე კი ვიღაცამ წამართვა ყველა სიტყვა, წამართვა ფიქრი, ოცნებები და დარჩა მხოლოდ უთქმელი ამბები. ჯერ უბრალოდ გაქრა  სიხარული, მერე მოვიდა მწუხარება, მერე ეს მწუხარება იქცა ტკივილად. კბილის ტკივილივით შემიძვრა სულში მარტოობა და ბოლოს იმდენად დიდი იყო ტკივილი, რომ მე მის არსებობას ვეღარ ვგრძნობდი, მე საერთოდ ვეღარაფერს ვგრძნობდი.
  თავგანწირული ვიბრძოდი, ვიბრძოდი თქვენი და საკუთარი თავის გადარჩენისთვის. მიყვარდით. ვერაფერს გავხდი. მე ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ჯანმრთელი, ამიტომ წინ გრძელი გზა მქონდა და მე ვფიქრობდი, როგორ უნდა გამევლო გზა, როგორ გამეტანა წლები ამ სიცარიელეში. სანამ ძალა მქონდა, ყველა ღონეს ვცდიდი, მერე ძალა დაკარგა სიტყვებმაც და მოქმედებამაც. მე შევიცვალე.
  ის სვამდა, იძინებდა, იღვიძებდა და ისევ სვამდა, რათა რაც შეიძლება მალე დაეძინა. მე ვეძებდი მიზეზებს საკუთარ თავში, მაგრამ ვერ ვპოულობდი და დავნებდი.
  მას ეძინა ღრმად და მეც ვიძინებდი  თვალღია -  ანუ ვხდებოდი შენთვის სულ უფრო ნაკლებად საჭირო, სულ უფრო მეტი ცარიელი ადგილი.
  ყველა ჩვენგანი ოცნებებით ვცხოვრობთ, წარმოიდგინე რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, რომ არ ვოცნებობდეთ, რომ არ გვქონდეს იმედი, მოლოდინი. მეც ვოცნებობდი. მერე  თავზე დამემსხვრა, ყველა კოშკი, რაც ამიშენებია,  ამ ნანგრევებიდან გამოსვლის შანსიც დავკარგე. ვიდექი და ველოდი დასასრულს, მაგრამ ადამიანები ყოველთვის გრძნობენ სიკვდილის სუნს, მის სიახლოვეს, მე ჯერ ძალიან შორს ვიყავი, სიკვდილს ჩემი არსებობა არ ახსოვდა, და გაივლიდა  რამდენიმე ათწლეული და მხოლოდ მაშინ მოვიდოდა ჩემთან. ათწლეულები კი ძალიან ბევრია, მილიონობით წუთია. მე ვითვლიდი, სათვალავი მეშლებოდა და ისევ თავიდან ვიწყებდი თვლას.
  სულ უფრო მეტად გაუცხოვებული ვიყავი, საკუთარ თავს ვერ ვცნობდი, საკუთარი თავის მეშინოდა. ვიყურებოდი სარკეში, ისევ ის თვალები იყო, ის ტუჩები, ის თმა, მაგრამ ეს მაინც სულ სხვა ადამიანი იყო, ეს მე არ ვიყავი.
  მეშინოდა. სილაჩრეა ვიცი, მაგრამ ვინ თქვა დედებს არაფრის ეშინიათო, ვინ თქვა, რომ ქალის ცხოვრებას ქორწინება ასრულებს და მერე იწყება, სხვა ცხოვრება, უკვე განსაზღვრული კალაპოტით, ერთი სწორი ხაზი სიკვდილის მოლოდინში, ამ სწორ ხაზზე თეთრეულივით გამოუფენიათ მოვალეობები და პასუხისმგებლობები. ასე იცხოვრა ბებიაჩემმა, ასე იცხოვრა დედაჩემმა, ასე უნდა მეცხოვრა მეც, უნდა გავყოლოდი ამ სწორ ხაზებს, უნდა მოვკმკვდარიყავი, დამემარხა ჩემი ოცნებები და თავიდან დავბადებულიყავი, იმ სხვისი, როდისღაც, სადღაც შორს დაწერილი მოვალეობებისა თუ ინსტიქტების შესასრულებლად, მაგრამ ვერ შევძელი, მე გზიდან გადავუხვიე.
  შენ გაჩნდი და მერჩივნე მთელ სამყაროს, შენ გაჩნდი და  შენს ძარღვებში დიოდა ჩემი სისხლი, მაგრამ მაპატიე, რომ მონის სისხლი ვერ გიანდერძე, მაპატიე, რომ შენ ჩემი გზა ვერ დამავიწყე,  ჩემი მრუდე გზა, ჩემი შეცდომებითა და სირცხვილით ატალახებული შარა.
    ეს გზა, რომელიც მე ავირჩიე, ადვილი გასავლელი  არ ყოფილა, ამ გზაზე ათასჯერ წავიქეცი, ამ გზაზე მიწაზე გაწოლილი, ხოხვით მივიწევ, ამ გზაზე ფეხი მისხლტება და გადაყვლეფილი მაქვს მუხლისთავები. ეს გზა ისეთი სწორი და სუფთა არაა, რომელზეც დამაყენეს და რომელიც ბოლომდე ვერ გავიტანე, მაგრამ ეს ჩემი უსწორ-მასწორო გზა, ნამდვილად ჩემია, მე უნდა გავკვალო, ის კი სხვისი, მილიონი ადამიანის უკვე კარგად დატკეპნილი, კარგად შემზადებული გზა იყო, იმ გზაზე სიარულისას ფიქრი არ გჭირდებოდა ადამიანს, იმ გზაზე ფეხები თავისით წავიდოდნენ, კაცი კი არ წავიდოდა გზაზე, გზა წაიყვანდა კაცს.
  ვერ შევძელი ფიქრის უნარის უგულვებელყოფა, ვერ ვაიძულე თავი, მევლო სხვის მერე დატოვებული ნიშნულების მიხედვით. დაგტოვე, მაგრამ არ მიმიტოვებიხარ.
    ყველაფერს აქვს თავისი დრო, ჩემი მოთმინებისა და ლოდინის დრო ამოიწურა და წასვლა გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. მაგრამ სანამ მოვიდოდა ღამე განშორების, მანამდე მე დიდხანს, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი შენზე და იქნებ მიგაჩნია, რომ ვალდებული ვიყავი შენ გამო გამეძლო.
  არ ვიცი სისუსტე იყო თუ ძლიერება, ჩემი წასვლა. დარწმუნებული ვარ, იმ ნათელ გზაზე  შედგომილ ქალებს შორის ათასობითაა ისეთი, ვისაც ჩემსავით უნდა გაქცევა, ვინ იცის რამდენი მათგანია, ვისაც ახრჩობს მიწაზე უწესრიგოდ მიყრილი ოცნებები, ვინ იცის რამდენი მათგანი ებრძვის ყოველ ღამე სასოწარკვეთას, რამდენს სტკივა და იქნება მათ შორის ჩემზე მეტად სევდიანებიც არიან, მაგრამ მხოლოდ მე, მხოლოდ მე გავბედე და წავედი. ჩემი გზის პოვნა მინდოდა, ჩემი ტკივილიანი, შეცდომებიანი, სირცხვილისაგან ლოყებაწითლებული გზის მოძებნა ვცადე.
  ვიპოვნე თუ არა ჩემი გზა? არ ვიცი, იქნება არის ეს გზა ჩემი, იქნება - არცაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მე ვცადე და ძებნა დავიწყე, მე მონა არ გავხდი, სხვისი ნაფიქრით, სხვისი გამოჭედილი წესებით არ ვიცხოვრე.
  არც ამაზე მაქვს პასუხი, იყო თუ არა ეს გზა უფლის, არც ეს ვიცი  ადამიანებს შეგვწევს კი ძალა, რომ უფლის წესები განვსაზღვროთ და ერთმანეთს ღმერთისკენ მიმავალი გზა ვუჩვენოთ. არის კი ყველა ადამიანისათვის უფლის გზა ერთი?! იქნება ყველას ჩვენი გზა გვაქვს საპოვნელი, ყველას ჩვენი წესები გვაქვს მოსაძებნი. მე, როცა მივდიოდი, არ ვფიქრობდი, რომ უფლის გზას ვტოვებდი, არც ახლა ვფიქრობ, რომ სატანის გზაზე ვდგავარ, მე ჩემი ღმერთი მყავს გულში, რომელიც სასტიკი არაა, რომელიც ვფიქრობ, მისმენს და მიგებს იმ ტკივილს, რასაც მაშინ ვგრძნობდი, იმ ტკივილსაც, რასაც ახლა ვგრძნობ, ჩემი ღმერთი მოწყალეა და იმედი, მაქვს თუ ეს გზა მცდარია, სხვა გზას მაპოვნინებს, სხვა სინათლეს დამანახვებს.
  ვფიქრობდი, შენი დატოვება არ ღირდა, შენც უნდა წამეყვანე, მაგრამ მერე მივხვდი, მე არ მქონდა უფლება, შენთვის ბორკილები დამედო, არ მქონდა უფლება, ჩემი გზით მეტარებინე, რადგან არ ვიცოდი ეს გზა შენიც იყო თუ არა, შენ შენი მიმართულება უნდა გეპოვნა, შენი წილი ტკივილი უნდა გაგევლო, შენი ჯვარი გეტარებინა, იქნება ეს უჩემობა იყოს შენთვის ჯვარი და როცა დასასრულთან - ზრდასრულობასთან მიხვალ, მინდა გამძლე იყო, მინდა, საკუთარი თავის გჯეროდეს, შენივე თავის იმედად იყო.
  მამაშენი მიყვარდა, მაგრამ მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სიყვარული მოეკლა, კედელთან მიყენებული ტუსაღივით დაესაჯა. არ დაიჯერო, არ მოტყუვდე: სიყვარული კვდება! და მამაშენმა დამტოვა საკუთარი გრძნობების ჭირისუფლად. უფლება მქონდა მისთვის ჩემი მიტოვებული, ძაძებში შემოსილი გული წამერთმია, მაგრამ იმ ძველი სიყვარულის ხათრით, შენი წართმევის უფლება არ მქონდა. შენ მისი ნაწილი იყავი, მისი გადარჩენის ერთადერთი საშუალება. ვიფიქრე, შენ, ასე უმწეო და უცოდველი, აიძულებდი მას გაეღვიძა, იმ დიდი, იმ უპატიებელი ძილისაგან  გაეღვიძა და საკუთარი თავი ხელახლა ეპოვნა, გაეღვიძა ჩემი დაკარგვის ტკივილით და შენი დაკარგვის უფლება აღარ მიეცა საკუთარი თავისთვის.
  მაპატიე, რომ შენ ამისთვის გაგიმეტე, მაპატიე რომ გაგწირე.
  მინდა, გახსოვდეს: შენ კაცი ხარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამყაროს ბატონ-პატრონი ხარ, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ისედაც შენ გეკუთვნის. საგნებს, და მით უფრო ადამიანს, დაკარგვის უნარი აქვს. ისინი იმსხვრევიან და ქრებიან. თუ რამე გულით გსურს, ეცადე ხმალი მოიმარჯვო და მისი მოპოვება სცადო და როდესაც შენთვის სასურველს შენად დაიგულებ, არ გაბედო და ხმალი ქარქაშში არასდროს ჩააგო, არ იფიქრო, რომ დასვენებისა და განცხრომის დრო მოვიდა, დაცვა და შენარჩუნება ისწავლე, მოფრთხილება და დაფასება სჭირდებათ ნივთებს.
    შენ კაცი ხარ, მაგრამ ნახევარი, ნახევარკაცად ნუ დარჩები, შენი ნაწილი იპოვნე და არ იფიქრო, რომ მარჯვენა თვალს, მარცხენაზე უკეთ შეუძლია ხედვა, იმისათვის, რომ სამყაროს სრულყოფილად ხედავდე ორივე თვალი გჭირდება, ამიტომ ნუ დაიგმანავ თვალს, გაუფრთხილდი შენსავე ნაწილს, რათა შესძლო, სინათლის ხილვა.
  შენ კაცი ხარ და არავინ მოგატყუოს, რომ კაცებს არ უნდა ეშინოდეთ, ძალიან შეგეშინდება, შეგეშინდება მარტო დარჩენის, და რომც მოხდეს ასე და ბნელ ოთახში ადამიანი ვერ იპოვნო, იცოდე, რომ მარტო არ ხარ, რადგან მხარზე შენი მფარველი ანგელოზი გიზის. მის დანახვას ვერ შესძლებ, მაგრამ მისი არსებობის უნდა გჯეროდეს.
    მინდა, რომ მაპატიო, ეს მე არ მჭირდება, შენ მაინც იქნები ყოველთვის ჩემში, შენ მაინც გააგრძელებს არსებობას, ეს შენ გჭირდება, ვერ იცხოვრებ სიძულვილით, ვერ შესძლებ სიარულს ამხელა ბრაზით. მაპატიე, რათა უფრო მარტივად გაიარო გზა. გზა კი ძალიან ბევრგვარი შეგხვდება და ეცადე, სხვის გზას ნუ შეუდგები, სხვისი ტვირთის ზიდვას ვერ შესძლებ. იპოვე გზა და შეუდექი აღმართს, არ მოერიდო შეცდომებსა და დაბრკოლებებს, რათა საკუთარი თავის პოვნა შესძლო. შეცდომა ცოდვა არაა, ცოდვა ისა, რომ იჯერებ სრულყოფილი ვარ და მე არასდროს დამიცდება ფეხიო. წაქცევას ფეხზე უფრო მყარად დგომა მოსდევს. დააკვირდი ცხოვრებას და იყავი გულწრფელი, ტყუილი არასრულყოფილების ყველაზე დიდი მანიშნებელია. იცხოვრე და იბრძოლე. ცხოვრების მიწურულში გული მხოლოდ იმაზე დაგწყდება, რაც არ ითქვი, რაც არ სცადე, რისი უფლებაც არ მიეცი საკუთარ თავს. იცხოვრე და იყავი მართალი საკუთარ გულთან. იცხოვრე, რათა გაამართლო შენი არსებობა.“
  გაყვითლებული ფურცლები მომუჭულ ხელში სულს ლევდნენ, აივანზე კი წვიმის წვეთები იხრჩობდნენ თავს.
   


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები