ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
„ენკლად ძინტარს ვოზენსი, დაბადების თარიღი: 5 მაისი, 2065 წელი, დაბადების ადგილი: რეზეკნე, ლატვია, ევროპის ახალი კავშირი* . საბუთის ტიპი: დროებითი სამუშაო პერმიტი, ნიუ-იორკის თავისუფალი რესპუბლიკა, 2098 წელი“, ასე ეწერა ვოზენსის „პერმიტში“.
„მისტერ ვოზენს, თქვენი პერმიტი შარშანდელია! თქვენ არ გაქვთ ნიუ-იორკში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება. თქვენ მხოლოდ ტურისტად შეგიძლიათ ნიუ-იორკის რესპუბლიკაში ყოფნა 20 დღის განმავლობაში. რისთვის ჩამოხვედით ჩვენთან? ტურისტი ხართ თუ ჩიკაგოს ფედერაციის** აგენტი?“ - გააგძელა გოჭმა პოლიციელმა.
ვოზენსი მიხვდა რომ თუ ენას კბილს არ დააჭერდა პოლიციის ამ ოფიცერთან საუბარი მისთვის ძალიან არასასიამოვნო მიმართულებით შეიძლება გაგრძელებულიყო. „არა ოფიცერო, მე მხოლოდ ტურისტი ვარ და ორ დღეში ევროპაში მივემგზავრები“. ვოზენსს ყოფილი აშშ-ს დატოვების აზრი იმ მომენტში გაუჩნდა, თორემ ინციდენტამდე, ვაშინგტონში აპირებდა გამგზავრებას მეგობარ ქალთან, რომელიც მას უკვე დიდი ხანია ეპატიჟებოდა კოლუმბიის ოლქის ახალ რესპუბლიკაში.
გოჭ პოლიციელთან საუბრისას, ამ სასაცილო, ფორმიანი კაცუნას დაუფარავი აგრესიის ფონზე, გრანდ-სენთრალის სადგურის პოლიციის განყოფილებაში, ვოზენსი მიხვდა რომ ამერიკაში მისი მისია შეიძლება ამოწურულად ჩათვლილიყო. ასეთ ამერიკას ვოზენსი ვეღარ აიტანდა. მისი სამწერლო-ჟურნალისტური მისია, ტოტალიტარულ და სასტიკ ამერიკაში, დროებით მაინც უნდა შეწყვეტილიყო. „ფული თავისუფლად მეყოფა რომ პარიზის გავლით თბილისში გადავფრინდე. იქ კი ბესარიონთან გავჩერდები. ბესო დიდი ხანია მეპატიჟება გაუ-ში. ერთი-ორი თვე დემოკრატიულ და თავისუფალ სამყაროში ალბათ არ მაწყენს“ - უთხრა მაშინ თავის თავს ვოზენსმა.
ოფიცერო, როგორც მოგახსენეთ, მე ტურისტი ვარ, მალე დავტოვებ ნიუ-იორკს და დიდად დამავალებთ თუ ჩემს საბუთებს დამიბრუნებთ და მოპარულ ბარგს მიპოვით. მე სასტუმრო „უან ჰოთელ მერედითში“ გავჩერდები, ბრუკლინში. თუ ბარგს იპოვით, იქ დამიკავშირდით. აი სასტუმროს კოორდინატები“, ცივად მოუჭრა ვოზენსმა გოჭუნას და პოლიციის უბანი, მისთვის საბედნიეროდ, დაზარალებულის სტატუსისთ დატოვა.
სახტად დარჩენილმა ფორმიანმა გოჭუნამ მხოლოდ ის მოახერხა რომ ვოზენსს საბუთები დაუბრუნა და გულის ჯიბეში ჩაიკუჭნა ვოზენსის მიცემული ქაღალდი ნაჭერი, სასტუმროს მისამართითა და ტელეფონის ნომრით.
ნიუ-იორკის რესპუბლიკა ერთადერთი ახალი წარმონაქმნი არ გახლდათ დღევანდელი მსოფლიოს რუკაზე. სკოლის დღევანდელი მოსწავლისათვის, გასული საუკუნის რუკა მხოლოდ ისტორიის გაკვეთილებისთვის თუ გამოდგებოდა. მეოცე საუკუნის გლობალიზაციის უგუნური ექსპერიმენტის შედეგად, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - ქვეყნებიდან ‘გაქცეულმა’ წარმოებებმა, ევროპაში, ამერიკაში და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, აქამდე არნახული მასშტაბის პრობლემები წარმოშვეს ოცდამეერთე საუკუნის ორმოციან წლებში. პოსტ-გლობალისტურმა კრიზისმა შვა უმუშევრობა, ცხოვრების სტანდარტების გაუარესება, ადგილობრივების მასობრივი ემიგრაცია ქვეყნიდან და ღარიბი ქვეყნებიდან უკონტროლო იმიგრაცია. შედეგი იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ამას კომპიუტერული სოციო-პოლიტოლოგიური მოდელები ამბობდნენ: ნაციონალიზმისა და რადიკალიზმის ზრდა, უმუშევარი ახალგაზრდობის არაკვალიფიცირებული, აგრესიული ჯგუფების გაჩენა მთელს ევროპაში და უსუსური მთავრობების კრიზისი, რომლებიც ვერაფერს თავაზობენ ახალგაზრდა, უმუშევარ და სიღარიბით გამწარებულ ევროპელთა მრავალმილიონიან არმიას.
მსოფლიო ეკონომიკის კვდომამ და გაუარესებულმა ეკოლოგიამ საბოლოოდ დაარღვია ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის პოლიტიკური მოდელები... მოკლედ, მოგების დევნამ, ფინანსური ინსტიტუტების სპეკულაციებმა და მსხვილი ბიზნესების დაუსრულებელმა მაქინაციებმა, საბოლოოდ ყველას წააგებინა.
ოცდამეერთე საუკუნის შუა წლებიდან დედამიწაზე არ წყდებოდა საპროტესტო გამოსვლები მთავრობის, უცხოელების, მეზობლების, მდიდრების, ღარიბების, პოლიტიკოსებისა და ეკონომისტების წინააღმდეგ - თითქოს ყველა ყველას წინააღმდეგ აიქოჩრა.
ადამიანებს აღარ შეეძლოთ მმართველთა ტყუილების, პროპაგანდისტული მედიის ლაქლაქისა და ფსევდო-პატრიოტული მოწოდებების სმენა. მთელს მსოფლიოში ახალი იმპულსი შეიძინა რასობრივმა, ეთნიკურმა, რელგიურმა და კლასობრივმა დაპირისპირებამ: - ევროპელები ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან შემოსულ ლტოლვილებს დაუპირისპირდნენ და მათი ევროპიდან გაყრას ითხოვდენენ; - ამერიკაში, აშშ-ს დასავლეთის შტატებმა აღმოსავლეთისგან გამოყოფისთვის წამოიწყეს ბრძოლა; - მექსიკამ, რომლის მოსახლეობამ სამას მილიონს გადააჭარბა და შეერთებული შტატებისას გადაასწრო, აშშ-ს სამხრეთულ შტატებზე განაცხადა პრეტენზიები. - ლათინური ამერიკის სხვადასხვა ქვეყნის ინდიელებმა სამხრეთამერიკელ თეთრებს მოსთხოვეს სამთო-მოპოვებითი და სატრასპორტო დარგების ნაციონალიზაცია და „ევროპულ“ წესებზე დაწერილი კონსტიტუციების გადახედვა. პანამა, კოლუმბია, ვენესუელა, ეკვადორი, პერუ და ბოლივია გაერთიანდნენ და „ანდების კავშირი“ ჩამოაყალიბეს, რომელიც სრულიად კრძალავდა „ძველი“ ევროპული ყაიდის კონსტიტუციურ მოწყობას და ხალხს ახალ, „ნამდვილ ამერიკულ კონსტიტუციას“ სთავაზობდა.
(ამ დისტოპიური ტექსტის გაგრძელება იქნება) ____________________________________________ * ევროპის ახალი კავშირი (New European Union, NEU)- ძველი ევროკავშირის საფუძველზე, 2060 წელს შექმნილი ახალი ევროპული ფედერაცია, რომელიც ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქვეყანას (შოტლანიდა, უელსი და ირლანდიის რესპუბლიკა) აერთიანებს. NEU-ში არ შედიან ე.წ. „ძველი ევროპის“ მსხვილი ქვეყნები (საფრანგეთი ინგლისი, გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია და იტალია). 2060 წლის ევროკავშირის დაშლის აქტით, ამ ქვეყნებმა დამოუკიდებელი, ევროპული კავშირის გარეშე განვითარების გზა აარჩიეს. ** Chicago Federation of Independent States - ჩიკაგოს ფედერაცია, ამერიკის ცენტრალური შტატების ფედერაცია, აგებული კომუნიტარულ პრონციპებზე. აერთიანებს ყოფილი ილინოისის, მიჩიგანის, მინესოტას, ვისკონსინის, მისურის, ჩრდილოეთ და სამხრეთ დაკოტის შტატებს და აიოვას, ინდიანისა და ნებრასკის ყოფილი შტატების ტერიტორიების ნაწილს. ჩიკაგოს ფედერაცია მკვეთრად არის დაპირისპირებული აღმოსავლეთის სანაპიროს რესპუბლიკებთან და კოლუმბიის ოლქის კავშირთან (District Columbia Union - ახალი ამერიკული რესპუბლიკა, რომელიც აერთიანებს კოლუმბიის ოლქს ქ. ვაშინგტონით, ვირჯინიის, მერილენდსა და დელავერის ყოფილ შტატებს).
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. დისტოპიური ტექსტი :)
ცხოვრება ევროკავშირის გარეშე :)
დისტოპიური ტექსტი :)
ცხოვრება ევროკავშირის გარეშე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|