მე ჩაგახედებ დაღლილ სულში, სადაც ნახავ, რომ დაცემულები ლოცულობენ და ხნიერ ღმერთებს რძესავით ეღვრით წვერში ჩრდილები. წვიმიანში ტყეთა ნირვანა. მაგრამ მოგიწევს შეიხედო ბნელ კარს იქითაც, კუდიანები თვალებით რომ იწყევლებიან.
მათ არ იციან ყველაფერი. არც წაუკითხავთ, როგორ იღვიძებს დილა - იმას უთვალთვალებენ.
შენი სახიდან გადამხტარი მზერის ნატეხი ზუსტი კადრია; არ გააჩნია რომელ სიცილს გამოამჟღავნებს. ვზივარ ასე და სამურაის ამბებზე ვამბობ - დიდებულია თოკზე გავლა თუ პირზე დანის - არ გაუმართლათ პოეტებს და მწეველ ჯამბაზებს.
როგორ მოგიყვე ეს ამბავი. შენ ალბათ სულ სხვა დეკორებში იმოგზაურე. და ნაკლებია ალბათობა სუნის შეგრძნების, რომ არა ერთი ცუდი კადრი შობის ღამიდან. რომ არა ერთი სიხარული. კარგის პროგნოზი.