ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2020


სარკმელთან

მე ჩემს ოთახში ღია სარკმელთან,
შენ შენს ოთახში ალბათ სარკის წინ,
ვდგავართ, სიჩუმე კედლებს აწყდება,
თვალებში ჩუმი სევდის ქარი ქრის.

წუხელ დეკემბეს თოვლიც წამოსცდა,
გაყინულ სუნთქვას ჰგავდნენ ფიფქები,
მე შენს ჰაბიტუსს ვძერწდი საწოლთან
და თმას გიჩეჩდი თბილი თითებით.

ღამეს ჩვენს მსგავსად ძილი გაუტყდა,
გზებზე თოვლივით იწვა სიშორე
და ციური ხმით - ვით ანგელოსთა
თოვა ფიფქებით მღერდა მინორებს.

მაგრამ ვერ ნახე შენ ეს სამოთხე
და ვერც უსმინე ციურ გალობას,
თითქოს ქალაქის ზეცა გათოკეს
და შენს ქუჩაზე ვეღარ მოთოვა.

დგას ლამპიონთა გუნდი ერთ მუჭად -
მზერას მთვარიან ცისკენ აპარებს.
ჩვენც თვეებია თვალებს ვერ ვხუჭავთ,
ღმერთის მონათხრობ ღამის ზღაპარზე.

ვიცი, შენს გულში სევდას დანებდი
და მონატრების სირთულეს ითმენ,
მეც ჩემს სარკმელთან თოვლის ჰანგებში,
შენგან ჯერ ვერთქმულ "მიყვარხარ"-ს ვუსმენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები