ტელევიზიის სარდაფში (სატელევიზიო სპექტაკლი) სერია # 21
მოცეკვავე სავარძელი
მოქმედი პირები: ოსტატი - ავეჯის ლოთი, თვითმარქვია რესტავრატორი, რომელიც ტელევარსკვლავი გახდა; შეგირდი - ოსტატის შეგირდი, შრომისმოყვარე; პაველი - წითელარმიელი; კანტროლკა - შუასაუკუნეების დროინდელი ჯალათი; და სხვები.
ადრიანი დილა, რუსთაველის გამზირი, კერძოდ, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის წინ - ოსტატს ხელში 70%-ნი სარეცხის საპონი უჭირავს და ოპერის ფასადს მისჩერებია. - „საპნის ოპერა“ - ვერ გამიგია, ოპერას რა კავშირი უნდა ჰქონდეს საპონთან? - საპონს მზის სხივზე გახედა, ხელში შეათამაშა და ოპერის ფასადს ააყოლა მზერა. - რას გაუგებ... წავედი, გადაღებაზე მაგვიანდება!
ახალ კადრში ოსტატი სტუდიაშია; იმდენად ადრიანად მოუწია მისვლა, რომ მის გარდა, იქ არავინაა. მაგიდის ქვემოდან არყიანი ბოთლი და ჭიქა ამოდგა, დაასხა და დალია. ამის შემდეგ, ეგრეთ წოდებულ „ბარაქის ფეხს“ მიუახლოვდა, შუშის სარქველი გადახსნა. სტუდიაში შემოვიდა კანტროლკა. - დილა მშვიდობისა, უფროსო! - გაგიმარჯოს! ნახე, „ბარაქის ფეხმა“ რამხელა სასწაული მოახდინა?! - სასწაული მოახდინა? - შეყოყმანდა კანტროლკა. - არ მოახდინა?! ეს „მადლის წყარო“ მეყავე მარგოს ურიკას ერთხელ შევახე და მარგო ტელევიზიის შტატში ჩასვეს - მეყავედ! - ხო, ეგ მართალია... უფროსო, მოდი რა, ეგ „მადლის წყარო“ ერთხელ მეც შემახე, იქნებ - ხელფასი მომიმატონ! - ეგ „საქმე“ ფასიანია, მაგრამ შენ, როგორც შინაურს, ფულს არ გამოგართმევ... მომიშვირე თავი! ოსტატმა „ბარაქის ფეხი“ მოიმარჯვა. - მოიცა, მოიცა, კომბალი ხომ არ არის, ეგრე რომ მოიმარჯვე, თავს გამიტეხ; დადე, მე თვითონ შევეხები! ოსტატმა „ბარაქის ფეხი“ კუთვნილ ადგილას დააბრძანა და განზე გადგა. კანტროლკა მიუახლოვდა და შუბლი შეახო. - როდის მომიმატებენ ხელფასს? - მალე... ხელფას თუ არა, ლატარიას მაინც მოიგებ! - ლატარიას? - უეჭველი - ოქროს ლატარიას! ან რაიმე სხვა სახის ხეირს ნახავ... - მერე დააყოლა. - წარმატება მეც არ მაწყენდა! „ბარაქის ფეხი“ ისევ ხელში აიღო, ამჯერადაც როგორც კომბალი და თავში იხალა. ჰო, სწორედაც რომ „თავში იხალა“, რადგან სიმძიმემ გადასძლია; ბარაქის ფეხი ხომ სანახევროდ თაბაშირისგან, ანუ ქვისგან იყო დამზადებული. - აუფ... - წამოიკვნესა. - თავი გაგიტყდა? - არ გამიტყდა! - რკინის ფული დაიდე ნატკენზე, რომ კოპი არ ამოგეზარდოს! - კოპი არა ისა... საქმეს მიხედე! ოსტატს ნატკენი ადგილის დაზელვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ მისმა მობილურმა ტელეფონმა დარეკა: - ალო! - ... - მე ვარ, ოსტატი! - ... - ქალბატონო, ავეჯის რესტავრაციას რა ხანია დავანებე თავი... თუმცა, თუ კარგად გადამიხდით, შეიძლება დაგეხმაროთ კიდეც! - ... - არ გაგაკოტრებთ... - ... - ძაღლმა სკამ-სავარძელი დაგიღრღნათ! - ... - აჰა, ხე გადარჩა, მხოლოდ ქსოვილი დააზიანა. მსგავსი ქსოვილი გაქვთ? - ... - კარგი, ქსოვილს მე ვიშოვი! - ... - სად მცალია ოჯახებში სასიარულოთ... სარესტავრაციო ნივთი აქ, ტელევიზიაში უნდა მომიტანოთ! - ... - რას ქვია - არ შემოგიშვებენ?! უთხარით, რომ ჩემთან მოდიხართ! და თუ მაინც პრობლემა შეგექმნათ, დაცვას ჯიბეში ხუთლარიანი ჩაუდეთ... - ... - სამ ლარსაც დასჯერდებიან! - ... - კეთილი; ერთ საათში მოხვალთ, გელოდებით! მობილური გათიშა. - რა ხდება, უფროსო, ისევ ავეჯის რესტავრაციას ვუბრუბდებით? - ჰკითხა კანტროლკამ. - რესტავრაციას არანაირად! ეს, უბრალოდ, „ბარაქის ფეხის“ მორიგი ჯადოქრობაა - ფულიანი კლიენტი გამომიგზავნა... ერთჯერადი აქციაა!
სტუდიაში შემოდიან პაველი და მიშკა-შეგირდი. - პრივეტ, შეფ! - გაგიმარჯოთ! თავთავიანთი ადგილი დაიკავეს. - გინდა, წარმატებული ადამიანი გახდე? - გადაუჩურჩულა კანტროლკამ პაველს. - როგორ უნდა გავხდე „წარმატებული ადამიანი“? - სთხოვე ოსტატს, „ბარაქის ფეხზე“ შეხების უფლება მოგცეს. - ეგ „ფეხი“ მომიტანს წარმატებას? - ხელფას მოგიმატებენ! ხელფას თუ არა, ლატარიას მოიგებ - ოქროს ლატარიას! ან რაიმე სხვა სახის ხეირს ნახავ... - შენ უკვე შეეხე? - შუბლი მივადე. - ვაი, შენს პატრონს... - შენი აზრით, ოსტატი აფერისტია? - აფერისტი არ არის, უბრალოდ, მთვრალია... - მთვრალია? - ვერ გრძნობ, არყის სუნით ყარს! აი, ვკითხოთ _ შეფ, სტუდიაში არყის სუნი დგას, დალიე? ოსტატმა უკმაყოფილოდ, თუმცა მაინც უპასუხია: - მცირეოდენი... ისიც, მეცნიერული თვალსაზრისით! - მეცნიერული თვალსაზრისით დალიე? - გაეცინა პაველს. - სწორედაც მეცნიერული თვალსაზრისით დავლიე! - თუ მეცნიერული თვალსაზრით დალიე, ეს კარგია; იკვლევდი რამეს? - უკვე გამოვიკვლიე! - რა გამოიკვლიე? - გამოვიკვლიე, თუ რითი განსხვავდება სმა სწავლისგან! - ვაა... ჩვენც გაგვარკვიე, რა! - სწავლა და სმა ერთმანეთისგან გასხვავდება იმით, რომ სწავლის ძირი მწარე არის და კენწეროში გატკბილდება; ხოლო სმა პირიქით - დასაწყისში ტკბილია და ბოლოს, მწარდება! - პახმელიის სახით... ბრავო, შეფ! შენ ავეჯის სარესტავრაციოთ სარდაფი ტელევიზიაში კი არა, მეცნიერებათა აკადემიაში უნდა გექირავა! - მეცნიერებათა აკადემიაში რატომ? - იმიტომ, რომ ტელევიზიამ მსახიობად გაქცია და მეცნიერებთა აკადემია მეცნიერ-აკადემიკოსის ხარისხს მოგანიჭებდა! - შესაძლოა, შენ მართალიც ხარ...
ერთი საათის შემდეგ: - ბატონო ოსტატო, სად ხართ? სარესტავრაციო სკამ-სავარძელი მოგიტანეთ! - კულისებიდან ქალის ხმა გაისმა. - აქეთ მობრძანდით, ქალბატონო! - ფეხზე წამომდგარი სტუმარს შეეგება. სტუდიაში შემოვიდა სამოც წელს მიტანებული, სოლიდურად ჩაცმული ქალბატონი სარესტავრაციო სკამ-სავარძელითურთ. - უიმე დედა, სტუდიაში ვარ... მე ვიფიქრე, სადმე სახელოსნოში მიმიღებდით. - სახელოსნო ტელევიზიის სარდაფს დარჩა... მიჩვენეთ სავარძელი! ოსტატმა სკამ-სავაძლის დაზიანება გულდასმით გამოიკვლია: - დაა, ეს ძაღლმა დაღრღნა! - დიახ, ძაღლმა დაღრღნა; ტელეფონშიც გითხარით, რომ ძაღლმა დაღრღნა. - სიმართლე გითხრათ, აღარც კი მახსოვს, ტელეფონში რა მითხარით; კვალით დავასკვენი, რომ ეს ძაღლის ნახელავია, უფრო სწორად - ნაკბილარი! ავი ძაღლი გყოლიათ... - პუბსიკა? ფინიაა... - მხრები უხერხულად აიჩეჩა ქალმა. - ეს სკამ-სავარძელი სასტუმრო გარნიტურის ნაწილია. ორი კვირაა, რაც მაღაზია „SUPER JIRKO“-ში შევიძინე. - „SUPER JIRKO“-ში? - დიახ, „SUPER JIRKO“-ში! - „SUPER JIRKO“-ს სათადარიგო ანალოგიური ქსოვილი არ გააჩნია? - სამწუხაროდ, არ გააჩნია; უკვე მივმართე მათ. მითხრეს, რომ აღნიშნული ავეჯი უცხოეთში მზადდება. ქსოვილის მაღაზიებში დაიარეთ, ეგებ იშოვოთო, მირჩიეს. თქვენ ვერ იშოვით ასეთ ქსოვილს? - როგორ ვერ ვიშოვი, ამისთანები მიშოვია... - კეთილი. რესტავრაცია რა დამიჯდება? - სულ რაღაც, 300 ლარი! - ამ სკამ-სავარძლის ფასი 250 ლარია! მაღაზია „SUPER JIRKO“-მ ახალი, ანალოგიური, სახსალამათი სკამ-სავარძლის შესაძენ ფასად აღნიშნული თანხა დამისახელა! - კარგით, ქალბატონო, 200 ლარზე შევთანხმდით! - უფრო იაფად არა? - თქვენ რამდენს ვარაუდობთ? - მაქსიმუმ, 50 ლარს! - რაც არის, არის - 100 ლარზე შევთანხმდეთ! ქსოვილის გარდა, სკამ-სავარძელს მარცხენა სახელური მორყეული აქვს, პლიუს, მარჯვენა წინა ფეხიც! - ეგ არაფერია, მხოლოდ ჭანჭიკია გადასაჭერი! - როგორ, ჭანჭიკზეა ეს აწყობილი?! - დიახ, თანამედროვე ტექნოლოგიაა; ასე ამიხსნეს... - ოღონდ გაყიდონ რამე... - კეთილი, ბატონო ოსტატო, თანახმა ვარ 100 ლარზე; აღნიშნულ ფასში ზუსტად ასეთივე ქსოვილს იშოვით? - ქსოვილს კი არა, კოსმოსურ ხომალდს ვიშოვი; მთავარია, გადაიხადონ... - რამდენ დღეში გამოგიაროთ? - რად უნდა ამას დღეები... ხვალ, ამ დროს მობრძანდით!
მეორე დღეს: - დილამშვიდობისა, ოსტატო! აქ ხართ? - აქ ვარ, ქალბატონო, მობრძანდით; აი, თქვენი სკამ-სავარძელი... - ეს რა არის?! - იკივლა გაოგნებულმა ქალმა. - თქვენი სკამ-სავარძელია, ვერ ცნობთ? - გაიოცა ოსტატმა. კბილების ღრჭიალით ქალმა სკამ-სავარძელს გარშემო შემოუარა. - რა უქენი?! - აღვადგინე! - ამას აღდგენას უძახი?! სკამ-სავარძელს ახლა ოსტატმა შემოუარა. - რას უწუნებთ? - ეს რა ფერის ქსოვილით „დაგილატკია“?! - ესა? - ხო, ეგა! ვის გაუგია ამოგლეჯილი ადგილის სხვა ქსოვილით ამოკერება, თანაც, განსხვავებული ფერით?!!! - ქალბატონო, მსგავსი ქსოვილის ძებნაში მთელი ქალაქი გადავაბრუნე; სამტრედიაშიც კი გავგზავნე კაცი... ფიზიკურად არ იშოვება! - წითელ ქსოვილში რატომ ჩააკერე თეთრი ნაჭერი?!!! - განა წითელი ნაჭერი არ მაქვს, მაქვს, მაგრამ დაბალხარისხიანია და ვარჩიე, ძვირადღირებული თეთრი ქსოვილი გამომეყენებინა! - მაგ თეთრის შუაგულში როგორღა აღმოჩნდა მწვანე ფერის ქსოვილი?! - მცირეოდენი დაზიანება თეთრ ქსოვილსაც ჰქონდა... და გამომდინარე იმ ფაქტორიდან, რომ თეთრის მარაგი მთლად წკიპზე ამომეწურა, მისი უმნიშვნელო დაზიანების აღმოფხვრა მწვანე ქსოვილით მომიხდა. სხვათაშორის, მწვანეც ძვირფასი მატერიაა - იტალიური! - იტალიური... - ავისმომასწავებლად გამოსცრა კბილებში. - სახელური რაღამ გადაუნგრია?! - გადანგრეული იყო, მე გავუმაგრე! - გადაღრეცილი რატომ დარჩა?! - ხელი რომ უკეთესად მოასვენოს მასში მჯდომმა... - ცალი ფეხის ზევით აშვერა რა თვალსაზრისით მოხდა, ცეკვავს?! - რომელი ფეხის, მორყეული რომ ჰქონდა? - ბრმა ხარ?! - შეურაცხყოფას არ ვიმსახურებ, ქალბატონო! სავარძელს ერთი ფეხი მართლაც აქვს ზევით აშვერილი, მაგრამ ეს მიზანმიმართულადაა - უსწორმასწორო იატაკზეა გათვლილი! - რაზეა გათვლილი?!! - დაიღრიალა ქალმა. - უს-წორ-მას-წო-რო იატაკზე, გითხარით! სხვათაშორის, მოვა დრო და თქვენს მიერ „მოცეკვავედ“ წოდებულ ამ სკამ-სავარძელში ერთ მილიონს შემოგაძლევენ! - ვინ შემომაძლევს ერთ მილიონს?! - თუ თქვენ არ შემოგაძლიეს ერთი მილიონი და მათ შორის, არც თქვენ შვილს, ჩათვალეთ, რომ აღნიშნული თანხა თქვენს შვილიშვილს ჯიბეში უდევს! - ერთი მილიონი?! - დიახ, ერთი მილიონი! - მე გაუთხოვარი ქალი ვარ, შვილი არ მყავს და აქედან გამოდინარე, არც შვილიშვილი! - აა, გაუთხოვარი ხართ, გეტყობათ... - აბუჩად მიგდებ, შე სახედარო!!!
ის იყო გმძვინვარებული ქალი ოსტატს თმებში უნდა სწვდომოდა, რომ სტუდიაში შემოიჭრა ტელევიზიის ხელმძღვანელი, თვით ბატონი X და მოქიშპეებს შორის მანდილივით მოექცა; ხელში ისეთივე სკამ-სავარძელი ეჭირა, რაც ქალბატონმა ოსტატს სარესტავრაციოდ დაუტოვა, რაღა თქმა უნდა, უდეფექტო. - დამშვიდდით, ქალბატონო, აი, თქვენი სკამ-სავარძელი, უდეფექტო, ჩაიბარეთ! - წინ დაუდგა. - ეს რა არის, საიდან?! - მძვინვარებამ გადაუარა. _ სამ ლარსაც უკან გიბრუნებთ, რომელიც დაცვის თანამშრომელს ჯიბეში ჩაუდეთ. - რკინის ლარიანები სკამზე დაუწყო. - აა, მივხვდი - ყოველივე ეს სატელევიზიო გათამაშებაა! _ გათამაშებისა რა მოგახსენოთ... რადგან ოსტატმა თქვენს სკამ-სავარძელს სარესტავრაციოდ ხელი მოჰკიდა, ჩვენ გადავწყვიტეთ - მაღაზია „SUPER JIRKO“-ში ანალოგიური სკამ-სავარძელი შეგვეძინა; და აი, გადმოგცემთ! - ვერ გავიგე... ბატონო, გამარკვიეთ - ჩემი დაზიანებული სკამ-სავარძლის დამახინჯება მიზანმიმართული სატელევიზიო ხუმრობა იყო, თუ ამ ნიჭიერი ვაჟბატონის „შემოქმედება“? - ქალბატონო, ოსტატი, აგული ერისთავისა არ იყოს, ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი... რაც შეეხება მის მიერ რესტავრირებულ სკამ-სავარძელს, ჩვენ მას დავიტოვებთ და შევინახავთ იმ დრომდე, სანამ მასში მილიოს შემოგვაძლევენ! - ხუმრობთ? - რა გვეხუმრება, მილიონზეა საუბარი...
21-ე სერიის დასასრული 5.III.2020
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. უი ,გამოქვეყნების თანავე წავიკითხე,მარამ სიჩქარის გამო კომენტარი ვერ დავტოვე ..
გამეხარდა მთავარ გვერდზე ავტორის გამოჩენა!
ვფიქრობ ეს გვერდი იმსახურებს მეტ მკითხველს უი ,გამოქვეყნების თანავე წავიკითხე,მარამ სიჩქარის გამო კომენტარი ვერ დავტოვე ..
გამეხარდა მთავარ გვერდზე ავტორის გამოჩენა!
ვფიქრობ ეს გვერდი იმსახურებს მეტ მკითხველს
1. საინტერესო ავტორის საინტერესო პიესები
გირჩევთ წაიკითხოთ საინტერესო ავტორის საინტერესო პიესები
გირჩევთ წაიკითხოთ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|