 | ავტორი: ნინო-- ჟანრი: პოეზია 20 აგვისტო, 2021 |
იტყვიან ალბათ ბილიკები როგორ ჩამიწყდა და შენც შეამჩნევ ჩემს თვალებში ყრუ სიმარტოვეს, (თუ ჩემი მზერა უკვე აღარ გადაგავიწყდა, და იმ დღეებსაც , წლებმა ვერა და ვერ აჯობეს.) მიხვდება ალბათ სულ პირველი ლექსის სტრიქონიც, რომ გასაფანტი დღე კი არა მარცვალიც არ მაქვს, რადგან არასდროს არ ყოფილა სიტყვა ლიტონი, და არც საერთო არ ჰქონია საჩემო დარდთან. გამოდგებიან ის ფიქრები ყველა მართალნი რაც გაუგზავნელ ბარათებში ცრემლებით ვწერე, და ნაფოტებად ჩემს თითებზე ჩამონათალნი, შეიფერებენ ამოშრობილ მელანის წვეთებს. მხოლოდ ქარები გადაშლიან ფურცლებს ირიბად, (ვიღაც დარჩება საკუთარ თავს ალბათ პირისპირ) და შეკითხვაზე წერილები ახლა ვისია, პასუხსაც როსმე მიხვდება და თავად ის იტყვის. იხმაურებენ კედლებს მიღმა ისევ ქუჩები, კვლავ უცნაურად ღამე გახსნის ძირძველ იარას, მე მერამდენედ ასეთ დუმილს ვერ გადურჩები, და მოგონებებს გავხდი გულის თანაზიარად. აკიაფდება შორეული რიცხვებით მთვარე, გადაივლიან მირაჟებად ურჩი დღეებიც, ყოველი ფეთქვით შენს ხელებში რაც გადმოვღვარე, ვიცი იმ განცდებს ვეღარასდროს ვეღარ შევხვდები. მოხდება ისე დაზამთრდება ადრე ძალიან, სულში სითეთრეს შეღებავენ შავი ყორნები, და ვეღარაფერს მოგიყვები მერე ბრალიანს, რომ შენზე ფიქრით იწყებოდა დილა ყოველთვის. მემახსოვრება როგორ ვწერდი რაც მესათუთა, რაც გულის გულში იყო მარად და არ გაიარს, და დიდხანს , დიდხანს დავიტოვებ ამას საბუთად, რომ შენ ისა ხარ ვინც მიყვარდა ერთ დროს ძალიან.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|