ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
30 აპრილი, 2023


მამულიშვილებზე

ლიტერატურულ საიტ „ურაკპარაკი“-ს ფორუმში, ჩემმა მეგობარმა პოეტმა - თეა თაბაგარმა ზვიად გამსახურდიას პოეზიასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა: „ზვიად გამსახურდიას პოეზია - საინტერესო და ტკბილხმოვანი პოეზიაა“. მართლაც ასეა.

ზვიად გამსახურდიაზე რატომღაც მხოლოდ პოლიტიკური კუთხით მსჯელობენ, არადა კონსტანტინე გამსახურდიას შვილი - შესანიშნავი მწერალიც იყო. ზვიად გამსახურდია თავის წიგნებში შესანიშნავად საუბრობს რუსთაველზე, თამარ მეფეზე, კოლხებზე, ქრისტიანობაზე, საქართველოს სულიერ მისსიაზე.

თანამედროვე ქართველი ავტორები შესანიშნავად იცნობენ ქართულ ლიტერატურას და არამხოლოდ ქართულს. ისინი თავადაც შესანიშნავად წერენ პატრიოტულ თემატიკაზე.

თეა თაბაგარს ერთ ლექსში ასეთი სტრიქონები აქვს:

„სული შემიბერე, ღმერთო,
გულზე... საქართველო მეწვის“.

ჩემმა მეგობარმა პოეტმა - გენრი დოლიძემ ერთ - ერთ ინტერვიუში განაცხადა:

,,გული მწყდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ჩემი ხელმოწერა არ არის“.

გენრიმ ამ სიტყვებით ჩემი სათქმელიც თქვა. რამდენიმე წლის წინ ივერიელთა ერთობის ტრაქტატზე მოვაწერე ხელი სამების საკათედრო ტაძარში, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ჩვენი ხელმოწერა რომ არ არის, მეც მასავით განვიცდი. მეც მასავით განვიცდი იმას, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას პირადად რომ არ ვიცნობდი, მიუხედავად იმისა, რომ მოვესწარი.

მართალია, დამოუკიდებლობის აქტზე ჩვენი ხელმოწერა არ არის, მაგრამ ჩვენ დღემდე მამულიშვილობის გზაზე ვდგავართ, ჩვენი შემოქმედებით სამშობლოს ვემსახურებით, ჩვენიანად მიგვაჩნია ის, - ვინც ჩვენ გვიჭერს მხარს და საქართველოსთვის კეთილდღეობა უნდა.

ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ერთგულმა თანამებრძოლმა, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერმა მამულიშვილმა - ბიმურზა დადეშქელიანმა „ქართველების მეორე დიდგორი 1991 წლის 9 აპრილი არისო, დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება“.

დიდგორზე ყოველთვის მერაბ კოსტავას სიტყვები მახსენდება: „საქართველოს თავისუფლების გზა დიდგორზე გადის! დიდგორის დროშას გაუმარჯოს!“

გმირების მაგალითებზე ვარ აღზრდილი, ჩემი საყვარელი პოლიტიკოსი ზვიად გამსახურდიაა. ნათელში ამყოფოს უფალმა შეწირული მამულიშვილების სულები.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

ჩემთვის გმირია ბერი თევდორე,
ვაქებ ცოტნეს და ბაგრატიონებს,
ვარ იმ გმირების თანამედროვე,
აფხაზეთში რომ მაგრად იომეს.

ჩემთვის გმირია მერაბ კოსტავა,
სამშობლოსათვის ნამსახურია,
ზვიადს მამულის მადლი მოსავდა,
ნათელში იყოს გამსახურდია.

ახლა შარტავაც უნდა ვახსენო
და მასთან ერთად გაბესკირიაც,
მათ სანთლებს ვუნთებ, სანამ ვარსებობ,
წყალობას შევსთხოვ: ნანას, მირიანს.

დედა ქეთევანს - კახთა დედოფალს
ვუქებ სიმტკიცეს, რწმენას, მოდგმასაც,
წრფელი მადლობა ყველა ეპოქას,
გუბაზს, ფარნავაზს, ვახტანგ გორგასალს.

მე მოწამეთას მიწაზე ვდგევარ,
სული ტრიალებს არგვეთელ ძმების,
მათ არ სჩვევიათ უკან დახევა
და ქარქაშებში ჩაგება ხმლების.

იყო შინდისი, ცხრა აპრილი და
იყო წლების წინ ბრძოლა ტამიშის,
დღეს ჩემშიც ცოცხლობს ყველა გმირი და
ქვეყნის სიყვარულს ვერვინ დამიშლის.

ფეხზე ვუდგები სამას არაგველს,
მარაბდის ველზე დაცემულ ცხრა ძმას,
დედა ღვთისმშობლის კალთა ჰფარავდეს
ამ საქართველოს - სალოცავ ტაძარს.

არ შემიძლია - მეც არ ვახსენო
სააკაძეთა გვარი, ბუნება,
ჩვენი ქვეყანა დღეს რომ არსებობს,
არის იმათი დამსახურებაც.

ქართველი თუ ხარ, არ გქონდეს შიში,
შეინარჩუნე შენი ზნეობა,
დღემდე მაოცებს მხარგრძელთა ჯიში,
ახალციხელთა მხიბლავს მხნეობა.

მტკივა ობლობა ვაჟას შვლის ნუკრის,
წყაროს წყალს ვასმევთ ქორბუდა ირმებს...
ვიდრე ჩაქრება თვალებში შუქი,
თავს ვხრი და ვამბობ: დიდება გმირებს!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს