ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: დრამატურგია
5 ოქტომბერი, 2023


  ჩამოტვირთვა

აინშტაინის ღიმილი (კინოსცენარი)

აინშტაინის ღიმილი

1. დილა. ექსტ. ქუჩა.
ავეჯის მაღაზიისკენ მიემართება ახალგაზრდა ბიჭი, ავეჯის რესტავრატორი - წრუწუნიჩი (28 წლის). წინ შავი კატა გადაურბენს. ერთმანეთის თვალებში მტრულად ჩამყურე კატა და წრუწუნიჩი ჩერდებიან. კატა გზას გააგრძელებს.

წრუწუნიჩი
(კატას)
შენი დედაც...

წრუწუნიჩი შედის მაღაზიაში.

2.  დილა. ინტ. ავეჯის მაღაზია.
თეთრ, საჟურნალე მაგიდას, რომელსაც შუაგულში ერთ მტკაველზე გაშლილი მოვარდისფრო ლაქა აქვს, დასჩერებიან სამნი - მაღაზიის მფლობელი, მეტსახელად „შკაფი“ (50 წლის), კონსულტანტი გოგო (20 წლის) და წრუწუნიჩი. „შკაფი“ წრუწუნიჩს უბღვერს.

შკაფი
ამას უძახი რესტავრაციას?!

კონსულტანტი გოგო
ვარდისფერი დაჰკრავს...

შკაფი
დაჰკრავს კი არა, ვარდისფერია!

წრუწუნიჩი
მკვეთრი ფერი თანდათან ამოხუნდება... ცეცხლგამძლე ლაქი დავასხი!

3.  ორიოდ წუთის შემდეგ. ექსტ. ავეჯის მაღაზიის წინ.
მაღაზიიდან წრუწუნიჩს გარეთ გამოისვრიან; შემდეგ, მისი ინსტრუმენტების ჩანთასაც. წრუწუნიჩი ჩანთას აიღებს და გზას ლანძღვა-გინებით მიუყვება. მაღაზიიდან  თავს გამოყოფს „შკაფი“ და წრუწუნიჩს მიაძახებს.

შკაფი
ავაჯის მაღაზიებს არ გაეკარო!!!

წრუწუნიჩი
წადი შენი...

4.  დილა. ავტობუსის გაჩერება.
წრუწუნიჩი ფულისთვის ჯიბეში ხელს იყოფს. მხოლოდ ოცთეთრიანი აქვს. იქვე, მათხოვარი ზის (30 წლის, ციგანი).

მათხოვარი
დამეხმარე რა!

წრუწუნიჩი
შენ დამეხმარე რა, ავტობუსის ბილეთზე ფული მაკლდება!

მათხოვარი
რა ყველა დაქცეული მე უნდა შემხვდეს...

მათხოვარი ფულს არ აძლევს.

წრუწუნიჩი
(მათხოვარს)
შენი დედაც...

წრუწუნიჩი გზას ფეხით განაგრძობს.

5.  დილა. ექსტ. ქუჩის ტროტუარი.
წრუწუნიჩს წინ სხვა ავეჯის მაღაზია ხვდება. დაბღვერილი შედის. ხოლო გამოსვლისას, თითქოს მაღაზიაში ფეხსაცმელი დაესვარა, გაფენილ ხალიჩაზე ფეხს იწმენდს.

წრუწუნიჩი
თქვენი ყველას დედაც...

6.  საღამო. ექსტ. იაფფასიანი არყით მოვაჭრე გულოს სარკმელთან.
ფანჯარაში კუსტარული აბრაა: არაყი, ღვინო, ძმარი. წრუწუნიჩი შუშაზე აკაკუნებს. ფანჯარასთან ქალი მოდის - გულო (50 წლის).

გულო
ვაჰ, წრუწუნიჩ, ნისია მოიტანე - ექვსი ბოთლისა გმართებს!

წრუწუნიჩი
გულო, ვკვდები! ერთიც დამიმატე - ღმერთს რიცხვი 7 უყვარს...

გულო
ღმერთს სამობა უყვარს... მოიტა ფული!

წრუწუნიჩი
ოცი თეთრი მაქვს, მოგცემ!

გულო
დაიკარგე აქედან!

გულო ფანფრის მიჯახუნებას ცდილობს. წრუწუნიჩი არ აძლევს ამის საშუალებას.

წრუწუნიჩი
გულო, გეხვეწები, მართლა ვკვდები, ამის დედაც...

გულო თავს გადააქნევს; თან წრუწუნიჩს თვალებში მტრულად ჩასჩერებია.

გულო
ჯანდაბას შენი თავი, აჰა წაიღე... სანამ ფულს არ მოიტან, არ დამენახო!

ერთ ბოთლ (კუსტარულად ჩამოსხმულ) არაყს აწვდის.

7.  საღამო. ინტ. წრუწუნიჩის საცხოვრებელი, ნაქირავები ციცქნა ოთახი.
ოთახს ფანჯარა არ აქვს, საკუჭნაოს გავს. მინიმალური ავეჯის ფონზე ჩანს მაცივარი, რომელსაც ბოქლომი ადევს. კედელზე გაკრულია ცნობილ ადამიანთა ფოტოები, მათ შორის, აინშტაინის კლასიკური ფოტო - ჩაფიქრებული აინშტაინი.


                                                             

წუწუნიჩი არყიან ბოთლს მაგიდაზე დგავს. მისაყოლებელი მხოლოდ პური და წიწაკის მწნილი აქვს. ბოქლომით ჩარაზულ მაცივარს მიაჩერდება და თითქოს მისი გადაყლაპვა უნდაო, პირს მიადებს.

8.  ერთი საათის შემდეგ. ინტ. იგივე ოთახი.
წრუწუნიჩი ბოთლის გამოცლით უკანასკნელ ჭიქას ავსებს. სიმთვრალისგან ქანაობს. კედელზე გაკრულ ფოტოებს მიაჩერდება და უეცებ, აინშტაინის ფოტო ენას გამოუყოფს.

     
                                                 

წრუწუნიჩი
ეე...

პირდაღებული თვალებს იფშვნეტს. ფოტო ისევ თავდაპირველ სახეს იღებს - ჩაფიქრებული აინშტაინი. წრუწუნიჩი ჭიქას ასწევს და კედელზე გაკრულ ფოტოებს მიმართავს.

წრუწუნიჩი
მე დავიმკვიდრებ თქვენს შორის ადგილს!

აინშტაინის ფოტო საჩვენებელ თითს ახლა შუბლზე იდებს.

 
                                                         

წრუწუნიჩი
ეეე...

წინანდელზე უფრო ენერგიულად იფშვნეტს თვალებს. ფოტო ისევ თავდაპირველ სახეს იღებს.

წრუწუნიჩი
გავრეკე...

წრუწუნიჩი დასაძინებლად ტანსაცმლიანი წვება.

ისმის ატეხილი კატების კნავილი.

9.  დილა. ინტ. წრუწუნიჩის ოთახი.

მძინარე წრუწუნიჩი სიზმარს ხედავს:
ფილარმონიის გადაჭედილ დიდ საკონცერტო დარბაზში მას, როგორც ავეჯის უბადლო რესტავრატორსა და ამ დარგში განსაკუთრებული წვლილის შემტანს, ორკრსტრის თანხლებით გადასცემენ ჯილდოს - ოქროს ზუმფარას. სცენის თავზე გაშლილ ეკრანზე ჩანს წრუწუნიჩის გამოსახულება მუშაობის პროცესში - თეთრ ხალათში გამოწყობილი ძველ, შელახულ კარადას მდგომარეობას ფონეიდოსკოპიით უმოწმებს, აქა-იქ უკაკუნებს კედეც და თავს მრავლისმეტყველად აქნევს.

ტრიბუნასთან მდგომი
ბატონ წრუწუნიჩს, ვირტუოზს, მაგს, ავეჯის რესტავრაციის დარგში შეტანილი სიტყვით აღუწერელი წვლილისთვის გადაეცემა ჯილდო - ოქროს ზუმფარა!

მქუხარე ტაში. დარბაზი ზანზარებს. სცენაზე შემოდის გოგონა, რომელსაც აბრეშუმის ბალიშით შემოაქვს ჯილდო - ოქროს ზუმფარა. წრუწუნიჩი გოგონას აკვირდება და უცებ, ის რესტორნის მიმტანად გადაიქცევა, რომელსაც ლანგარზე არყიანი ბოთლი, ჭიქა და რამოდენიმე კიტრის პიკული უწყვია. წრუწუნიჩი თვალებს იფშვნეტს - რესტორნის მიმტანი ისევ ოქროს ზუმფარიან გოგონად გადაიქცევა. ჯილდოს გადასცემენ. ისმის წრუწუნიჩის საქებარი შეძახილები. დარბაზი წამოიშლება და ის, როგორც საყოველთაო გმირი, ხელში აჰყავთ. პირად მილოცვებს იღებს. როდესაც ძირს დაუშვებენ, თავდახრილი უახლოვდება ავეჯის მაღაზიის მფლობელი „შკაფი“, ვინც ის მაღაზიიდან უცერემონიოდ გამოისროლა.

შკაფი
წრუწუნიჩ, მაპატიე! მე უგნურმა, ვერ შევიცანი შენი ნიჭიერება...

წრუწუნიჩი „შკაფს“ მუჯლუგუნით იშორებს. „შკაფს“ თვალებიდან სინანულის ცრემლი სდის.

10.  დილა. ინტ. წრუწუნიჩის ოთახი.
შემორბის ბინის მეპატრონე, აფორიაქებული ჟენია (ხაზეიკა, 60 წლის) და წრუწუნიჩს აღვიძებს.

ჟენია
გაიღვიძე, შე უქნარა, ლოთო! წუხელიც ჩასკდი ხომ იმ წუწურაქი გულოს იაფფასიანი არყით?!

წრუწუნიჩი
(თვალებისფშვნეტით)

რა ხება, ჟენია დეიდა? ეჰ, რა ბედნიერ სიზმარს ვხედავდი...

ჟენია
რა დროს სიზმარია! ტელევიზიიდან გირეკავენ, რომელიღაც კონკურსში გაგიმარჯვია!


წრუწუნიჩი
კარგი, რა...

მხარს იცვალის. პლედს თავზე იფარებს, ძილის გაგრძელება უნდა. ჟენია პლედს აძრობს.

ჟენია
ხუმრობა მეგონა, მაგრამ ტელევიზორში ჩანს ის, ვინც ტელეფონში მელაპარაკა! იციან, ავეჯის რესტავრატორი რომ ხარ. ყალთაბანდი და ლოთი რომ ხარ, ეს მე წამომცდა... მიდი, გაეცი პასუხი!

წრუწუნიჩი ზანტად დგება, ჩაცმას იწყებს.

11.  ინტ. ჟენიას ბინა.
წრუწუნიჩი ხაზის ტელეფონთან მიდის, დაბნეული ლაპარაკობს.

წრუწუნიჩი
დიახ!

არა...

დიახ!

არა...

დიახ!

საუბარის დაამთავრებისთანავე ჟენია დააცხრება.

ჟენია
რაო, რა გითხრეს?!

წრუწუნიჩი გაბრუებულია, ხან რას მიაშტერდება და ხან რას.


წრუწუნიჩი
ტელევიზიაში დილის გადაცემას იდეა მივაწოდე - კულინარიული ჩანართის ნაცვლად ტელემაყურებლისთვის ავეჯის რესტავრაცია ესწავლებინათ; საზოგადოებას რესტავრატორი სჭირდება-მეთქი!

ჟენია
მერე?

წრუწუნიჩი
მოეწონათ იდეა... პედაგოგად ამიყვანენ!

ჟენია
შენ ვის რა უნდა ასწავლო, თვითონ არაფერი იცი?!

წრუწუნიჩი გამოერკვევა.

წრუწუნიჩი
ქალბატონო ჟენია, ათი ლარი უნდა მასესხო!

ჟენია
ბიჭო, სამი თვის ქირა გადასახდელი გაქვს, კიდევ მე მთხოვ ფულს?!

წრუწუნიჩი
ერთი წლის ქირას წინასწარ გადაგიხდი!

ჟენია
რა ხანია გეხვეწები - მორყეული სკამები გამიმაგრე-მეთქი! ვალში გამოგიქვითავ...

წრუწუნიჩი
ჩათვალე, რომ უკვე გამაგრებულია! ოღონდ, ჯერ ზედ ნუ დაჯდები...

ჟენია
რამდენი ხანია მპირდები...

წრუწუნიჩი
ახალ სკამებს გიყიდი! მაგიდასაც! მალე მილიონერი გავხდები!

ჟენია
ვაი, შენს პატრონს...

წრუწუნიჩი
სულ რაღაც ათი ლარი მჭირდება... ასიათასად დაგიბრუნებ! ტელევიზიამდე მისასვლელი ფული არა მაქვს.

ჟენია თავის ოთახში გადის. ათლარიანი გამოაქვს.

ჟენია
აჰა, დაიჭი!

ჟენია ბურტყუნს იწყებს.

ჟენია
ასეთი ახალგაზრდა, სიმპათიური ბიჭი, ცოდო არა ხარ - გალოთდი!

წრუწუნიჩი
აღარ დავლევ... აღარასოდეს...

აფორიაქებული წრუწუნიჩი შუბლზე ხელს ისვავს.

წრუწუნიჩი
ჟენია დეიდა, ორმოცდაათი გრამი არაყი ხომ არ მოგეძებნება, სულისხუთვამ რომ გადამიაროს...

ჟენია
მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო...

ჟენია ოთახიდან გადის.

12. დილა. ექსტ. ქუჩის ტროტუარი.
ჩქარი ნაბიჯით მიმავალ წრუწუნიჩს წინ ისევ შავი კატა გადაურბენს. წინანდელივით, ერთმანეთის თვალებში მტრულად ჩამყურე კატა და წრუწუნიჩი ჩერდებიან. კატა გზას გააგრძელებს.

წრუწუნიჩი
ოხ, შენი თარსი დედაც...

13.  დილა. ექსტ. ტელევიზიის შესასვლელთან.
წრუწუნიჩი დგას და ტელევიზიის შენობაში შემსვლელ-გამომსვლელს აკვირდება - ყველა თავმოვლილია. ვიტრინაში თავის ანარეკლს შეხედავს - გაუპარსავია, ნაბახუსევი... დაიჭყანება, ზურგს აქცევს ტელევიზიას და მიდის. რამოდენიმე ნაბიჯში ჩერდება. ერთხანს გაუნძრევლად დგას და მერე, ბრუნდება - შედის ტელევიზიაში.

14.  ინტ. ტელევიზიის ფოიე.
გასასვლელში თანამშრომელს წრუწუნიჩი პირადობის მოწმობას წარუდგენს.

წრუწუნიჩი
ჩემ სახელზე საშვი უნდა იყოს.

თანამშრომელი მის გვარს საშვთა სიაში გადაამოწმებს.

თანამშრომელი
მეორე სართულზე, მარჯვნივ, დილის გადაცემის სტუდიაა - „ნუ გძინავს შენ“; პროდიუსერი იკითხე - ლიკა.

გზად, თავმოვლიოლ გამვლელ-გამომვლელს წრუწუნიჩი სახეს არიდებს.

15.    ინტ. ტელევიზიის მეორე სართული. სტუდია „ნუ გძინავს შენ“.
წრუწუნიჩი კარზე აკაკუნებს. არავინ აღებს. კიდევ აკაკუნებს და შეაღებს. სტუდიაში სუფრა გაუშლიათ და მთელი გადამღები ჯგუფი ქეიფობს. წრუწუნიჩი მათ უერთდება.

წრუწუნიჩი
მე ლიკას ვეძებ, პროდიუსერს.

ანიშნეს, თუ რომელი იყო ლიკა (40 წლის). უახლოვდება მას.

წრუწუნიჩი
გამარჯობა! თქვენ დამიბარეთ, მოვსულიყავი!

ლიკა
მე დაგიბარე?

წრუწუნიჩი
დიახ, ავეჯის რესტავრატორი ვარ; იდეა მოგაწოდეთ...

ლიკა
აა, პრუწუნიჩი!

წრუწუნიჩი
პრუწუნიჩი არა, მეძახიან - წრუწუნიჩს!

ლიკა
ქალბატონმა, ვინც ყურმილი აიღო, შენ პრუწუნიჩად მოგიხსენია... შესაძლოა, მომესმა კიდეც.

ლიკა გუნდის წევრებს სტუმარს წარუდგენს.

ლიკა
კოლეგებო, გაიცანით, ეს ის ახალგაზრდაა, ვინც საზოგადოებას რესტავრაციას უპირებს, ბატონი - პრუწუნიჩი! უკაცრავად, წრუწუნიჩი!

წრუწუნიჩს აპლოდისმენტით აჯილდოვებენ.

მარჯვნიდამ მდგომი მანდილოსანი

ბატონო წრუწუნიჩ, საზოგადოებას რომ რესტავრატორი სჭირდება, რა იგულისხმეთ ამაში?

მოპირდაპირედ მდგომი მამაკაცი

ვიღაც-ვიღაცებს არ აწყენდა ცხვირ-პირის მიშპაკვლ-მოშპაკვლა!

წრუწუნიჩი
(ენა დაება)
არა, მე ისე...

სიცილი.


მარცხნიდან მდგომი ახალგაზრდა
რას დალევ? დღეს ჩვენი გადაცემის იუბილეა!

წრუწუნიჩი
იუბილეა? აღსანიშნავი საქმე ყოფილა...

წრუწუნიჩი ორ ახალგაზრდას უახლოვდება - აკოს (25 წლის) და ვაკოს (20 წლის), მასსავით მოწყურებული სვამენ. გვარიანად თვრება.  წასვლის წინ, პროდიუსერი მას განზე გაიხმობს.

ლიკა
წრუწუნჩ, ხვალ, 12 საათზე აქ უნდა იყო სამუშაო ინსტრუმენტებით; საცდელ კადრებს ჩავწერთ. იმდენს ნუ დალევ, რომ თავი ვეღარ ასწიო!

წრუწუნიჩი
დიახ, მე ფაქტობრივად არ ვსვამ...

ბარბაცებს.

16.  შემდეგი დღე, დილა. ინტ. წრუწუნიჩის ოთახი.
წრუწუნიჩი ფორიაქშია, თავს იწესრიგებს. ჩანთაში ინსტრუმენტებს გადაალაგ-გადმოალაგებს და ოთახიდან გადის. იერზე ეტყობა, მძიმე „პახმელიაზეა“.

17.  დილა. ექსტ. არყით მოვაჭრე გულოს ფანჯრის წინ.
წრუწუნიჩი შუშაზე მჭახედ აკაკუნებს.  გულო გამოიხედავს.

წრუწუნიჩი
გულო, უნდა მიშველო, პახმელიაზე ვარ!

გულო
გიშველი! დიდი კაცის პატივისცემა არ დამეკარგება...

წრუწუნიჩი
დიდი კაცის? გაიგე ჩემი ტელევიზიაში მუშაობის დაწყების ამბავი?

გულო
შენ თვითონ მითხარი! დგაგავიწყდა, წუხელის რომ შემომიარე? ფეხზე ძლივს იდექი... ბიჭო, მართლა ტელევიზიაში დაგათვრეს?

წრუწუნიჩი
ხო, ტელევიზიაში დავლიე. პროდიუსერმა ჩემს საპატივცემულოდ სუფრა გაშალა! ასე მითხრა - შენნაირ ნიჭიერ ჟურნალისტს ჯერ არ შევხვედრივარო!

გულო
ჟურნალისტსო?

წრუწუნიჩი
ხო, ჟურნალისტსო! ყველას ჟურნალისტი ქვია, ვინც ტელევიზიაში მუშაობს. კიდევ, პროდიუსერის თანამდებობაც აქვთ. პროდიუსერი, როგორ გითხრა, დირექტორივითაა...


წრუწუნიჩი შუბლზე ხელს იდებს, ბარბაცებს.

წრუწუნიჩი
გულო, მიშველე - ერთი ჭიქა არაყი მინდა!

გულო
მომაქვს, მომაქვს...

გულო ოთახის სიღრმეში შედის. იქიდან, ლანგარით ხელდამშვენებული ბრუნდება, რომელზეც ორი ჭიქა არაყი და კარამელის კანფეტი აწყვია.

წრუწუნიჩი
გულო, შენ გაგიმარჯოს, ჩვენი უბნის გაჭირვების ტალკვესი რომ ხარ! (გადაჰკრავს) შენ რატომ არ სვამ?

გულო
ჩემი ჯანმრთელობის პატრონს, სად შემიძლია დალევა... ესეც შენ უნდა დალიო!

ამასობაში, გულო წრუწუნიჩს ორ ბოთლ არაყს გადმოულაგებს; კუსტარული ჩამოსხმაა.

გულო
როცა ფული გექნება, ამ ორი ბოთლისა მაშინ მომეცი.

წრუწუნიჩი
გულო, მე მარტო ასი გრამის სათხოვნელად მოვედი...

გულო
არ წაიღებ?

წრუწუნიჩი
როგორ არ წავიღებ, გამომადგება...

გულო
აჰა, ეს ორი ჭიქაც გქონდეს, იქნებ ქუჩაში მოგიწიოს დალევა... ჭიქები არ დამიკარგო!

წრუწუნიჩი ბოთლებს ჭიქებიანად ინსტრუმენტების ჩანთაში ალაგებს.

გულო
ესეც შენ უნდა დალიო!


სავსე ჭიქას წრუწუნიჩს მიუჩოჩებს.

წრუწუნიჩი
დიდ ხელოვნებას გაუმარჯოს, გულო!

გულო
გაუმარჯოს წრუწუნიჩ, გაუმარჯოს...

18.  დღის 12 საათი. ინტ. ტელევიზია.
წრუწუნიჩი დილის გადაცემის სტუდიაში შეჰყავთ - „ნუ გძინავს შენ“, სადაც გადაღებისთვის ყველაფერი მზადაა.

ლიკა
(პროდიუსერი)

წრუწუნიჩ, გადავწყვიტეთ, შენ გადაცემაში ყოველგვარი საცდელი კადრების გარეშე ჩაგსვათ, ანუ ის, რაც ეხლა კადრში მოხვდება, ეთერში გავა!

წრუწუნიჩი
(დაბნეული)
ეთერში გავა?

ლიკა
შესაძლოა, ნაწილობრივ შევკვეცოთ კიდეც...

ლიკა გუნდის სხვა წევრებს მიუბრუნდება.

ლიკა
პატარა ნინკა სადაა? ჩაწერას ვიწყებთ!

გუნდის წევრი
(ყვირილით უძახის)
ნინკა!

გუნდის სხვა წევრი
სადაცაა შემოვა.

ლიკა
წრუწუნიჩ, პატარა ნინკა შენი თანაწამყვანი იქნება!

წრუწუნიჩი
(ისევ დაბნეულია)
პატარა ნინკა?

ლიკა
იცნობ?

წრუწუნიჩი
არა, უბრალოდ ვიკითხე... დიდი ნინკაც გყავთ?

ლიკა
თუ სურვილი გაქვს, დიდ ნინკას მოგამაგრებ; ახლავე გამოვიძახებ!

წრუწუნიჩი
(შეშინებული წამოიძახებს)
არა, პატარა იყოს!

ლიკა
კარგად დაფიქრდი - დიდს მეტი გამოცდილება აქვს!

წრუწუნიჩი
(ისევ შეშინებული სახით)
პატარას ვირჩევ!

ლიკა
პატარა შენსავით ახალბედაა...

წრუწუნიჩი
მით უკეთესი...

19.  რამდენიმე წამის შემდეგ.
სტუდიაში შემოდის პატარა ნინკა (25 წლის), კოხტა, მეტად კომუნიკაბელური. ვიღაცას გაუღიმებს, ვიღაცას გაეხუმრება. დამუნჯებული წრუწუნიჩი მას თვალს ვერ წყვეტს. ნინკა ამჩნევს ამას, ეღიმება.

ლიკა
წრუწუნიჩ, თქვი რაიმე - ტელეწამყვანმა რაც შეიძლება ბევრი უნდა ილაპარაკოს, გნებავს, იყბედოს კიდევ!

წრუწუნიჩი
დიახ, მე... ხო...

ლიკა პატარა ნინკასკენ ბრუნდება.

ლიკა
ნინკა, წრუწუნიჩი უნდა გამოგვიფხიზლო; აკრეფა უჭირს, თორე მერე, ენად გაიკრიფება!

პატარა ნინკა
(სიცილით)
ვიცი, მერე რაც ემართება... გუშინ სუფრაზე ჩემი სადღეგრძელო განსხვავებული ჭიქით დალია!

წრუწუნიჩი ფითრდება; სახეზე აწრია, რომ ვერ იხსენებს ამ შემთხვევს.

ლიკა
(ნინკას)
მართლა? უყურე შენ... იცოდა, მისი თანაწამყვანი რომ იქნებოდი?

პატარა ნინკა
ალბათ, არა. მე არ მითქვამს. შეიძლება ვინმემ უთხრა...

ლიკა
არავის უთქვამს, თავისით გამოგარჩია! ჩვენ ორის გარდა, არავინ იცოდა ეთერში ვინ გაუწევდა პარტნიორობას.

წრუწუნიჩს მიუბრუნდება.

ლიკა
ბიჭო, კიდევ სხვა ვინმეს სადღეგრძელო ხომ არ დაგილევია? გამოტყდი!

წრუწუნიჩი მხრებს იჩეჩს...

20.    სტუდია. რამდენიმე წუთის შემდეგ.
ყველა თავის სამუშაო ადგილზეა. წრუწუნიჩს თეთრ მაისურს გადააცმევენ, გადაცემის ლოგოთი - „ნუ გძინავს შენ!“ სამუშაო ინსტრუმენტები უკვე მაგიდაზეა გაშლილი. გადაღება იწყება.

პატარა ნინკა
მოგესალმებით! ახალი რუბრიკის ფორმატში წარმოგიდგენთ ავეჯის ცნობილ რესტავრატორს - ბატონ წრუწუნიჩს! რომელსაც მიაჩნია, რომ საზოგადოებას არ ესაჭიროება მზარეული, არც ბოტანიკოსი და ან ვინმე სხვა, მას მხოლოდ - რესტავრატორი სჭირდება!

წრუწუნიჩი
(ენისბორძიკით)

მე ტელემაყურებლის წინაშე სახელითა და გვარით წარდგომას ვაპირებდი...

პატარა ნინკა
რატომ, ბრწყინვალე ფსევდონიმი გაქვს! ხშირ შემთხვევაში, ადამიანებში ფსევდონიმი უფრო ქუხს, ვიდრე მათი საქმენი!

წრუწუნიჩი
(ისევ ენისბორძიკით)
ფსევდონიმი საჭირო რამ არის... ცხოვრება ძნელია უმაგისოდ.

პატარა ნინკა
უფსევდონიმოდ ცხოვრება ძნელია... მით უმეტეს, ავეჯის რესტავრატორისთვის!

წრუწუნიჩი
(ენა გამართა)
შენ საიდან იცი ავეჯის რესტავრატორის ცხოვრება?

პატარა ნინკა
შენი ასისტენტი ვარ...

წრუწუნიჩი
ააა...

წრუწუნიჩი საცოდავად პროდიუსერს (ლიკას) გახედავს. ლიკა მიმიკით ამხნევებს.

პატარა ნინკა
წრუწუნიჩ, სანამ საქმეს შევუდგებოდეთ, ეგებ ტელემაყურებელს ზოგადი წარმოდგენა შევუქმნათ შენი ხელობისა და თავად ხელოსნის - ავეჯის რესტავრატორის შესახებ. როგორი უნდა იყოს ავეჯის რესტავრატორი?

წრუწუნიჩი
პირველ რიგში, ავეჯის რესტავრატორს იერი უნდა ჰქონდეს დამაჯერებელი! ამაში იგულისხმება - ინსტრუმენტი, მასალა, ჩანთაც კი, რომელიც თან დააქვს!

მაგიდის ქვემოდან ამოდგავს თავის სამუშაო ჩანთას.

პატარა ნინკა
ოო, ჩანთა მართლაც შთამბეჭდავი გქონია... წრუწუნიჩ, აქ რაღაც სითხით სავსე ორი ბოთლი დაგრჩენია ამოსალაგებელი. არყის ჭიქებიცაა, ორი...

წრუწუნიჩს გააჟრჟოლებს. ეს გულოსეული არაყი იყო. ენისბორძიკით თავის მართლებას იწყებს.

წრუწუნიჩი
ეგ „რასტვარიწელია“, ლაქებისა და საღებავების გასათხელებელი სითხე; ერთი რუსულია, მეორე - თურქული. ესეც... უბრალო ჭიქებია, რა.

პატარა ნინკა
უბრალო ჭიქები არაა, არყის ჭიქებია! გამოტყდი, არყის სმა გიყვარს? ალბათ, ეს ავეჯის რესტავრატორის მახასიათებელი თვისებაა...

წრუწუნიჩს ენა ხელახლად ებმება. კადრს მიღმა მდგარი ლიკა ისევ ამხნევაბს მას.

წრუწუნიჩი
არა, რას ამბობ! მითუმეტეს, მუშაობის დროს სმა ვის გაუგია! ჭიქებში რასტვარიწელს ჩავასხამ, რომ დასვრილი ფუნჯები გავრეცხო!

პატარა ნინკა
ორი ჭიქა რად გინდა?

წრუწუნიჩი
ორი ფუნჯი მაქვს!


წრუწუნიჩი ორ სხვადასხვა ზომის ფუნჯს ყუთიდან ისეთი სერიოზულობით იღებს, რომ ნინკას ეცინება.

პატარა ნინკა
გასაგებია... არყის  ჭიქები, რომელშიც ეგრედ წოდებულ „რასტვარიწელს“ ჩავასხამთ. ერთი ეს მთხარი, „რასტვარიწელის“ ქართულ შესატყვის სიტყვას რატომ არ ვხმარობთ? თუ არ ვცდები, მას „გამხსნელი“ ქვია.

წრუწუნიჩი
ჰო, თეორიულად გამხსნელია, მაგრამ პრაქტიკაში საქმე სახვანაირადაა. აი, მაგალითად, „შკურკა“, რომელიც თეორიულად ზუმფარაა, მაგრამ თუ რესტავრატორი მასზე იტყვის - ზუმფარაა და ამ ზუმფარით ვაზუმფარებო, იცოდე, რომ ის თვითმარქვია რესტავრატორია! ის ფილოლოგი იქნება, ან ვიღაც მწერალი... ნამდვილი რესტავრატორი სულ სხვა ფენომენია!

ნინკას თვალები უფართოვდება...

წრუწუნიჩი
ავეჯის რესტავრაცია ურთულესი პროფესიაა, თანაც, ჯამრთელობისთვის მავნე - ყნოსვის შეგრძნება დავკარგე! ტელემაყურებელს დაებადება კითხვა - დაყნოსვის გარეშე როგორ ვარჩევ თურქულ „რასტვარიწელს“ რუსულისგან, თუ ბოთლს ეტიკეტი არ გააჩნია? თუნდაც ჩვენ შემთხვევაში...


წრუწუნიჩი ორ ერთმანეთის ანალოგიურ (უეტიკეტო, არყიან) ბოთლს კამერის წინ შეატრიალ-შემოატრიალებს. ჭიქებს, ერთს ერთი ბოთლიდან შეავსებს, მეორეს - მეორედან.

წრუწუნიჩი
საბედნიეროდ, პირში გემოს შეგრძნება არ დამიკარგავს!

ერთ ჭიქას სტაცებს ხელს და გადაჰკრავს.

ნინკა შიშისგან პირზე ხელს იფარებს. წრუწუნიჩი არ იხრჩობა... ნინკა ორი თითით ბოთლს იღებს და სუნავს. არაფერს ამბობს.

წრუწუნიჩი
ეს რუსული რასტვარიწელია!

და იმავწამს, სახეზე ეჭვი გადაურბენს.

წრუწუნიჩი
მგონი, შევცდი...

მეორე ჭიქასაც გადაჰკრავს.

წრუწუნიჩი
არა, არ შევმცდარვარ - ის რუსული იყო, ეს თურქულია!

დაბნეული ნინკა ლიკას გახედავს.  ლიკა მიმიკით ამხნევებს.

პატარა ნინკა
წრუწუნიჩ, ეს წუთია ორი ჭიქა „რასტვარიწელი“ დალიე, რაიმეს მიყოლების სურვილი არ გაგიჩნდა?

წრუწუნიჩი
„რასტვარიწელს“ რა უნდა მივაყოლო, შპაკლი?

პატარა ნინკა
თუ გნებავს, ფუნჯი - ორი ჭიქა დალიე, ფუნჯიც ორი გვაქვს...

ნინკა წრუწუნიჩს ფუნჯებს ცხვირთან გაუტარ-გამოუტარებს. თვალს თვალში უყრიან. წრუწუნიჩს თვალები უციმციმდება...

წრუწუნიჩი
პირველი ორი ჭიქა მისაყოლებელს არ საჭიროებს...

პატარა ნინკა
კიდევ აპირებ დალევას?!

წრუწუნიჩი
საქმის მსვლელობიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ...

პატარა ნინკა
წრუწუნიჩ, ფუნჯების გასარეცხად სითხე აღარ დაგვრჩება!

წრუწუნიჩი
ვიშოვით - გულო გვყავდეს კარგად...

პატარა ნინკა
გულო ვინ არის?

წრუწუნიჩი
აკადემიაში რესტავრაციის ფაკულტეტზე კათედრის გამგეა!

ნინკა
(ღიმილით)
რომელ აკადემიაში?

წრუწუნიჩი
მეცნიერებათა აკადემიაში... უკაცრავად, სამხატვრო აკადემიაში!

პატარა ნინკა
(ისევ ღიმილით)
გულო?

წრუწუნიჩი
მეგობრებმა ასე შეარქვეს - დიდი გული აქვს...

პატარა ნინკა
სხვათაშორის, მე სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული...

წრუწუნიჩი
რა დამთხვევაა, მეც! იქნებ, კურსელებიც ვართ - ფანჯარასთან ვიჯექი, „პიკასოს“ გვერდში!

პარარა ნინკა
„პიკასო“ მახსენდება, შენ არა...

წრუწუნიჩი
თუ „პიკასო“ გახსოვს, მეც გამიხსენებ!

პატარა ნინკა
ჰო, გამახსენდი! ოღონდ შენ, ფანჯარასთან კი არა, ფანჯრის იქით იჯექი - ქუჩაში.

წრუწუნიჩი მკლავებს დაიკაპიწებს... (ოღონდ, საჩხუბრად არა)

წრუწუნიჩი
მაშ ასე... ნინკა, მე დამავიწყდა, ამ ორი ბოთლიდან რომელი იყო რუსული რასტვარიწელი და რომელი, თურქული.

პატარა ნინკა
მე მახსოვს, ეს რუსულია, ეს - თურქული!

წრუწუნიჩი
დარწმუნებული ხარ?

პარარა ნინკა
დარწმუნებული ვარ!

წრუწუნიჩი
არასდროს შემცდარხარ?!

პატარა ნინკა
ამ შემთხვევაში, ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ!

წრუწუნიჩი
იქ, სადმე, სახელოსნოში შეცდომა თუ დავუშვი, მეპატიება... მაგრამ აქ, შევრცხვებით ტელემაყურებელთან!

ჭიქებს ხელახლად ავსებს, ერთი ბოთლიდან ერთს, მეორედან, მეორეს. პირველ ჭიქას გადაჰკრავს.

წრუწუნიჩი
ეს თურქულია, მაგრამ რუსულის არომატი დასდევს... საკვირველია!

პატარა ნინკა
ალბათ, მანამდე რუსული გქონდა ჩასხმული და...

წრუწუნიჩი
ფიქრობ, არომატი გამოჰყვა?

ისევ გაუყრიან თვალს თვალში. წრუწუნიჩს ამჯერადაც თვალები უციმციმდება.

წრუწუნიჩი
არ გამოვრიცხავ - შესაძლოა, არომატი გამოჰყვა კიდეც...  მაგრამ საქმე სიზუსტეს მოითხოვს!

მოკიდებს მეორე ჭიქას ხელს და იმასაც გადაჰკრავს. ნინკა ფუნჯს გაუწოდებს.

პატარა ნინკა
ამჯერად მაინც მიაყოლე რაიმე, ცოდო ხარ...

წრუწუნიჩი
ჯერ ადრეა!

გადაცემის რეჟისორი პროდიუსერს (ლიკას) ანიშნებს, რომ სიუჟეტისთვის განსაზღვრული დრო იწურებაა.

ლიკა
(რეჟისორს)
არ გამორთო, სანამ თავისით არ დაამთავრებენ!

პატარა ნინკა
წრუწუნიჩ, სტუდიაში ტელემაყურებელთა კითხვები შემოვიდა; გვეკითხებიან - ბინაში ძაღლმა სკამის ფეხი დაღრღნა, რა გვეშველებაო?

წრუწუნიჩი ბარბაცებს.

წრუწუნიჩი
დიდი ძაღლი ჰყავთ?

პატარა ნინკა
ძაღლის ზომას რა მნიშვნელობა აქვს?!

წუწუნიჩი
ცოფიანია?

პატარა ნინკა
ოჯახში ცოფიან ძაღლს რა უნდა? კითხვას გასცემ თუ არა პასუხს?!

წრუწუნიჩი
ძაღლმა სკამის ფეხი თუ დაღრღნა, ძაღლი უნდა დააბან!

პატარა ნინკა
სად, ბინაში დააბან?!

წრუწუნიჩი ისევ ბარბაცებს.

წრუწუნიჩი
ნება მათია, აუშვან... მთელს ავეჯს გადაუღრღნის! და მაინც, უნდა გვეკითხა: ძაღლი ცოფიანია, თუ არა!

პატარა ნინკა თავს მკაცრად გადააქნევს...

პატარა ნინკა
ბებო გენაცვალოთო, ერთი მოხუცებული ქალბატონი ასე მოგვმართავს - საჟურნალე მაგიდაზე ცხელი ქვაბი დავდგი და ის ადგილი, თეთრ ლაქად დარჩაო!

წრუწუნჩი
ბებო, გადააგდე მაგიდა!

პატარა ნინკა
ეს არ არის გამოსავალი!

წრუწუნიჩი
რა არის გამოსავალი?

პატარა ნინკა
ეს შენ უნდა იცოდე!

წრუწუნიჩი
მეე?

პატარა ნინკა
დიახ, შენ!

წრუწუნიჩი
აა, ხო მე... კი ბატონო, სხვა გამოსავალიც არსებობს - ცხელი ქვაბი მთელს მაგიდას უნდა შემოატაროს და ერთ ფერში დაჯდება!


ნინკა ისევ მკაცრად გადააქნევს თავს. წრუწუნიჩი ჭიქებს ისევ ავსებს, ერთ მათგანს აიღებს და...

წრუწუნიჩი
ნინკა, სკამის ფეხი, მაგიდის ზედაპირი, ეს ყველაფერი წვრილმანია! ქვეყანას სულით ამაღლებული რესტავრატორი სჭირდება; მომსახურების ზონა - ქვეყნის მასშტაბით ავეჯის სუპერმაღაზიათა ქსელი! მუზეუმები! გცალიათ, ბატონო რესტავრატორო? არა, მომავალ კვირაში გადმომირეკეთ! რესტავრაცია ხელოვნებაა, რესტავრატორი კი - ხელოვანი, მხატვარი!

გადაკრავს ჭიქას, რომელსაც დირიჟორის ჯოხივით აქნევდა.

პატარა ნინკა
ანუ, შენ ხელოვანი ხარ?!

წრუწუნიჩი
დიახ!

პატარა ნინკა
მხატვარი?!

წრუწუნიჩი
დიახ! ოღონდ, ხატვა ეს ის საქმე არაა, ტელევიზორიდან ვინმეს ვასწავლო!

პაუზა.

წრუწუნიჩი
ნინკა, ფიროსმანის ირემი ხომ იცი?

ნინკა თავს აქნევს.

წრუწუნიჩი
ეგ ირემი ჩემი დახატულია!

წრუწუნიჩი ისე შებარბაცდება, ნინკა რომ არ შეშველებოდა, წაიქცეოდა.

გადაღება წყდება.

თვალზე ცრემლმომდგარი პატარა ნინკა სტუდიას ტოვებს. წრუწუნიჩი სევდიან მზერას გააყოლებს.

21.  მცირე ხნის შემეგ. სტუდია
წრუწუნიჩი ჩანთაში სამუშაო ინსტრუმენტებს ალაგებს, გამოფხიზლებულივითაა, სევდიანი. ლიკა უახლოვდება.

ლიკა
რას აკეთებ?

წრუწუნიჩი
მაპატიეთ, ქალბატონო ლიკა...

ლიკა
რას აკეთებ მეთქი?

წრუწუნიჩი
ინსტრუმენტებს ვალაგებ...

ლიკა
რატომ?

წრუწუნიჩი
(გაკვირვებული)
მივდივარ...

ლიკა
სად მიდიხარ?

წრუწუნიჩი მხრებს იჩეჩს.

წრუწუნიჩი
ჭაობში...

ლიკა
კი, მაგრამ ხვალ ეთერში ნინკასთან ერთად ვინ გავიყვანო?!

წრუწუნიჩი
(გაოგნებული)
ისევ ეთერში? ნინკასთან ერთად?

ლიკა
ჰო, ნინკასთან ერთად! იმედია, თანაწამყვანის შეცვლას არ მომთხოვ! თუ რამეა, დიდი ნინკა თადარიგში მყავს...

წრუწუნიჩი
არა, პატარა უნდა იყოს!

სიხარულისგან ლიკას ლოყაზე კოცნის.

22.    დღე. ექსტ. ქალაქი.
ბედნიერი წრუწუნიჩი შინისკენ ფეხით მიემართება. ზოოპარკს ჩაუვლის, შესასვლელში ბილეთს ყიდულობს და შედის.

23.    დღე. ზოოპარკი.
წრუწუნიჩი მაიმუნის გალიის წინ დგას, ცდილობს მაიმუნს მიმიკით რაღაც გააგებინოს. მაიმუნი გულგრილად მოსჩერებია. წრუწუნიჩი გალიაში თითებს ყოფს, მაიმუნს ეჭყანება, რაღაც ხმებსაც გამოსცემს. ვერა და ვერ აიყოლიებს მაიმუნს.

წრურუნიჩი
(მაიმუნს)
ეე, მაიმუნი ხარ, რა...

ზურგიდან მხეცების მომვლელი ქალი წამოსდგომია (60 წლის), რომელიც წრუწუნიჩმა მანამდე ვერ შეამჩნია.

მხეცების მომვლელი
ნუ მაიმუნობ! გალიას მოსცილდი! არ შეიძლება თითების შეყოფა!

წრუწუნიჩი
ბოდიში, ქალბატონო...

24.  დღე. ექსტ. ქალაქის ქუჩა.
სახეგაბადრული წრუწუნიჩი შინისკენ მიემართება.

25.  საღამო, ექსტ. წრუწუნიჩის ბინის კარებთან.
ჟენია ეგებება.

ჟენია
წრუწუნიჩ, ვარსკვლავი ხარ! შემოდი ჩემთან, სუფრა მაქვს გაშლილი.

წრუწუნიჩი შეყვება.

26. ინტ. ჟენიასთან, გაშლილ სუფრაზე.

ჟენია
ბიჭო, ეს რა კარგ გოგოს გადაეყარე!

წრუწუნიჩი
ნინკას?

ჟენია
ხელიდან არ გაუშვა!

წრუწუნიჩი
ვეცდები....

ჟენია
ერთმანეთისთვის ხართ ზედგამოჭრილნი!

წრუწუნიჩი ჭიქას იღებს.

წრუწუნიჩი
სიყვარულს გაუმარჯოს, ჟენია დეიდა!

ჟენია
გაუმარჯოს წრუწუნიჩ, გაუმარჯოს...

ჟენია კედელზე ჩამოკიდებულ, მამაკაცის სურათს გახედავს, რომლის გვერდით, ბანტიანი გიტარა კიდია... მსუბუქად ამოიოხრებს, ჭიქას ასწევს.

ჟენია
ეჰ, როგორ უყვარდა დაკვრა...

წრუწუნიჩი ფეხზე დგება.

წრუწუნიჩი
ჟენია დეიდა, გადავიწვი... დასაძინებლად წავალ. მადლობა!

ჟენია
უბნის ლოთები არ მოგასვენებენ!

წრუწუნიჩი
როგორმე მოვიგერიებ...

ჟენია
გინდა, გარედან ბოქლომით დაგკეტავ, ვითომ, სახლში არ ხარ!

წრუწუნიჩი
კარგი აზრია, მაგრამ ბოქლომი საიდან?

ჟენია
მე ვიცი საიდანაც... წამომყევი, შენთან შევიდეთ!

27.  გვიანი საღამო. ექსტ. იტალიური ეზო.
წრუწუნიჩისა და ჟენიას კარებები გვერდიგვერდაა. შედიან წრუწუნიჩის ოთახში.

28.  ინტ. წრუწუნიჩის ოთახი.
ჟენია მაცივარს ბოქლომს ახსნის.

ჟენია
აი, ბოქლომიც!

წრუწუნიჩი
მაცივარი რომ დაუკეტავი დარჩა?

ჟენია
ისედაც ვაპირებდი ახსნას...

წრუწუნიჩი
პირობას გაძლევ: რაც არ უნდა მთვრალი მოვიდე, შენს პროდუქტს მუსრს არ გავავლებ!

ჟენია
მაგაზე აღარ გაგიბრაზდები... როგორც კი გაგეღვიძება, თუნდ შუა ღამე იყოს, კედელზე მომიბრახუნე! გვიან ღამით, ბოქლომს ისედაც ავხსნი; იქნებ, ტუალეტში გასვლა მოგინდა...

ჟენია გადის. მარტო დარჩენილი წრუწუნიჩი კედელზე გაკრულ ცნობილ ადამიანთა ფოტოებს უყურებს, სამხედრო სალამს აძლევს და დასაძინებლად წვება.

29.    ღამის 12 საათი. ინტ. წრუწუნიჩის ოთახი.
წრუწუნიჩს საწოლში ეღვიძება. წამოდგება, დიდი რაოდენობით წყალს სვამს. ეზოში გასასვლელ კარებს აწვება. დაკეტილია. კედელზე მიაბრახუნებს. კედლის იქიდან ყრუდ ხმა მოისმის.

ჟენია
მოვდივარ, წრუწუნიჩ!


კარი იღება. ჟენია მძიმე პარკით შემოდის.

ჟენია
როგორ გეძინა?

წრუწუნიჩი
კარგად!

ჟენია
ეს პარკი შენია!

წრუწუნიჩი
შიგ რა დევს?

ჟენია
არაყი, კონიაკი და ღვინოებია. მეზობლებმა შეგიგროვეს - სჯობს ალკოჰოლი მიიღოს,  რასტვარიწელი და აცეტონი მოკლავსო...

წრუწუნიჩი
გასაგებია... მეზობლებს მადლობა!

პარკს მაგიდის ქვეშ შედგამს, რაღაც მოაფიქრდება და უკან გამოაჩოჩებს.

წრუწუნიჩი
ჟენია დეიდა, მაკრატელი უნდა მათხოვო. თეთრი ქაღალდიც მჭირდება!

ჟენია
რად გინდა?

წრუწუნიჩი
საიდუმლოა!

ჟენია
არავის ვეტყვი!

წრუწუნიჩი
დიდი საიდუმლოა!

ჟენია
წრუწუნიჩ, გაითვალისწინე ჩემი მდგომარეობა - ცნობისმოყვარე ქალი ვარ...

წრუწუნიჩი
ხვალ თვითონ ნახავ ყველაფერს!

ჟენია
კარგი.


ჟენია დავალებას ასრულებს.

30.    რამდენიმე წუთის შემდეგ. იგივე ოთახი.
წრუწუნიჩი ოთახში მარტოა. ქაღალდს ზომებზე ჭრის, ზედ რაღაცას აწერს და არყით სავსე ბოთლებს აკრავს.

31.  შემდეგი დღე, დილა. ინტ. სტუდია.
გადაღების დაწყებამდე ლიკა წრუწუნიჩს ესაუბრება.

წრუწუნიჩი
მე ცუდი ავეჯის რესტავრატორი ვარ... რა უნდა ვასწავლო ტელემაყურებელს?!

ლიკა
ვიცი, როგორი რესტავრატორიც ხარ... ავეჯის მაღაზიის მფლობელი „შკაფი“ ჩემი უახლოესი მეგობარია; შენზე ვკითხე, ხომ არ გიცნობდა - დაგახასიათა... მოკლედ, როგორც იცი, ისე ასწავლე. გეკრძალება ერთი რამ: „რასტვარიწელი“ საკვები პროდუქტი არაა და მისი ამ სახით გამოყენების პროპაგანდის უფლება არ გაქვს!

წრუწუნიჩი
ეს აღარ განმეორდება!

ლიკა
წარმატებები!


გადაღების დაწყებისთვის ყველაფერი მზადაა.

ნინკა ახლაც დაგვიანებით შემოდის სტუდიაში, მაგიდასთან კუთვნილ ადგილს იკავებს; მკაცრია ...

გადაღება იწყება.

ნინკა
წრუწუნიჩ, დღეს საქმით უნდა მოგვაწონო თავი! სტუდიაში გვაქვს დაზიანებული სკამი, რომელიც შენ უნდა აღადგინო!

წრუწუნიჩი
რომელი სკამი, ესა? მე მეგონა, აქ იმისთვის დადგეს, რომ ზედ დავმჯდარიყავი.

ნინკა
დასვენება კარგია, მაგრამ ის შრომით უნდა დაიმსახურო!

წრუწუნიჩი
დღე და ღამ მეც ამას ჩავჩიჩინებ ჩემს თავს...

წრუწუნიჩი ნინკასკენ მალულად აპარებს თვალს. ნინკა ამჩნევს მზერას, ეღიმება. სკამს მაგიდაზე ამოდგამენ.

წრუწუნიჩი
სკამზე ჩამოჯდომა იმიტომ მინდოდა, რომ შეუძლოდ ვარ... თავი მტკივა!

ნინკა
„რასტვარიწელის“ პახმელია გაქვს...

წრუწუნიჩი
არა, ეს ქრონიკულია... როცა ადამიანს თავის ტკივილი აწუხებს, რომელი წამალი უნდა მიიღოს?

ნინკა
თუნდაც, ანალგინი.

წრუწუნიჩი
ანალგინი? ანალგინი მაქვს...

მაგიდის ქვემოდან ამოდგავს სავსე ბოთლს, რომელსაც, რეცეპტის მსგავსად, წარწერიანი ქაღალდი აკრიაა - ანალგინი.

წრუწუნიჩი
ეს თხევადი ანალგინია!

ნინკას გაშეშება წამიერ პაუზას იწვევს. წრუწუნიჩი ამოდგამს მეორე ბოთლს, რომელსაც აწერია წყალი. ჭიქას „ანალგინით“ გაავსებს და სვამს.

წრუწუნიჩი
წამალს წყლის მიყოლება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გაიხსნება!


მეორე ჭიქასაც გადაუძახებს.

წრუწუნიჩი
დროა, დაზიანებულ სკამსაც მივხედო...

საიდანღაც ფანქარს ამოაძვრენს და (ხნიერი ხელოსანივით) ყურში გაირჭობს. ნინკას ყბა ეღრიცება...

წრუწუნიჩი
რესტავრაცია უზუსტესი პროფესიაა! რუსებს აქვთ ათიანში მორტყმული გამონათქვამი - Поспешишь,  людей  насмешишь! (ნინკას გახედავს) არა, ქართველები კიდევ უფრო ენამოსწრებულნი ვართ - „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი!“ სხვა ვინ იტყოდა ამას, ქართველის მეტი...

წრუწუნიჩი ბოთლს დააჩერდება, რომელსაც „ანალგინი“ აწერია.

წრუწუნიჩი
თავის ტკივილმა არ გამიარა!

პატარა ნინკა
რამდენი ტაბლეტის ექვივალენტია ეგ ჭიქა?

წრუწუნიჩი ჭიქას სინათლეზე გახედავს.

წრუწუნიჩი
ერთი ტაბლეტის დოზაა!

პატარა ნინკა
ცოტაა, სრულწლოვანი ხარ...

წრუწუნიჩი
გავიმეორებ!

„ანალგინს“ განმეორებით დაისხავს და დალევს. დაზიანებულ სკამს მიუბრუნდება - საცხს გადაუსვამს.

წრუწუნიჩი
ეს უნდა გაშრეს! შემდეგ, გავშკურკავ; ფერს გადავუსვავ; ბოლოს, ლაკს და... მზად არის 10 ლარი!

პატარა ნინკა
10 ლარი?

წრუწუნიჩი
არა, ეს ისე, ჩემთვის ვთქვი...

პატარა ნინკა
თავი როგორ გაქვს, დაგიამდა?

წრუწუნიჩი
მგონი, აფთიაქარმა, ფალსიფიცირებული პრეპარატი შემომაპარა...

პატარა ნინკა
უყურე შენ... სხვა პრეპარატი უნდა გეყიდა - ციტრამონი!

წრუწუნიჩი
ციტრამონი? ციტრამონიც მაქვს...

მაგიდის ქვემოდან სხვა ბოთლს ამოდგამს, წარწერით - ციტრამონი. დაასხამს და დალევს. დაიჭყანება.

წრუწუნიჩი
მწარეა... ჩვენ ტკბილად ვიყოთ!

პატარა ნინკა
იმედია, ციტრამონი მაინც არ აღმოჩნდება ფალსიფიცირებული...

წრუწუნიჩი
ვიქონიოთ იმედი...

ერთი წამის შემდეგ.

წრუწუნიჩი
და თუ ესეც ფალსიფიცირებული შემომაპარეს, ასეთი შემთხვევისთვის, სხვა აფთიაქარის მიერ მოწოდებული ძვირადღირებული პრეპარატი მაქვს!

პატარა ნინკა
თუ ძვირაღირებული პრეპარატი გაქვს, რაღას იჭყიპები ამ იაფფასიანი წამლებით?

წრუწუნიჩი
ძვირადღირებული პრეპარატი ძვირი ღირს - ვუფრთხილდები!

მაგიდაზე სხვა ბოთლს ამოდგავს, კონიაკის ფერი სითხით. ნინკა ბოთლს თავს ხსნის და დასუნავს.

პატარა ნინკა
ეს ძვირადღირებული პეპარატი კონიაკის ექსტრაქტზეა დამზადებული...

წრუწუნიჩი
ხუთვარსკვლავიანი კონიაკის!

პატარა ნინკა
შენ რა იცი, რამდენ ვარსკვლავიანის?

წრუწუნიჩი
ეტიკეტზე... უკაცრავად, ანოტაციაში ასე ეწერა! დალევ?

„საბუტილნიკივით“ გაჰკრავს ნინკას მხარს მხარში. ნინკა შეკრთება. დაბნეულს, ლიკასკენ გაურბის თვალი. ლიკა ამ შემთხვევას თითქოს ვერ ამჩნევს.

პატარა ნინკა
წრუწუნიჩ, როგორაა ჩვენი დაზიანებული სკამის საქმე?

წრუწუნიჩი
პაციენტი გადარჩება...

იღებს ზუმფარას და საცხით შეზელილი ადგილის დამუშავებას იწყებს. თან, ლაყბობს. ზუმფარას დახედავს.

წრუწუნიჩი
ზუმფარა არა, ისა... მოიგონებენ, რა - ეს შკურკაა!

სკამს საცხის მასა ძვრება.

წრუწუნიჩი
აუჰ...

პატარა ნინკა
რა მოხდა, ხელი დაიზიანე?

წრუწუნიჩი
არა, სკამს „შპაკლი“ მოძვრა... არაუშავს, მივაწებებ! ოღონდ, მეტს აღარ გავშკურკავ - ისევ მოძვრება...


მიაწებებს. საღებავს გადაუსვამს, ლაქსაც.

წრუწუნიჩი
მზად არის!


ნინკა წრუწუნიჩის „შემოქმედებას“ გულდასმით ამოწმებს.

პატარა ნინკა
ამაში 10 ლარს არ გადაგიხდიან!

წრუწუნიჩი
ნინკა, მოდი, ტელემაყურებელს რაიმე სხვა ხელობა ვასწავლოთ. მე ყველაფერი ვიცი: კედლების ამოყვანა, ლესვა, სამღებრო სამუშაოები...

პატარა ნინკა
ჭრა, კერვა, თმის შეკრეჭაც ხომ?!

წრუწუნიჩი
სიმღერაც, ცეკვაც... მთავარია, კლიენტმა ფული გადაიხადს!

ნინკა მკაცრად თავს გადააქნევს.

წრუწუნიჩი
სწავლა სიკვდილამდეო... ხომ გაგიგია!

პატარა ნინკა
კარგი, კედლების აშენება და ლესვა სხვა დროს იყოს. რაიმე მარტივი მოიფიქრე, დროში რომ ჩავეტიოთ.

წრუწუნიჩი
არის იდეა: ტელემაყურებელს ვასწავლოთ, თუ როგორ უნდა გავათეთროთ ფული!

პატარა ნინკა
ფული გავათეთროთ?!

წრუწუნიჩი
ხო, ხურდის გათეთრება იოლია - გადაატარებ ქვაბების სახეხ ფხვნილს და, თეთრია... ქაღალდის ფულის გათეთრებაა ძნელი! მათხოვე ათლარიანი! მოგეძებნება?


ნინკა ათლარიანს მოიძიებს. გაუწოდებს. წრუწუნიჩი მას გადაკეცილ თაბახის ფურცელში ათავსებს და სრესვას იწყებს. ნინკასგან უჩუმრად, ფულს იგივე ზომის თეთრი ფურცლით ანაცვლებს.

წრუწუნიჩი
ისე გათეთრდება, ვეღარც კი იცნობ! ერთი, ორი, სამი - მზად არის!

თაბახის ფურცელს გაშლის და თეთრ ქაღალდს ნინკას აწვდის.

პატარა ნინკა
ეს არ არის ჩემი ათლარიანი!

წრუწუნიჩი
ეს არის! ვერ წარმოიდგენდი ხომ, ასე თუ გათეთრდებოდა?

ნინკა თავიდან მკაცრია, მერე, ეცინება.

პატარა ნინკა
კარგი, წრუწუნიჩ, დაიმსახურე ათი ლარი... ჩავთვალოთ, რომ აღადგინე ტელევიზიის კუთვნილი სკამი.

წრუწუნიჩი სერიოზულია.

წრუწუნიჩი
რატომ იცინი, ნინკა?


ნინკა სიცილს უმატებს.

წრუწუნიჩი
ჩვენი საქმე ცუდადაა - ფული გავათეთრეთ, ესეიგი, პოლიცია გვეძებს! დროზე მოვცოცხოთ აქედან!

პატარა ნინკა
ოხ, წრუწუნიჩ, ეს რა ხათაბალაში გამხვიე...


ხელიხელჩაკიდებულნი კულისებში გადიან.

32.  რამდენიმე წუთის შემდეგ. ინტ. ლიკას კაბინეტი.
კარებში გამოდის პატარა ნინკა; სახე არ უჩანს. შედის წრუწუნიჩი.

ლიკა
წრუწუნიჩ, შენი აზრით, დღევანდელი გადაცემა შედგა?

წრუწუნიჩი მხრებს იჩეჩს.

ლიკა
სიუჟეტის ღირებულება მაყურებლის გამოხმაურებით ფასდება. მოკლედ, ასეა საქმე: ჩვენ მიტინგებისა და მანიფესტაციების ეპოქაში ვცხოვრობთ, მე რომ შენ ტელევიზიიდან გაგიშვა, ტელემაყურებელი დაგვარბევს!

წრუწუნიჩი
მტოვებთ?

ლიკა
გტოვებ! შენ და ნინკას წყვილში და გაწინაურებთ კიდეც!

წრუწუნიჩი
YES!

33.  შუადღე. ექსტ. ტელევიზიის შენობის წინ.
ნინკა წრუწუნიჩს ელოდება. წრუწუნიჩი უახლოვდება. ნინკა ლოყაზე კოცნის და ხელს უშვერს ხელმკლავის გასაკეთებლად. მიუყვებიან გზას.

34. სამი წამის შემდეგ.
ნინკას ვიღაც ზურგიდან უძახის, ვინც მანამდეც უთვალთვალებდა. ახალგაზრდაა, ნინკაზე და წრუწუნიჩზე ცოტა უფროსი.

ნინკა
წრუწუნიჩ, ეხლავე მოვალ.


ნინკას და უცნობის საუბარი არ ისმის. იგრძნობა რაღაც დაძაბულობა. წრუწუნიჩი მათკენ მიდის. ნინკა ამჩნევს ამას, უცნობს ზურგს აქცევს. წრუწუნიჩთან ერთად გზას აგრძელებს.

წრუწუნიჩი
ვინ არის?

ნინკა
სცენარისტია.

წრუწუნიჩი
რა უნდა?

ნინკა
მაგას ჰგონია, რომ ცხოვრება სცენარების წერაა...

რამდენიმე ნაბიჯს ჩუმად გაივლიან.

ნინკა
წრუწუნიჩ, მართლა ლოთი ხარ, თუ იგონებ?

წრუწუნიჩი
შენ როგორ ფიქრობ?

ნინკა
ლოთობ და თან, ლოთს არ ჰგავხარ...

წრუწუნიჩი
ლოთს თავშეკავება არ შეუძლია, მე შემიძლია სასმელს არ გავეკარო!

ნინკა
როგორ დაამტკიცებ ამას?

წრუწუნიჩი
დაბადების დღეზე დამპატიჟე და მარტო ერთ ჭიქას დავლევ - შენ სადღეგრძელოს.

ნინკა
ჩემ დაბადების დღემდე შორია...

წრუწუნიჩი
ვინმე მეგობრის დაბადების დღეზე დამპატიჟე, ერთად წავიდეთ. იქ საერთოდ არ დავლევ, ერთ ჭიქასაც!

ნინკა
დაბადების დღეს რატომ ვუცადო, ეხლავე გამოგცდი!

წრუწუნიჩი
ოღონდ, დღეს არა...

ნინკა
ვიცი, რომ ფული არ გაქვს... გეპატიჟები.

35.    იგივე დღე. ინტ. მყუდრო რესტორანი.
კედლებზე ფიროსმანის რეპროდუქციებია გაკრული. ნინკა ირემთან ჩერდება.

ნინკა
ამტკიცებ, რომ ეს ირემი შენი დახატულია?

წრუწუნიჩი
ნუუ... ნასვამი ვიყავი.

ნინკა
ფხიზელს უკეთესად გამოგივიდოდა... შენი ავტოგრაფი აკლია.

წრუწუნიჩი
ახლავე გამოვასწორებ... მარკერი გააქვს?

ნინკა
ჩვენ თავს ნუ დააჭერინებ, ისედაც ძებნაში ვართ... წამოდი მაგიდასთან.

36.    გაშლილ სუფრასთან.
წრუწუნიჩი ჭიქებს ავსებს - ნინკას ღვინოს უსხამს, თავისთვის - ლიმონათს.

ნინკა
კარგია, რომ შევხვდით...

ნინკა ჭიქას გამოცლის. წრუწუნიჩი ხელახლად უვსებს.

ნინკა
ამდენს ვერ დავლევ...

წრუწუნიჩი
ჩვენი შემოქმედებითი წარმატების სადღეგრძელოა!

სადღაც შორიდან ატეხილი კატების კნავილის ხმა მოისმის...

37.  ერთი საათის შემდეგ.
ბოთლი დაიცალა. ნინკა ქანაობს. წრუწუნიჩი ლიმონათს წრუპავს.

ნინკა
მე ფხიზელი ვარ!

წრუწუნიჩს ეღიმება.

ნინკა
უფრო სწორად, მე დავთვერი...

წრუწუნიჩი
სახლში გაგაცილებ.

ნინკა
წავიდეთ. ჩემები შენ პატივს გცემენ.

წრუწუნიჩი
საიდან მიცნობენ?

ნინკა
ტელევიზორიდან!

წრუწუნიჩი
ააა...

38.  დღე. ექსტ. ქუჩა.
წრუწუნიჩი და ნინკა ტაქსს აჩერებენ, ჯდებიან.

ნინკა
(ტაქსის მძღოლს)
ბახტრიონის 88, IV სადარბაზო, ბინა 43

წრუწუნიჩი
ნინკა, სართულისა და ტელეფონის ნომრის თქმა დაგავიწყდა...

ნინკას არ ესმის, წრუწუნიჩის მხარზე თავჩამოდებულს ჩასთვლემს.

39.  ინტ.  ნინკას საცხოვრებელი სახლის სადარბაზო.

ნინკა
აი, აქ ვცხოვრობ!

ნინკა ზარს რეკავს. კარს ნინკას დედა აღებს (50 წლის). კალთაზე ხუთიოდე წლის გოგონა მისწეპებია (ნინკას და).

ნინკას დედა
ვაიმე, შვილო, რა დაგემართა?

ნინკა
მთვრალი ვარ...

ნინკას და შეძახილით ოთახის სიღრმისკენ გარბის.

ნინკას და
ნინკა მთვრალია!

გამოჩნდება ნინკას მამაც. წრუწუნიჩი მოკრძალებით ესალმება. სახლში შედიან.

ნინკას მამა
რა დაალევინე?

წრუწუნიჩი
ღვინო დალია...

ნინკას მამა
შენ ფხიზელი ჩანხარ...

წრუწუნიჩი
მარტო ნინკა სვამდა...

ნინკას მამა მხრებს იჩეჩს.

წრუწუნიჩი
გამომცადა - შემიძლია თუ არა, სასმელზე უარის თქმა.

ნინკას მამა
მცირეოდენით მაინც შეშველებოდი...

წუწუნიჩი
პირობა დაირღვეოდა...

ნინკას დედა
წამოდი შვილო, დაწექი.

ნინკა
რა დროს ძილია, სტუმარი გვყავს სახლში!

ნინკას მამა
მივხედავთ...

ნინკა დედას საძინებლისკენ მიჰყვება.

ნინკას მამა
ნინკა ნერვიულობდა - თქვენი სიუჟეტი დებიუტი იყო მისთვის...

წრუწუნიჩი
ჩვენ გავიმარჯვეთ! დაგვაწინაურეს კიდეც!

ნინკას მამა
ოჰ, მანდამდეც მივიდა საქმე? უნდა აღვნიშნოთ! წრუწუნიჩ, მე არც რასტვარიწელი მაქვს და არც აცეტონი - ჩემ დაწურულ ღვინოს დაგალევინებ!

წრუწუნიჩი
ნინკასთვის მიცემულ პირობას რა ვუყო?

ნინკას მამა
ნინკას უკვე ძინავს... თანაც, ქალიშვილი დამითვრე, სახლიდან ფხიზელი როგორ გაგიშვა?!

40.    ინტ. სასტუმრო ოთახში გაშლილ სუფრას უსხედან.
ოთახის კარიდან ნინკას და თავს გამოყოფს და იძახის.

ნინკას და
ტრუტენიჩ!

იმალება. მალე ისევ იმეორებს - „ტრუტუნიჩ“... წრუწუნიჩს უშინაურდება.

ნინკას მამა
ეს ნინკაზე დაქოქილი მყავს...

ფანჯრიდან მოსჩანს ქალაქის პანორამა, ახალი მშენებლობები, ამწეკრანები...

41.  ღამე, ინტ. წრუწუნიჩის ოთახი.
წრუწუნიჩი მაგიდასთან გაბრწყინებული სახით ზის. ცნობილ ადამიანთა ფოტოებს მიაჩერდება, განსაკუთრებით - აინშტაინს. აინშტაინი მას გაუღიმებს.


 


წრუწუნიჩი ფეხზე დგება, უჯრიდან თავის მომცრო ზომის ფოტოს იღებს (3X3) და ცნობილ ადამიანთა სურათების  შორის აკრავს. ლოგინზე გულაღმა წვება... ეზოდან ისმის ატეხილი კატების კნავილი - მიაუ, მიაუ... ჩაეძინება.

42.    ერთი თვის შემდეგ. ინტ. სტუდია.
დაწინაურებული წრუწუნიჩი და ნინკა დილის გადაცემის მთავარი წანყვანნი არიან. საქორწინო ბეჭდები უკეთიათ. მათ გარდა კადრში არავინაა.

ნინკა
წრუწუნიჩ, რა გჭირს - ტელემაყურებელს მიესალმე!

წრუწუნიჩი
რაღა რა მჭირს - პოლიცია მეძებს დასაჭერად!

ნინკა
რა დააშავე?

წრუწუნიჩი
დაგავიწყდა, შენი ათ ლარიანი რომ გავათეთრე... შენც გარეული ხარ საქმეში!

ნინკა
მე რატომ?

წრუწუნიჩი
ფული შენ გადმომეცი!

ნინკა
რა გვეშველება?

წრუწუნიჩი
თუ მომენდობი, შენი საქმე მეტნაკლებად კარგად იქნება!

ნინკა
როგორ მოვიქცე?

წრუწუნიჩი
დანაშაული მთლიანად შენს თავზე აიღე! უთხარი, რომ თანამზრახველი არ გყავდა! ნაკლებს მოგისჯიან...

ნინკა
კარგი, წრუწუნიჩ, გამომძიებელს ვეტყვი, რომ შენ ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაცინტი ხარ!

წრუწუნიჩი
პაციენტი? შესაძლია, ეს არის კიდევ გამოსავალი... ქალის ჭკუა სულ სხვაა!

ნინკა
დამშვიდდი?

წრუწუნიჩი
მაინც შეშინებული ვარ...

ნინკა
წყალი დალიე!

წრუწუნიჩი
წყალი?

საიდანღაც სავსე ბოთლს გადმოდგავს და ორ არყის ჭიქას - ერთს ნინკასთვის გაავსებს, ერთს თავისთვის.

ნინკა
(მკაცრად)
ეს რა არის?!

წრუწუნიჩი
წყალია...

ნინკა
ვითომ?


ნინკა ჭიქას დასუნავს. დამშვიდდება.

წრუწუნიჩი
(ბუზღუნით)
არასდროს არ გჯერა ჩემი... ჰო მართლა, ნინკა, სურპრიზი მოგიმზადე!

ნინკა
რა სიურპრიზი?

წრუწუნიჩი
თვალები დახუჭე!

ნინკა თვალებს ხუჭავს.

წრუწუნიჩი მაგიდაზე ყვავილების თაიგულს დადებს. და კიდევ, წყლის ბოთლს ანალოგიური ბოთლით ანაცვლებს, რომელშიც არაყი ასხია. თავისი ჭიქიდან წყალს მაგიდის ქვეშ მიაქცევს და არყით ავსებს. ნინკა თვალებს ახელს; უხარია.

ნინკა
მადლობა წრუწუნიჩ!

საიდანღაც ლარნაკს გადმოდგამს, თაიგულს შიგ მოათავსებს და ბოთლიდან „წყალს“ ასხავს, რომელშიც უკვე არაყი ასხია. თაიგული მომენტალურად ჭკნება. ნინკა ბოთლს დასუნავს. მკაცრი ხდება. მაგიდაზე მუშტს დაჰკრავს.

ნინკა
ოხ, წრუწუნიჩ, მოხვალ დღეს სახლში!

ნინკა  საქორწინო ბეჭედს თითზე მრისხანედ შეატრიალ-შემოატრიალებს.

43.  საღამო, ექსტ. ხეივანი.
წინკა და წრუწუნიჩი ხეივანშიი ჩახუტებული მისეირნობენ. ისმის ატეხილი კატების კნავილი.

ნინკა
წრუწუნიჩ, წამო ჩვენი სახლი ვნახოთ...

წრუწუნიჩი
წამო!

44.  ექსტ. სამშენებლო ზონა.
საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ბოლომდე არაა დასრულებული. ლიფტი არ მუშაობს. ფეხით ადიან. ბინას აქვს კარი. შედიან. რემონტის დამთავრებამდე წვრილმანი სამუშაოებიღა დარჩა. ერთმანეთს ეფერებიან, ღილებს უხსნიან...

45.    ერთი წლის შემდეგ. ინტ. სტუდია.
გადაცემის ჩაწერა მიმდინარეობს. წრუწუნიჩი თეთრი ფერის მსხვილ ტაბლეტს სერიოზული სახით დასჩერებია.

ნინკა
წრუწუნიჩ, გადაცემა დაიწყო!

წრუწუნიჩი
მაცადე, ვიკვლევ!

ნინკა
რას იკვლევ?

წრუწუნიჩი
მშრალი სპირტია.

ნინკა
(ვედრებით)
აუ, მაგას ნუ გადაყლაპავ!

წრუწუნიჩი
არ ვყლაპავ, ვფიქრობ - რომელ ჭკუამყოფელს მოუვიდა აზრად სპირტის გაშრობა, გრანულირება!

ნინკა
(მკაცრად)
წრუ-წუ-ნიჩ!

წრუწუნიჩი
აქ ვარ...

ნინკა
გადაცემაში მწვანე ჩანართის დროა!

წრუწუნიჩი
მწვანე ჩანართი... (გამოაჯავრა) თორე ეგენიც ჩაგვერთვებიან სემირამიდას ბაღიდან!

ნინკა
ჩვენი კორესპონდენტი სპეციალისტთან ერთად ტელემაყურებელს გააცნობს კაქტუსების ნაირსახეობასა და მათ მოვლის წესებს!

წრუწუნიჩი ისევ მშრალ სპირტს დასჩერებია. რომ გამოაფხიზლოს, ნინკა მას  ფარულად ფეხზე ფეხს არტყავს. წრუწუნიჩი კოჭლდება.

წრუწუნიჩი
ნელა გოგო, ფეხი მომტეხე! შემდეგ თაიგულს კაქტუსებისგან შეკრულს გაჩუქებ!

ნინკა
ოხ, წრუწუნიჩ, მოხვალ დღეს სახლში!

ნინკა  საქორწინო ბეჭედს თითზე მრისხანედ შეატრიალ-შემოატრიალებს.

წამიერად ჩანს კადრი კაქტუსების სათბურიდან.

46.  საღამო, ექსტ. ხეივანი.
წინკა და წრუწუნიჩი მისეირნობენ. ნინკას კენგურუში ორი-სამი თვის ბავშვი ჰყავს, მათი შვილი. ისმის ატეხილი კატების კნავილი.

ნინკა
წრუწუნიჩ, წამო სახლში წავიდეთ...

წრუწუნიჩი
წამო!

47.  ინტ. მათი საცხოვრებელი სახლი.
მშენებლობა და რემონტი დასრულებულია. ლიფტით ადიან. შედიან ბინაში. ბავშვს აბინავებენ. ერთმანეთს ეფერებიან, ღილებს უხსნიან...

48.  კიდევ ერთი წლის შემდეგ. სტუდია.
გადაცემის ჩაწერა მიმდინარეობს.

წრუწუნიჩი
ახლა ეთერში ვისი ჩართვის დროა? იქნებ, ცაცია მიხაკა ჩაგვერთო შუაგულკახეთიდან - გვასწავლის, 10 კილო ყურძნისგან როგორ დავამზადოთ 100 ლირტი ღვინო!

ნინკა
რა დროს ღვინოა?! ფრანგი მზარეული ბანანის სალათს დაგვიმზადებს!

წრუწუნიჩი
შენი ფრანგი მზარეული ლილოში ნახეს...

ნინკა
ლილოში რა უნდა?!

წრუწუნიჩი
ვიღაცამ უთხრა, რომ ჩვენი სტუდიის სამზარეულო ლილოში გადაიტანეს!

ნინკა
შენს მეტი ვინ ეტყოდა?!

წრუწუნიჩი
მე ვერ ვეტყოდი, ფრანგული ენა არ ვიცი...

ნინკა
იმას ესმის ქართული!

წრუწუნიჩი
შანსი არ არის! სხვა ისეთიც ვუთხარი, თავს გამიტეხდა...

ნინკა
პოლიციას გამოვიძახებ!

წრუწუნიჩი
თუ ეგ უშველის საქმეს, აჰა, ნომერს მე აგიკრიფავ - 112...


მობილურზე ნომერს კრეფს. ტელეფონს ყურთან მიიტანს. ხაზის მეორე მხარეს მყოფს ესაუბრება.

წრუწუნიჩი
პატივცემულო, პატრულის გამოძახება გვინდა!

პაუზა.

წრუწუნიჩი
რა ბრძანეთ?

პაუზა.

წრუწუნიჩი
მადლობა, გადავიფიქრე!


ნინკას მიუბრუნდება.

წრუწუნიჩი
ნინკა, გაიგე, პატრულის გამოძახება ფასიანი გამხდარა!

ნინკა
ოხ, წრუწუნიჩ, მოხვალ დღეს სახლში...


ნინკა  საქორწინო ბეჭედს თითზე მრისხანედ შეატრიალ-შემოატრიალებს და კბილებში გამოსცრის.

ნინკა
ჩართე შენი ცალთვალა მიხაკა.

წრუწუნიჩი
ცალთვალა კი არა - ცაცია მიხაკა.

ნინკა
ხო, ვინც არის...

49.  ჩართვა „შუაგულკახეთიდან“.
ტიპიური ავტოფარეხია. ფონად ისმის ავტომობილის ძრავის ღმუილი. ავტო პროფილაქტიკის ასოციაცია იქმნება, მანქანის ნაწილებიც ყრია. გარშემო მიმობნეულია შუშისა და პლასტმასის ჭურჭელი - ბოცები, კასრი... ცაცია მიხაკა შაქრის ტომარაზე ზის, წინ პატარა კალათით ყურძენი უდევს. კორესპონდენტიც იქვეა.

კორესპონდენტი
მოგესალმებით შუაგულკახეთიდან. დღეს, ბატონი ცაცია მიხაკა თქვენს თვალწინ მოახდენს სასწაულს - 10 კილოგრამი ყურძნისგან დაამზადებს 100 ლიტრ ღვინოს! ხომ ასეა, ბატონო მიხაკა?

ცაცია მიხაკა
მაა!

კორესპონდენტი
დავიწყოთ!


მიხაკა ყურძნის ერთ მტევანს ერთ მარცვალს აცლის და აგდებს ცარიელ კასრში. იმავე კასრში ასხავს დიდი რაოდენობით წყალს.

მიხაკა
მოკლეთა, აგრეა საქმეი: ვიღებ ყურძენსა და 100 ლიტრა წყალსა. ვამატებ ზედა ღვინომჟავისა ფხვნილსა და სპირტსა. სპირტი გემოვნებითა უნდა - თუ ღვინოი ქორწილითვინა გინდა, სპირტი ბევრი უქენი, თუ ჭირისუფრისთვინა, ნაკლები. ფერი „კოლორითა“ დაჯდება.

თაროდან გადმოიღებს მუქ, ჩასქელებულ სითხეს და კასრში ასხამს.

მიხაკა
თუ ქვევრის არომატითა გინდა, ტანინსა მისცემ. ეგარი და ეგა.

კორესპონდენტი
ყურძენი სადა?! 10 კილო ყურძენი უნდა გექნათ!

მიხაკა
ბიჯო, შენ მე მასწავლი ღვინი დაყენებასა?! მე კახელი ცაცია მიხაკა ვაარ, ქალაქელი პიჟონი კი არა!

ნერვიულად გაივლ-გამოივლის. კასრიდან ამოიღებს ერთ ჭიქა სითხეს და კორესპონდენტს აწვდის.

მიხაკა
აჰა, ჩაცეცხლე!

კორესპონდენტი
ეგ რომ დავლიო, ხომ გამისკდა თავი!

მიხაკა
თავი არა ტრაკი!

კორესპონდენტი
აბა, აბა, ეთერში უწმაწური სიტყვები არ იყოს!

მიხაკა
მუდრეგო, სადა ხედამ უწმაწურსა?! ტრაკი თუ უწმაწურია, მა რაღას დაატარებ თანა?!

კორესპონდენტი
რომ დავატარებ, ამ აღნიშნულ „ადგილს“ შარვალი მიფარავს!

მიხაკა
მერედა ვინ გითხრა, შარვალი ჩაიხადეო?! ე რა ვერანა გამომიგზავნეს - კაცი აღარა გყაავთ?! წადით თქვენი დედაცა...


ცაცია მიხაკა გამორთეს.

50.  ინტ. სტუდია.
კადრში ისევ წრუწუნიჩი და ნინკა ჩანან. ნინკა აფაფრულია, ცოტაც და, წრუწუნიჩს კლანჭებით სწვდება.

ნინკა
ეს რა სიუჟეტი მოგიმზადებია?!

წრუწუნიჩი
მე  რა ვიცოდი, ასე თუ დამთავრდებოდა...

ნინკა
ოხ, წრუწუნიჩ, მოხვალ დღეს სახლში...

ნინკა  საქორწინო ბეჭედს თითზე მრისხანედ შეატრიალ-შემოატრიალებს.

51.    საღამო, ექსტ. ხეივანი.
წინკა და წრუწუნიჩი მისეირნობენ. ნინკას კენგურუში ერთი თვის ბავშვი ყავს, მათი მეორე შვილი. პირველი შვილი (ერთი წლის) წრუწუნიჩს ხელში უჭირავს. ისმის ატეხილი კატების კნავილი.

ნინკა
წრუწუნიჩ, წამო სახლში წავიდეთ...

წრუწუნიჩი
წამო!

52.  მათ საცხოვრებელ სახლთან.
შედიან სადარბაზოში. ლიფტს ვიღაც ასაკოვანი მამაკაცი ელოდება; ხელში დაგორგოლავებული ქაღალდები უჭირავს. წრუწუნიჩი მამაკაცს თვალს შეავლებს და გაოგნდება - კოპიო აინშტაინია. ლიფტში შედიან. მამაკაცი მათ ინგლისურად ეკითხება, თუ ისინი რომელ სართულზე მიდიან.

უცხოელი
Which floor are you going to? (თქვენ რომელ სართულზე მიდიხართ?)


წრუწუნიჩი იბნევა. ნინკა ინგლისურად პასუხობს, სახეზე არც კი შეუხედავს; ბავშვითაა გართული.

ნინკა
The fifth floor. (მეხუთეზე)

უცხოელი
Me too. (მეც)


ლიფტიდან ერთ სართულზე გამოდიან. მათი ბინები გვერდიგვერდაა.

53.  ინტ. წრუწუნიჩისა და ნინკას სახლი.
კარი მიიხურეს.

წრუწუნიჩი
ნინკა, დააკვირდი იმ კაცს?

ნინკა
უცხოელს?

წრუწუნიჩი
ხო, მაგას.

ნინკა
ალბათ, ჩვენი ახალი მეზობელია.

წრუწუნიჩი
აინშტაინი იყო!

ნინკა
ვიინ?

წრუწუნიჩი
აინშტაინი, ნამდვილი!

ნინკა
ისევ დალიე?!

წრუწუნიჩი
არ გატყუებ, მართლა აინშტაინი იყო!

ნინკა
ოხ, წრუწუნიჩ, მოხვალ დღეს სახლში...

საქორწინო ბეჭედს თითზე მრისხანედ შეატრიალ-შემოატრიალებს.

წრუწუნიჩი
სახლში ვარ...

ერთმანეთს ღილებს უხსნიან, ეფერებიან...


ჩანს ქალაქის პანორამა ატეხილი კატების კნავილის ფონზე.


ერთ-ერთერთი სახლის სახურავზე ის შავი კატა წევს, რომელმაც  წრუწუნიჩს წინ ორჯელ გადაურბინა. შესაძლოა, ეს ტიტრების ფონზეც იყოს.



დასასრული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები