ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პროზა
6 აგვისტო, 2024


ომის ფიქრები

ღია ფანჯრებიდან, დროდადრო ღამის ნიავი შემოსრიალდებოდა. ფარდას ოდნავ გვერდზე მისწევდა, ნახევარ მუცელს გამოუბურცავდა და უჩუმრად მისრიალდებოდა ანას უთავბოლო ფიქრებით ალმურმოდებულ შუბლამდე. წამიერად მას, ფიქრების მღელვარე ტალღებიდან ისევ თავის ოთახში აბრუნებდა და აოცებდა გარედან შემოსული სიმშვიდით, უდარდელობით. დიდი საწოლის კიდეში, ტანზეგაუხდელად, გვერდულად იყო ანა წამოწოლილი. ხელი თავქვეშ ამოედო და საწოლში დარჩენილ ცარიელ სივრცეს ჩაჰყურებდა. გვერდით ოთახში ბავშვური, მშვიდი ძილით ეძინათ ბექას და ლუკას.
“ნეტა რამდენი ქალი ტეხავს ჩემსავით, ამ ღამის მოჩვენებით სიმშვიდეს”-ნიავის მორიგი მოლამუნებისას გაიფიქრა მან.
ბუნდოვანი ფიქრები თავს არ ანებებდა ანას.  ერთ გორგალში გადახვეული უამრავი ძაფის ნაწყვეტებივით, ხან ერთი ფიქრის წვერო წამოყოფდა თავს, ხან მეორის. ფიქრის გორგალი კი ირღვეოდა, ირღვეოდა და ბოლო არ უჩანდა. კოშმარული წარმოსახვები სტანჯავდა; ხან ვითომ გიოს ყუმბარა მოხვედროდა და თავისივე ნაწლავებში ფორთხავდა; ხან მეგობრებს საკაცით გამოჰყავდათ ბრძოლის ველიდან, უსიცოცხლოდ ხელებჩამოყრილი...
ხანაც საკუთარ წარმოსახვებს შემოულაწუნებდა, თითქოს,-ყველა ხომ არ კვდება, ვინც ომში მიდისო. მაინც ვერ მშვიდდებოდა. შიშისაგან ცახცახებდა, ზაფხულის ცხელ ღამეში. მხოლოდ შუბლი უხურდა, რომლის იქით ავი წარმოსახვის ღუმელი გიზგიზებდა.
მაშინაც ასე იყო, თექვსმეტი წლის წინათ, როცა გიომ გამოუცხადა, მოხალისედ უნდა ჩავეწეროო... არა მაშინ სხვა შიში არ აძინებდა,-ჩემმა ექიმმა არ უთხრას, რომ უკეთ ვარ და შემიძლია საკუთარ თავს და ახლად ჩასახულ სიცოცხლეს, დამოუკიდებლად მივხედოო... ამ ღამისგან განსხვავებით, მაშინ სირცხვილის უცნაური გრძნობაც ამოტივტივდებოდა-ხოლმე. სირცხვილისა, რომელსაც მაშინდელი ანა, ორი-სამი წლის წინანდელი ანას წინაშე განიცდიდა. წინანდელი ანა მთებს შეეჭიდებოდა, არაფრად ჩათვლიდა, მის ანაბარად დარჩენილი დედის ცრემლსა და დარდს. მაშინ მასავით მგზნებარე პატრიოტი ქვეყნად არავნ იყო (ამაში ცხადად იყო დარწმუნებული). მერეც უყვარდა თავისი ქვეყანა, ესმოდა, რომ ეს ომი სასიცოცხლო მნიშვნელობისა იყო მისი სამშობლოსთვის... მაგრამ... იქნებ უჩემოდ მოხდეს მოსახდენიო, იქნებ როგორმე გვერდი ამიაროსო, დაე სხვამ გააკეთოს გასაკეთებელიო. რატომ? იმიტომ, რომ მასავით ძლიერ არავის უყვარდა მეუღლე. იმიტომ რომ სულ ახალშექმნილი ოჯახი ჰქონდა. იმიტომ, რომ სხვა არავინ დარჩენოდა, ქმრის გარდა. იმიტომ, რომ ჯერ დედის დაკარგვით გამოწვეული სიმწარე არ გამონელებოდა.
მაშინაც ასე ნატყვეტ-ნაწყვეტი აზრთა ძაფები იბლანდებოდნენ და ერთმანეთს ერწყმოდნენ, ჭერსა და საწოლს შორის მომწყვდეულ სივრცეში...  ერთი შვილი რომ გმირულად დაეცემოდა, დროშას ჩამოართმევდა და მეორეს მიაწვდიდაო... თეიმურაზმა ორი შვილი გაუგზავნა შაჰაბასსო...კიდევ ვინო? სააკაძეო... რა ძალა ამოძრავებდათ.?! რა გრძნობა ამოქმედებდათ?!...მას რომ ქმარი არ ემეტება, შვილს როგორღა გაიმეტებდა. თუმცა რა ესაქმება ყველა ამათთან მას. ესენი სხვანაირი ადამიანები იყვნენ, ღმერთის რჩეულები. ანა კი ერთი უბრალო მოკვდავია... ამას თავისი ცხოვრსბა აქვს, თავისი მიზეზები აქვს, რომ არ შემოუშვას ომი თავის პატარა ოჯახში.
მაშინაც ახსენდებოდა, როგორი ამაყი იყო ტელევიზიის შენობასთან მოწამლული, საავადმყოფოში რომ იწვა,-“თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირი”. ეს ყველაფერი ნათლად ახსენდებოდა, მაგრამ ახლა პირადი ბედნიერების სურვილი სჯაბნიდა ყველაფერს.
ომი რომ დამთავდა, ამოისუნთქა, გადარჩა და სხვას აღარაფერს დარდობდა. ერთი კი იყო, დიდხანს ვერ მოიშორა უცნაური შეგრძნება, ქმართან ალერსის დროს რომ ეუფლებოდა,-თითქოს იმ ქალების წილ ალერსს იპარავდა, ვინაც ქმრები აფხაზეთში დაკარგეს.
ახლა ვეღარაფერი გააწყო. გიომ მტკიცედ გამოუცხადა;
-შენი ისტერიკები არ გამაგონო, უნდა წავიდე. ახლაც ხომ არ მეტყვი, მარტო მტოვებო. აგერ, რა ვაჟკაცებთან გტოვებ. – გიომ შვილებს გადახვია ხელები.-ახლა რომ არ წავიდე, მერე ამათი დასაბრუნებელი გახდება სამაჩაბლო.
ამ რკინის ლოგიკას ანამ ვერაფერი დაუპირისპირა. მისთვის გიო უდიდესი ავტორიტეტი იყო, უდიდესი პოლიტიკოსი და პოლიტოლოგი. მისი პროგნოზის უტყუარობაში ეჭვიც არ შეპარვია. უღონოდ დაეშვა სკამზე და ესღა ამოილუღლუღა:
-აბა ისეც შეიძლებაო, უომრადო?!
რა კარგი იქნებოდა, ახლაც გვერდი აევლო მისთვის ამ ომს. როგორ უნდა იცხოვროს გიოს გარეშე... ბავშვობაში დედა ასწავლიდა,-სიყვარულს საქვეყნოდ რომ გამოამზეურებ, ხუნდება, სიმკვეთრე და რომანტიულობა ეკარგებაო. მიტომაც არ დაუკარგავს ძალა ანას სიყვარულს, სხვებივით საქვეყნოდ რომ არ მსჯელობდა, თუ რა დიდი იყო მისი გრძნობა ქმრის მიმართ. მას უბრალოდ, არ სჭირდებოდა ამაზე სხვებთან საუბარი. რაც გიო იპოვა, მას შემდეგ ის იყო ანას მეგობარი. მას შემდეგ ერთი პატარა აზრიც არ გაჭაჭანებულა ანას თავში, რომელზეც ქმართან არ შესძლებოდა მსჯელობა... ამის გაფიქრებამ სითბოს მსუბუქი,უხილავი ტალღებით აავსო ოთახი. წამით დაავიწყა ანას ღამისთევის მიზეზი... მერედა რისთვის, რა აზრი ჰქონდა ყოველივეს, თუ ასე ადრე დაკარგავდა ქმარს?! ხომ სჯობდა, ეს თექვსმეტი წელი უსიყვარულოდ ეცხოვრა მასთან... მაგრამ მაშინ მოსაგონარიც ბევრი არაფერი დარჩებოდა. ადრელ ასაკში დაქვრივებული დედისგან იცოდა, როგორი ცოცხალი სიამოვნების და ბედნიერების მოტანა შეეძლოთ ძვირფას მოგონებებს. იცოდა, რომ მოგონებები, შეიძლებოდა ადამიანისთვის ცხოვრების აზრი გამხდარიყო... იქნებ ღმერთმა არ დაუშვას გიოს სიკვდილი. (ოჰ, როგორ არ უყვარს ანას ეს სიტყვა). მართალია, ყოველთვის მძიმე წუთებში ახსენდება მას უფალი. დღეს სირცხვილისგან ხელი უკანკალებდა, როცა სანთელს ანთებდა, მაგრამ იქნებ ყველაფერი აპატიოს უფალმა... მაინც, რა კარგი იქნებოდა, ამჯერადაც გვერდი აევლო მისთვის ამ ომს. დაე სხვებს გაეკეთებინათ გასაკეთებელი... კარგი იქნებოდა... რა კარგი იქნებოდა... რა კარგი იქნებოდა...
ნელნელა დაუმძიმდა ქუთუთოები და თავი ბალიშზე ჩამოუვარდა...
უცებ გაიგონა, რომ ვიღაც ხმამაღლა ეძახდა. კი არ ეძახდა, თავზე დაჰყვიროდა:
-ანა, მომისმინე, ანა!
თვალები გაახილა და საკუთარი თავი დაინახა. თვითონ ანა, მისი ორეული, თუ მოჩვენება, მისივე ტანსაცმელში გამოწყობილი ედგა თავთან, ოდნავ მისკენ დახრილი და მისივე ხმით ჩასძახოდა:
-რამდენი ღამე გითენებია თეთრად, რამდენჯერ გაგყივნია სისხლი ძარღვებში, კოშმარული სცენების წარმოდგენით, როცა შენს ქმარს, ღამის ცვლიდად მოსვლა დაგვიანებია?! გაიხსენე, რამდენნაირად წარმოიდგენდი უბედურ შემთხვევებს. მერედა ხომ შეიძლებოდა რომელიმე ეს კოშმარი ახდენილიყო. შენ მაინც იცი, რომ სიკვდილი არაფრად აგდებს არავის განცდებს. ხომ იცი, მას შეუძლია საკუთარ სავარძელში განცხრომით მჯომარესაც, უცერემონიოდ წვდეს ყელში! ახლა მითხარი, ომში სიკვდილი სჯობს თუ რომელიმე შემთხვევა, შენი ავადმყოფური წარმოსახვიდან?!
-ჰო!-თვითონაც ვერ გაიაზრა, რაზე დაეთანხმა ჩვენებას.
ანა სიზმარად კი არა, ცხადად ხედავდა საკუთარ ორეულს. ხმაც რეალური იყო და არა სიზმრისეული. თავი გააქნია, საწოლზე წამოჯდა, ხომ არ ვგიჟდებიო,- გაიფიქრა, მაგრამ იქ აღარავინ იდგა. ოთახში გაიარ-გამოიარა, ბავშვებთანაც შეიარა. უკვე აღარ ეშინოდა. აღარც კოშმარული წარმოსახვები უტრიალებდა თავში. მერე ფანჯარასთან მივიდა, ფარდა გადასწია და ღამის სიგრილე ხარბად შეისუნთქა. ქალაქს მშვიდად ეძინა.  მასაც უცნაური სიმშვიდე დაეუფლა. თითქოს მისი, აქამდე მერყევი სულიერი სამყარო, შიგნიდან განათდა და დალაგდა. ტანსაცმელი გაიხადა, საწოლში ჩაწვა და გადასაფარებლის ქვეშ არხეინად გაიზმორა. რაღაც გაუცნობიერებელმა კმაყოფილების გრძნობამ მოიცვა და ისე მისცა ძილს თავი, არ უცდია ჩასძიებოდა, გამოერკვია ეს შეუცნობელი განცდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები