ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2025


მკვდრის საგალობელი

მკვდრის საგალობელი

მდინარეები მოდიან და
მიაქვთ ავი სიზმრის ტიტრები.
ავად ვარ.
ახლა  მომიარე.
თეთრი თოვლივით გიკვდები.

ოდნავ დამთბარი მარტის ბოლოს,
ნაზი აპრილის აისთან,
ყველა სიხარული დაიტოვე,
რაც მე გაჩუქე და
შეივსე
გულთან ყოველი დანაკლისი,
სულზე შერჩენილი იარა..
არცერთი ლოცვა აღარ ვიცი,
არც გზები,
სადაც ვიარე..

რთული გაკვეთილი,
ცხოვრებისგან,
ისე ბეჯითად ვისწავლე,
ვიყავი,.
ყოფნაც მომერიდა.
დაღლილ მზერას ვხრიდი მიწამდე.

თავი შევაფარე ბნელ ღამეებს.
ვეღარ მხიბლავდა მზის სხივი.
თეთრი ყვავილების მებაღე ვარ,
ტკივილს გულიანად ვიცინი..

ვისი სიკვდილიც მაშინებდა
მომიკვდა,
სწორედ ის კაცი.
ახლა, სულ არ მინდა დამშვიდება,
შენ ის თქვი, როგორ გიყვარდი..

როცა თოვლივით არ ვიქნები.
როცა თოვლივით დავდნები.
აღარ მომიტანო ყვავილები.
ნუ მეტყვი, როგორ ბარდნიდა
უჩემობის სევდა ალუბლებზე,
უჩემობის თოვლი აპრილში.
თურმე,
ვერასოდეს დაგიბერდი.
თურმე,
ვერასოდეს დავმშვიდდი.

ნეტავ, დამანახა რა ფერი აქვს
შენს თვალებს, როცა მალავ დარდს.
ყველგან თოვლისფერი ვარდებია.
/ნახე! რა ლამაზად დაღამდა!/

ღამე გამახსენებს ბოლო ლოცვას,
გედი რომ გალობს, უცხო ხმით.
მერე უჩემობას მოგილოცავ.
მოისმენ,
ღმერთს როგორ ვუხმობდი.

სულ ერთი იქნება წანაკითხი,
წაუკითხავი- "ზიდჰარტა"..
მკვდარსაც ვერასდროს დამავიწყდი.
მკვდარსაც უსაშველოდ მიყვარხარ!

1 მარტი 2025
Ⴋ.Ⴆ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები