ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამმმ
ჟანრი: პროზა
9 ივლისი, 2025


სუბსტიტუცია - ბოროტების გადაადგილება

კიდევ კარგი, რომ ელემენტები დაუჯდა ამ წყეულ საათს და ხვალინდელ დღემდე მდუმარე, ხმაჩაგდებული, დამნაშავესავით მობუზული და თავდახრილი, მოკრუნჩხული და უძრავი და სუნთქვაშეკრული იქნება. ამ სახლში გადმოსვლამდე, არასდროს მინახავს საათი, რომელიც გულისშემაღონებელი ხმაურით ატრიალებს თავის კბილანებს, რომ უკეთ გაგაგონოს მორბენალი დროის სწრაფსვლის ხმები. გეგონება, გაფუჭებული რადიო შხრიალებს, ისე დაფხაკუნობს წამებისა და წუთების ისრები მთელ სიმრგვალეზე და საათების ისარზე ლაპარაკი კი ხომ ზედმეტია, სასაცილოც კი, რადგან ჯერ ერთი, სიგრძეში ჩამოუვარდება დანარჩენებს; გაბერილი, მოჯაყჯაყე და მძიმეა, ძლივს გადადის ერთი წერტილიდან მეორემდე, თან ამ დროს მსუყე ბგერებით კვნესის და ოხრავს, აქაოდა მოხუცებულს წელი ასტკივდაო. დიდი საძულველი რამეა საათების ისარი. მთელი მექანიზმი მაგის გადასატრიალებლად ირჯება და ეს ისეთი ქონებასხმული და ფართოა, ისე გასიებული, რომ დარწმუნებული ვარ, ელემენტებიც ამან დასვა.

ღმერთო, როგორ მეზარება მაღაზიაში წასვლა. ახლა საერთოდ არ ვარ სხვა ადამიანებთან კონტაქტის ხასიათზე. არადა, ამ ყინულივით ლამაზ და ცივ ამინდში გასეირნება რა შვება იქნებოდა ჩემისთანა უხასიათო კაცისთვის?! რამდენი ხანია ხმაც არავისთვის გამიცია. ნეტავ, ლაპარაკი ხომ არ დამავიწყდა? როგორ გაიჟღერებს ჩემი ნათქვამი "გამარჯობა", თუკი გზად ვინმე ნაცნობი შემომხვდება და იმასთან გამოლაპარაკებას თავს ვერ ავარიდებ? ფუჰ, რა აუტანელი გრძნობაა, როცა ხალხს გაურბიხარ! რატომ არავინ მაცდის ჩემთვის მარტო ყოფნას?

ახალ სახლში ოქტომბრის დასაწყისში გადმოვედი. მაშინ ჯერ კიდევ ზაფხულის მოქნეული კუდი აცხუნებდა და ახალისებდა არემარეს. მახსოვს, ისეთი კარგი ამინდები იდგა, რომ მეზობლის ბავშვები იკრიბებოდნენ ამ სახლის დიდ, ცარიელ, მოუვლელ ეზოში და ხან რას თამაშობდნენ და ხან რას. ბოლოს ძალები მოვიკრიბე, სითავხედეს თავისუფლება ვაჩუქე, გაავებული ძაღლივით მოულოდნელად ავიწყვიტე და მოჟრიამულე ბავშვები ჩემი ეზოდან გავყარე, თან რამდენჯერმე გავუმეორე, ეს სახლი სტადიონი არ არის, ახლა აქ ხალხი ცხოვრობს-მეთქი. ძალიან მინდოდა, მშობლებისთვის მიეტანათ ამბავი, ისინიც გაბრაზებულიყვნენ, პასუხი მოეთხოვათ ჩემთვის და მეც — პირში წიწაკა-გამოვლებულივით მხოლოდ დარიშხანისთანა სიმწარეები ამომეფურთხებინა. ო, როგორ მინდოდა, იმ დღისით ჩემში დაგროვებული აგრესია სულ ერთთავად გამომეცალა! სხვებისთვის გული დამემდუღრა, სითავხედის ყველა ზღვარი, ყველა გამკრთალებული და ჩაჟანგებული ნიშნული უკან ჩამომეტოვებინა და ახალი, პირადად ჩემი რეკორდი დამემყარებინა უსაქციელობაში! მაგრამ არ გამიმართლა. ყველა ჩანაფიქრი ასე მარტივად არ სრულდება და არც ღმერთი მიმეტებს საიმისოდ, რომ ადამიანებს ასე შევაძულო თავი.

ჩემთან არავინ მოსულა საყვედურებით, აღარც ის ბავშვები გამოჩენილან ეზოში და სიმართლე რომ ვთქვა, ხანდახან მომენატრებოდა ხოლმე მათი თამაშის ყურება, მოსმენა მათი დიალოგებისა... ვნანობდი კიდეც იმ აფეთქებას, გაბრაზებას და სიმკაცრეს და მეგონა, რომ შანსი აღარასდროს მომეცემოდა მათთან ურთიერთობის გამოსასწორებლად.

მივეჩვიე კიდეც ასეთ დაცულობას სამყაროს კეთილი ძალებისგან: ღმერთი, როგორც ყოველთვის, დგას სადღაც მიღმა და მიცავს. თითქოს ირონიით, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს საკრაზმი კი არა, მისი მკაცრი, უცნაურად სანდო ხელია, ჩემზე გადმოფარებული. თითქოს, ყოველ ჯერზე იმას მეუბნება და მაგრძნობინებს, რომ არაფერი მოხდება, სანამ მე არ ვიქნები მზად. ჩამაგონებს, რომ ჩემი სული ვერ იტევს ღვარძლს. არ სუნთქავს სიძულვილში. არადა წინა დღეებში, ჩაძინებამდე იმაზე ვფიქრობდი, რომ შესაძლოა ყველასგან ფარულად ძალიან ღრმა შინაგანი რწმენა მაქვს, რომ შეუძლებელია სხვებს არ ვუყვარდე და სიყვარული დავიმსახურე ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. და ყველაფერი - გაბრაზება, ბოღმა, უკმაყოფილება, ზიზღი - მხოლოდ ამ უღიარებელ რწმენას ეხმიანება. ამ სიბნელეში ჩაბეტონებულ მომაკვდავ იმედს, რომელსაც ჩემი ხმა ვერ ამბობს, მაგრამ ქვეცნობიერის ბზარებიდან მაინც ბჟუტავს.

წეღან რომ ვამბობდი, არ გამიმართლა და ღმერთმა არ გამიმეტა-მეთქი, რომ სხვებს შევძულებოდი, ამაშიც მესმის ჩემი თავის. თითქოს იმედგაცრუებას ვგრძნობ, რომ ვერ გავხდი ისეთი მძიმე, ისეთი ბნელი, როგორიც ვგონივარ საკუთარ თავს. და თუ ოდესმე ვინმე მკითხავს, რატომ ვერ ვიქეცი ბოროტად, ვუპასუხებ: იმიტომ, რომ ღმერთს არ მოუცია არასდროს საშუალება, რომ საკუთარი თავი საბოლოოდ დამეკარგა.

ამ ამბების მერე ძალიან მალევე მივიღე მიპატიჟებები. ჯერ ერთმა მეზობელმა მითხრა მესტუმრეო, მერე - მეორემ, მესამემ... და წარმოდგენა არ მქონდა მაშინ ნათქვამი უარი, ერთჯერადი უარყოფითი რეპლიკა, მზაობის არ ქონა მათთან ერთად ყავის წრუპვასა და ტკბილეულის მირთმევაზე, ანუ ეს ოხერი და ონავარი, ორმარცვლიანი "არა", უნივერსალურუარად თუ აღიქმებოდა მათი მხრიდან. მას მერე აღარავის დავუპატიჟებივარ. მაკვირვებდა მათი კომუნიკაბელურობის ასე უცაბედი მინელება, ასე სწრაფი ჩაკვდომა სურვილისა, რომ უკეთ გავეცანი და დავახლოვებულიყავით. გაკვირვებასთან ერთად კი სიხარულსა და გამარჯვებასაც ვგრძნობდი. ჩემთვის ფარულად, გულში ვზეიმობდი მათგან იზოლაციას და შემოდგომის იმ თბილ დღეებში, აქ გადმოსვლის საწყის პერიოდში, მართლა ვხარობდი მარტოსული კაცის ცხოვრებით, ამის თანმდევი სიწყნარითა და სიმშვიდით, აუფორიაქებლობით, ახალი სახლის მიმართ გაჩენილი ცნობისმოყვარეობითა და ინტერესით, ახალი შთაბეჭდილებებითა და შეგრძნებებით, რასაც ეს სახლი იძლეოდა ყოველგვარი ანგარების გარეშე, უმოლოდინოდ, უემოციოდ, თითქოს კარმულ ვალებს იხდიდა და სულ არ ადარდებდა, ვისთან ერთად უწევდა ამის კეთება.

ყველაფერი მაკმაყოფილებდა, სანამ გემის საჭესავით მრგვალი და ხელის მოსაჭიდებიანი საათი არ ამოვიჩემე და არ გადავწყვიტე, რომ მეზიზღებოდა. ასოციაციები, რომლებიც გემთან დაკავშირებით მიჩნდება, ყოველთვის მიკარგავდა ხოლმე მოსვენებას. ვფიქრობ აღელვებულ ზღვაზე, მის თავს ზემოთ ჩამოქცეულ ცაზე, შტორმზე და ქარიშხალზე, უსასრულო რწევასა და ტორტმანზე, წყლის მლაშე გემოზე, ზღვის დაუსაზღვრელობაზე, უხმელეთობაზე... აუარება ასეთ უსიამოვნო რამეზე ვფიქრობ და კიდევ უფრო მეტად მძულდება ეს საათი. ნეტავ, დროც დასაცინი ქიმერა იყოს სიცოცხლესავით. აღარასდროს გამოვუცვლიდი ამ საათს ელემენტებს და დავტოვებდი პირამოკერილს, შემზარავად ჩუმსა და გაქვავებულს, უმოწყალოდ დამუნჯებულს, უხმოდ და სხეულის აუცახცახებლად სულამოხრიარებულს. მაგრამ დროის ნებაზე მიშვება, უყურადღებოდ მიტოვება და არ-დათვლა, ყოველმხრივ გამორიცხულია. საათის სამარადჟამოდ გაჩერება უგუნურებაა. ამიტომ მხოლოდ ხვალამდე ჩავაგდებინებ ენას ამ მართლა დამპალ, მართლა წყეულ და უშნო არსებას.

არა, ხვალამდე რატომ უნდა მოვიცადო? გასეირნება მინდა და გავისეირნებ კიდეც.
გამოსვლისას კარი მომიჯახუნდა. რა უდიერად ვეპყრობი ამ სახლს. შეხედეთ, ეზოც ისევ მოუვლელი და მოუწესრიგებელია. ჩიტები კენკავენ ხის ტოტებზე შემორჩენილ და ტოტებზევე დაჩირებულ კარალიოკებს. რა ტლანქი შესახედაობა აქვს ამ კარალიოკის ხეს. შიშველი, უფოთლებო, ურცხვი კარალიოკი, თანაც ასე ურცხვად რომ ჩამოლპა და ჩამოდღლოვდა. რატომ ვერსად ვამჩნევ ჩემი აქ ცხოვრების კვალს? ასე მგონია, სიკვდილი ცხოვრობს ამ სახლში. გარშემო ყველგან უადამიანობა იგრძნობა. მხოლოდ ჩიტები არიან, ფურცელზე დაღვრილი აკვარელის შავი საღებავივით ადღაბნილები ამ ეზოში და კიდევ კარგი, რომ მათი დათვლა არ ავინიჟე, თორემ დაღამებამდე ბოლოში ვერ გავალ, იმდენი არიან. და ვინ იცის კიდევ რამდენი მოვა და რამდენი გაფრინდება. ფაქტია, აქ მოსვლა მოსწონთ. ალბათ, მე ვუყვარვარ ამ ვიგინდარა ჩიტებს. ჩემს გადმოსვლამდე ჩიტები აქ არ იყვნენ ხოლმე. ნამდვილად არ იყვნენ. ჩემი თვალით არ მინახავს და არც არავის უთქვამს ამის შესახებ რამე, მაგრამ მაინც სიამოვნებით გავჯიუტდები და სიამოვნებით გავაგრძელებ იმის მტკიცებას, რომ ეს ჩიტები ამ სახლს მე მოვაჩვიე.
არა, კი არ მგონია, სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ აქ მართლა სიკვდილი ცხოვრობს: სულისამომცლელი დიდი თეთრი სიცარიელე მიდგას წინ. ხანდახან მგონია, რომ პირისპირ მხოლოდ ვარიანტთა სივრცეა და ყველა კარი ღიაა - და ეს სულაც არ მახარებს. პირიქით, საძირკველის გარეშე ვარ, ყოველგვარი შინაარსისგან გამოფიტული. არ ვიცი, რომელ ფიქრს დავეყრდნო და საიდან დავიწყო, რომელი ავარჩიო პირველ აგურად, რომ ჩემს ყოფას აზრი მივცე... მაგრამ უკვე ვიცნობ ამ თამაშს. თავდაპირველი ენთუზიაზმის შემდეგ ისევ სიცარიელე რჩება.

სიჩუმესაც ვერ ვუწოდებ იმ მდგომარეობას, რასაც აქ ვგრძნობ. ერთხელ, თინეიჯერი რომ ვიყავი, საკუთარი თავი გავაქვავე ოთახში. მხოლოდ იმიტომ, რომ მდუმარება მომესმინა. მაშინ ვიფიქრე, რომ სიჩუმე შიგნიდან ამოიზრდებოდა, მთელ სხეულზე მომედებოდა და მერე მე თვითონაც გავჩუმდებოდი, უტყვი გავხდებოდი, როგორც ქანდაკება. იმ დღის მერე მსგავსი აღარ განმიცდია. არა, მახსენდება - სულ რამდენჯერმეღა. განა მარტო არ დავრჩენილვარ? განა არ ვყოფილვარ მდუმარედ? ამას როგორ მოვიტყუები... მილიონჯერ დავრჩენილვარ სიჩუმეში, შევუშინებივარ საკუთარ თავს და ამის გამო მუსიკა ჩამირთავს, რომ ცალკე შიშები განმედევნა და ცალკე - სულის ნოტიო ჭაობი.

მთელი ეს მარტოობა რაღაცნაირად ხმაურიანი და ცარიელია ერთდროულად. თითქოს სიჩუმეს ვუსმენ, მაგრამ მაინც რაღაც წიკწიკებს. იქნებ საათის ისარივით, უნებართვოდ რომ ხმაურობს და არავის არაფერს ეკითხება? თანაც საათის წიკწიკის ხმა ყველაზე ცხადი და მკაფიო, ყველასთვის ნაცნობი, ობიექტურად დამაჯერებელი ბარიერია სიჩუმესთან ბოლომდე შერწყმისგან თავდასაცავად.

ახლა უკვე ვიცი, რომ ამ წიკწიკს ვერ გავექცევი. თავი უნდა გავაჯანჯღარო, მაგრამ არაა ასე მარტივი. თავში თითქოს ყველა გასასვლელი დალუქულია, ხვრელებიც კი, წვრილზე უწვრილესი მილებიც. თავს გამოვილაყებ, მაგრამ იქიდან არაფერი გადმოცვივდება. და ამის ფონზე უკვე ვეღარ ვხვდები რეალურ მოტივებს, ჩემი გემის საჭესავით საათი რატომ შევიჯავრე.

- გურამ, როგორც იქნა გამოჩნდი. შენთვის გადანახულ პურს ვერსად ვმალავ. ჩვენც მეტი აღარ გვაქვს და ყველა სათითაოდ მეკითხება, რა მოხდება ერთი ცალი მე რომ მომყიდოთო.
- ჩემს პურებს თავი გაანებონ. რა თავხედები არაინ. ვერ უთხარი, რომ მოეკეტათ და სხვაგან წასულიყვნენ?

ვიცოდი, რომ ამის მთქმელი არ იყო. ყოველდღე მოვდიოდი ამ მაღაზიაში, დილით ძალიან ადრევე და თხუთმეტი პური მიმქონდა ხოლმე სახლში, მაგრამ...
- დღეს რატომ დააგვიანე?
- იმიტომ დავაგვიანე, რომ დღეს შენი ნახვის ნერვები არ მქონდა. გუშინდელი პურებიც ისევ მომეპოვებოდა და ვიფიქრე, სახლიდან ფეხს არ გამოვადგამ-მეთქი. მაგრამ ბედი არა მაქვს, საათი გამიჩერდა, ელემენტები დაუჯდა.
- ანუ დღეს პური არ გინდა და გავყიდო?

შევეცადე თვალებიდან ნაპერწკლები გადმომეყარა. როგორ თუ ჩემი პურის ხვებისთვის უნდა გაეტანებინა?
- ჩემი პური ჩემია, არაფერსაც არ გაყიდი. რა თქმა უნდა, მიმაქვს.
- რა უცნაური ვინმე ხარ, რა.
- აი, ხომ გითხარი, დღეს შენი ნერვები არ მქონდა-მეთქი. არ ვცდებოდი. ნუ მაღიზიანებ.

მინდოდა დროზე გამომეღწია იმ მაღაზიიდან და სახლში დავბრუნებულიყავი. გზაში პარკი დამეხა. პური ძირს დავყარე. წამოვკრიფე, მკერდზე მივიხუტე რამდენიც დამეტია და დანარჩენები გზაზე დაყრილი დავტოვე. სახლში შესვლისას კარი ისევ მომიჯახუნდა. ეს უკვე ზედმეტი იყო. თავი ხელში უნდა ამეყვანა და დავმშვიდებულიყავი, თორემ ყველაფერი ხელში შემომენგრეოდა.

საათს ელემენტები გამოვუცვალე. ისევ მომაკვდინებლად ახმაურდა. კედელზე დაკიდებას ვცდილობდი, ფეხის წვერებზე ვიდექი, ჩამოსაკიდს მაინც ვერ ვწვდებოდი და ვიფიქრე, ავხტები და ხელს გავუშვებ, თავისით ჩამოეკიდება-მეთქი ლურსმანზე.

ავზიდე ჩემი სხეული ჰაერში, საათსაც ხელი ვუშვი და ცოტახანში მსხვრევის ხმა გავიგონე და დავინახე, იატაკზე როგორ მიმოიფანტა რამდენიმე ნაწილად დაშლილი საათი.

მერე გუშინდელი და დღეს მოტანილი პურები გავიტანე ეზოში და სულ ერთიანად ჩიტებს დავუყარე. მაშინვე გამოვიქეცი. კარი ისევ მომიჯახუნდა. უკან სანადირო თოფით ხელში დავბრუნდი და ისევ დამავიწყდა, რომ კარი ნაზად მიმეხურა. დავუმიზნე ჩიტებს თოფი, სასხლეტს სისხლმოწყურეულმა გამოვკარი თითი და აღმოვაჩინე, რომ თოფი დასატენი იყო. ბრაზი მომერია. გავიქეცი და პურზე დასეულ მშიერ ჩიტებს კონდახით ნადირობა გავუმართე.
- გურამ, შეიშალე? - მეზობელმა გამომძახა თავისი ეზოდან.
- გაჩვენებ, ვინ შეიშალა, შე მეტიჩარა, უზრდელო კაცო! - თოფი დავუმიზნე და ისიც შეშფოთებული გაიქცა.

ალბათ, მალე გავიგებ პოლიციის სირენების ხმას. ვიცი, ვხვდები, რომ წამიყვანენ და ოთხ კედელში გამომაწყვდევენ. ამაზე საერთოდ არ ვწუხვარ. იქნებ იქ მართლა ვპოვო სიმშვიდე, რომელიც ამ სახლმა, უანგარო მცდელობების მიუხედავად, ვერა და ვერ მისაჩუქრა?

და მაინც, სიმშვიდე რას ნიშნავს? ოდესღაც მეც მეგონა, რომ ნაკლები კონტაქტით მოვიპოვებდი მას - დუმილით, ნაღვლიან დღეთა რუტინით, გაუფერადებელი კედლების ყურებით, საკუთარ თავთან უსასრულო დიალოგებით. მაშინ ვფიქრობდი, რომ ხალხის ხმაური, მათი თბილი მზერა და ყოველგვარი ზრუნვა მხოლოდ მღლიდა და მაბრაზებდა. მჯეროდა, რომ მარტო ყოფნა ამ ყველაფრის გადაფარვა იქნებოდა: თითქოს ტალახში სირბილის შემდეგ მარტოობა სუფთა წყლით განბანვა აღმოჩნდებოდა.

მაგრამ როგორი მწარე შეცდომა ყოფილა. სიმშვიდე არ არის დუმილი. სიმშვიდე ის გრძნობაა, როცა გიყვარს და გიყვარს ისიც, ვინც შენზე ფიქრობს; ის არის, როცა შენი ფერი სხვასაც ანათებს და ხმაური კი არა, ხალისი ჩნდება - ნამდვილი, რომელსაც მარტოობაში ვერ ამოთქვამ.

ვხვდები, რომ მარტოობა რუხი ფერია, რომელიც იოლად მეჩვევა, მაგრამ მალევე მღლის. ვაღიარებ, აღარ მყოფნის ეს რუხი სივრცე. სინამდვილეში, როცა ყველაფერი ნაცრისფერი ხდება, სიცოცხლეც თითქოს მძიმდება. და მე მიჭირს ამის თქმა, მაგრამ - ჰო, მარტოსულობა მაწუხებს.

ხანდახან მართლა გენატრება, რომ რაღაც ან ვიღაც გიხაროდეს. და მაშინ ხვდები, რომ უადამიანობა სულსაც კი აფერმკრთალებს.

სიმშვიდე, რომელიც ასე მიზიდავდა და რომელსაც ასე მიველტვოდი, თურმე ურთიერთობითვე ბრუნდება. თბილი ტალღებით, ხალისით და ერთმანეთის გაფერადებით, რაც მარტოობაში ვერ იბადება.

რაში მჭირდებოდა ეს მარტოობა, თუკი წამიერი აფექტით, ერთი ხელის მოსმით დავანგრევდი მასზე დაშენებულ კედლებს? ჩემი წყევლაც იყო და ხსნაც. თითქოს თითოეული აგური იმის დასამტკიცებლად დავადგი ერთმანეთს, რომ სინამდვილეში იმაზე უკეთესი ვარ, ვიდრე წარმოდგენა შეიძლება; რომ ვერასდროს შევისისხლხორცებ ბოროტებას. ანდა, იქნებ მარტოობა იყო, როგორც არქეოლოგობა. ვიქექებოდი საკუთარ თავში, ქვემოთ და ქვემოთ, სიღრმეებში ვთხრიდი, ფენა-ფენა ვაშიშვლებდი და ყოველ ჯერზე, როცა მეგონა, რომ ბოროტ ნამარხს მივაგენი, ხელს რომ ვადებდი, ის თბილი იყო, რბილიც და სუნთქავდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები