ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
5 აგვისტო, 2025


სანამ დროა

ვერ ერევა დღეები შემოჩვეულ რუტინას.
არაფერი იცვლება, კარგს ცოტას თუ გაიგებ.
ტელევიზორს ჩართავ და... ბაიდენი, პუტინი,
დასავლეთი, რუსეთი, - უკვე ტვინი წაიღეს!

ყველა ჭკუას გვასწავლის და რაღაცას გვარიგებს,
ეს არა ქნათ! ის ქენით! ახლა წესი ასეა!
გვისაღებენ გმირებად პერვერტებს და "ბარიგებს",
ნაღდი ვაჟკაცებით კი, სასაფლაო სავსეა.

ქვეყნის ტერიტორია ნაჭერ-ნაჭერ დავკარგეთ,
ოკუპირებულია ქვეყნის ოცი პროცენტი.
თუ შემთხვევით შემოგვრჩა, სისხლის ფასად, რამ კარგი,
ან თურქეთში გავყიდეთ, ან მშრალ ხიდზე - ორ ცენტად!

რუსი ენას გვართმევდა, მეფის ტახტი წაგვართვა,
ავტოკეფალიაზე ღვთის "ჩარევა" დაგვჭირდა.
თუმცა გლობალისტობამ იმისთანა დაგვმართა,
ენა, მეფე და მღვდელი ჩვენ თვითონვე არ გვინდა.

გახვალ გარეთ, ქუჩაში, ვეღარ იცნობ ვერავის,
გუშინ სანდრო გაფრინდა, დღეს წავიდა კოტიკა.
ასოს ხატავს მხატვარი, საშოზე წერს მწერალი,
ესაა დღეს ბაროკოც, რენესანსიც, გოთიკაც.

აქ ყოველი მეორე - პირველს ჩასაფრებია,
მასპინძელმა ზღურბლს იქით არ შეუშვა სტუმარი,
მეზობლები ერთმანეთს აღარ ესალმებიან,
თითქოს ყველამ დაკარგა პატიების უნარი.

დირექტორთან უჩივის მასწავლებელს - მოსწავლე,
ათეისტი დგას და მღვდელს სახარებას ასწავლის,
ფიზიკოსი იბარებს შემოდგომის მოსავლებს,
თერძი ადგენს ბალანსებს შემოსავალ-გასავლის.

ამ ყველაფრის შემყურეს, მტერს ულვაში უცინის,
მუქთა ფულად ყიდულობს, რაც ვერ ერგო მახვილით.
ერთნი ვდგავართ შემყურე ტრამპისა და პუტინის,
მეორენი გავრთულვართ მიშა-მიშა-ს ძახილით.

"ლებედ, რაკ და შჩუკობას" თუ არ გადავეჩვიეთ,
კიდევ დიდ ხანს მოგვიწევს ბატონები ვიცვალოთ!
დაჯერება თქვენზეა, მე კი ჩემი გირჩიეთ -
სანამ დროა ერთურთის სიყვარული ვისწავლოთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები