ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე_თამუნა
ჟანრი: პროზა
28 აპრილი, 2009


ისევ, დე...

  შენი დაბადებისდღე მალე მოვა, უკვე აპრილი მოვიდა.
  შენი გაზაფხულის სუნთქვა, შენი სიცოცხლე...
  დიდი ხანია არ მინახიხარ და უზომოდ მენატრები, ძალიან მჭირდები...
  გულთან რაღაც მწიწკნის, რაღაც ძალიან ისეთი, მწარე და თან რაღაცნაირად სათუთი. უშენო დღეების უსასრულო სუნთქვის ძველი, ვადაგასული სიმლაშე. სიტყვით ნათქვამი თითოეული ჩვენი მონატრება გულზე შემომეკინძა და ამაფორიაქა...
  და ეს გაზაფხული.... ოჰ, როგორ წიკწიკებს დრო ჩემს ყურთან...
  სველი იების მორთმევა მინდოდა, ან გაწუწული იასამნის, ჩემი ია და იასამანი ხარ, სულის ნაწილი...
  ლექსებს რომ ვწერდე, ჩემი მუზა იქნებოდი, მაგრამ გარითმვა არ შემიძლია, და თან მხოლოდ ესეც ხომ არ ნიშნავს პოეტობას...   
    და კიდევ, როცა მარტო ვრჩები, ვგრძნობ, რომ ვიღაცას მაინც ვუყვარვარ და ფიქრობს ჩემზე, ეს კი უდაბნოში წყალზე უფრო სანეტარო სასმელია, მინდა იცოდე... და ასე, არასოდეს დავიღლები შენზე ფიქრით, ამიტომაც დაგდევ სულ ყველგან არა გონებით _ ის საქმეს ეკუთვნის, არამედ გულით _  ის დიდი ხანია სიყვარულმა მიითვისა, არა სულით _ ხომ იცი რატომაც, არამედ მონატრებით, რომელიც არასოდეს ისვენებს, რომელიც ყველაზე გულწრფელი გრძნობაა ჩემში და რომელიც მაკეთილშობილებს...
  მე შენი შვილი ვარ და უთქმელადაც მააპტიებ ყველაფერს ვიცი, მაგრამ მაინც მინდა გითხრა _ მაპატიე...
  მალე შენი დაბადებისდღე მოვა.. მე უკვე დიდი ვარ, ამიტომ, ალბათ გაწუწულ ყვავილებს ვერ გაჩუქებ, და  ალბათ, შენთანაც არ ვიქნები ამ დღეს...
  დე, არ იფიქრო, რომ შენთვის იების მოკრეფა დამავიწყდა, მე ხომ მახსოვხარ ყოველთვის და ყველგან...
  ამდენ გაზაფხულგამოვლილი, ყვავილებით ნასიყვარულებ_ნალოლიავები ქალი ხარ, დე, და სულის ყვავილები არასოდეს დაიჭკნო, გეხვეწები...
  დაბადებისდღეს გილოცავ...
  დე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები