 | ავტორი: როლანო ჟანრი: საბავშვო 26 აგვისტო, 2009 |
პატარა ზღვის ზაპრული ამბები
მოგზაურობა ზღვისქვეშეთში
თავი მეორე
"მას შემდეგ რაც ზღვისწულმა გიშრია წაიყვანა, მისი ასავალ-დასავალი ვერავინ გაიგო. ძალიან დავინტერესდი. ვინაიდან, რამდენი ზღაპრები დამიწერია, რამდენი წამიკითხავს, რამდენი ზღაპარი სკივრში მიპოვნია და თქვენთვის მომიყოლია, არსად არ შემხვედრია ამბავი წყალქვეშა, უფრო სწორედ ზღვისქვეშა ზღაპრული ცხოვრების შესახებ. გადავწყვიტე, ჩავსულიყავი ზღვისწულთან სტუმრად და მენახა, რა არის ისეთი ზღვის სიღრმეში, რასაც ადამიანის თვალი და გონება ვერ მისწვდება".- ასე იწყებს თხრობას, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი, ზღაპრული ქვეყნების ანგელოზი, ლილია. მეც ვეცდები სიტყვასიტყვით გადმოქცეთ მისი ნაამბობი. ლილია წყალში შევიდა, ტალღამ თითქოს თვითონ აიტაცა და ზღვის სიღრმისაკენ გააქანა. შეშინდა, მაგრამ ცოტა ხანში ისეთი სასიამოვნო გრძნობა დაეუფლა. რომ გაღიმებულმა თვალები გაახილა. განთიადისას რომ იცის, ისეთი შუქი მოჰფენოდა ზღვისქვეშეთს. ლილია, მარჯნის ხეივანს მივუყვებოდა, აქეთ-იქით კი სასაცილო თევზების მაგვარი, არსებები მიჰყვებოდნენ და “აქეთ მობრძანდით და იქით მობრძანდითო” მიმართავდნენ. მარჯნის ხეივნით, დიდ დარბაზს მიადგნენ, სადაც მეფე-დედოფლის სავარძლები იდგა. “რა სილამაზეა”, აღმოხდა უნებურად. ამის გაგონებაზე,მისი თანმხლები პირები სიამაყისაგან ერთიორად გაიზარდნენ სიმაღლეში. ლილიას თვალწინ საოცრება გადაიშალა. იატაკი და კედლები მომწვანო-მოლურჯო ფერისა იყო. შესასვლელიდან ორივე მხარეს, ქალების ოქროსფერი ქანდაკებები ჩამწკრივებულიყო. ყველა ქანდაკება, საგანგებოდ თვალმარგალიტით მოერთოთ. ჭერი ზღვასავით ლივლივებდა. არა, ზღვასავით კი არა, ეს ნამდვილად ზღვა იყო და ჭერის მაგივრობას სწევდა. _ ეს ვისი ქანდაკებებია? _ ჰკითხა ლილიამ თავის მეგზურებს. _ მეფის ცოლების. _ თქვენ გინდათ თქვათ, მეფეების ცოლების? _ არა, ჩვენი მეფის, თქვენ რომ ზღვისწულს ეძახით, მისი ყოფილი ცოლები არიან. _ მერე, რა დაემართათ? _ რა უნდა დამართოდათ? მოხუცდნენ და გარდაიცვალნენ. მეფე უკვდავია, ცოლები კი ჩვეულებრივი მოკვდავი ქალები იყვნენ, გიშრიას გარდა. გიშრია უკვე სამუდამო ცოლია. _ გიშრია რითია განსაკუთრებული? _ იკითხა გაოცებულმა ქალმა. _ ეს თავად მას ჰკითხეთ. საუბარი არ ჰქონდათ დამთავრებული, რომ დარბაზში მეფე-დედოფალი შემობრძანდა. არაჩვეულებრივი შესახედი იყო ორივე. ზღვისწული, როგორც აღწერდნენ, მართლაც ღმერთივით ლამაზი იყო. მოძრაობისას ტანზე ყოველი კუნთი უთამაშებდა. ზღვისფერი თვალები და მოკლედ შეკრეჭილი ქერა თმა ჰქონდა. გიშრია სრულიად განსხვავდებოდა მეფისაგან. მისი ეშხიანი სილამაზე და გიშერივით შავი თმა, ბევრ მამაკაცს დააკარგვინებდა მოსვენებას. _ მეფეო, თმა, თქვენი გრძელი თმა, როგორც ამბობდნენ: “ზღვის მეფე, წელამდე თმას ატარებსო”. _ გაიკვირვა ლილიამ. _ ჰა, ჰა, ჰა, _ გაიცინა ზღვისწულმა. _ ეს გიშრიას ჰკითხეთ. მან შემკრიჭა. შემკრიჭა და ჩემი უკვდავებაც თან გააყოლა. _ ყმაწვილმა დედოფალს ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა. _ არც ვნანობ. _ მომიყევით ყველაფერი, ძალიან გთხოვთ. _ მოუთმენლობისაგან ნერწყვი ძლივს გადაყლაპა სიზმრის ქვეყნის ანგელოზმა. _ იყოს ნება თქვენი, რადგან მთხოვთ, დავსხდეთ და ვისაუბროთ. მონჩო და მანჩი, მსახურებს უბრძანეთ, სადილი მოგვართვან, უთხარით რომ სტუმარი გვყავს დედამიწიდან, პირველი სტუმარი. იმედია, თქვენს შემდეგ, დედამიწელებს აღარ შეეშინდებათ და გვესტუმრებიან ხოლმე. _ მონჩო და მანჩი? რა საყვარელი სახელებია. ძმები არიან? _ არა, ეგენი სასახლეს იცავენ. მათმა გარეგნობამ შეცდომაში არ შეგიყვანოთ. საჭიროების შემთხვევაში სასწაულებს სჩადიან. ამასობაში, სხვადასხვა ფერის თევზებმა, ფუსფუსით ულამაზესი სუფრა გაშალეს. ყველანი დასხდნენ, ცოტა წაიხემსეს და ზღვისწულმა პირობისამებრ მოყოლა დაიწყო. _ მრავალი საუკუნის წინ, როდესაც დავიბადე, ვფიქრობ პატარა ზღვა არც არსებობდა. მე დავიბადე დიდ ზღვაში, რომელიც აქედან ძალიან, ძალიან შორს მდებარეობს. ჩემი მშობლები იმ ზღვის მეფე-დედოფალი გახლდათ.. მამაჩემი მხიარული კაცი იყო. დროს სულ ლხინსა და ქეიფში ატარებდა. ჩვენი ღმერთი, პოსეიდონი კი მკაცრი ხასიათისა ბრძანდებოდა. რომ იტყოდა, ზღვა ააღელვე, გემებმა რომ ვერ გაიარონო, უნდა შეგესრულებინა. მამაჩემს ეს არ მოსწონდა. “რატომ უნდა დაიღუპონ გემები, ან ზღვაში მოცურავე კაცი რატომ უნდა დაიხრჩოსო?” უკვირდა და პოსეიდონის ბრძანებებს არ ემორჩილებოდა. განრისხდა ერთ დღესაც პოსეიდონი. ჩემი თავი მოსტაცა და ამ პატარა ზღვაში გადმომისროლა მეფედ. ჩემი მშობლიური ზღვა კი, “მკვდარ ზღვად” გადააქცია. ალბათ გაგონილი გექნებათ “მკვდარი ზღვა” _ მიმართა ზღვისწულმა სტუმარს. _ როგორ არა, ამბობენ ძალიან მარილიანი წყალიაო. _ ყმაწვილმა ჩაიცინა. _ ჩემი მშობლები ახლა “მკვდარი ზღვის” მეფე-დედოფალი არიან. ზღვა კი მკვდარია, მაგრამ არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებები გაუჩნდა, ეს ხალხმა მალე შეიტყო და მამაჩემის დახმარებით “მკვდარი ზღვა”, სამკურნალო ზღვად გადაიქცა. პატარა ზღვაში რომ მომიჩინა ბინა, პოსეიდონმა გამაფრთხილა: “თუ გინდა ჩვენსავით უკვდავი იყო, თმა არ შეიჭრა. თუ შეიჭრი, შენი უკვდავებაც ამ თმას გაჰყვებაო. მას მერე მრავალი საუკუნე გავიდა, თმა მეზრდებოდა, ცოლებს ვირთავდი, მაგრამ ოჯახი არ მქონდა. დედოფალს გარკვეული დროის შემდეგ, შავებში ჩაცმული ანგელოზი მოაკითხავდა ხოლმე და თან მიჰყავდა. ვრჩებოდი ისევ მარტო. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, ნაპირზე მოცეკვავე გიშრია რომ დავინახე. გადავწყვიტე, ან გიშრია გახდებოდა უკვდავი, ან მე შევიჭრიდი თმას. რადგან, ამ პატარა გოგოსავით, მე ჯერ არავინ მყვარებია და მაგის დაკარგვას ვერ გადავიტანდი. ვერც მოვკვდებოდი და სამუდამო ტანჯვა მელოდა წინ. გიშრიამაც შემამჩნია ნაპირიდან, შემიყვარა და ზღვის დედოფლის გვირგვინიც დაიმშვენა. ჩვენი ქორწილის დღესვე შევთხოვე პოსეიდონს, გიშრიასათვის უკვდავება მიენიჭებინა, რაზეც მკაცრი უარი მივიღე. მაშინ მონჩოს მაკრატელი მოვატანინე და გიშრიას ვთხოვე ჩემთვის თმა შეეჭრა. თავიდან გიშრია უარზე იყო, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება ვერ შეცვალა. ტიროდა და თმას ისე მჭრიდა. ყველაზე უცნაური კი ის იყო, დღეს რომ თმას შევიჭრიდი, მეორე დღეს ისევ წელამდე თმით ვიღვიძებდი. დაიტანჯა გიშრია, დაიღალა. გამოსავალი მონჩომ და მანჩიმ იპოვნეს. მოძებნეს ჩემი ძმადნაფიცი, სახელად ზევახი, ერთ დროს კაცი-ზღვად წოდებული. _ ზევახი თქვენი ძმადნაფიცია? _ გაიკვირვა ლილიამ. _ დიახ, ძმადნაფიცია. ჩვენ ერთად გავიზარდეთ პატარა ზღვაში. ზევახი ბოროტმა ჯადოქარმა მოაჯადოვა და სწორედ ამ ზღვაში დაუდო ბინა. წლების მანძილზე კაცი-ზღვის სახელით იყო ცნობილი და ყველას შიშის ზარს სცემდა. ზევახმა დალაქი გამომიგზავნა. ახლა დალაქი ყოველდღე დადის და თმას მჭრის, თითო მარგალიტის საფასურად. შემდეგ ზევახს ჯადო მოეხსნა, საქარიის მეფის ასული შეირთო ცოლად და ალბათ დღესაც ბედნიერად ცხოვრობს. _ შემდეგ, შემდეგ გააგრძელეთ. _ არა, ახლა უკვე გვიანია, ხვალ გავაგრძელებ. ყველამ დავისვენოთ. თქვენს ოთახამდე, გიშრიას პირადი მსახური, კამბალინა მიგაცილებთ. ძილი ნებისა. _ ზღვისწულმა გიშრიას ხელი მოხვია და დარბაზიდან გაიყვანა.
გაგრძელება იქნება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. დრო არ მქონდა პროზის წასაკითხად,სამაგიეროდ ახლა ერთნაირად ვისიამოვნებ... ლამაზი თხრობა და საინტერესო სიუჟეტი რა თქმა უნდა.... მოგიკითხეთ... დრო არ მქონდა პროზის წასაკითხად,სამაგიეროდ ახლა ერთნაირად ვისიამოვნებ... ლამაზი თხრობა და საინტერესო სიუჟეტი რა თქმა უნდა.... მოგიკითხეთ...
4. გაიხარე, როლანო! მე და შენ ერთდროულად ჩავყვინთეთ ზღვის სიღრმეში... საოცარია! 5 გაიხარე, როლანო! მე და შენ ერთდროულად ჩავყვინთეთ ზღვის სიღრმეში... საოცარია! 5
3. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ დღეს რომ თმას შევიჭრიდი, მეორე დღეს ისევ წელამდე თმით ვიღვიძებდი.
აქ ორი ,,რომ'' არის ერთად, რაც სტილისტურად არასასურველია. ეს იოლად შეიძლება გასწორდეს:
ყველაზე უცნაური კი ის იყო, დღეს რომ თმას შევიჭრიდი და მეორე დღეს ისევ წელამდე თმით ვიღვიძებდი.
ასეთებს მოევლება. საინტერესო სიუჟეტი ჩანს და საინტერესოდ ჰყვები. სწორედ ეს არის მთავარი. წარმატებებს გისურვებ!
ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ დღეს რომ თმას შევიჭრიდი, მეორე დღეს ისევ წელამდე თმით ვიღვიძებდი.
აქ ორი ,,რომ`` არის ერთად, რაც სტილისტურად არასასურველია. ეს იოლად შეიძლება გასწორდეს:
ყველაზე უცნაური კი ის იყო, დღეს რომ თმას შევიჭრიდი და მეორე დღეს ისევ წელამდე თმით ვიღვიძებდი.
ასეთებს მოევლება. საინტერესო სიუჟეტი ჩანს და საინტერესოდ ჰყვები. სწორედ ეს არის მთავარი. წარმატებებს გისურვებ!
2. როცა დასრულდება, აუცილებლად ამოვუბეჭდავ ჩემს პატარა ძმიშვილებს როცა დასრულდება, აუცილებლად ამოვუბეჭდავ ჩემს პატარა ძმიშვილებს
1. საღამოსკებ წავიკითხავ ;;) ახლა კი +2 ;;) საღამოსკებ წავიკითხავ ;;) ახლა კი +2 ;;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|