ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: საბავშვო
6 ოქტომბერი, 2009


პირველკლასელი ნიკას ლექსი


ახლახან  14  წლის  ნიკა  ჯახუა
ტომიკი-აიკიდოს  მე-8-ე  მსოფლიო  ჩემპიონატიდან
(იაპონია,  კიოტო),  სადაც,  როგორც  არასრულწლოვანი,
კონკურსგარეშე  იყო  მიწვეული,  შავი  ქამრითა  და 
პირველი  დანით  დაბრუნდა.


ყველაზე  მეტად  რა  მიყვარს?
-  სამშობლოს  ლურჯი  ცა  მიყვარს!
თოვლიან-ყინულიანი
სამშობლოს  ყველა  მთა  მიყვარს!
ფერად  ლაჟვარდისფერი  და
სახელად  შავი  ზღვა  მიყვარს!

ყველაზე  მეტად  რა  მიყვარს?
-  ცაზე  მზის  ამოსვლა  მიყვარს!
ჭიგოზე  თავმიდებული
მძინარე  ვაზის  სხვლა  მიყვარს!
ხეში  ჩადგომა  წყლისა  და
კვირტების  გამოსხმა  მიყვარს!

ყველაზე  მეტად  რა  მიყვარს?
-  საყანეების  ხვნა  მიყვარს!
მზისა  და  მთვარის  ნათელში
მღელვარე  ყანის  ზღვა  მიყვარს!
ყამირის  ბაღად  ქცევა  და
მწყურვალი  მიწის  რწყვა  მიყვარს!

ყველაზე  მეტად  რა  მიყვარს?
-  ბარაქიანი  მკა  მიყვარს!
მზეჩათაფლული  რთველი  და
ქვევრის  ღიღინის  ხმა  მიყვარს!
ხილით  და  ყურძნით  პირთამდე
სავსე  გიდელთა  ცლა  მიყვარს!

ყველაზე  მეტად  რა  მიყვარს?
-  მამა  მთაში  რომ  წამიყვანს!
ჩუხჩუხა  ნაკადულების
კლდიდან  ჩქერებად  ღვრა  მიყვარს!
ჩემი  ლამაზი  მამულის
მაღლიდან  დანახვა  მიყვარს!

ყველაზე  მეტად  რა  მიყვარს?
-  ზღაპრების  წიგნის  შლა  მიყვარს!
წიქარას  ქედი  ერთგული
და  სალამურის  ხმა  მიყვარს!
,,ვეფხისტყაოსნის’’  სიმაღლე,
მეცხრე  ცაში  რომ  ამიყვანს!

ყველაზე  მეტად  რა  მიყვარს?
-  პაწია  და  და  ძმა  მიყვარს!
დედიკო  რომ  მიმღეროდა,
იმ  ,,იავ-ნანას’’  ხმა  მიყვარს!
და  ,,დედა  ენის’’  ფურცლებზე
ყაყაჩოების  წვა  მიყვარს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები