ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ომარ თურმანაული
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2008


და ვწერ

თბილი ღიმილით ან ცრემლის სითხით
და ტკივილების მწარე კუნწულით
დატვირთული მაქვს ურიცხვი სიტყვა -
ფიქრის ურიცხვი მცირე კუნძული -
არა იმიტომ, დროს, ძირს რომ გვითხრის,
გადავუმალო ფიქრი მცირედი,
მე, თიხით ქმნილმა, სანამ კვლავ თიხის
მღვრიე ბელტებში ჩავიძირები,

ვწერ, რადგან სიტყვის ამოსვლა, თვითონ,
მინდვრად ბალახის ამოსვლასავით,
ბუნებრივია - ჯერ თითო-თითო,
მერე წყვილ-წყვილი, მერე სამ-სამი
და სიტყვა, როგორც ყვავილი სითბოს
სიხარულსა და ტკივილს მორჩილებს;
და თუმცა ვხედავ ყვავილებს ცელით,
სიტყვებს კი ისევ სიტყვით მოჭრილებს,

ისე ვწერ, თითქოს ვიცინი, ვტირი
და ჭირსაც, ლხინსაც ვუძლებ რაღაცით,
რადგანაც ამ დროს ვემორჩილები
ჭირზე და ლხინზე უფრო რაღაც დიდს
და იგი, ჩვენი სულის მპყრობელი,
ჭირსა და ლხინს რომ ქვეყნად არიგებს,
ქედს მახრევინებს: "ესე სოფელი
ასე უქმნია არსთა გამრიგეს".
და ვწერ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს