ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: severusLP
ჟანრი: პროზა
9 ნოემბერი, 2009


სენტი, გოგი, დომე და ნიკო, ანუ უძღები შვილის დაბრუნება

                                            სენტი, გოგი, დომე და ნიკო, ანუ უძღები შვილის დაბრუნება

ახლა არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვარ - სენტი ვარ, გოგი, დომე, ნიკო თუ დომენიკო...
მთავარია, რომ დავბრუნდი...
მე ისევ აქ ვარ და ეს არაჩვეულებრივი რამ სულაც არაა... ეს სხვათა მილიონ სიცოცხლეში მილიონჯერ მომხდარი მომენტია, თუმცა სხვათა ამბებში აქ მორჯულებულები, უფრო სწოად მონანიეები ბრუნდებიან...
ამ წუთამდე მეც ასე მეგონა - მეგონა მეც მონანიე ვიყავი (არადა დროა, ოთხმოცის მერე მაინც სინანულის)...  თუმცა ამ წამს მივხვდი, რომ საკუთარი სულის მიყრუებულ კუნჭულში ჩახედვა უფრო ძნელია, ვიდრე გალაქტიკების იქით გახედვა... (რა უბადრუკი შედარებაა(!)). ჰო, მე მივხვდი, რომ ვცდებოდი საკუთარი თავის შეფასებისას... ჰო, მე არ შევცვლილვარ, მე ისევ ის უსინდისო ვარ - მე, დაბრუნებულმა, სწორედ ამ წუთს ხომ ის გავიფიქრე, ახლა ხომ ვინსენტის ნახატს ვგავარ-მეთქი, აი, იმას, მელოტი მოხუცი სკამზე რომ ზის და სახე რომ არ უჩანს ხელებში თავჩარგულს, აი იმას... ამ ფიქრზე დავიჭირე საკუთარი თავი, ისევ ამაზე, ისევ, ისევ, უკვე მერამდენედ ვიჭერ საკუთარ თავს იმაზე, რომ ცხოვრებაში უმთავრეს მომენტებს გაურბის გონებით, რომ რაღაც სისულელეებზე გადააქვს ფიქრი, რომ აღელვებას თამაშობს მხოლოდ, უნაკლოდ თამაშობს და გონების თვალით მერე თამაშს აფასებს...… რომ ძალიან ცხელ, გულის შემძვრელ მომენტებს ცივად, გონების გარედან უყურებს... რომ გრძნობების, შეგრძნებების, საკრალურის გონებით გაკონტროლებას და ახსნას ცდილობს... და აი, კიდევ დავიჭირე... ახლაც, ამ ფიქრზეც... მაშინ, როცა ოთხმოცს გაცდენილი დავბრუნდი, აქ, მამაჩემის სკამზე ვზივარ და საკუთარი ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნას ვცდილობ...
... წყეულიმც იყავ განათლებავ!
... ღმერთო ჩემო, ნუთუ ორი ვარ?! ო, არა, განვედ ჩემგან სატანა!
... ო, დიახ, მე ორი ვარ! და ეს თავიდანვე ასე იყო... ერთი მე ყოველთვის გარედან მიყურებს (თუ უყურებს) მეორე მეს... თუმცა ყურება რა სათქმელია - დასცინის, ირონიულად უღიმის და გულგრილადაც... თან აუტანელი სიმშვიდით... ყოველთვის ასე იყო - გულგრილად უყურებდა ის იმას, თუ როგორ სჯიდნენ მდიდარი მშობლები მეორე მეს (თუ პირველი უნდა დავარქვა იმას?), იმას, როგორ აუხსნა იმ მემ გოგოს პირველად სიყვარული, იმას, თუ როგორ წავიდა ის სახლიდან და წაიღო ქონების ნახევარი, იმასაც, მთელი ცხოვრება როგორ იხეტიალა იმის მოლოდინში, რომ საკუთარ თავს მონანიების სურვილს აღმოუჩენდა და დაბრუნდებოდა... გულგრილად უყურებდა იმასაც, რომ კითხვაზე ,,ვინ ხარ?” ის ყოველთვის სხვადასხვა პასუხს იძლეოდა:
- ვინ? სენტი! ჰო, მე სენტი ვარ!
- ვინ ვარ? გოგი! გოგი ვარ, გოგი, მე!
ზოგს უთხრა დომე ვარო, ზოგს - ნიკოო, ზოგსაც დომენიკოო... ამ ყველაფერს ის მე აკეთებდა აღელვებით, შიშნარევად, გაბედულებით შენიღბული გაუბედაობით, ის მე განიცდიდა! მეორე მე კი უყურებდა სრული ინდეფერენტულობით, უფრო სწორად, ინდეფერენტულს დამსგავსებული სიმშვიდის რაციოთი...
ოო, წყეულიმც იყავ ფილიოს მაკონტროლებელო რაციო! წყეულიმც იყავ!
სწორედ რაციომ მიკარნახა დაბრუნება! რაციო მმართავს ახლაც, ამ ფიქრისას, ისევ დამცინავი რკინის ლოგიკით უყურებს თავზეწაშინილდამსგავსებულ ჩემს ხელებს და უარესი ირონიით ამძაფრებს ღიმილს - მან ხომ კარგად იცის ჩემი სახის გამომეტყველება...
სხვების სიცოცხლის ამბებზე რომ ვამბობდი, ის გამომრჩა, რომ სხვები, ჩემგან განსხვავებით, აქ შუა ასაკში ბრუნდებიან, როცა მამის სკამი ჯერაც არაა ცარიელი...
ახლა კი ჩემი რაციო მშვიდი მსჯელობით ქმნის ჩემსავე ფსიქოლოგიურ პორტრეტს. უსინდისოა ჩემი რაციო, თორემ განა შეიძლება, მსჯელობით განსაჯო იმის ფსიქიკა, ვინც ოთხმოცის მერე დაბრუნდა, მამის სკამი ცარიელი დახვდა და მიხვდა, რომ რაციომ მოატყუა, მიხვდა, რომ ჯერაც არ არის სინანულისთვის მზად…
ო, ღმერთო! რამხელა მანძილია შეცდომების აღიარებასა და სინანულს შორის! ო, ღმერთო, იქნებ იმ შორეულ გალაქტიკებამდე უფრო ახლოა!...
არარაობავ, რაციო უნდა გერქვას შენ!@რაციო, ყოვლის მაკონტროლებელი რაციო!...
რაციო! ღმერთს ძალად მისამსგავსებლად მოგონილო გონო, ვინც არ უნდა გერქვას შენ - სენტი, გოგი, დომე, ნიკო თუ დომენიკო, სინანულის დამაბრკოლებელი, გრძნობების მაცივარი, არარაობა ხარ შენ! არარაობა!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები