ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: gugua
ჟანრი: პროზა
31 დეკემბერი, 2009


„ყოველმან ჩემმან მპოვნელმან…“

        მე ხელმეორედ მიპოვეს, უფრო სწორად – მკვდრეთით აღმადგინეს! კარგად მახსოვს, ჩემი ცხოვრების პირველი წლები უნივერმაღ „თბილისის“ საკანცელარიო ნივთების ერთ-ერთ განყოფილებაში გავატარე. ჩემმა პირველმა პატრონმა, გამყიდველმა გოგონამ პირველად რომ გადამშალა, გული სიხარულისგან ამიჩქროლდა... მაგრამ ლამაზი თვალებით მხოლოდ გადამათვალიერა და მალევე დამხურა... მერე თაროზე შემომდო და ზემოდან თავისი „Make-up” დამალაგა... მის შემდეგ კოსმეტიკის გახსენებაზე ვბაცდები...
      ერთხელაც ჩვენს დახლს ერთი კაცი მოუახლოვდა. საკანცელარიო ნივთების თვალიერებაში უცებ შემამჩნია და მაშინვე თვალებში საოცარი სხივი ჩაუდგა. შემდეგ გამყიდველს რამდენიმე ფანქარი, საშლელი და სახაზავი გადმოაღებინა, მსხვილი კუპიურა გაუწოდა და ვითომ ხუმრობით უთხრა: ამ ყველაფერს თაროზე შემოდებული ის წიგნიც დაამატეთ და თქვენი ხურდა აღარ მინდაო! მაშინვე ვიგრძენი სასიცოცხლო ძალა რომ მემატებოდა!
        ჩემდა გასაკვირად გამყიდველმა გოგონამ არაფრისდიდებით ხურდა არ დაიტოვა, მე კი დიდი ზარ-ზეიმით გადამცა...
        მე ახალი ცხოვრება დავიწყე. ყველაზე მეტად კი ის მიხარია, რომ აქეთ-იქიდან გვერდში ჩემი ძმები მიდგანან: „მარტის მამალი“ და „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“. სხვებიც გავიცანი უკვე. ყველაზე მეტად მაია ტუროვსკაიას „შვიდნახევარი, ანუ ანდრეი ტარკოვსკის ფილმები“ დამამახსოვრდა. ყურადღება კი იმიტომ მივაქციე, რომ ახალი პატრონის სიტყვები გამახსენდა მეგობარს რომ ეუბნებოდა: ისინი ერთმანეთს იმაში ჰგვანან, რომ ოთარ ჭილაძეს განსაკუთრებული მკითხველი ჰყავს, ანდრეი ტარკოვსკის კი – განსაკუთრებული მაყურებელიო!“
        აშკარად ვგრძნობ, რომ ბოლო ხანებში გაბაცებული ასოები გამიმკვეთრდა და მგონი შინაგანად ვანათებ კიდეც!
        „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან მომკლას მე“
        ყოველმან ჩემმან მპოვნელმან მკვდრეთით აღმადგინოს მე.

2009 წლის 31 დეკემბერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები