 | ავტორი: დედე ჟანრი: პროზა 11 ივნისი, 2008 |
შახი
გვიანი შემოდგომის რიჟრაჟია. ცა ტყვიისფერია, სამყაროს ყველა კუნჭულიდან მოუზიდავს ყინული და პირქუშ მუშტად მოღერებულა, მზის სხივებს არ უშვებს და დღესაც თითქოს არ ეჩქარებაო, ნელ-ნელა ედავება თავის დროს აღგზნებულ ღამეს. ღამეს, დაძაბულობისგან ძარღვებდაბერილს, ფიქრიანს, შფოთიანს, დარდიანს, სიმღერიანს, მხნეს, ვნებიანს და კიდევ უთვალავ რამიანს. აუარებელ მებრძოლს მოუყრია თავი ვაკეზე, რომლის ერთადერთ ბორცვზე მეთაურთა კარავია დაცემული. იდეალური სიმეტრიით განლაგებულან მეომრები, ყველა თავის ადგილზეა: ქვეითი, ცხენოსანი, შორსმტყორცნელები; ოფიცრებიც მათთან არიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრძოლის დაწყებას ბრძანებაღა აკლია. დგანან და ელიან, უძილო, სევდიანი, ჟინიანი თვალებით. შიგადაშიგ ერთმანეთს ამხნევებენ და მზაკვრულად შემოპარული სუსხისგან კანკალებენ, მაგრამ იქნებ ეს დაუდგრომლობის კანკალიც იყოს, რადგან მათ თვალებში მტრის უსაზღვრო სიძულვილიც ამოიკითხება და მაინც დგანან, ელიან. ოფიცრები ვერ ისვენებენ, ლაშქრის კიდიდან კიდემდე დააგელვებენ მარდ ბედაურებს, სიამაყით აფასებენ თავიანთ ძალას და ბრძოლისაკენ უკიჟინებენ. საყვირის ხმამ ყრუდ გაარღვია ჩურჩულით შექმნილი გლუვი ხმაური და ისიც მოწყდა. ბორცვისკენ შეტრიალდა ყველა, სუნთქვა შეერთდა. მეფეს ელოდნენ, ბრძოლის წინ უნდა გამოსულიყო და ის სიტყვა ეთქვა, რომელიც ომს მოაგებინებდა. მეფის გამოჩენამ დიდება დაიმსახურა და ისიც გაენთხა ხალხში. უამრავი სითბო, სიყვარული და ჟინი აჩუქა მათ. სათითაოდ დაუნაწილა ენერგია და საკუთარი თავდადება უბოძა. სისხლისთვის მომზადებული ჯარისკაცებიც მის სახელს გაჰყვიროდნენ და ფიცს აძლევდნენ ისტერიული ღრიალით, სამყაროს ემუქრებოდნენ და იარაღს დაუზოგავად იქნევდნენ. მყისიერად ხმაურმა ხმა ჩაკმინდა და გაავებულ თვალებში მოულოდნელი გაკვირვება ამოტივტივდა. - დედოფალი?! - დედოფალიც აქ არის! - ჩვენთან ერთადაა... - დედოფალი... მზის ახლად ამოწვერილი სხივები გორაკს ეფერება, გაუბრწყინებია და კიდევ უფრო ბრწყინვალეს ხდის დედოფლის მშვენიერებას, რომელიც სიცოცხლის უკვდავებას ამტკიცებს და მედიდურად გადმოცქერის ამაყ მებრძოლებს. კიდევ ერთი გამაყრუვებელი დიდება გაისმა, დედოფალმა თბილი თვალებით მოიარა მათი ფიქრები და უსაზღვრო თავგანწირვა წაიკითხა. მტერიც ახლოა, გამოჩნდა კიდეც - შავად გართხმული კიდით კიდემდე. წინ ქვეითი ჯარი განლაგებულა, უკან კი არტილერია და კავალერია მოყვება. ძალები თანაბარია, ბრძოლის ბედს საუკეთესო ტაქტიკა და ნებისყოფა გადაწყვეტს. ყველა მზადაა, თავის ადგილზეა და ჭარბი ადრენალინისგან გულაჩქარებული იარაღს სინჯავს ბრძოლის წინ. ბრძანებას ელიან, მტერი კი ახლოვდება და სულ უფრო მეტი სიცხადით წარმოდგინდება მისი დაუნდობელი ძალა. ოფიცრებმა საბოლოო განმარტება მიიღეს და უმალ აღმოჩნდნენ თავიანთი ქვედანაყოფების სათავეში. ხმამაღალი ბრძანების შემდეგ ქვეითი ჯარი მკაცრი ნაბიჯით, იარაღმოღერებული დაიძრა მტრისკენ. მოწინააღმდეგემაც არ დააყოვნა და კავალერია აფრინა მტკიცე ნაბიჯის გასარღვევად. მჭახე შეჯახებისას, ღრიალი, ტალახი, ფეხის, ფლოქვის და მუზარადის ხმაური ერთმანეთში აირია. დაუნდობლად კაფავენ მებრძოლები ერთურთს, გმინვით მოსხეპილები ძირს ეცემიან და გაცივებულ მიწას ნამავენ, მერე კი ცხენის თუ კაცის ფერხთით ითელებიან, არავისთვის საჭირო, უვარგისი სარეველა ბალახივით. ქვეით ჯარს ფლანგებიდან ცხენოსნები წამოეშველნენ, რომლებიც მოწინააღმდეგის არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოყვნენ და განახევრებულებმა მიაღწიეს ბრძოლის ეპიცენტრს, ყიჟინით შეიჭრნენ მტრის რიგებში და ბრძოლაში გარდატეხა შეიტანეს. ეს უკანასკნელიც ახალ ფაზაში გადავიდა და ახალი ძალები ითხოვა ომის ღმერთის გაუმაძღარი ვნების დასაკმაყოფილებლად. ახლა კი უკვე ყველა ჩაბმულა დაუნდობელ შერკინებაში. მხოლოდ მაფე, მისი პირადი ამალა, დედოფალი და რამოდენიმე დიდებული დარჩენილან გორაკზე, რათა თვალი ადევნონ მებრძოლებს, რომლებიც საოცარი სიმამაცით და თავდადებით ასრულებენ მათ ბრძანებებს. თვალს ადევნებენ და თან დაწვრილებით ინფორმაციას იღებენ მზვერავებისგან, რომლებიც სხვადასხვა კუთხიდან მორბიან ცხელი შეტყობინების მოსატანად და ახალი ინსტრუქციით დატვირთულნი ბრუნდებიან თავიანთ ქვედანაყოფებში. უეცრად, დიდებულებში ჩოჩქოლი ატყდა და მეფემდე სისხლიან ტალახში ამოსვრილი, უამრავი ჭრილობით დაოსებული მზვერავი მიიყვანეს, რომელმაც დიდი ძალისხმევის შემდეგ დასერილი იოგებიდან რამოდენიმე სიტყვა ძლივს ამოილუღლუღა: - მარჯვენა ფლანგი გაარღვიეს მეფეო... დიდი ძალებით გვიტევენ და ახლა უნდათ, ალყაში მოგვაქციონ. კვლავ აღგზნებული ჩურჩული, შეშფოთებული თვალები და გაურკვევლობა. ამოძახილები დროდადრო ერთმანეთში ირეოდა: - რა ვქნათ?!... - უკან უნდა დავიხიოთ... - რას ამბობ?!... - ჯარი აღარ გვყავს?!... - იქნებ... დიდებულები მოუსვენრად ფუსფუსებდნენ, მხოლოდ მეფე იდგა და ფიქრობდა; ფიქრობდა ყველაზე და ყველაფერზე. ორჭოფობდა, მაგრამ მის თვალებში ძალიან ღრმად თუ შეამჩნევდით ამას; მერე შემოტრიალდა და მტკიცედ ბრძანა: - მშვილდები უნდა ჩავრთოთ და მთელი ძალებით ცეცხლი მარჯვნისაკენ მოვმართოთ, რომ წინ სვლა ვეღარ შეძლონ. მზაკვრულმა სიჩუმემ დაისადგურა, ყველას ეშინოდა ხმის ამოღების, არადა სათქმელი ენის წვერზე ექავებოდათ, მაგრამ კბილები არ უშვებდა. ყველაზე გამბედავი, წინ მდგომი ახალგაზრდა დიდებული გამოდგა და დაძაბული ხმადაბალით გამოსცრა: - კი მაგრამ... იქ ხომ ჩვენი მეომრებიც არიან?... მეფე შემოტრიალდა. მიუახლოვდა და ახალგაზრდა, გამოუცდელ, მაგრამ ჟინით ავსებულ თვალებში ჩახედა. ცოტა, შეიძლება, შეშურდა კიდეც, მხარზე ხელი დაადო და მიუგო: - ჩვენს უკან სამშობლოა!... გადაწყვეტილება მიღებულ იქნა. მარჯვენა ფლანგზე დარჩენილი გათანგული მეომრები, რომლებიც უკანასკნელი ძალებით ძლივს აჩერებდნენ მოზვავებულ მტერს, თავისივე მოძმის ხელით უნდა დახოცილიყვნენ და მშვილდოსნებიც შეუდგნენ ბრძანების აღსრულებას. მოიზიდა დაჭიმული ლარი და სეტყვანარევ წვიმად, სტვენით დააწვიმდა მახვილი ისრები ბრძოლის ველს. ეს ერთგვაროვანი გაცვლა იყო - საკუთარი სიცოცხლის, მტრის სიკვდილზე გაცვლა. მაგრამ ეს ნაბიჯიც არ იყო საიმედო, რადგან მრავალრიცხოვან მეტოქეს, შეიძლება, შორსმტყორცნელების კორდონიც გამოერღვია და მეფე საფრთხეში ჩავარდნილიყო, რის გამოც, ურჩიეს მარცხენა ფლანგზე გადაენაცვლა და იქედან ედევნებინა თვალყური ბრძოლისთვის. მონარქმაც არ დააყოვნა, პოზიცია შეიცვალა, იქით გადავიდა, საითაც უსაფრთხოდ იქნებოდა და მეტი სიფრთხილისთვის განვლილი გზა სარეზერვო ჯარით გაამაგრა. დაჟინებით უცქერს ბრძოლის ველს და ბორგავს, ათასი ფიქრი უელავს თავში; დედოფალიც არ შორდება, მის გვერდითაა მომხიბვლელი სიმტკიცით, მისთვისვე ნუგეშის და შემართების მიმცემი. გასცქერს ბრძოლას და გული სისხლით წვეთ-წვეთ უმძიმდება, რომელიც ქალურ ემოციებს დაუმორჩილებელს ხდის და ცრემლებად ხაზავს აუტოკებელ ღაწვებზე. მზე შუადღეს თავზე ქურდულად წამოდგომოდა, უკანასკნელ სითბოს არ იშურებდა სამყაროსთვის და დაოსებული სხივებით ცდილობდა გამოერღვია ღრუბლების ქულა, ხანდახან გამოსდიოდა კიდეც და საჭურველზე ბრწყინვალებით ირეკლებოდა. ერთმა ასეთმა ბრწყინვალებამ თვალი მოჭრა დედოფალს და წამიერად მისი ყურადღება მიიქცია, ეს ისრის წვერის ელვარება იყო. უცხო ტომის მებრძოლი მალულად შემოპარულიყო, ჩასაფრებულს მშვილდი მოეზიდა და მეფე მიზანში ამოეღო. ელვარებამ დაზაფრული ჰაერი გაკვეთა, ფიქრის დრო აღარ დაუტოვა მშვენიერებას, რომელიც სხეულით გადაეფარა საყვარელ მონარქს და მისივე ხელებში ჩაკეცილს ბოლო ამოსუნთქვა აჩუქა. - დედოფალი მოკლეს! . . . გამყინავმა კივილმა სხეული გაიარა, იოგებიდან ამოხეთქა, მთებიდან ფაფუკი თოვლი მოგლიჯა და მეფე შიშველი ორლესულით ზვავად მოევლინა ბრძოლის ველს. გაშმაგებით შეაგდო შუაგულში თავის ნაბიერა, რჩეული ბედაური და დაუზოგავად კაფავდა მტერს სიმწრისაგან გონდაკარგული. პირადი ამალაც მხარდამხარ მიყვებოდა და სიცოცხლეს არ ზოგავდა მისი ბრწყინვალების გადასარჩენად, მაგრამ წრე ნელ-ნელა ვიწროვდებოდა და ამ დაწყევლილი რგოლიდან გასასვლელი არ ჩანდა. ერთი მეორის მიყოლებით იცელებოდნენ ერთგულნი და მეფეც მარტო რჩებოდა. თავადაც თავს არ ზოგავდა, გაავებული ლომივით იბრძოდა, მაგრამ . . . - შახი! სიჩუმე ოთახში. . . ბრაზიანი თვალები, გაბერილი ლოყები და გაბუტული ტუჩები პირისპირ უზიან ღიმილიან, მოსიყვარულე მზერას. ხელის სხარტი მოძრაობა და მჭახედ შეასკდნენ ჭადრაკის დაფაზე დარჩენილი შავ-თეთრი ფიგურები ერთმანეთს. - სულ რატომ უნდა ვაგებდე?! . . . რატომ?! . . . - დაიწუწუნეს მშვენიერმა ბაგეებმა. - აღარ გელაპარაკები! . . . სიცილი, მოფერება, წუწუნი, დაყვავება ერთად შეზავდა, რომელიც ალერსში გადაიზარდა და ისიც, გაერთსხეულებული, სასიყვარულო ვნების მორევში ჩაიძირა, რათა ომი წყალქვეშ გაეგრძელებინა. ომი, რომელიც სიყვარულის გასამტკიცებლად იყო წამოწყებული. . . ოთახში ისევ სიმშვიდემ დაისადგურა. თეთრი და შავი ფიგურები კი ერთ ყუთში, ერთმანეთის გვერდით, ერთად ჩალაგებულან, იარებს იშუშებენ და დროს ელიან, დროს, როდესაც ბრძოლა გარდაუვალია . . . ეს ხომ, მხოლოდ და მხოლოდ, ჭადრაკია . . . P.S. ღიმილი გიხდება . . .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22.
მოგიკითხეთ, მიხარია რომ გამოჩნდით. :)
მოგიკითხეთ, მიხარია რომ გამოჩნდით. :)
21. ლეეეელეეე :D ლეეეელეეე :D
20. არ დაბიმალავ და თავშივე მივხვდი რა ჩანავიქრი გქონდა და ამის გამო რაღაც ადგილები გამოვტოვე,ისე ჩავედი ბოლოში :-) ჩემი სიჭკვიანის ბრალია რაა ჰე ჰეე ?ხუმრობ:-) არ დაბიმალავ და თავშივე მივხვდი რა ჩანავიქრი გქონდა და ამის გამო რაღაც ადგილები გამოვტოვე,ისე ჩავედი ბოლოში :-) ჩემი სიჭკვიანის ბრალია რაა ჰე ჰეე ?ხუმრობ:-)
18. ძალიან მომეწონა. პირველად წავიკითხე, ლამის 4 წელი დავაგვიანე. მაგრამ სრულიად მოვიხიბლე. არ ველოდი ასეთ დასასრულსმ რადგან ბოლოს მივხვდი " ეს ხომ, მხოლოდ და მხოლოდ, ჭადრაკია . . ." ძალიან მეამა და ღიმილიც მომიხდა.
გაიხარე. :) ძალიან მომეწონა. პირველად წავიკითხე, ლამის 4 წელი დავაგვიანე. მაგრამ სრულიად მოვიხიბლე. არ ველოდი ასეთ დასასრულსმ რადგან ბოლოს მივხვდი " ეს ხომ, მხოლოდ და მხოლოდ, ჭადრაკია . . ." ძალიან მეამა და ღიმილიც მომიხდა.
გაიხარე. :)
17. 1. ეეე X დავსვადი ,შეყვარებულებს ვათამაშებდი და მერე >>>>>>> რიდი1. 2008-06-11 20:58:44 გახდაზე? ომი სიყვარულივითაა, ყოველთვის ადვილია დაიწყო მაგრამ ძალიან ძნელია გაჩერება 1. ეეე X დავსვადი ,შეყვარებულებს ვათამაშებდი და მერე >>>>>>> რიდი1. 2008-06-11 20:58:44 გახდაზე? ომი სიყვარულივითაა, ყოველთვის ადვილია დაიწყო მაგრამ ძალიან ძნელია გაჩერება
16. ცრემლები არა..??? ) ცრემლები არა..??? )
15. უჰ!:) მთელი სიმძაფრით შევიგრძენი ახლა ეს ბრძოლა და თურმე?
ეს ხომ, მხოლოდ და მხოლოდ, ჭადრაკია . . .
P.შ. ღიმილი გიხდება . .-მართლაც მოახერხე გამღიმებოდა-გმადლობ!:) უჰ!:) მთელი სიმძაფრით შევიგრძენი ახლა ეს ბრძოლა და თურმე?
ეს ხომ, მხოლოდ და მხოლოდ, ჭადრაკია . . .
P.შ. ღიმილი გიხდება . .-მართლაც მოახერხე გამღიმებოდა-გმადლობ!:)
13. კარგადაა დაწერილი:) რა თქმა უნდა ეს არ არის მოთხრობა, რომელმაც შეიძლება ძალიან მძაფრი გრძნობები და განცდები დაგიტოვოს, მაგრამ კარგადაა დაწერილი... ზოგჯერ ნაწერს ეტყობა, რომ მთლიანად ძლიერი ემოციის ქვეშაა დაწერილი და ავტორმა ერთი კოლოფი სიგარეტი დახარჯა მისი წერის დროს ან რამდენიმე ნერვული უფრედი მაინც მოუკვდა...(მაგალითად როდესაც "მადამ ბოვარის" წერას მორჩა ფლობერი ძირს დაგდებული იპოვეს და ტიროდა- მადამ ბოვარი მოკვდაო) ზოგჯერ კი ნაწერი ფიქრისა და შრომის შედეგია...(თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას არა აქვს ლიტერატურული ღირებულება, უბრალოდ ასეთი ნაწერი ძლიერ ემოციას ვერ ტოვებს) ეს მოთხრობა მეორე კატეგორიას განეკუთვნება ჩემი აზრით... მაგრამ რაც მთავარია ავტორს წერა შეუძლია:) კარგადაა დაწერილი:) რა თქმა უნდა ეს არ არის მოთხრობა, რომელმაც შეიძლება ძალიან მძაფრი გრძნობები და განცდები დაგიტოვოს, მაგრამ კარგადაა დაწერილი... ზოგჯერ ნაწერს ეტყობა, რომ მთლიანად ძლიერი ემოციის ქვეშაა დაწერილი და ავტორმა ერთი კოლოფი სიგარეტი დახარჯა მისი წერის დროს ან რამდენიმე ნერვული უფრედი მაინც მოუკვდა...(მაგალითად როდესაც "მადამ ბოვარის" წერას მორჩა ფლობერი ძირს დაგდებული იპოვეს და ტიროდა- მადამ ბოვარი მოკვდაო) ზოგჯერ კი ნაწერი ფიქრისა და შრომის შედეგია...(თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას არა აქვს ლიტერატურული ღირებულება, უბრალოდ ასეთი ნაწერი ძლიერ ემოციას ვერ ტოვებს) ეს მოთხრობა მეორე კატეგორიას განეკუთვნება ჩემი აზრით... მაგრამ რაც მთავარია ავტორს წერა შეუძლია:)
12. :) საინტერესო იყო, შთამბეჭდავი ფინალით. მიყვარს შენი მოთხრობების კითხვა.
''ელიან, უძილო, სევდიანი, ჟინიანი თვალებით''...
ეს ფრაზა შენს სხვა ნაწერებშიც ვიგრძენი, თითქოს... 5 :) საინტერესო იყო, შთამბეჭდავი ფინალით. მიყვარს შენი მოთხრობების კითხვა.
``ელიან, უძილო, სევდიანი, ჟინიანი თვალებით``...
ეს ფრაზა შენს სხვა ნაწერებშიც ვიგრძენი, თითქოს... 5
10. წაგიკითხე.. წაგიკითხე..
8. ნუ გაისჯები დათვლილის პაიკის სვლები ისევე როგორც მოწყვეტილი ფოთლის შრიალი...
ცხოვრებაც ესაა დედე, ჭადრაკის ერთი პარტია, საუკეთესო შემთხვევაში "მეფე" ხარ უარესში პაიკი.
მე კი მომეწონა ფრაზა "ჩვენს იქით ჩვენი სამშობლოა" ამისთვის პაიკობაც ღირს დედე... ნუ გაისჯები დათვლილის პაიკის სვლები ისევე როგორც მოწყვეტილი ფოთლის შრიალი...
ცხოვრებაც ესაა დედე, ჭადრაკის ერთი პარტია, საუკეთესო შემთხვევაში "მეფე" ხარ უარესში პაიკი.
მე კი მომეწონა ფრაზა "ჩვენს იქით ჩვენი სამშობლოა" ამისთვის პაიკობაც ღირს დედე...
7. აღგზნებულ ადამიანს თუ მეღერებოდა არ ვიცოდი:))(გეხუმრე) ძალიან კარგია და გამართული:) აღგზნებულ ადამიანს თუ მეღერებოდა არ ვიცოდი:))(გეხუმრე) ძალიან კარგია და გამართული:)
5. თეთრი და შავი ფიგურები კი ერთ ყუთში, ერთმანეთის გვერდით, ერთად ჩალაგებულან, იარებს იშუშებენ და დროს ელიან, დროს, როდესაც ბრძოლა გარდაუვალია . . . ეს ხომ, მხოლოდ და მხოლოდ, ჭადრაკია . . .
და ეს ცხოვრებაც ჭადრაკის დაფაა....
"არა აქვს დიდი სიცოცხლე პაიკს მაგრამ პაიკი ოცნებობს მაინც"
:) :) :) თეთრი და შავი ფიგურები კი ერთ ყუთში, ერთმანეთის გვერდით, ერთად ჩალაგებულან, იარებს იშუშებენ და დროს ელიან, დროს, როდესაც ბრძოლა გარდაუვალია . . . ეს ხომ, მხოლოდ და მხოლოდ, ჭადრაკია . . .
და ეს ცხოვრებაც ჭადრაკის დაფაა....
"არა აქვს დიდი სიცოცხლე პაიკს მაგრამ პაიკი ოცნებობს მაინც"
:) :) :)
4. როქი ვერ მოასწრო? აფსუსია! როქი ვერ მოასწრო? აფსუსია!
3. საინტერესო იყო, მეგონა სიფთას გავხსნიდი, 5 საინტერესო იყო, მეგონა სიფთას გავხსნიდი, 5
2. საინტერესო იყო კარგად წერ:)
5 საინტერესო იყო კარგად წერ:)
5
1. ეეე X დავსვადი ,შეყვარებულებს ვათამაშებდი და მერე >>>>>>> ეეე X დავსვადი ,შეყვარებულებს ვათამაშებდი და მერე >>>>>>>
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|