ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნატალია
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2008


გაზაფხულის კანონი

სარჩულს გამოვაკერებ,
ჩემთვის დავიტოვებ,
შენს პალტოს ჩავიცმევ,
თუ წასვლას აპირებ.
იფრინე-
მაღლიდან უკეთესად ჩანს მოხნული მინდვრები,
მზეზე შემთბარი კანონები რძეში ჩავიფშვნათ,
გადმოაწვდინე ნათელი ციდან კოქტეილის ფერადი ჩხირი,
და ამოწრუპე.
ჩემი უსისხლო,მშრალი ვენები
ჭკვიანურ წიგნში სანიშნად ჩავდე,
ცარიელი და გასარეცხი ჭიქით ხელში ვდგავარ
და აჩემებით ვიმეორებ,
როგორ სცემენ მახვილ კითხვაზე გონივრულ პასუხს.
შენგან ნაჩუქარ აზრების გორგალს
ახალნაწვიმარ ფერდობზე მივდევ,
ფრჩხილებით ვაცლი ძაფის ნაწყვეტებს-აუცილებელ საზეპიროებს,
უკვე რომ შენზე გამოთქმით ვამბობ.
ქსოვისას ვხვდები,
შენც ჩემსავით სველი ყოფილხარ,
პალტოს შიგნიდან ჯაჭვის პერანგი რადგან დაგჭირდა-
გეგონა ათბობს!
მალე ჩამოვქსოვ და მე მექნება
შენზე მტკიცე,შენზე მაგარი!
გაზაფხული გვითვალთვალებს,
რათა გაიგოს,
ვინ დამახინჯდა ისე ძალიან,
რომ მას მოელის როგორც პლასტიკურ ოპერაციას,
ანდა ვისმა ღამის ფანჯარამ შეისრუტა სავსე მნათობი?
ამის შემდეგ ვის გამოაჩნდა კისერზე ქერცლი,სახეზე-დინგი,
ან კუდუსუნთან ხერხისებურ კუდს ვინ დაატარებს?
ყოველთვის-
როცა დილით,ჯიბის სარკეში ვიყურები
და ჩემს თვალებს ყველაზე უფრო ახლოდან ვხედავ;
დღისით,როცა ყელშიწაჭერილ საცობებში მაღალი გაზით გაძრომას ვცდილობ;
საღამოთი,როცა ყველა პათანატომი ჩაიზე ვსხდებით
ორგანოებით სავსე ქილების გარემოცვაში,
ვიღაც ჩამყვირის ყურში
(შენი ხმა აქვს მას,მზერაც-შენი,
ჩემგან სარჩულგამოკერებულ პალტოს ატარებს)
-,,მოვკლათ ურჩხული!!!
მოვკლათ ურჩხული!!!
მოვკლათ ურჩხული!!!
ის არსებობას არ იმსახურებს"!
მე კი უეცარ სინათლეებში დროდადრო ვხედავ
გაზონებად ჩარგულ გაზაფხულს,
ვგრძნობ, ღამ-ღამობით გადაძოვილ მის მწყობრ ყვავილებს
ჭრილობების მწკლარტე გემო აქვს
და უნებურად მაჯებს ვილოკავ-

ისევ გადავრჩი???
 


 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები