 | ავტორი: გრაცია ჟანრი: პროზა 18 იანვარი, 2010 |
ტელეფონის ხმამ გააღვიძა. არ აპირებდა აღებას, ინანა, რომ დაწოლამდე ხმა არ გამოურთო. მეგობრის ზარმა დღევანდელი დღის მნიშვნელობა გაახსენა:
- გძინავს? - უკვე აღარ. - გილოცავ მაშინ. - რას მილოცავ? - აბა არ მძინავსო? დაბადების დღეს გილოცავ ბებერო, რას უნდა გილოცავდე სხვას? მის მერე, რაც 20 –ის გავხდით, შენ მემგონი მარტო ასაკი გემატება, ტვინის ხვეულები კი გისწორდება. - მადლობა მოლოცვისთვის. - კარგი. შენს ცოლს მოკითხვა! - ბებერი შენ ხარ.
38 წლის გახდა დღეს. რა უცნაურია, წინა დღეებში არც გახსენებია, რომ მისი დაბადების დღე მოდიოდა. “შენს ცოლს მოკითხვა” ... გაეღიმა. ცოლი არ ჰყავს. ფეხსაცმლის მაღაზიაში მუშაობს. სამსახურში წასვლამდე დამლაგებელთან უნდა დაერეკა, მაგრამ დაავიწყდა. “ბებერო” ... წამოენთო, რატომ დაავიწყდა? ერთი დღე ხომ არ წყვეტს არაფერს? მაგრამ აქამდე “ოცდარაღაცა” წლის იყო, ახლა “ორმოცამდე” ჰქვია მის ასაკს. მანქანის სარკეში ჩაიხედა, მოეჩვენა თითქოს კიდევ რამდენიმე ღერი თმა გასცვივდა და კიდევ რამდენიმე - გაუთეთრდა. ცუდ ხასიათზე დადგა. შეეჩვია მარტო ცხოვრებას, თავისი პატარა პლიუსებითა და მნიშვნელოვანი მინუსებით. ხასიათს გამოსწორების საშუალება არც სიმღერებმა მისცეს: რადიო ჩართო, მინორულმა მელოდიებმა დაამძიმეს. 38. აეკვიატა. 38. რა ნაცნობი რიცხვია! მაგრამ რატომაა ნაცნობი? არც ქუჩის ოცდამეთვრამეტე ნომერში ცხოვრობს, არც ოცდამეთვრამეტე სკოლაა მასთან ახლოს, არც ავტობუსი, არც მარშრუტკა 38 ნომრით არ დადის მის სახლთან. აბა საიდან მოვიდა? არც ასაკის ბრალი იყო, ხომ გეუბნებით არც გახსენებია წინა დღეებში... სცადა სამსახურის კართან დაეტოვებინა ეს ფიქრი. თანამშრომლები ღიმილით შეხვდნენ, ყველამ გულწრფელად მიულოცა. შედარებით ახლობლებმა საჩუქრებიც მოუმზადეს. სიხარულის ტალღამ გადაიარა და ყველა საკუთარ საქმეს მიუბრუნდა. მაღაზიაში, ძირითადად, ქალები შემოდიოდნენ. მართალია, მის კომპეტენციაში არ შედიოდა, მაგრამ ხშირად უწევდა მყიდველ ქალებზე დაკვირვება. გაჰყვა დღეს შემოჩვეულ ფიქრს და გაახსენდა, რომ ქალების დიდი ნაწილი 37, 39 ზომა ფეხსაცმელს ყიდულობდა, 36-იანი შემთხვევებიც გაახსენდა, 42-იანიც ... სასაცილო, ჩასუქებული, როხროხა ქალი იყო, როგორ აღარ იყიდა რამის უკვე შეფუთული ფეხსაცმელი მის მერე, რაც დაინახა 42 ზომა ეწერა. არაო, 39-ზე დიდი ფეხი არ მაქვსო და როცა 39 ზომის იგივე ფეხსაცმელი მისცეს ისტერიკა მოაწყო, საიდან მოგაქვთ ეს საქონელი, უხარისხო რომაა ზომებზე ეტყობაო. თვალწინ დაუდგა ის ფეხსაცმელი, თანამშრომლების სახეებზე თავშეკავებული ღიმილები, თვითონ ქალი... მაგრამ “38” არ შეხვედრია. იმას დააბრალა, რომ არც თუ ხშირად უყურებდა რას ყიდულობდნენ ქალები, უფრო მათ, როგორც ადამიანებს ისე აკვირდებოდა. გადაწყვიტა – მთელი დღის განმავლობაში დალოდებოდა “ოცდათვრამეტს”. თავიდან ეს წამოწყება დროის უფრო სწრაფად გასვლის მიზეზით მოსწონდა, თანდათან კი აზარტი ემატებოდა. 3 საათის განმავლობაში შემოდიოდნენ მაღლები, დაბლები, ვიწროები, განიერები, მსუქნები, გამხდრები, შავები, თეთრები, გრძელთმიანები, უთმოები, ხუჭუჭები, მდიდრები, ღარიბები, ცისფერთვალებები, ბოროტთვალებიანები, დიდცხვირები, კურნოსები, შეღებილები, შვილიანები, უშვილოები, კეთილები, ჭორიკნები, ჩოლკიანები, წითელპომადიანები, გრძელფრჩხილებიანები, ლამაზები, ულამაზოები, ეშხიანები, შარმიანები, ჩვეულებრივები, არაჩვეულებრივები, მოკლეკაბიანები, სათვალიანები, განათლებულები, ჭკვიანები, სულელები, მოღალატეები, ერთგულები, საქმიანები, დიასახლისები, ემოციურები, უგრძნობები, კაცურები,ბავშვურები, რბილები, დამშეულები, დაღლილები, ახალგაღვიძებულები, ოცდათექვსმეტიანები, ორმოციანები, ოცდაჩვიდმეტიანები, ორმოცდაერთიანები, ოცდაცხრამეტიანები... მაგრამ “38” არ იყო მათ შორის. ახლა თვითონ დაიწყო ქალის ფეხსაცმლის თვალიერება, პირველად შეხედა სხვა თვალით, ზოგი ძალიან წვეტიანი იყო, ზოგი ძალიან მრგვალი, ერთს ფერი არ უხდებოდა, მეორეს ფოჩები, მესამე ძალიან უბრალო იყო, ოღონდ ამ უბრალოებაში მოსაწონი არაფერი ჰქონდა, მეოთხეს უცნაური ქუსლი ჰქონდა, მეხუთე - უბრალოდ არ მოეწონა. თაროებზე რაც ეწყო მათგან არცერთი არ მოეწონა. საწყობში გავიდა, ნახევარ საათს არჩევდა გემოვნების შესაფერის ფეხსაცმელს, ისეთი იპოვა, რომელიც რატომღაც არ იყო გასაყიდად გამოტანილი, ან მან ვერ შეამჩნია, გამოარჩია 38 ზომა. შეადარა ოცდაჩვიდმეტსა და ოცდაცხრამეტს. არა, ნამდვილად განსხვავდებოდნენ მისგან. მართალია ერთი სერიის განსხვავებული ზომის ზუსტად ერთნაირი ფეხსაცმელები იყო - მუქი ყავისფერი, უქუსლო, დახურული, ზედმეტი გაფორმებების გარეშე, ზამშის მატერიისგან შეკერილი, გადაკეცილი ყელით, ოდნავ წაგრძელებული ცხვირით, - მაგრამ “38” არ გავდა არცერთს. წამოიღო ერთი ცალი და დადო ისეთ ადგილზე, რომ ყოველ შემომსვლელს დაენახა. თითქოს ანკესი გადააგდო თევზის მოსატყუებლად. თანდათან თამაშს მისტიკური შინაარსი მიეცა და გაუაზრებლად დაიბადა “მისი” ხატი წარმოსახვაში. უკვე იცოდა, როგორი უნდა ყოფილიყო: მაღალი, გამოყვანილი თეძოებით, უქუსლო ფეხსაცმელზე, მთლიანი, მომწვანო მუხლამდე კაბით, დაბალი ფრჩხილებით, მუქი, ჭკვიანი თვალებით, დატალღული, ჩალისფრად შეღებილი მხრებამდე თმითა და გადასაკიდი ჩანთით. ალბათ 29 წლის იქნება, არ უყვარს ტკბილი, უყვარს ცხოველები, თეატრი, ზღვა, თოვლი, ველოსიპედით სეირნობა, ეცინება ბალეტის მოცეკვავეებზე, მეტროს ავტობუსი ურჩევნია, ამერიკას – ინგლისი, ყავას – ჩაი, შეუძლია სიცილი გულით, ფიქრი თვალებით, ტირილი მარტო იმიტომ, რომ ეტირება და არა იმიტომ, რომ შენ დაინახო... უკვე მხსნელივით ელოდებოდა “38”-ს, თავს ევლებოდა გამოტანილ ფეხსაცმელს და თუ მას რომელიმე “სხვა” მიუახლოვდება, ბავშვურად ცდილობდა მათ მოშორებას იმ ადგილიდან. შესვენების დრო მოვიდა. აქამდე სანატრელი დასვენების ერთი საათი წამების სამ საათს დაემსგავსა, მოიწყინა. “შენს ცოლს მოკითხვა”... გაახსენდა დილანდელი ზარი. ისევ გაეღიმა, ამჯერად ნაღვლიანად. ისეთი ცოლი მოუნდა, როგორიც ოცდათვრამეტია, ხომ ძალიან ბევრი ქალი ატარებს 38 ნომერ ფეხსაცმელს, მაგრამ მაინცდამაინც დღეს არც ერთი არ შემოსულა მაღაზიაში, თუნდაც არ ჰგავდეს ოცდათვრამეტს. უკვე მზადაა დათმოს ოცნება, დათანხმდეს სხვანაირ ქალს, ოღონდ შემოვიდეს და ნებისმიერი 38 ზომის ფეხსაცმელი იყიდოს, ოღონდ დააჯეროს, რომ არსებობენ ასეთი ქალები. ერთსადაიმავე ფრაზებს ტვინში მეასეჯერ იმეორებს. დაიღალა. დანაღვლიანდა და მიხვდა, რომ აი ამ წამს დაბერდა, ახლა მის ასაკს “ორმოცამდე” ჰქვია და არა “ოცდარაღაცა”... მეგობრებმა შესვენებაზე სადმე გასვლა შესთავაზეს, გეპატიჟებით იუბილარსო, მაგრამ... იქნებ შესვენების დროს ... გაიარა ერთმა საათმა. უკვე ეცინებოდა საკუთარ თავზე. პატარა ბიჭივით რომ ელოდებოდა გამონაგონს. გადაწყვიტა დაესვენა, როდესაც ფეხსაცმელს ერთი ქალი მიუახლოვდა და თვალით მოსინჯვა დაუწყო. არაფრით ჰგავდა 38-ს, მაგრამ სასიამოვნო შესახედი იყო. ცოტათი გული დაწყდა, რომ არ ჰგავდა, მაგრამ რადგან ამ ფეხსაცმელს სინჯავდა, წამით ტვინში გაივლო, როცა გავა გამოველაპარაკებიო, თან ფეხსაცმელს ეწერა ზომა, გამყიდველ გოგონას ფასი ჰკითხა და მორგება დაიწყო, ესეიგი მისია! დანაკლისის გრძნობა დაეუფლა, არასრულფასოვნად უხდებოდა ნანატრი. მართალია დაღლილი იყო ლოდინით, მაგრამ კიდევ დიდხანს დაიცდიდა ზუსტად “ისეთი” რომ ყოფილიყო. მაინც გადაწყვეტილი ჰქონდა გაჰყოლოდა ქალს. უკვე სიტყვებს ალაგებდა, როდესაც ქალმა ზომის გამოცვლა სთხოვა, დიდი მაქვსო. პირველად გაუხარდა დღეს. როგორი სხვანაირი დღე იყო მაინც, როგორ გაასხვანაირა ამ ერთმა აკვიატებულმა აზრმა. ქალმა წაიღო მისი შერჩეული ფეხსაცმელი, 37 ზომის. 38 ისევ ელოდებოდა “38”-ს. 10 წუთში კეტავდნენ მაღაზიას, მაგრამ მაინც გახარებული იყო, რომ არ შეცდა. გაახსენდა, რომ ყოველთვის უნდოდა ჰყოლოდა ძაღლი. ლაბრადორი. ხვალ წავა და იყიდის ლეკვს. გადაწყვეტილია. კარისკენ წავიდა, უნდა შეატრიალოს წარწერა “დაკეტილია” და ხედავს კარის იქით ისაა !! ოცდათვრამეტი !! ზუსტად ისეთია, მომწვანო კაბა, უქუსლო ფეხსაცმელი, გადაკიდებული ჩანთა, ჩალისფერი დატალღული თმა!!! გაქვავდა, მიაშტერდა, ნამდვილად 29 წლისაა, ზუსტად 29 წლის, ხედავს როგორ უხდება ველოსიპედი, როგორ უყვარს ცხოველები, როგორ გუნდაობენ თოვლში, აღელვებენ ზღვას, როგორ აყოლებს ხელს გამოყვანილ თეძოებს... ოცდათვრამეტი დაბნეული უყურებს და ხვდება, რომ მაღაზია იკეტება. ხედავს გაოცებულ კაცს, რომელსაც ოდნავ პირი აქვს ღია და თვალები ახალი წლის ღამესავით უციმციმებენ. გაშტერებულები, რამდენიმე წამის განმავლობაში ასე უყურებენ, მაგრამ ვერ ხედავენ ერთმანეთს. პირველი ქალი ერკვევა, გულით იცინის და სცილდება კარს. ნელი ნაბიჯებით მიდის. ძლივს დაანება თავი სიცილმა. - უკაცრავად! – ესმის უკნიდან ხმა. მარჯვენა მხრით ტრიალდება, პასუხად უღიმის “გაშტერებულ” კაცს, რომელსაც ცალ ხელში ყავისფერი, 38 ზომის ფეხსაცმელი უჭირავს და ელოდება როდის გააგრძელებს კითხვას. ისიც ეკითხება:
- ყავა უფრო გიყვართ თუ ჩაი??
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. კარგია ძალიან : ) კარგია ძალიან : )
19. ეს, წეღან წავიკითხე და 5 დავწერე,თქვენი ნაწერებიდან ყველაზე მეტად მომეწონა:) ეს, წეღან წავიკითხე და 5 დავწერე,თქვენი ნაწერებიდან ყველაზე მეტად მომეწონა:)
18. კესანებს გიტოვებ:* მომეწონა... კესანებს გიტოვებ:* მომეწონა...
17. ჩემი ჭკვიანი და ნიჭიერი ნი, ძალიან მომეწონა, აიი ძალიან, მიყვარს ასეთი ისტორიები :) ჩემი ჭკვიანი და ნიჭიერი ნი, ძალიან მომეწონა, აიი ძალიან, მიყვარს ასეთი ისტორიები :)
16. წარმატებები! წარმატებები!
15. good girl! :) +2 good girl! :) +2
14. ამერიკა =)) :-* ამერიკა =)) :-*
12. კიდევ მოვედი აქ, მაგრად მიყვარს ეს მოთხრობა, ორიგინალური და ნიჭით შესრულებულია. ყოჩააღ. +10 კიდევ მოვედი აქ, მაგრად მიყვარს ეს მოთხრობა, ორიგინალური და ნიჭით შესრულებულია. ყოჩააღ. +10
11. კარგია სასიამოვნო წასაკითხია +5+5+5 კარგია სასიამოვნო წასაკითხია +5+5+5
10. მაგარია... ძაან მომეწონა... :) +2 ჩემგან მაგარია... ძაან მომეწონა... :) +2 ჩემგან
9. :) ჰო,ლაბრადორის ლეკვი არ შველის მარტოობას :D ისევ ,,38" ჯობია :)თუნდაც ამერიკა მოსწონდეს ინგლისზე მეტად :) მე კი,ისევ მომწონს შენი ნაწერები :) :) ჰო,ლაბრადორის ლეკვი არ შველის მარტოობას :D ისევ ,,38" ჯობია :)თუნდაც ამერიკა მოსწონდეს ინგლისზე მეტად :) მე კი,ისევ მომწონს შენი ნაწერები :)
8. მომეწონა, წარმატებები :) მომეწონა, წარმატებები :)
6. რა კარგად წამეკითხა. 2 :) რა კარგად წამეკითხა. 2 :)
5. უყვარს ცხოველები, თეატრი, ზღვა, თოვლი, ველოსიპედით სეირნობა, ეცინება ბალეტის მოცეკვავეებზე, მეტროს ავტობუსი ურჩევნია, ამერიკას – ინგლისი, ყავას – ჩაი, შეუძლია სიცილი გულით, ფიქრი თვალებით, ტირილი მარტო იმიტომ, რომ ეტირება და არა იმიტომ, რომ შენ დაინახო...
- ამერიკა უფრო მოგწონთ თუ ინგლისი???
აუუუ ძალიან მომეწონა, ყოჩაღ,დღეიდან ვთამაშობ თამაშს, პირველ გოგოს ვისაც გავიცნობ და მომეწონება,ვკითხავ: ამერიკა უფრო მოსწონს თუ ინგლისი? :) უყვარს ცხოველები, თეატრი, ზღვა, თოვლი, ველოსიპედით სეირნობა, ეცინება ბალეტის მოცეკვავეებზე, მეტროს ავტობუსი ურჩევნია, ამერიკას – ინგლისი, ყავას – ჩაი, შეუძლია სიცილი გულით, ფიქრი თვალებით, ტირილი მარტო იმიტომ, რომ ეტირება და არა იმიტომ, რომ შენ დაინახო...
- ამერიკა უფრო მოგწონთ თუ ინგლისი???
აუუუ ძალიან მომეწონა, ყოჩაღ,დღეიდან ვთამაშობ თამაშს, პირველ გოგოს ვისაც გავიცნობ და მომეწონება,ვკითხავ: ამერიკა უფრო მოსწონს თუ ინგლისი? :)
3. ვაჰ, ძალიან მომეწონა! კარგად იკითხება! :) კონკიასავითაა... :) ვაჰ, ძალიან მომეწონა! კარგად იკითხება! :) კონკიასავითაა... :)
2. 555!!! გრაციას 55555!!!!! 555!!! გრაციას 55555!!!!!
1. ! 5 ! გიშრომია ! ! 5 ! გიშრომია !
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|