ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: პროზა
24 აპრილი, 2010


ცხენთა შეჯიბრებაზე...

  - ბესარიონ გამარჯვებული და კოწია იღბლიანი  გვერდიგვერდ დგანან, ოდნავ უკან მარგალიტა ნიჭია აბაკუნებს ფეხებს, მარჯვენა ფლანგზე გამოცდილი მეგობრები ზაურ ცნობილი და ჯიგარ პირველი ატუზულან, სულ უკან კოკა ლაზათიანი ცდილობს მარცხნივ გაძვრენას, მაგრამ მარგალიტა ნიჭიას ნიჭი სწორედ იმაში მდგომარეობს რომ წინ არავინ გაუშვას. მსაჯად, და ამ ასპარეზობის წამმართველად, აწ უკვე მონუმენტად ქცეული ცნობადი სახის მფლობელი არის მოწვეული.
    რადიო სულმოუთქმელად გაჰკიოდა. ტოტალიზატორში შეკრებილები რაღაცაზე კამათობდნენ და ირგვლივ ბაზრის ხმაური იდგა.
    - როგორც ყოველთვის, - აგრძელებდა რადიო, - ბესარიონ გამარჯვებული წინ გაიჭრა, უკან მიჰყვება კოწია იღბლიანი, დანარჩენები ჩამორჩებიან, მარგალიტა ნიჭია კორპუსით ფარავს მათ წინსვლას.
    - დაუწიე ერთი, თუ ძმა ხარ, გამისკდა ყურის ბარაბანი.
    - თუ სკდები და ბოღმა არ გასვენებს, გაბრძანდი აქედან, არავინ გაკავებს, - ზიზღნარევი ხმით უპასუხა მარგალიტა ნიჭიას ერთერთმა გულშემატკივარმა.
    - ბიჭო, გამაგიჟებენ ესენი, რად უნდა ცხენს სახელი და გვარი, მარტო სახელი არ ეყოფა ვითომ?
    - კაცო, შენ ვერ გაიგე, სახელი მანამ ყოფნის ცხენს, სანამ ყანაში მუშაობს. აი, დოღში რომ გამოვა და თავს ისახელებს, მერე მარტო სახელით ვეღარ მოიხსენიებ, გვარიც უნდა მოუძებნო გამარჯვების აღსანიშნავად. მაგალითად ცნობადი სახე აიღე, ადრე მხოლოდ ცნობადი ჰქვიოდა, მერე იმდენი ქნა, იმდენს შეაყვარა თავი, თავისი წარმატებებით ისე ასახელა შინაური თუ გარეული, რომ გვარად სახე მიანიჭეს, ნიშნად იმისა რომ ყოველ ცისმარე დღეს მისი სახე ანათებდა ცისფერი ეკრანიდან.
    - მოიცა, მოიცა შენ ამბობ ცისფერი ეკრანიდან ანათებდაო, ესეიგი ცისფერ ფონზე მკაფიოდ ჩანდა?
      - მკაფიოდო?! მეტი მკაფიო რაღა გინდა, რაღა პელე ყავის ქილაზე, და რაღა ეგა იქა...
      - ვახ, მაშ არც ეგ ყოფილა ლურჯი ფერისა, თორე ცისფრის ფონზე მკაფიოდ ვერ დაინახავდი.
      - რაო, ლურჯიო, ვითომ რატომ უნდა ყოფილიყო ლურჯი? რეებს მიედმოედები?
      - ...მანძილის ნახევარი უკვე დაფარეს ჩვენმა მონაწილეებმა, - აგრძელებს რადიოს გულისგამგმირავი ხმა, - პირველ ადგილზე ისევ ბესრიონ გამარჯვებულია, მეორე ადგილზე ცვლილებაა, კოწია იღბლიანს იღბალმა უმტყუნა, უფრო სწორად მარგალიტა ნიჭიას უმტყუნა ნიჭმა და ახლა მეორე-მესამე ადგილებს ზაურ ცნობილი და ჯიგარ პირველი ინაწილებენ, კოწია მეოთხეზეა, კოკა ლაზათიანი კი ბოლოს მიჩანჩალებს.
      ტოტალიზატორში ღელვა მატულობს. სიგარეტს სიგარეტზე ეწევიან. სუნთქვისშემკვრელი ოხშივარი დგას.
      - შენა და , ერთი ეს მითხარი, ეს ბესარიონ გამარჯვებული სულ გამარჯვებული როგორ არის, ჩვენი პრეზიდენტის არ იყოს?
      - როგორ და, სტალინის სიტყვები ხომ გახსოვს " არჩევნებს ის იგებს, ვინც მას ატარებსო", ჰოდა ეგრეა ეს საქმეც.
      - მაიცა, მაიცა, არჩევნები რა შუაშია, ეს ხომ ასპარეზობაა, აქ ფიზიკური მომზადება და კუნთების გამართული მუშაობა განაპირობებს გამარჯვებას.
      - კუნთები არა ის კიდევ, შენ გგონია ეს ნამდვილი დოღია? გამოფხიზლდი ბაბა, იპოდრომი რახანია გააუქმეს, ასპარეზი აღარ არსებობს, მხოლოდ ასპარეზობა არის.
      - მაშინ სად ტარდება ეს ასპარეზობა, თუკი ასპარეზი არ აქვთ?
      - დარბაზი დაიქირავეს, გრძელ-გრძელი მაგიდებით გააწყვეს და მაყურებელთა ადგილიც გამოყვეს.
      - ახლა სულ დავიბენი. დარბაზში, თანაც გრძელ-გრძელი მაგიდებითა და მაყურებლებით გადატვირთულ დარბაზში ცხენები როგორღა ირბენენ?
      - აჰა, ფინიშის ხაზიც გამოჩნდა, - კვლავ ისმის რადიოს ანგარიშმიუცემელი ხმა, - ბესარიონ გამარჯვებული, როგორც მოსალოდნელი იყო, კვლავ გამარჯვებულია. მეორე ადგილზე ჯიგარ პირველი გავიდა, ბრინჯაო წილად ხვდა...
      ტოტალიზატორში ერთი აყალმაყალია, მილოცვების კორიანტელი ტრიალებს.
      - მაშ, შენ ამბობ რომ ესენი ნამდვილი ცხენები არ არიან?
      - ჰო, ბორბლებიანი ცხენები არიან.
      - მერედა როგორ მოძრაობენ?
      - თითოეულ მაყურებელს უფლება აქვს მხოლოდ ერთხელ წაჰკრას ხელი თავის ფავორიტს და წინ გააგოროს, სინამდვილეში ვისაც ბევრი გულშემატკივარი, ანუ მეზობელ, მეგობარ, ნათესავ, ნაცნობი ჰყავს, ის იმარჯვებს.
      - მერე რა თავში იხლის ასეთ გამარჯვებას?
      - როგორ ვერ ხვდები, რა არიფი ყოფილხარ, სახელია მთავარი ძმაო, მერე სახელს სახეც მიემბმება და ერთ მშვენიერ დღეს სახელი სახე ცნობადი გახდება.
      - ის ცნობადი სახე აკეთებს ამ საქმის ორგანიზებას? ალბათ თავისი თავის მსგავსთა სიმრავლის ხილვა სურს.
      - არა, ორგანიზატორები სხვები არიან, აქ რთული სისტემაა, ასე ადვილად ვერ გაიგებ. ცნობადი სახე მიიწვიეს როგორც მეტრი, მომავალში კი კილომეტრების დაგებას აპირებენ.
      - ეტყობა ორგანიზატორები ძალიან ჭკვიანი ხალხია, ხუმრობა საქმე ხომა არ არის იპოდრომის ვნებათაღელვის დარბაზში გადმოტანა.
      - ჭკუისა რა მოგახსენო, მაგრამ მოხერხებულები ნამდვილად არიან. განსაკუთრებით ის ახალგაზრდა კაცი, ასე ხშირად რომ ჩნდებოდა ცისფერ ეკრანზე. მას ადრე მხოლოდ 800 ლარი ჰქონდა ხელფასი, შემდეგ წლებში მისმა შემოსავალმა 3000 ლარამდე აიწია. ადრე იგი ატარებდა ტრენინგებს თემაზე, თუ როგორ შევადგინოთ CV, და როგორ მივაღწიოთ წარმატებას კარიერაში, და აი სულ ეხლახანს მან შეძლო მიეღწია სანუკვარი მიზნისთვის, მისი ხელფასი 5000 ლარამდე გაიზარდა; მაგრამ ერთ რამეში ცდება!
    - რაში ცდება?
    - მას ჰგონია რომ ვეგეტერიანელობა ჰობია.
    - იცი, ერთმა ბრძენმა კაცმა მითხრა რომ ლურჯა ცხენები ვეგეტარიანელები არ არიან, უფრო მეტიც, ისინი კანიბალიზმით საზრდოობენ, კაცის ხორცს ჭამენ, რათა სული გაანთავისუფლონ მისგან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები