ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეთი-ეთი
ჟანრი: პროზა
17 აგვისტო, 2010


”შენ რომელსაც არასოდეს გცნობივარ”

        ზაფხულის უკანასკნელი დღე იდგა და შემოდგომის მოახლოების უცნაური სევდა ახლდა.მოწყენა ზღვასაც ეტყობოდა.ის ხომ მალე სულ მარტო დარჩებოდა.ალბათ ერთი-ორი თუღა მიაკითხავდა,ისიც საკუთარი ნაღველის გასაქარვებლად.ბედნიერებისას ხომ,ჩვეულებრივ,არავის ახსოვდა.თუმცა ჯერ დაზამთრებამდე დრო იყო და ისიც ოდნავ გაბუტული,მშვიდად ლივლივებდა.
        მე ზღვაზე ვიყავი.როგორც ყოველთვის.რა საოცარი ფერი ჰქონდა...არც მწვანე,არც ცისფერი,ალბათ უფრო ზღვისფერი.ნაპირზე ვიჯექი მზის ჩასვლას ველოდებოდი,მაგრამ ალბათ კარგა ხანს მომიწევდა ლოდინი,მზე თითის წვერებითაც არ ეხებოდა ზღვას.თბილი ქარი ქროდა და შეუმჩნევლად მეთამაშებოდა თმებზე.
        ლამაზი საღამო იყო...ძალიან ლამაზი.
        კიდევ ერთხელ გავზომე მანძილი ზღვასა და მზეს შორის და გამოგხედე.
თავი ჩემს მუხლებზე გედო და ისე ჩაგძინებოდა,თვითონაც ვერ გაგეგო.”მზის ჩასვლამდე დროა”-გავიფიქრე და ისევ დაგაცქერდი.ნუთუ ეს მართლა ასეა?!-თვითონაც არ მჯეროდა.”შენ და ზღვა”...მეტი რა უნდა მდომებოდა?...ბედნიერი ვიყავი
          ვაკვირდებოდი თითოეულ შენს ნაკვთს,თითოეულ წერტილს და სამუდამოდ ვიმახსოვრებდი.არასოდეს,არასოდეს მინახიხარ ასეთი მშვიდი და უდარდელი.მინდოდა სუნთქვაც კი შემეწყვიტა,ჩემი ოდნავი მოძრაობითაც რომ არ გამეღვიძებინე.
          ყოველი ადამიანი რაღაც მისიის შესასრულებლად იბადებაო,გამიგია.მეც ხშირად მიფიქრია,რა უნდა ყოფილიყო ის,რაც ცხოვრების მანძილზე აუცილებლად უნდა შემესრულებინა.
        ახლა რომ გეკითხა,გეტყოდი,შენ უნდა მყვარებოდი-მეთქი...
        ალბათ გაგეცინებოდა.
        მთელი სამყარო მინდოდა მეჩუქებინა,მაგრამ შემეშინდა,ამ უსასრულობაში არ დაკარგულიყავი და მხოლოდ პატარა ნაწილი-გული გაჩუქე.აქ კი ვერასოდეს დამეკარგებოდი!...კიდევ მქონდა შენთვის საჩუქარი-ეს ჩემი სიტყვები იყო.სიტყვები რომლებზეც ბევრად უფრო ნაკლებს ვლაპარაკობდი,ან ვწერდი,ვიდრე განვიცდიდი.მერე ისევ შემეშინდა ამ სიტყვებს არ დაეფრთხე და ისინიც ჩემთვის დავიტოვე...
          ”ქალი ან უნდა გააღმერთო,ან უნდა მიატოვო.ყველაფერი დანარჩენი სიცრუეა”.-რემარკი გამახსენდა.
          მეშინოდა,ვერ გამაღმერთებდი და მიმატოვებდი,ამიტომაც არ გაჩუქე ყველაფერი,რისი ჩუქებაც მინდოდა.
            მზე უკვე შეეხო ზღვის კიდეს.ცეცხლისფერი მასა ნელ-ნელა გადმოიღვენთა და წყალზე ბილიკად დაიღვარა.არა!...მე ვერასოდეს შევძლებდი გამეღვიძებინე მხოლოდ იმიტომ,რომ ჩემთან ერთად მზის ჩასვლაზე გეყურებინა.მე ბედნიერი ვიყავი,რომ დაისს შენს გვერდით შევხვდი...
            ზაფხულის უკანასკნელი დღეც მიილია.უკვე ბნელოდა.მზეს კარგა ხანია ზღვის მკლავებში ეძინა.სიცივისაგან გამაჟრჟოლა და ისევ გადმოგხედე.შენ...არ იყავი.არ გამკვირვებია...შენ ხომ არც არასოდეს ყოფილხარ.მე ჩემი მშვენიერი ილუზია და ზღვა მყავდა...როგორც ყოველთვის.
          გულის სიღრმეში რაღაც მაინც ჩამწყდა და ხმამაღლა გავიფიქრე ”შენ რომელსაც არასოდეს გცნობივარ”.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები