ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
19 ოქტომბერი, 2010


არდამჯერი ბავშვების დაუჯერებელი თავგადასავლები (თავი მეორე)


თავი მეორე


იმ დროს, როდესაც ინაინა დილეგში ცხარე ცრემლით ტიროდა და საშველად ლილიას უხმობდა, აკაკო ხტუნვა-ხტუნვითა და ღიღინ-ღიღინით მიუყვებოდა ბილიკს. Gგზას ტყის სიღრმისაკენ მიჰყავდა ბიჭი და დასასრული არ უჩანდა.
- რა გრძელი გზაა, ტყეც რა გაუთავებელია. თან არაფერიც არ ხდება, ნეტავ რა უნდა მოვუყვე ბავშვებს, საღამოს კოცონთან რომ შევიკრიბებით. - ფიქრობდა დადარდიანებული აკაკო და აქეთ-იქით ყურადღებით იცქირებოდა, “ეგებ რაიმე საინტერესო შევამჩნიო, რომ უფროსების დასაცინი არ გავხდეო”. აკაკო ხომ ყველაზე პატარა იყო ასაკით.
- მიშველეთ, მიშველეთ, - შორიდან მოესმა ბიჭს მუდარით სავეს ხმა. - აკაკო მიშველე, მიშველე.
- მართლა მესმის თუ მეჩვენება? - ჩაილაპარაკა პატარამ.
- მიშველე, აკაკო. მოდი, მიშველე. ინაინა ვარ. მოდი თორემ ვიღუპები. - ხმა, თითქოს ქარს მოჰყვებოდა და ქარსვე მიჰქონდა.
- ვაიმე, ნამდვილად ინაინას ხმაა. რაღა ვქნა, ნეტავ რა შეემთხვა? ორმოში ხომ არ ჩავარდა და ვეღარ ამოდის? - აკაკო ადგილზე დაბზრიალდა.- საიდან მესმის ხმა? თან თითქოს ძალიან ახლოსაა, არადა შორიდან ისმის. უნდა ვუშველო, მაგრამ როგორ? სად ვიპოვნო. ნიკოლოზი მაინც ვიცოდე სად არის. ერთად რაიმეს მოვახერხებდით.
- ნიკოლოზ, ნიკოლოზ სად ხარ? - თავგანწირვით ყვიროდა ბიჭი. - ჩქარა მოდი. ინაინას უჭირს, უნდა ვუშველოთ.
ცოტა ხანში სირბილისაგან აქოშინებული ნიკოლოზიც გამოჩნდა.
- რა იყო, რა მოხდა, რა გაყვირებს. შეგეშინდა?
- არა, არ შემშინებია. ინაინას ხმა გავიგონე. საშველად გვეძახის.
- კარგი რა, ვის ატყუებ. შენი დის ხასიათი მაინც არ იცოდე. რაც არ უნდა უჭირდეს დახმარებას მაინც არ გთხოვს. - ჩაიცინა ნიკოლოზმა.
- მიშველეთ, მიშველეთ, - ისევ გაისმა შორიდან სასოწარკვეთილი ხმა.
- გესმის? - ჩაიჩურჩულა აკაკომ.
- ჰო, ნამდვილად ინაინაა, -დაეთანხმა ნიკოლოზი. Nნეტავ საიდან მოდის ხმა?
- მიშველეთ ჩქარა, ჩქარა თორემ დრო იწურება. - კვლავ მოჰყვა ქარს გოგონას ხმა.
- ვფიქრობ მარცხნივ უნდა წავიდეთ, რაღაც მთა მოჩანს. ვგონებ იქიდან ისმის. შეიძლება ინაინა მთაზე აძვრა და ვეღარ ჩამოდის. ჰო, ნამდვილად ასე იქნება. - თავს იმშვიდებდა ნიკოლოზი. - რამდენს დავცინებ მთიდან რომ ჩამოვიყვან? სულ რომ გვეტრაბახება, ყველაზე მაგარი ვარო.
- წამოდი ჩქარა, დროს ნუ ვკარგავთ. ვფიქრობ საქმე უფრო სერიოზულადაა ვიდრე შენ გგონია. - ააჩქარა აკაკომ ნიკოლოზი.
ნიკოლოზმაც შესანიშნავად იცოდა, რომ გოგონას რაღაც უბედურება შეემთხვა, მაგრამ პატარა აკაკოს შეშინება არ უნდოდა და ცდილობდა ბიჭი გაემხიარულებინა.
- კარგი წავიდეთ, თორემ საცაა მოსაღამოვდება. - ბიჭები სირბილით გაუყვნენ გზას. სოფელიც ჩქარი ნაბიჯით გაიარეს. Gგზად არავინ შეხვედრიათ.
- კი მაგრამ ამ სოფელში ნეტავ არავინ ცხოვრობს? - იკითხა აკაკომ.
- რა ვიცი, საკვამურებიდან ბოლი კი ამოდის. ეტყობა რაღაცის ეშინიათ და იმალებიან. მაგარამ ახლა მაგის დრო არ გვაქვს. მთაზე უნდა ავიდეთ. ხედავ მწვერვალზე კოშკი რომ დგას?
- ჰო.
- ჰოდა ხმაც სწორედ იქიდან მოდის. - აუხსნა ნიკოლოზმა პატარას.
- შენ რა იცი?
- მიშველეთ, მიშველეთ. - უკვე ახლოდან ისმოდა ინაინას ხმა.

- სწორი ხარ, ინაინა კოშკშია, - ვიჩქაროთ. - ბავშვებმა სწრაფად აიარეს აღმართი და კოშკს მიუახლოვდნენ. უზარმაზარი კარი თავისით გაიღო. კოშკიდან ქალის ძალიან სასიამოვნო, ნაზი ხმა გაისმა:
- გთხოვთ შემობრძანდეთ პატარებო, ინაინა გელოდებათ. - ქალის თხოვნა იმდენად მიმზიდველად მოეჩვენათ, რომ ბიჭები დაუფიქრებლად შეცვივდნენ დარბაზში. მაგრამ ოთახი ცარიელი აღმოჩნდა.
- ვეღაცამ ხომ დაგვიძახა, ნეტავ სად გაქრა? - იკითხა აკაკომ. - ალბათ მოგვეჩვენა.
- ინაინა სად ხარ, მოვედით. - წამოიძახა ნიკოლოზმა. Uუცებ მათ თვალწინ საშინელი შესახედაობის ქალი-ჩონჩხი წამოიმართა.
- აააააააააა, მოხვედით გველის წიწილებო? ახალავე წაგიყვანთ თქვენს დაიკოსთან. ერთად მხიარულად იქნებით. - ხრიალით მიმართა ქალმა ბიჭებს. Pპატარა ჭინკებმა ბავშვებს ხელი სტაცეს და ინაინასთან ნესტიან, სარდაფის ბნელ დილეგში შეაგდეს.
- ინაინა შენ ხარ? - იკითხა აკაკომ.
- მე ვარ ძამიკო, მე. - ატირდა ინაინა.
- რა გატირებს? რამეს მოვიფიქრებთ. - სცადა გოგოგნას დამშვიდება ნიკოლოზმა.
- როგორ რა მატირებს, სულ ჩემი ბრლია ამ დღეში რომ ჩავცვივდით. - არ ცხრებოდა გოგონა.                         
- კარგი რა, შენ რა შუაში ხარ, ჩვენ არ უნდა აგყოლოდით, ბოლოს და ბოლოს ბიჭები ვართ, მეტი ჭკუა უნდა გვეხმარა. - უპასუხა ნიკოლოზმა.
- იმედი მაქვს მალე ლილია მოვა და გაგვათავისუფლებს.
- რა იცი? - ჩაეკითხა ნიკოლზი.
ინაინამ ჯიბიდან სარკის ნატეხი ამოიღო.
- ეს რა არის? - ერთხმად იკითხეს ბიჭებმა.
- არ გახსოვთ? ეს ხომ ლილიას სარკის ნატეხია. სიზმრის ქვყნის, ჯადოსნური სარკის ნატეხი. თუმცა, თქვენ საიდან გეცოდინებათ, ეს სარკე ხომ ლილიამ საიდუმლოდ გადმომცა, თან დამარიგა: მხოლოდ  მაშინ გამოიყენე, როცა ძალიან გაგიჭირდებაო.
- ვითომ ჩვენ რატომ არ გვითხრა, ან შენ რატომ დაგვიმალე? - გაბუტული ხმით იკითხა აკაკომ.
- ჰო, არ გვენდე? - აჰყვა ნიკოლოზი აკაკოს.
- მე უფროსი ვარ და იმიტომ იმიტომ გამანდო მარტო მე. თანაც რა დროს გაბუტვაა, გაგიჟდით? - ხმას აუწია ინაინამ. - ახლა ლილია უნდა გამოვიძახოთ.
- როგორ? - ერთხმად იკითხეს ბიჭებმა.
გოგონამ სარკეში ჩაიხედა, ერთხანს დაჟინებით უცქირა, ბოლოს კი ჩურჩულით დაიწყო:
- ლილია, მოდი ლილია
        თორემ დღეც კი დაილია,
        ცრემლები ვეღარ შევიშრეთ
        მოდი, გვიშველე ლილია.
ძმები გაფართოებული თვალებით შესცქეროდნენ ხან ინაინას, ხან კი სარკეს. ამ დროს სარკე უცნაურად გაბრწყინდა და ბავშვებმა ლილიას ბუნდოვანი გამოსახულება დაინახეს.
- ინაინა, აკაკო, ნიკოლოზ, ნუ გეშინიათ. ვიცი რაც ხდება თქვენს თავს. მალე მოვალ და ყველაფერს თავის ადგილს მივუჩენ. ქალი-ჩონჩხიც, რაც დაიმსახურა იმას მიიღებს. - ამის შემდეგ ლილიას სახე გაქრა და სარკემაც ბრწყინვალება დაკარგა.
ბავშვებს ისღა დარჩენოდათ, ლილიას დალოდებოდნენ. გარშემო სიჩუმე გამეფებულიყო. ამ დროს კარის შემზარავი ჭრიალი გაისმა, სარდაფში ქალი-ჩონჩხი რამოდენიმე ჭინკასთან ერთად შემოვიდა.
- როგორ ხართ ჩემო ბარტყებო? - შემზარავად ახრიალდა ქალი-ჩონჩხი. - ხომ არ მოგშივდათ? მიირთვით გემრიელი სადილი. - ჭინკებმა ბავშვებს დაობებული, გამხმარი, შავი პურის ქერქი შეუგდეს. იქვე, კართან კი ძველი, გალაყებული წყალი დაუდგეს ტოლჩით.
- ჰა, ჰა, ჰა, გემრიელად მიირთვით, - ახორხოცდნენ ჭინკები და კარისაკენ მიმავალ ჩონჩხს აედევნენ. თან გაიძახოდნენ, - დაგველოდე ქალბატონო, დაგველოდე, არ დაგვტოვო. სიზმრის ქვეყანაში კი ამ დროს ძალიან უცნაური ამბები ხდებოდა. სარკე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მშვიდად იყო, აზანზარდა, გაბრწყინდა და სისხლისფერი ცრემლებით ატირდა.

გაგრძელება იქნება


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს