ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნატალია
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2008


მთელი

ჰაერი გავაპოთ,
გადამფრენი ფრინველების გუნდად ვიქეცით
მე და შენ წუხელ.
ჰაერი ჩემია,
სოლივით უნდა ჩავეჭიდო შიგ გულის გულში!
ჭიქა შევუდგი,
ციდან წვეთავდა მათრობელა წითელი წყალი,
ნახევარი შენ, ნახევარი მე.

შენი გემო ჰქონდა წყალს და
ჩემი გემო ჰქონდა და
გამიკვირდა, ერთ ჭიქაში ორი გემო
როგორ ჩავასხი...
ამიწიე ცა,
მხრით შეუდექი,
ნაპრალებიდან დღე შემოუშვი ქარის ბოლქვებად,
ამივსე ჰაერით,
სუფთა  ჰაერით, გრილით ამივსე,
ნახევარი შენ, ნახევარი მე.
მაღლა ამწიე, გადმომახედე.

თუ არადა,
ისე ვეკვრი ამ ცხელ ნიადაგს,
როგორც შენ, მაშინ, დედაშენის ჭაღარა თავს,
ცივ და მჭკნარ ხელებს,
სადღაც, სხვაგან რომ მიასვენებდნენ.
მე ვიქნები მიწა რომელსაც
მას სხეულზე გადააფარებ.
თხის გალიის ტყვეობაში ვარ.
წყალი დამასხი,
სინათლეში  ხელახალი თვალის გახელის
წვრილ ყვითელ ყვავილს
შენს ხელებქვეშ აღმოვაცენებ.
რატომ გაჩერდი?
რატომ?
შენც მიწა ხარ?
მაშ ჩვენ მიწა ვართ?..
ნახევარი შენ, ნახევარი მე...

ალიზის ჭიშკარს ოდნავ შეღებულს რატომ ტოვებენ!
მე კიდევ მინდა დაბადება!
მე ისევ მინდა დავიბადო!
მე არ მეყო ჩემი ცხოვრება!
მე ისევ მშია!
გაჭრილ წითელ ლენტს-ჩემს დროის მარაგს
იმ ბავშვების საათი ზომავს,
წეღან ბევრი რომ ითამაშეს მორთულ ოთახში,
ხელში ჩაემტვრათ კალის მყიფე ჯარისკაცები
და დედების შემოსვლამდე ხალიჩას გვიან.
მათი დროის მბრუნავი სცენა
აახლოებს სისუფთავის და სიმშვიდის საათს.

ახლა კალას გადაადნობენ,
ახლა ბუშტები  ადუღდებიან,
დახეთქვამდე კი დაყვირებას მოასწრებენ-
გამამთელეთ!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები