ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 იანვარი, 2011


გურამ ასათიანი (ახალი პოეტიკის სათავეებთან)


რასაკვირველია, ჩვენ მხედველობიდან არა გვრჩება, რომ ამ დროს არსებობდა ვაჟას უაღრესად თვითმყოფადი პოეზია, რომელიც, ერთი ქართველი მწერლის თქმისა არ იყოს, ისეთი ცომისგან იყო გამომცხვარი, რომლის პურს არც ერთ ქვეყანაში არ ჭამდნენ.

ჩვენ აქ მხედველობაში გვაქვს საერთო პოეტური ატმოსფერო, უფრო სწორად, ის ინერცია, რომელიც ამ პოეტური პროცესის მამოძრავებელი იყო მაშინ.

ვაჟა-ფშაველას მოსვლა ქართულ პოეზიაში უდრიდა მთელი სამყაროს აღმოჩენას, მაგრამ ისტორიული სიმართლისათვის უნდა ითქვას, რომ ახალი ქართული პოეზია იმ დროს არ წასულა მისი გზით (თუმცა შემდეგი მან იქონია უაღრესად ძლიერი და კეთილისმყოფელი ზემოქმედება ზოგიერთი ქართველი პოეტის შემოქმედებაზე).

როგორც აღიარებდნენ, ჭეშმარიტი იდეურ-შინაარსობრივი განახლება ქართულ პოეზიაში ოქტომბრის რევოლუციისა და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოხდა, მაგრამ საჭიროა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ რეალისტური მწერლობის საბოლოო ჩამოყალიბებამდე ქართულ პოეზიაში (განსაკუთრებით, ლირიკაში) ადგილი ჰქონდა ფორმალურ ძიებებს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელი აღმოჩნდა თანამედროვე პოეტური ხელოვნების შემდგომი განვითარებისთვის.

არ არის მაინცდამაინც შესაშფოთებელი, რომ ეს ცვლილებები თავის დასაწყისში რაღაცნაირად დაკავშირებულია სხვადასხვა, ჩვენთვის მიუღებელ „იზმებთან“. ხომ ცნობილია, რომ რუსული პოეზიის რეფორმაციაც მოახდინეს ისეთმა პოეტებმა, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით გარკვეულ დროს ახლოს იდგნენ სხვადასხვა მოდერნისტულ სკოლებთან: ბლოკი – სიმბოლიზმთან, მაიაკოვსკი – ფუტურიზმთან, ესენინი – იმაჟინიზმთან.

არ იქნებოდა სწორი, გვეფიქრა, რომ ფუტურისტ მაიაკოვსკის არაფერი საერთო არ ჰქონდა საბჭოთა პოეტურ მაიაკოვსკისთან. რასაკვირველია, მისმა პოეზიამ განიცადა ღრმა ევოლუცია საბჭოთა ხელისუფლების წლებში. მაგრამ მისი შემოქმედების ძირითადი პოეტური არსენალის, ფორმისა და ტექნიკის ჩამოყალიბება დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მას თავისი თავი სამაგალითო ფუტურისტად მიაჩნდა.

ჩვენ არ გვინდა საქმე ისე წარმოვიდგინოთ, თითქოს ქართველმა დეკადენტებმა შექმნეს ახალი პოეტური ყალიბები, რომლებშიაც შემდეგ ჩამოსხმული იქნა თანამედროვე ქართული პოეზია. ჩვენ მხედველობაში გვაქვს მხოლოდ ის გარემოება, რომ ახალი ქართული პოეტიკის შექმნის პროცესი, ცალკეული ძვრების, ძიებებისა და მიგნებების სახით, დაიწყო უკვე მაშინ, როდესაც XX საუკუნის გამოჩენილ ქართველ პოეტთა უმრავლესობას ჯერ კიდევ არ, ჰქონდა დაძლეული მოდერნიზმის გავლენა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ გარემოებამ თავისი უარყოფითი დაღი დააჩნია ახალ ქართულ პოეტიკას. ამის გამო ეს პროცესი მიმდინარეობდა ძალზე რთულ ფორმებში, ღრმა შინაგანი წინააღმდეგობით.

შემდეგში, როდესაც გალაკტიონ ტაბიძის კვალდაკვალ თითქმის ყველა „ცისფერყანწელი“, ისევე როგორც ფუტურისტების ყოფილი მეთაური სიმონ ჩიქოვანი, საბოლოოდ გადმოვიდა რეალისტური ლიტერატურის პოზიციებზე, როდესაც ქართულ პოეზიაში ძველ, ნაცად ოსტატებთან ერთად მოვიდა ახალი ძალები, ბევრი რამ იმ პოეტური სახეებიდან და ფორმებიდან, რომლებიც მოდერნისტებმა დანერგეს ლექსში, უცხო და მიუღებელი აღმოჩნდა თანამედროვე ქართული პოეზიისთვის.

„ცისფერყანწელებმა“ ეს იგრძნეს უკვე ოციან წლებში, ხოლო უფრო გვიან მათ შეძლეს მთლიანად გათავისუფლებულიყვნენ სიმბოლიზმის გავლენისგან. ეს იყო, რა თქმა უნდა, რთული და მტკივნეული პროცესი, ცალკეული ჩავარდნებით, შეცდომებით და უკანასვლებით. მაგრამ იგი მაინც მნიშვნელოვნად გააადვილა ერთმა ფრიად საგულისხმო გარემოებამ: საქმე ისაა, რომ „ცისფერყანწელთა“ უმრავლესობისთვის სიმბოლისტური მსოფლგაგება სინამდვილეში არასოდეს არ ყოფილა ბოლომდე ორგანული სტიქია.

საზოგადოდ, დეკადანსის გავლენა არცთუ ისე ღრმა აღმოჩნდა ქართულ პოეზიაში. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ ისეთ პოეტს, როგორიც იყო, მაგალითად, ტიციან ტაბიძე, „ცისფერი ყანწების“ არსებობის დროსაც დაწერილი აქვს არაერთი ლექსი, რომლებშიც ნამდვილად იგრძნობა როგორც რეალისტური მსოფლშეგრძნება, ისე ღრმად ნაციონალური ხალხური კოლორიტი, რაც სრულიად უცხო იყო „კლასიკური“ სიმბოლიზმისათვის.

ყოველივე ამის გამო ჩვენ უფლება არა გვაქვს, ხაზი გადავუსვათ ყველაფერს, რაც ქართული პოეზიის უფროსი თაობის წარმომადგენლებს შეუქმნიათ მანამდე, ვიდრე ისინი გარკვევით და სამუდამოდ დაადგებოდნენ რეალისტური შემოქმედების გზას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები