ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2011


ნიკალა

რიყის ქვაზე დადებული მადლი,
მზე სარდაფში სტუმრობს თავის ყონაღს,
გაუმარჯოს გულთაფლიან ნადიმს,
ალავერდი ილიას და შოთას!

გამოწვდილი ფუნჯის წვერზე ფეთქავს,
სხივი მთვარის გასროლილი შირაქს,
თბილისს თითქოს გადაპენტილს თეთრად,
მწვანე თივის სურნელება ასდის...

კიბის კიდეს  - გადარაზულ საკეტს,
სამუდამოდ შეახიე ღამე,
შორით, სადღაც მოციაგე ნათელს -
მარგარიტას ღიმილივით აღებ.

და შენს საფლავს რიყის ქვებით სავსეს,
გადაკარგულს ცხრა მთას იქით ცაში,
ჭიქით ხელში ნამუსიან კაცებს,
ჯავრის ცრემლი ეჩხირებათ ყელში.

გამოწვდილი ფუნჯის წვერზე ფეთქავს,
სხივი მთვარის გასროლილი შირაქს,
თბილისს თითქოს გადაპენტილს თეთრად,
მწვანე თივის სურნელება ასდის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები