ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: gugua
ჟანრი: პროზა
20 აპრილი, 2011


აღდგომამდე...

    – თუ შეიძლება ლურჯი „კომეტი“ მომეცით, ოღონდ მარტო ლურჯი წარწერით კი არა, მთლიანი ლურჯი კოლოფით!
    –  მოიცა შვილო, აბა ვნახო, გამოგზავნილი არის თუ არა... კიი, ყოფილა, ყოფილა... მიპასუხა და ლურჯი „კომეტი“ გამომიწოდა ხნიერმა ქალბატონმა.
    ხელი ჯიბეში ჩავიყავი და ქაღალდის ფული ბღუჯად ამოვიღე. გამეცინა, ხელფასი წინა დღით მქონდა აღებული და ჯიბეში ჩამრჩენოდა. ფულის ერთბაშად გამოჩენა არ მინდოდა და აქეთ-იქით გავიხედე. ყურადღებას არავინ არ მაქცევდა, დავმშვიდდი და ორი ცალი ლარიანი ამოვაძვრინე...
      – იქ ქაღალდის ლარიანი კიდევ მიმოქცევაშია? აქ მხოლოდ რკინის ლარიანი და ორლარიანიღა შემოდის – რატომღაც შემომცინა ახალგაზრდა ქალმა.
      – ახალი ხარ? დაინტერესდა ხნიერი ქალბატონი.
      – კი, დღეს დილით მოვედი... სანამ ალაყაფი დაიკეტებოდა, გასვლა დავაპირე, მაგრამ ვიღაც მოძვრებოდა ურიგოდ, დამეჯახა და ქუდი დამაგდებინა... ამან დამაყოვნა და ვეღარ მოვასწარი გასვლა...
      – არა უჭირს, შვილო, შეეჩვევი... ჩვენც ასე ვიყავით პირველად... მთავარია ყვავილების ფესვებს არ შეეხო, განსაკუთრებით კი გადმორგული ყვავილების ფესვებს ერიდე, სათუთია და მალე ზიანდება...
      – აქაურობასაც აქვს თავისი ხიბლი და სილამაზე! რამდენიმე დღეში აღდგომა იქნება და შენ თვითონ  დარწმუნდები... როცა ჩვენი ჭირისუფლები სააღდგომო წითელ კვერცხებს დააგორებენ, რომ შეხედავ, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა გეგონება... – ფიქრებში წავიდა ახალგაზრდა ქალი.
      – შარშან  ჩემმა ქალიშვილმა პატარა ბიჭიც მოიყვანა. ცოტა ხანს ისხდნენ, მერე ახლო-მახლო მიმობნეული წითელი კვერცხები და პასკის ნაჭრები მოაგროვეს, ჩუმად  ჩაიწყეს ჩანთაში და მორიდებულად გასასვლელისკენ წავიდნენ... გული დამეთუთქა, ალბათ ახლა უფრო მეტად უჭირთ... – თვალცრემლიანმა თქვა ხნიერმა ქალბატონმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები