ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2011


გუშინ და დღეს...

  ნერვები დაცოცავენ მთელ ტანზე დამცინავად...
  მომეფერე, მტკივა...
  ის წლები მტკივა, როცა თვალწინ დაგვიწვეს სახლი...
  როცა შენს ხელებს ვაპარებდი ჩუმად მზერას
  მშიერი ბავშვი.
  როცა ღონემიხდილი მაინც ღიმილით ვამბობდი, ვილოცოთ მეთქი...
  მე მაშინ ვიპოვე ღმერთი.
  სიამაყემ გვძლია.
  ვერ ვითხოვეთ მოწყალება ქუჩაში.
  მერე საწამლავი ვყლაპეთ ცრემლებთან ერთად.
  შეშლილებად შეგვრაცხეს.
  თეთრ კედლებს შორის დაგვიდეს ბინა.
  ის წლები მტკივა, ჩვენი ოთახის ფანჯრიდან შემოლეწილი სიცივე და წვიმა რომ გვისველებდა საწოლს...
ნერვები მილოკავენ ცრემლებს...
მტკივა!
––––––––––––––––––––––––

ოთახში თბილა – ერთმანეთის სიყვარულით ვათბობთ.
აღარ ატანს წვიმის წვეთები ჩვენს ფანჯრებს,
აღარ ასველებს ჩვენს ოთახს სიცარიელე.
ვეღარ ამოგვსვრიან ტალახში...
ჩამოვიბანეთ ნერვები...
ტკივილები...
აღარ ვიფარებ ხელებს ყურებზე,
აღარ მეშინია ხმაურის,
თეთრი ფერის...
აღარც კუთხეში ვიმალები ავტომატის ხმაზე...
დავხიე წარსულის ბარათები,
დავწვი.
აღარც სიკვდილის მეშინია...
ჩვენ აღარ ვცხოვრობთ სუიციდის ქუჩაზე...
მომეფერე დეე!

22 მარტი - 2010
 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები