ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გვანტსულა
ჟანრი: დრამატურგია
20 სექტემბერი, 2008


- აქ რადიოს იჭერს? - .... - ჰა?! (მინიატურები)

- აქ რადიოს იჭერს?
- ...
- ჰა?
- ნწ...

* * *
წარწერა ძველ შენობაზე: "ამ სახლში ცხოვრობდა იესო ქრისტე"
ქვემოთ კი მინაწერი წითელი ფერის პულივიზატორით - "მიყვარხარ!"

ზღვის ქვიშამ ბავშვი ჩაითრია და თევზი გამორიყა, ცისარტყელა გაშავდა და მზეზე გაწვიმდა. აპრილის ჩრდილების ჩრდილების ჩრდილები შვებულების გასატარებლად აჩრდილთა ქვეყანაში გაემგზავრნენ. დარჩა მე და კოკაინი.

* * *
წარწერა ნაგვის ყუთზე: "ჩაყარეთ მხოლოდ ნაგავი. ახალშობილები დაუბრუნეთ ოჯახს" ყუთის გვერდით - პამპერსები და გასვრილი ზეწრები.

თურმე, უწინ ზანგებს კი არ ამონებდნენ და ამუშავებდნენ, არამედ თვითონ იყიდებოდნენ ზანგებზე, მერე მათგან შვილებს აჩენდნენ, აღრეუილი სისხლის შედეგად კი გავჩნდით ჩვენ - ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ჩვილები.

* * *
- ხურდით ვერ დამეხმარები?
- ...
- ჰა?!
- ნწ!

* * *
წარწერა თეატრის კედელზე: "აქ ცხოვრობდნენ: სანდრო ახმეტელი, კოტე მარჯანიშვილი და ერთი მსახიობი"
მომაკვდავი არტისტი კი სარეცელზე მხოლოდ სცენის მტვერს ნატრულობდა...

თამაშდებოდა ყველა როლი, თამაშდებოდა ყველა სახის ღიმილი, თამაშდებოდა გულები, გრძნობები, ფულები... თუმცა არ თამაშდებოდა წრფელი გამოხედვა...

* * *
წარწერა კიბის ქვეშ, სარდაფის კართან: "აქ ცხოვრობდა ფიროსმანი" და გვერდითა კედელზე ფერთა გამა...

ოთხი ახალგაზრდა, კოჭებამდე ნაჭრის შარვლით, მუხლამდე პალტოთი, ჭრელი კაშნით, ბერეტს ქვევით გრძელი თმით, ახალი წვერ-ულვაშით და გრძელი ჩანთით მხატვრობასა და ლიტერატურას დინჯად განიხილავს: თურმე, ნიკალას ვიღაც ბალერინა ჰყვარებია, რომელიც ფულის გამო კაცებთან წვებოდა. გალაკტიონი, კი იმდენად უყურადღებო ყოფილა, რომ საკუთარი შვილი ქუჩაში, მტვერში წაქცევია! თან თავს აქნევენ - "ამხელა მხატვარს მეძავი როგორ შეუყვარდა, ტაბიძე რა ცუდი მამა ყოფილა, ნწ, ნწ, ნწ!"

* * *
წარწერა კარიბჭეზე: "შევიდე სახლსა შენსა ...." და წკრიალა "კირილეისონ".

დედამიწაზე კაცს მიასვენებენ, კარიბჭესთან კი - "კირილეისონ"...

* * *
- აქ რადიოს იჭერს?
- ...
- ჰა?!
- ნწ...


20.09.08

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიო ზედვაკელი ვულოცავთ დაბადების დღეს