ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გეგას
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2011


მეზღაპრე

არწივის ნისკარტით ღვიძლი მაქვს ნაკორტნი,
ფასკუნჯის ჭანგებმა ხორცი დამიფლითეს,
გაჩენის დღიდან რამდენჯერ ვეწამე,
ყველაზე ვერ ვიტყვი – გამგები გაიგებს.

უხსოვარ დროიდან  ვთელავდი ბილიკებს,
ნიორის ნაფრცქვენებს გზადაგზა ვყრიდი,
გრძელ ყურებს ვახევდი ავყია ოჩოკოჩს
ალების დალალებს ხახაში ვჩრიდი.

წიქარას ქეჩოზე სალამურს ვაკვნესებ
არა ვარ ქარბუქი, ვარ სიო დილის
ხანაც შიკრიკი ვარ მზეთუნახავებთან
გაუცინარი ხელმწიფის შვილის.

დევებს რქებს ვამსხვრევ ლახტით და მათრახით
ბროლის კოშკებიდან ყამარ–ქალს ვიტაცებ,
ჭინკებს სულს ვართმევ კოპალას სატევრით
სულ ოქროს თევზები მოჰყვება ჩემ ფაცერს.

მზეს ქალი წავგვარე მწველსა და მცხუნვარეს
ტოტები ვამტვრიე ელიას ბაღებში,
უფსკრულშიც ჩავედი ძმათა საძებნელად,
ჭოტივით ვიფრინე ქვესკნელის თაღებში.

ცამცუმის მაგივრად დალს გვერდით მივუწექ,
ქვას წვენი ვადინე და მიჯნურს ცრემლები,
მუჭანახევარა ცხრაჯერ ვაცემინე,
გულღრძო გველეშაპიც მე მიცქერს ყვედრებით.

დავსაჯე უზნეო ქოსამატყუარა,
სპილოთა მეფე დაბლა დავანარცხე,
სულ გიმტკიცებდი, რომ ბოლოსდაბოლოს
კეთილი ბოროტს ნაღდია, ამარცხებს.

თუ მინდა, მფრინავ რაშს ფაფარს დავუწნავ,
კუდიან დედაბერს დავითრევ კუდით,
სახლში ვესტუმრები მთვარეს და ვარსკვლავებს
მე – ჩემი ზღაპრების ვეება გუდით.

მგლის მუხლით ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადავსერე,
ბადრი და უსუპი გვერდით მომყვებიან
ტყუილებს ჩმახავსო, ვიღაცა დამწამებს
არადა, ჩემ ამბებს შვილებთან ყვებიან!

სინათლეს ვეძებდი, სიმართლეს ვთესავდი,
ვაჟკაცებს გიზრდიდი ოქროსქოჩრიანებს –
უშიშრებს, გულადებს, ლამაზებს, ჭკვიანებს –
დავითებს, ვახტანგებს, ცოტნე დადიანებს.

ნუ შეგაშინებენ ქაჯი და ეშმაკი –
ჭიაკოკონობას კოცონი ბრიალებს
ჩემო საქართველო, მე ისევ აქა ვარ –
შენს გულში, შენს სულში, შენ თვალწინ ვტრიალებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები