ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პროზა
29 ნოემბერი, 2011


სადღაც დედამიწაზე


 
                                                                    I

        ერთი-ორი, ერთი-ორი.... ისე არხეინად დავაბიჯებ და ვხტუნავ ვაჟა-ფშაველას ეგრეთწოდებულ  ,,იამკებზე’’ თითქოს ეგაა და მთვარეზე შევდგი ფეხიო, მაგრამ რა მთვარეზე... მე ერთი მორიგი ფოსტალიონი ვარ. დიახ, დიახ, არ ცდებით, ოცდამეერთე საუკუნეა, აღარაა ეს პროფესია მოდაში და არც მე ვარ ფოსტალიონი... მაგრამ რამ გამყო მისგან?! მხოლოდ იმან, რომ ჩემი მიტანილი წერილები არავის აღელვებს, დავატარებ გაზის ქვითრებს მთელი დღე, ვურჭობ კარებს მიყოლებით და დავხტუნაობ სართულიდან სართულზე. კარს არავინ მიღებს მრავალსართულიანებში მონავარდე დალოცვილი ლიფტის მეტი. მგონი ის ერთადერთი კარებია ვაჟაზე, რომელიც ქვითარს არ მთხოვს, მისვლისთანავე იღება და მის კედელზე, სარკეში გამომწყვდეული ჩემი გამომეტყველება კეთილი ღიმილით მპატიჟობს შინ. კარგია, მიყვარს იქაური აურა.. ზედმეტს არაფერს მეკითხება და დასვენების საშუალებასაც მაძლევს, მაგრამ როცა მოვწყინდები მოურიდებლად გამომისტუმრებს ხოლმე უკან.
      აჰა! გადავკვეთე ერთხელაც მარიჯანის ქუჩა... დგანან მუშები ბაბილონისგოდოლისოდენა ხარაჩოზე  აფერადებენ კორპუსს- ზუსტად ისე პატარა ბავშვები რომ კონტურებიან გასაფერადებელ რვეულს აფერადებენ ხოლმე... ოთახები აშკარად დასამთავრებელია, კედლები-გასალესი, კარებები-გასაკეთებელი, ლიფტი ჯერ არ გაუყვანიათ, აიხედავ მაღლა და ცხოვრობს ვიღაც მამაცხონებული მეთორმეტე სართულზე!  მხოლოდ ის ერთადერთი ფანჯარაა ჩასმული, მხოლოდ მანდ კიდია ფარდები, თუ ვინმე სადარბაზოში შევა ესეიგი მათთან მიდის. და.. მეც მხოლოდ მათთვის უნდა ავიარო თორმეტი სართული ფეხით!
აი, ავდივარ მეათე სართულზე და მესმის მოხუცის ყვირილი ზემოდან: გოგო, ჩქარა გადაუსვი ტილო მტვერს თორემ არ გესმის, მოგვადგა სტუმარი კარზე! ტელევიზორი გამორთე დროზე! რას იტყვიან ახლა გაასვენა კაციო! მივადექი კარებსაც და მოთქვამს მასპინძელი... კარებზე უცნაური წარწერა აქვთ გაკეთებული: ,,ვინაც ჩემი ლაპარაკი მოისმინოს იმას ჩაენგრეს ჩამავალი კიბეო!’’ გაფაციცებით მოვძებნე მათი ქვითარი ჩანთაში და დავუწყე ღიტინი კარებს, თუმცა ეს სიფრიფანა დასაკუჭი და დასაგლეჯი ქაღალდი ვერადა ვერ შევტენე ღრიჭოში! გაიღო უცებ კარი და შეწუხებული, თავშალწარული ქალი მიყვირის:
- შენი სამასხარაო ვარ ამხელა ქალი?! -მე გამიკვირდა და უჩვეული ღიმილი დამეკაწრა სახეზე.
-მეცინება მე?! უნამუსო თაობა!
- ქალბატონო, როგორ გეკადრებათ.... -ის მაინც აგრძელებს.
-არ დაგეზარა ამხელა კიბის ამოვლა მხოლოდ ამისთვის?! მხოლოდ ჩემი ნერვების მოსაშლელად?! რა გინდათ, რას გადამეკიდეთ?!-ტირის...
-სწორედაც, ქალბატონო, სწორედაც რომ...
-სწორედაცო?! გამოდი, გოგო, გამოდი, დაენახე ამ უსირცხვილოს! -თქვა და გამოვარდა თითისტოლა ბავშვი დასველებული თვალებით. -ცოდო არა ვართ ახლა ჩვე?! მაღაზიაშიც ვერ ჩამიგზავნია, პატარაა, ვინმემ რამე უთხრას, მე ვინ მომცა გამოსარჩლების უნარი?!-გულში ვიფიქრე დიახ,, ქალბატონო, სად შეგიძლიათ თქვენ მაგდენი-მეთქი. -ხოდა დავფახფახებ ამხელა ქალი კიბეებზე, ძლივს მიდგას სული, შენ კიდე ჩემს გამოსაჯავრებლად ამოიარე თორმეტი სართული?!
-მოითმინეთ, ქალბატონო,-ძლივს შევბედე მე, -სწორედაც, რომ მხოლოდ მაგისთვის არ ამოვიდოდი, ქვითრებს დავატარებ, აქ ამოსვლამ გადამღალა და...
-ქვითრებსო?! მაგის გადახდის თავი მაქვს ახლა მე?!
-ქალბატონო, ეგ ჩემს კომპეტენციაში არ შედის, უბრალოდ ჩვეება მოგიტანეთ..
-რაის ჩვენება?! გაზი მე არ ჩამირთავს და პლიტა, პური მაქვს ამოსატანი და მაგით ვაპირებ საუზმის გადატარებას, მე უბედური მე! აბა, ვიყო ჩემს გურიაში, ვინმე დამზარდებოდა ამისთვის?...
          მეუხერხულა, ახალგაზრდა გოგოს.... შევთავაზე მე ჩავსულიყავი მის მაგივრად, არადა არ გამიშვა, მოატანინა თავის ოქროს შვილიშვილს ცარიელი საფულე და დაუწყო 5-თეთრიანებს თვლა. თავი დავივალდებულე, საკუთარ ხარჯზე გადამეტანა მათი საუზმე...
          მაღაზიიდან პური გამოვიტანე და მაღლა ავიხედე, უცებ მეთორმეტე სართულზე ფანჯარას ფარდა ჩამოეფარა. ავედი და ვხედავ ორ მომღიმარ თავს.
-აი, ინებეთ, ქალბატონო, მიირთვით, შეგარგოთ....
-უი, დაუჭრელია?.. წუწუნით ჩაილაპარაკა ჩემმა ,,ქალბატონმა’’ და ცალყბად მადლობა მომაძახა.როცა ჩამოვდიოდი მისი წამოძახილი გავიგონე:თუ რამეს აკეთებდი მარილიც მოგეყარა შე ქალოო...ძალიან გავბრაზდი, მაგრამ შეკამათება არ ღირდა. მაღაზიას რომ ჩავუარე ზევით ავიხედე და მოხუცის ცინიკურ ღიმილს წავაწყდი. სწორედ მაშინ შევამჩნიე, მისი ქვითარი ხელში მეჭირა და მკაცრად მთხოვდა პატრონთან დაბრუნებას. ვაიმე! ისე ვიყავი აბობოქრებული სამყაროს წინააღმდეგ რომ გამწარებულმა ეს უსარგებლო ნივთი ჩანთის ,,ზმეიკაამწყდარ’’ განყოფილებაში ჩავტენე. მოხუცმა დამინახა, მაგრამ არხეინად გადასწია ფარდა. ახია ჩემზე მეთქი ვიფიქრე და სახლისაკენ გავეშურე.

                                                          II
    ჩემი ქმარი მოსულა, მომიალერსა დაქანცულ,  ორსულ გოგონას, მაღაზიაში ნაყიდი ხაჭაპური შემომთავაზა და მეც ყველაფერი დამავიწყდა.... ირაკლიც გაზკანტორაში მუშაობს, ერთმანეთი იქ გავიცანით. ოღონდ ის იურისტია, კომპიუტერთან ზის ხოლმე და ჩემსავით სირბილი არ უწევს.
  გავიდა ნახევარი თვე, სახლში მოსულს ირაკლი ისევ შინ დამიხვდა. რაღაცას გაფაციცებით ეძებდა და აკვირდებოდა, აღელვებული ჩანდა... მე უკვე ოთხი თვის ორსული ვიყავი, მივედი, ვაკოცე და აფორიაქების მიზეზი ვკითხე. მანაც ყველაფერი მიამბო:
-აუ, ანი, ისეთი დაღლილი ვარ, აღარ ვიცი სად მივიძინო, დღეს ვიღაცა ქალი მოგვეჭრა გაზკანტორაში შვილიშვილთან ერთად. დაიწყო როგორც იციან: ერთი საწყალი ქვრივი ვარ, ამ ბავშვის მეტი ქვეყნად არავინ და არაფერი დამრჩაო. ზამთარი მოვიდა, ჩავრთე გაზქურა, ვთბებოდი, თქვენ კიდე გაზი ჩამიჭერითო.
-ქალბატონო, მერწმუნეთ კარგად მესმის თქვენი, მაგრამ თბილისის ნახევარი თქვენს დღეშია, ყველას პრობლემას ჩვენ ხომ ვერ გავითვალისწინებთ... თანაც ხომ მოგიტანეთ ქვითარი, დროზე უნდა გადაგეხადათ-მეთქი. ამაზე სულ გადაირია:
-რა ქვითარი, რის, ქვითარი, არავის არაფერი მოუტანია, უსამათლოდ ექცევით ჩემნაირ საცოდავ ხალხს! იცით რომ ასეთი საქმეების არაფერი გამეგება, არც ძალა მაქვს გამოსარჩლების და არც არაფერიო.-გულში ვიფიქრე, დიახ, ქალბატონო, გეტყობათ მეთქი.-ხოდა დამიბრიყვეთ, არც ქვითარი მომიტანეთ, გაზიც გამომირთეთ და დამტოვეთ მშიერი გაყინულ სახლშიო.
      მოკლედ, იძულებული ვართ, გავარკვიოთ ვის ევალებოდა მისთვის ქვითრის მიტანა და შემდეგ ჯარიმა გადავახდევინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩივილს აპირებს...
-შემატყო, ნიკაპი მიკანკალებდა, ყველაფერს მიხვდა, წავედით და ერთად დავფარეთ ,,ქალბატონის’’ ხარჯები. მშვენივრად მიხვდა რა ურთიერთობაც მქონდა ირაკლისთან, მაგრამ არაფერი უთქვამს...

                                                                        III
      ძალიან დიდი ნერვიულობა გადავიტანე იმ ქალის გამო, მაგრამ ღმერთმა გადმომხედა და რამდენიმე თვეში მუცელი ამტკივდა. გავეშურეთ მე და ირაკლი სამშობიაროსაკენ. მალე პატარა დაგვებადა. ვერ აღვწერ იმ ენით გამოუთქმელ გრძნობებს, რაც ჩემი ელენეს დანახვისას განვიცადე... ექიმმა გვითხრა ბავშვი ძალიან პატარაა და რამდენიმე დღე აქ უნდა გაატაროსო...  ეს კლინიკა ძალიან დიდი იყო, ნაწილი სამშობიარო, ნაწილი-საავადმყოფო. ირაკლი ადგილს ვერ პოულობდა და დადიოდა აქეთ-იქით.დაიზეპირა შენობის ყოველი კუთხე!
    თურმე, უცებ საავადმყოფოს კარში საკაცით შემოუყვანიათ ერთი ჭაღარა მოხუცი, ირაკლიმ მაშინვე იცნო და მიუხედავად ყველაფრისა გული ძალიან დაეწვა... ექიმებმა უთხრეს სულს ღაფავს, საწყალიო...  ირაკლი შევიდა ქალთან გამოსამშვიდობებლად, ქალმა კი გაუღიმა თურმე და დალოცა... თან დაუყოლებია:
-ეს ერთი თვეა გულმა შემაწუხა, შვილიშვილს კი არა საკუთარ თავს ვეღარ ვუვლიდი, საბერძნეთში გავუშვი დედასთან... იქ კარგი ცხოვრება ელის, არც აქ ჩამომსვლელი აღარაა...
მე ჯანიანი ქალი ვიყავი ყოველთვის, მაგრამ სიბერემ მეც მძლია... რაც ბავშვი გავისტუმრე კიდევ უარესად შევიქმენი და ... აი , სადაცაა განვუტევებ სულს... მეშინოდა ისე არ  წავსულიყავი, თქვენთვის პატიება არ მეთხოვა და ახლა თავისუფლად დავხუჭავ თვალებს...მე ერთი გურული დედაკაცი ვარ, ლამაზი და გულისამაჩუყებელი სიტყვების ხმარება არასოდეს მიყვარდა და ვერც სიბერემ მომიყვანა ჭკუაზე... იაფფასიანი ბოდიში არ კმარა მაგრამ... ღმერთმა ბევრი რამ მომაკლო და არც ამ სიტყვების მარაგი უბოძებია ჩემთვის...
    და მთხოვა მისთვის ფურცელი, პასტა მიმეტანა, შემდეგ ყველასთვის დამეძახებინა. უკანასკნელი თხოვნა რომ შევუსრულე მან უკანასკნელად მოიმარჯვა კალამიო-მითხრა ირაკლიმ. თურმე ჩვენთვის დაუტოვებია ბინაც და ის გაზქურაც, რომლის გამოც ამდენი გვაწვალა... სანამ ირაკლიმ სიტყვებს თავი მოაბა სულიც განუტევა თურმე საბრალომ...
      უცნაურია, ის სწორედ იმ დღეს წავიდა, როდესაც ჩვენ დაგვებადა ჩვენი ცხოვრების აზრი, ჩვენი პატარა ელენე... მას შემდეგ მრავალი რამ შეიცვალა: მაიჯანის ბინები დაამთავრეს, ლიფტიც ჩაურთეს, მაგრამ... მე ისევ ისე არხეინად დავხტივარ ვაჟა-ფშაველას იამკებზე ქვითრებით ხელში და ბინის კარებზე ისევ ისე წერია ,,ვინაც ჩემი ლაპარაკი მოისმინოს იმას ჩაენგრეს ჩამავალი კიბეო’’ ოღონდ ბოლოში პატარა, აი ასეთი :) სმაილიკი ახატია, რათა ყველამ სასიამოვნო მოგონებად გავიხსენოთ აბეზარი მოხუცის გაანჩხლებული, შეწუხებული და შემაღონებელი მზერა!
                                                                                                          13 წლისამ დავწერე :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები