ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დარო
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2012


უნაზესი თავშესაფარი

მონატრება -
ლალისფერება საყურესავით
რომ ჰკიდია ჩვენს გულებზე,
მეწამულ შუქზე ისე ბრიალებს,
არც იფიქრებ,
დღეს ღამე თუ ოდესმე შეცვლის.

მეც დავიჯერე,
რომ ყველა ქალს უხდება ხელში
თეთრი შროშანი,
დაცვარული მოვერცხლილ დილით.
და ალუბლები...
ნაწნავების ბოლოში რგული,
ქუთუთოებზე გაწოლილი იების ჩრდილი.

უხდება თითზე
საფირონის ციალი მკრთალი,
თოვლივით თეთრი მდუმარება -
დარდის სავანე,
სევდა დამფრთხალი, ისე როგორც
მეხისგან შველი,
და მონატრება -
უნაზესი თავშესაფარი.

ოქროს ჩიტებით მოჩითული
ფიქრის სამოსი,
თავზე მანდილი -
დაფენილი მზის ათინათი
და ხელთათმანი,
მოქსოვილი დროით წარსულში,
ლურჯი მაქმანით,
ნაბოძარი ძვირფასი დედის.

...და ყოველივე ამის ფონზე,
ისე ძალიან შველის ქალს
მონატრება -
ლალისფერება საყურესავით
რომ ჰკიდია ჩვენს გულებზე
და
მეწამულ შუქზე ისე ბრიალებს,
არც იფიქრებ,
დღეს ღამე თუ ოდესმე შეცვლის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები