ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამელი
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2013


ყანდაარელი ათი მკვდარი


ყანდაარში ისევ აფეთქდა წუხელ მანქანა
მე ეს ამბავი დილით შევიტყვე:
დაღუპულია ხუთი ქალი, ორი ბავშვი და სამიც კაცი.
ეს უბრალოდ სტატისტიკაა, მშრალი ციფრები,
ისევე როგორც - თუ შეიძლება ამიწონეთ კილო კაკალი...
დილას არწევდა ორ აკვანს ერთად აი ის მკვდარი
მეორე მკვდარი კითხულობდა ყურანს ძილის წინ
მესამე მკვდარი ამზადებდა სადილს ხვალისთვის
კერზძე დაკლებულ ორ წიწაკას შეეწირა მეოთხე მკვდარი
გახლეჩილ გულზე უწვენია დედას ბავშვი
ისევე როგორც იარაზე უებარი რაღაც მალამო - მეხუთე და მეექვსე მკვდარი
მეშვიდე მკვდარი დასანიშნად ემზადებოდა,
ფარჩა-აბრეშუმს პირდებოდა დილით საცოლეს.
მერვე მკვდარი სულ ახლახანს დაბადებულა,
იმისი დედა, მეცხრე მკვდარი არსად არა ჩანს
მეათე მკვდარი, ორი წუთით გამოვიდა თურმე სახლიდან
ცას შეჰყურებდა, იწვიმებს თუ მზე იქნებაო
მეთერთმეტე მკვდარს ტერორისტად იხსენიებენ
წელზე შემოკრულ კილო ტროტილს დაუფლეთია...
ქალი იყოო? მგონი კაციო - ჭორები დადის
მკვდრებს აგროვებენ, ჭორებთან ერთად ავღანელები
და ეს უკვე ტრადიციაა, ჩვეული რიტმი:
ორ საათში სისხლის გუბეს ააორთქლებენ
მზის ჩასვლამდე თავიანთ მკვდრებსაც დამარხავენ
ხვალ დილისათვის ბოლო ცრემლებს ჩამოიწმენდენ
და მომავალ ტერაქტამდე ალაჰს შესთხოვენ:
გადაურჩინოს დარჩენილი ნათესავები...
ყანდაარში ისევ აფეთქდა წუხელ მანქანა
მე ეს ამბავი ახლა შევიტყვე
ვთარგმნე, დავწერე და მოვუყევი ჩემს დილის მსმენელს
როგორ დახოცა კილო ტროტილმა ხუთი ქალი, ორი ბავში და სამიც კაცი...
რა ადვილია აქციო ამბად სხვისი სიკვდილი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები