 | ავტორი: ჰარირამა ჟანრი: პროზა 28 აპრილი, 2013 |
იყო და არა იყო რა ,ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ქვეყანა.იმ ქვეყანაში ბარ-მდელო, ხომ სამყოფი და სამშვენი ჰქონდათ და ვერც მთა გორით გააკვირვებდი ვინმეს.იმ ბარ-მდელოიან-მთა-გორიან ქვეყანაში ხალხი ცხოვრობდა სხვისა რომ არაფერი უნდოდათ და არც თავისი ემეტებოდათ სხვისთვის. ჰოდა , ეგრე საკმარად ბოროტები და კეთილები, ავები და კარგები, იმ თავის ქვეყანაში ავად თუ კარგად ცხოვრობდნენ, მეფედაც ისეთი ჰყავდათ თვითონ რომ უნდოდათ და უხაროდათ, სამართლიან- უსამართლო არც რისხვას აკლებდადა არც დაყვავებას თავის ხალხს. აი , იმ მეფეს ქალი ჰყავდა....მართლა რომ პირმშვენიერსა და მზის სხივით სახატავს, თავს ათასი გადია და აღმზრდელ-მასწავლებელი ევლებოდა, სურვილი ჯერ ნასურვი არ ჰქონდა უკვე უსრულებდნენ, კითხვა დასმული ,პასუხს სცემდნენ.ჯერ გაბრაზებული არ იყო უკვე აწყნარებდნენ.ჰოდა ,აბა რაღას იზამდა, ისიც ადგებოდა და მოწყენას დააპირებდა , მაგრამ შენც არ მომიკვდე ვინ აცლიდა , იმ წამსვე გართობას დაუწყებდენენ. ეგრე გატანჯული, ღამისპირს,თავის ოთახში დასაძინებლად მარტო რომ დარჩებოდა, ყველას ჯინაზე ერთს კარგად მოიწყენდა , მერე გაბრაზებული ტირილს მორთავდა , ოღონდ ვინმეს რომ არ გაეგო თავზე საბანს წაიფარებდა და თან იმისთანა რამეებს ინატრებდა , იმისთანებს რომ ასი ბეჯითი და და თავის საქმეში კარგად გაწაფული ჯადოქარიც კი ვერ აუსრულებდა. აი ასე იყო ჩვენი პირმშვენიერი , თვალხატულა მეფის ასული, იმ თავის გადია -მასწავლებლებით გარსემორტყმული, იმ ვერ ასაღებ ციხე დარბაზში და იმ ბედს სწყევლიდა მამამისი მეფედ რომ გაამწესა , თვითონ კი მეფის ასულად. ასჯადოქარნატვრავერასასრულებელ სურვილებს რომ გაიფიქრ -გამოიფიქრებდა, მერე იმას ინატრებდა, ერთი ამ ოხერ სასახლეს მომაშორა და ჩემ ტოლა გოგო-ბიჭებთან ფეხშიშველა მარბენინაო, სარკმელიდან რომ მწვანედ ბიბინა მდელო მოსჩანს აი იქაო.აბა ,ემაგ ნატვრას რაღა ბევრი ჯადოქრობა უნდოდა , მაგრამ საცოდავს ეგაც კი სანატრელი ჰქონდა. კინაღამ დამავიწყდა იმ საზიზმროს და სანატრელს სახელსაც შესაფერის ნეტანაიას ეძახდნენ , ჰოდა როგორც კი დამარტოხელდებოდა , ეგეთი კი იშვიატად ხდებოდა იმ თავის ოთახში ჩაიკეტებოდა და პატარა სარკმელიდან , სევდიანი გაჰყურებდა მდელოზე მოთამაშე ბალღებს, დრო კი მიდიოდა , ციხე -კოშკი ისევ აუღებელი იყო, მეფე ზეობდა , ხალხი მრავლდებოდა , ჩვენი პატარა მეფის ასული იზრდებოდა და სარკმლიდან თავის ტოლა ვაჟს რომ დაინახავდა , არ იცოდა რატომ და წითლდებოდა. აბა, ეგრე იცის დრომა. გარეთ კი ხან მზე იყო , ხანაც წვიმა და რადგანაც წელიწადის დროები ერთმანეთს კეთილსინდისიერად ენაცვლებოდნენ , ხანდისხან თოვლიც მოდიოდა. ერთხელაც თოვლი და წვიმა , მზიანმა დარმა კარგად რომ შეცვალა , მწვანედბიბინა მდელოზე, არიშვიათად შეყრილ ქალ-ვაჟებს ერთი არცთუ მთლად ახალგაზრდა , მაგრამ არც რომ მოხუცი კაცი წაადგათ თავზე, ის ჩვენი გოგო- ბიჭები ზრდილები იყვნენ, უცნობი მოიკითხეს გვერდზე მოისვეს, ცოტა თვითონ თქვეს და ბევრი იმას ათხრობინეს, როგორც რომ დრომნახველი კაცის წესია. უცნობი კი ყვებოდა ამ მთისას, იმ ბარისას, ბევრს საინტერესოს და უფრო ცოტას ზრდილობასა გამო გამო სასმენს. ბოლოს დამავიწყდა და თავისი ჭრელი ხურჯინიდან რამე -რუმეები ამოალაგა და იმათ გასაკვირად: მეო ,ერთი უბრალო და ხშირადკეთილი ჯადოქარი ვარო, ეს ნივთები კიდევ ჩემი საჯადოქრო იარაღებიაო. იმეებმა , თვალები კი დააჭყიტეს და პირიც დააღეს, მაგრამ გონსაც უცებ მოეგნენ, თუ ეგრეა აბა რამე იჯადოქრეთო, თქენნაირ ხშირადკეთილ ჯადოქარს ყოველდღე ხომ არ შევხვდებითო. იმანაც კარგითო, რადგან ეგრე გულით გინდათ, თქვენი ხათრით ერთს მცირედით წავიჯადოქრებო, რადგან მეჩქარება და დრო ცოტა მაქვსო. მერე იმ თავის ხურჯინიდან, სულ ბოლოში შენახული , ჩვეულებრივი საზღვაო დურბინდი ამოიღო, ამეებს კი ეგეთი რამეების არაფერი გაეგებოდათ და ეგ რა არისო? ესაო,ეხლა მე რომ შევულოცავ და გავიხედავ აქედან, რაც კი რამ შორსაა ახლო დამანახვებსო.ქალ-ვაჟებმა ერთი კი იჭვნეულად ჩაიფრუტუნეს და თუ ეგრეა , რაღას უცდი შეულოცე და გაგვახედეო. ჯადოქარმა თავის ჯადოქრულ ენაზე რაღაცა სიტყვები თქვა და ხელიც, განსაკუთრებულად საიდუმლოდ გადაუსვა და დურბინდი ყველაზე ახლო მდგომ, შავტუხა ეშხიან გოგოს გადააწოდა, თან ასწავლა რომელი მხრით გაეხედა. გოგომ გაიხედა და შეშინებულმა შეყვირა; იმე დედავ მართლა ეგრე შვება ბალღებო, აგე სულ ჩემ ცხვირწინ მოიტანა ყველაფერიო. ბალღებსაც მეტი რა უნდოდათ ჟივილ ხივილით ხელში ეცნენ და ტაციაობა გამართეს, აი,მანდ ჯადოქარმა ბალღები დააწყნარა; "მე ცელქი ბავშვები მიყვარს, უზრდელებს კიდევ ძალიან ხშირად ვირი ჩოჩრებად ვაქცევ ხოლმე "და აუხსნა; " თუ ერთმანეთს არ დაუთმობთ და ხელის კვრების გარეშე არ გაიხედავთ ჯადოქრული მილიდან, მაშინ იძულებული ვიქნები , რამდენიმეს ყროყინი დაგაწყებინოთ სხვები რომ დაწყნარდეთო". ამ სიტყვებმა, მართლაც ჯადოქრულად იმოქმედა და დააწყნარა ბავშვები,მის შემდეგ , ყველამ სათითაოდ გაიჭვრი-გამოიჭვრიტინა იმ ახლომომტან მილში, სულ ბოლოს ერთ ჯმუხმა და ახლად ულვაშამოწვერილმა ვაჟმა გაიხედა , იმ ვაჟს კი სახელად გოთუკა ერქვა , ჰოდა ამ ჩვენმა გოთუკამ სრულიად შემთხვევით ციხე- კოშკისკენ გაიხედა. იმ ჩვენი ციხე დარბაზის , იმ პატარა სარკმელში , ის ჩვენი სულზე ნანატრი მეფის ასული დაინახა, დაინახა და კინაღამ ის ნელად დასაბრძენებელი ჭკუაც დაკარგა , უყურებს უყურებს , მაგრამ რად გინდა , თითქოს ერთ ხელის გაწვდენაზეა , ხელს კი ვერ კიდებს, ეგრე იდგა გაშტერებულ- გახევებული და იმ ჯადოქრული მილიდან იყურებოდა , სანამ ვიღაცამ ხელიდან არ წაგლიჯა , "გეყოფა შე ვირი ჩოჩორო , ჩვენც გაგვახედეო",, ის დურბინდი კი გამოართვეს, მაგრამ ეს ჩვენი საწყალი და უბედური გოთუკა, უკვე შეყვარებული იყო და სხეულზე ადგილი არა ჰქონდა იმ ტკივილსიყვარულისგან ჭიანურივით რომ არ უკვნესოდა . ამასობაში ჯადოქარმა დურბინდი ხურჯინში ცადო, ზემოდან სხვა საჯადოქროები დააყარა, გოგო-ბიჭებს დაემშვიდობა , მეორედ რომ გამოგივლით ჯადოქრობა მერე ნახეთო და თავის გასავლელ ,მტვრიან გზას გაუყვა. გოთუკა კი იდგა გაშტერებული, შემოსალაწუნებლად გამზადებული , მერე უცებ მიხვდა რომ ჯადოქართან ერთად მეფის ასული თვალის შევლების შესასძლებლობასაც რომ კარგავდა და სულ თავქუდმოგლეჯილი დაედევნა, უკვე კარგა გვარიანად შორს წასულ, არცთუ მთლად მოხუცს.სოფლის,თუ ქვეყნის ბოლოში დაეწია და დარცხვენილ, გულამოვარდნილმა ძლივს წაიბლუყუნა " ღა იქნება ბიძია ჯადოქარო, ეგ შენი ახლომომტანი რო მომცე ჰა? სულ კი არ მინდა ,ცოტახნით მომეც მეორედ რომ ჩამოივლი ჩვენს ქვეყანაში , მთელს, დაუზიანებელს დაგახვედრებ და მაგ სიკეთეს თუ იზამ მთელი სიცოცხლე შენი სახელი მექნება საფიცარი და რა იცი, იქნებ რამეში მეც გამოგადგეო. ახედა ჯადოქარმა და გაეცინა; "შენი ბედი ხშირადკეთილი ჯადოქარი რომ ვარ, მაგრამ რაცა სთქვი არა ხარ მაგის გამკეთებელი" , მაგრამ მაინც გაჩუქებ რადგან კარგად ვიცი რა მუცლის გვრემაცა გჭირსო , ( აბა , კაცი ჯადოქარი იყო და გოთუკას სიყვარულის სენი რომ ეტაკა მაგას ვეღარ მიხვდებოდა?) ამოიღო ხურჯინიდან დურბინდი და მისცა გოთუკას . გადაირია გოთუკა , ხელებზე საკოცნელად გაიწია , მერე ეგ არა კმარაო, ფეხები უნდა დაგიკოცნოო, ჯადოქამა კიდევ , "ეხლა თავი გამანებე , თორემ წაგათრვი და დაგტოვე ხელცარიელიო. ჰოო გაჩერდა გოთუკა და მაშინო "მე რო მეფე გავხდები, შენ კარის პირველ ჯადოქრად დაგნიშნავო" გაეცინა ჯადოქარს კარგი ეგრე იყოსო, მხარზე ხელი მოუთათუნა და თავის ძნელად თუ იოლად სავალ გზას დაადგა. გოთუკა, გახარებული და აცუნდრუკებული სულ სიმღერითა და ხტუნვა -ხტუნვით გაუყვა შარას.ის დღე იყო და და ჩვენი გოთუკა დამარტოვდებოდა , თუ არა მდელოზე გაიქცეოდა , იქ ერთ დიდ მუხის ხეზე აძვრებოდა და და ჯადოქრული მილთვალმიტყეპებული, დაღამებამდე იმსარკმელში იყურებოდა , ეგებ ის ჩემი გულისმთუთქავი დავინახოო, თუ დაინახავდა და ისეთ ოხვრას ამოუშვებდა , გულს ყელში ამოიყვანდა და მერე იმის უკან ჩაბრუნება არ გინდოდა?იტანჯებოდა ჩვენი გოთუკა , მაგრამ საშველსაც ვერა ხედავდა. აბა მეფეს , ხომ არ მიადგებოდა ;" მაიტა ეგ შენი ყველა მზეზე უფრო მანათობელი ქალი, მე გოთუკას გამატანე ცოლადო. არა, გოთუკას მაგის გამბედაობა სადა ჰქონდა , რომც ქონოდა რაში გამოადგებოდა , უკეთეს შემთხვევაში გაჯოხვა არ აცდებოდა . დრო კი მიდიოდა და რადგან სულ წინ მიდიოდა , მოაწია იმ დრომაც , მეფის ასული ღირსეულ და მისთვის შესაფერ ვაჟკაცს გაჰყოლოდა ცოლად. თუ კი მისი შესაფერი სადმე იყო. ეს ჩვენო მეფე კიდევ , ხანდახან კარგა მაგრად მოისულელებდა და ეგეთი პირობა გამოაქვეყნა , კაცისყურს რომ არ გაეგო, აი , ისიცა. ვბრძანებ, ვისაც ჩემი ერთას,მზის და სიხარულის ცოლად შერთვა სწადიან, ცხრა მთის და ცხრა ზღვის იქით მდებარე გამოქვაბულში . ბებერი გადაღძუებული ჯადოქარი რომ ცხოვრობს , გაკოჭოს და ტომარაში ჩასმული, ჩემს გოგოს საჩუქრად ჩამოუყვანოს.ვინც ამას მოახერხებს, ქალსაც გავატან და სამეფო ტახტსაც დავუთმობ, რადგან დავიღალე თქვენზე ამდენი ზრუნვით და თანაც კარგა გვარიანად დავბერდი. ჰოდა, სავსემთვარეობის წინა დღეს მოდით და დამენახეთ, ვისაც ჩემი გოგოს( მეფე- მამა ენაცვალოს მაგასა) ცოლობა გადაგიწყვეტიათო. კარგა გვარიანად რომ დაბერდა და გამოშტერდა პირობასაც ეტყობოდა, მაგრამ მეფე იყო და ეგრე პირდაპირ ამის პირში თქმას, აბა ვინ გაუბედავდა? ბევრს კი ეცადა მარჯვენა მხრის ვეზირი, შეპარვით აეხსნა რომ , სისულელეს ღაღადებდნენ მეფის ბაგენი , შეახსენა ამ ჯადოქართან დაკავშირებული საშიში ისტორიები, ჯადოქრის ჩამოყვანის არსაჭიროებაზეც ელაპარაკა. უთხრა; ეგ ჯადოქარი მეფეო , თქვენი დიდპაპის ბვშვობის დროსაც( ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული) კი, გადაღძუებული და საშიში სანახავი და უფრო საშიში ამბების ჩამდენი იყო , ეხლა ხომ უფრო საშიში იქნება და ეგეთი საშინელი ჯადოქრის ყურება, მამის სიცოცხლეს სულაც არ გაახარებსო. ეჰ, ჯიუტი იყო მეფე. თქვა და მორჩა. ბევრი შეგონებაც საშიში იყო, რა იცი რა მოუვლის ეგეთ გიჟს თავში, ემანდ , რომ ადგეს და თავის მოკვეთა ანდა სულაც მშიერი ჭიანჭველების ბუდეში, ხელფეხ შეკრული ჩაგდება ბრძანოს. რა, ვერ ბრძანებდა განა ? არა ,ეგეთებთან სიფრთხილე სჯობდა , ამიტომაც გაჩერდა ვეზირი და მიანდო ეს საქმე, მეფობისა და მეფის ასულის პირველი კოცნის უფლების მსურველებს, ვაჟკაცებსა და თავზეხალაღებულებს. ერთი სიტყვით პირობა ეგეთი იყო, გინდოდა მეფის ასული, მაშინ საჩუქრად ჯადოქარი უნდა მოგეყვანა გაკოჭილი. არადა ის ჯადოქარი ისეთი იყო, თუ მოინდომებდა , ყველას ერთად ერთ ტომარაში ჩასვამდა და იქით იჩუქებდა, მაგრამ ეგ ყველაფერი ,აბა ამათ, საიდან უნდა ცოდნოდათ. ო,ეს ჩვენი მამის მზე კიდევ ისეთი მშვენიერი იყო, ისეთი...თანაც იმ თავის დიდრონ, მოლურჯო-მოიისფრო თვალებით რომ შემოგხედავდა და გაგიცინებდა , ერთი დღე თავში დენთაფეთქებულივით დადიოდი, სწორედ ამიტომ, ამ პირობის შესრულების მდომელი ბევრი იყო, გოთუკა იმათ შორის პირველი, ჩავიდა მთვარე, ამოვიდა მზე . მერე ისევ რამდენჯერმე განმეორდა ეგ ამბავი და ამ მონაცვლეობას ჟამისას, დათქმული დღის დადგომაც მოყვა. შეიკრიბნენ მეფობა-სიძეობის მდომელნი ციხე დარბაზში, მეფემ პირობა კვლავ წაიკითხა, გზა დაულოცა , მაგარი ვაჟკაცები ხართ, თქვენ კი გენაცვალეთო და მერე თავისი ასულიც შემოიყვანა დარბაზში. გოთუკას , ისედაც კარგა ბარაქიანად გაგიჟებულსა, კიდევ ეგ უნდოდა.? გულში ნაღვერდალ მოკიდებული ფიქრობდა; ოღონდ ჩემი ცოლი გახდი და თუ სადმე გზაში , სხვა ჯადოქარს წავაწყდი, იმასაც საჩუქრად მოგიყვანო. ეეე, ბრიყვო გოთუკავ, რა ჯადოქრებისმჭერიც იყავი დედაშენმა არ იცოდა? მაგაზე არა ტიროდა ; -შვილო გოთუკ , აბა მეფის ქალი შენ, რაში გამოგადგება , თოხნა იმას არ შეეძლება და საქონლის მოვლა , ეგე მოგეყვანა ტლუ დათაის გოგო, თვალებსაც როგორ გიჟუჟუნებს,დედა კი გენაცვალოს შენა. ან იმ ჯადოქარს როგორ დაიჭერ შვილო? თუ დაიჭერ და ამოტოლა გზაზე ზურგით როგორ ატარებო? აი, ეგრე მოძღვრავდა გასამგზავრებლად გამზადებულ გოთუკას დედა , მაგრამ ყრუს და ბრიყვს რამეს გააგებინენ? გოთუკა კიდევ სიყვარულისგან, დაყრუებული და ბრიყვადქეული იყო. -"ნუგეში დედი , მე გოთუკა არ ვიყო , ის ჯადოქარი , გაკოჭილი ,ტომარაში თუ არ ჩავსვა, სახლში არ გამოვატარო და პირველადაც შენ უნდა განახო"-ო. დედა, კიდევ თავში ხელს წაიშენდა; -- აქ არ მომიყვანო შვილო, ორი დღე ცხოვრება დამრჩენია და ეგეცა შეშინებულმა გინდა ვიარო? გაუმზადა საგზალი დედამ, გადაკოცნა, გზა დაულოცა.ამანაც თვალცრემლიანმა .მოიგდო საგზლიანი აბგა მხარზე , კისერზე განუყრელი დურბინდი ჩამოიკიდა, რკინის ქალამანი იმას არა ჰქონდა და შიშველი ფეხების ტყაპუნით დაადგა, ცხრა მთის და იმდენივე ზღვის იქით, მდებარე ქვეყნისკენ მიმავალ გზას. და სხვებიო, იკითხავთ. სხვები , უფრო შეძლებულნი და ჭკვიანნი, ცხენებითა და მსახურებით გაუდგა გზას , ზოგმა ზღვა და გემი ირჩია. ერთმა ნაწილმა სულაც , როგორღაც და სადღაც ნაშოვნი მფრინავი ხალიჩებით, სულ ზუილ-წუილით გადაუფრინეს თავისზე უფრო უიღბლო მეფობა მსურველებს. ის ჯადოქარი კიდევ გადაღძუებული და ყველა ბებერზე , ბებერი კი გახლდათ. მაგრამ თავის საქმის დიიდი ოსტატი გახლდათ და რა გასაკვირია, იმ თავკედელმირტყმულების ამბავი სულ წვრილ-წვრილად რომ უწყოდა , იჯდა თავის ქოხ-გამოქვაბულში, მართლა ჯადოქრულ სარკეში იყურებოდა, ყველაფერსაც ხედავდა და გულიანადაც იცინოდა, იმ ბრიყვი სასიძოების სამზადისსა და მოგზაურობას რომ ხედავდა. მერე მობეზრდა , ერთი თქვენი კედელს მირტუმული თავიცო, დაამთქნარა და იმან იქ ამბავი ატეხა, შვილზე თავგადაკლულ დედას, შვილის სახელს დაავიწყებდა. ზოგს სულ მიუბნ-მიუფანტა, მსახურნი და ამალა, ზოგსაც იმოტოლა ტალღები დაატეხა გემზე, რომ სულ ნაფოტებად უქცია მკვიდრად ნაგები გემები, ყველაზე გულიანად კი მფრინავხალიჩიან სასიძოებით გაერთო. დააბერინებს ქარიშხალს, აიტაცებს ღრუბლებს ზემოთ, წვიმასა და სეტყვაში მოაყოლებს, ისე ააცივებს . ყველაზე ქონიანი დათვი სიცივისგან მგელივითა ყმუოდეს ,ბოლოს გალუმპულგაყინულქარდაბერილებს .მფრინავი ხალიჩებიც გამოაცალა და მდინარეში მოადენინა ზღართანი. აი , გოთუკა კი დაინდო,აინტერესებდა ეგრე ფეხშიშველა და შტერი თავის პატრონი, ამდენ მთებსა და ზღვებს როგორ გადაივლიდა. ის კიდევ მიდიოდა და არაფრის აზრზეც არ იყო. გზაზე ამბები და ფათერაკებიც ბევრი შეემთხვა. ჯერ იყო და ბილიკ-ბილიკ მიმავალი ერთ უღრან ტყესთან დათვის ბელებს გადააწყდა, მორზე ჩამომჯდრები ზლუქუნით-ზლუქუნით, ცრემლებს თათებით იწმენდნენ და "დედა , დედას "-გაიძახოდნენ. -რა იყო, თქვე ბურთო ბელებო,(უყვრდა გოთუკას პატარები) რა ტირილის საღამო მოგიწყვიათო .-გოთუკამ. გახარებულები წამოხტნენ ბელები ; -კეთილო ადამიანო, დედაჩვენს ტორი, ხის გადანაჭერში მოყვა , უკვე მესამე დღეა ეგრეა და უშველე, გაანთავისუფლე , არადა მოგვიკვდება დედა და აღარავინ იქნება ჩვენი პატრონიო. -ამ ხნის განმავლობაში , რამეს თუ აჭმევდით დედათქვენსო-იკითხა გოთუკამ. -აბა ჩვენ პატარები ვართ , რა უნდა გვეჭმია? ცოტაოდენ კენკრას ვუკრეფავდით და იმას ვაჭმევდითო, მაგრამ ჩვენი დედა ღონიერია და მაინც მხნედ არის , რასაც ეტყვი გასანთავისუფლებლად ყყელაფერს გააკეთებსო. -ჰოო, მშიერიც ყოფილა -- თქვა გოთუკამ და ჩაფიქრდა. ბევრი ფიქრის შემდეგ პასუხი გასცა, ეგეთი ზრდილსათნო კაცისგან გასაკვირი. -თქვენა მე , შტერი ხომ არ გგონივართ, გავანთავისუფლო იმოტოლა დათვი, თან სამი დღის ნაშიმშილარი? განთავისუფლდება და ისევ მე შემჭამს, ვიცი მე ეგ ამბავი. ამიტომაც წავედი ეხლა აქედან, ემანდ არ დაიხსნას თავი თვითონ , თან ჯანზეც კარგად ყოფილა და პირი ჩემით არ ჩაიტკბარუნოს , თანაც მე მგონი ,არც თქვენ იქნებით მაინცდამაინც უარზეო. -არაო , იუარეს ბელებმა , ჯერ სარძევე კბილებიც კი არ მოგვიცვლია , რას ბრძანებთ კეთილო კაცო და ისეთი ტირილი მორთეს, ყინულის გული გქონოდა, იმასაც გაალხობდა, არ იყო გოთუკა ავი და ბოროტი, ვერ გაუძლო ბელების ტირილს, მაშინო მე რასაც გეტყვით, ზუსტად ეგრე გააკეთეთ და ერთად გავანთავისუფლოდ დედათქვენიო, -კარგითო -გახარებულმა ბელებმა , (სხვათაშორის დათვობისა და ასაკის მიუხედავად საკმაოდ ზრდილები იყვნენ ბელები.) -აბა , წამიძეხით დედათქვენთან. მივიდნენ იმ ხესთან სადაც უბედურება შემთხვეული დედა ტკივილისაგან ტორის მოჭმას ცდილობდა... დათვი დახვდა იმხელა , კინაღამ გადაიფიქრა გოთუკამ კეთილი საქმის ჩადენა. დათვი კიდევ სიმწრისაგან ისე ღმუოდა , 100 საჟენში ცხოველის ჭაჭანება გამქრალიყო. -დაწყნარდი დათვო , თორემ წავედი ეხლა აქედანო,- უთხრა გოთუკამ მოიკვნიტა დრუნჩი დათვმა და გაჩერდა , "აბა ერთი შენ იყო ჩემ დღეში და მერე ვნახავდი , გაჩუმება როგორ უნდაო " ეს კი გაიფიქრა , თუმცა თქმით აღარაფერი უთქვამს. გოთუკამ კიდევ , იმ გადანაჭერში კარგა მსხვილი პალო ჩაარჭო , მერე ზემოდან , მაგიდის თავივით რაღაც გამოჩორკნა და ის დაადგა, აი, იმხელა სამი ბელი, რომ კარგა დაეტეოდა და ბელებს მორთან მდგარ ხეზე აძვრომა უბრძანა. -ეხლა თქვენ მაგ ხეზე აძვრებით, მე კიდე ცოტა მოშორებით გავალ, რომ მანძილი გამოვთვალო როდის უნდა გადმოხტეთო, ათამდე ,რომ დავითვლი ყველანი ერთად გადმოხტით, ოღონდ იცოდეთ ამ დაფაზე სამივე ერთად უნდა დახტეთ, თორემ არაფერი გამოვა და ეგრე დაგრჩებათ დედათქვენიო. დაიწყეს ბელებმა აძრომა. გოთუკა კი სწრაფი ნაბიჯით ბილიკისკენ გზას გაუყვა , თან ითვლის, კარგა გვარიანად ოღონდ ხმის მიწვდენაზე,რომ დაშორდა იმ ადგილს , ათიო დაიძახა, ცოტახანი ყური მიუგდო და გახარებული ბელების ჭყლოპინი რომ გაიგო , აბა კარგად იყავითო გასძახა და მოცოცხა იქიდან,თან გულში ანდაზას იძახდა; "ფრთხილი კაცი, დათვს არ შეეჭმევინებაო." -მერე იყო და მაგრად მოშიებული, მდინარის ნაპირს რომ მიუყვებოდა , წყლიდან ამოვარდნილი ქარიყლაპია თუ რაღაც ეგეთი (ჩემი არ იყოს და თევზის სახეობებში, მაინცდამაინ ვერც გოთუკა ერკვეოდა) თევზი შეეხვეწა; - თუ ძმა ხარ , წყალში ჩამაგდე და რა სურვილსაც გინდა აგისრულებო. გაუხარდა გოთუკას , რა სურვილიც ექნებოდა ჩვენც ხომ ვიცით და ; -გაკოჭილი და ტომარაში ჩასმული ჯადოქრის იქ გაჩენა მოთხოვა. თევზმა კიდევ; -- ა-პა-პა მაგას ვერ ვიზამო .- მაშინ თუ მაგარი ხარ, ჩახვანჩალდი უკან მდინარეშიო. -ეგ რომ შემეძლოს შენ ხომ არ შეგეხვეწებოდი- უთხრა ქარიყლაპიამ, -აბა, ეგაც თუ არ შეგიძლია , მე რაღას მასულელებ და სურვილების ასრულებას მპირდები, შე მართლა თევზო და ჩერჩეტოო. ეგ უთხრა და კოცონი დაანთო. ტოტისგან შამფური გამოთალა, ის ქარიყლაპია ზედ ააგო და ნაღვერდალზე შეწვა . მერე ისე გულიანად შეექცა , ისე უქნევდა ყბებს, ის ჩვენი ჯადოქარი, სარკეში მზირალი , ნერწყვმა კინაღამ დაახრჩო, და იმანაც სასწრაფოდ სხვა არხზე გადართო. ის ღამე კარგად გამოიძინა გოთუკამ და მეორე დრეს გამთენიას დაადგა გზას. აქ ამბავი დევთან შეხვედრისა მიდის გოთუკა მიყვება ღიღინით მდინარეს და თან ფონს ეძებს მდინარეზე გადასასვლელს, ფონი კიდე არა ჩანს , მდინარე კიდე სულგრუხუნ გრუხუნითა და ლოდების ბზრიალ ტრიალიტ მოარღვევს იქაურობას, იმლოდებს კენწებივით ათამაშებს , მდინარეში შესვლა კი არა , უბრალოდ ფეხის შეყოფა არ მოგინდება. აი , მანდ კი წაუხდა გუნება გოთუკას, არც ფონი სჩანს და ხიდზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. აუყვება აღმა , ჩამოუყვება უკან. დადის ბოსელ დაკარგულ მოზვერივით და არის თავის მზის , მეფე მამის, გვარის ხსნებაში, მაგრამ მაგით რომ საქმეს ვერ უშველიდა მიხვდა და გორაკზე აძვრა ,ზემოდან გადმოვიხედავ იქნებ რამე ჭკვიანური მომივიდეს თავშიო. გაიხედა იმ თავის დურბინდიდან, იქნებ სადმე, რამე მოსავლელი მაინც იყოსო, შენც არ მომიკვდე. რა მოსავლები, რის მოსავლები, სამაგიეროდ გორაკის ძირში, მეორე მხარეს ერთავიანი , ორ რქიანი დევი დაინახა, თანაც ახლომომტანმა ახლოს კი არადა, ცხვირწინ მოუტანა დევი და კინაღამ ის დათუთქული გული, სიშისაგან იქვე გაუსკდა. სასწრაფოდ მოიშორა დურბინდი. დევი კიდევ, წამოგორებულა მდელოზე ,კოცონი უნთია, ალი ცასა სწვდება, იმ კოცონზე ცხრა ხარსა სწვავს , ცხრას , უკვე შემწვარს გეახლებათ, თანაც თითო ხარს, თითო ქვევრ ღვინოს აყოლებს. უყურებს გოთუკა და შეშინებულს სული კბილით უჭირავს.აქეთ ეს გადარეული მდინარე, იქითაც მუცელგასახეთქი დევი. დევი კიდევა ნება-ნება შეექცევა საჭმელ-სასმელს,როგორც იქნა ხარ-ღვინოსაც მოუღო ბოლო და სიმღერის ხასიათზე დამდგარმა დაიქუხ-დაიგრუხუნა. სიმღერასაც მორჩა როგორც იქნა და კოხტად წამოკოტრიალდა მდელოზე. თავქვე დიდი ლოდი ამოიდო და ხვრინვა დაიწყო, მთებმა ბორძიკი დაიწყო. აი ეგ ძილი დევისა კი, ძლიერ გაუხარდა გოთუკას,გახარებულზე აზრი მოუვიდა ცხრა ევრიკა , მეათეს ითხოვდა, დაუყვა დაღმა დევისკენ და დასაფსებ თვალებზე დურბინდი დაამაგრა. ეხლა არ მითხრათ იმ დევს იმოტოლა თავი ქონდა , თვალებიც შორი-შორ და საცრებივით ექნებოდა და იმ დურბინდს როგორ მიამაგრებდაო, როგორ და ძალიანაც კარგად, დურბინდი ხომ ჯადოსნური იყო და თვითონვე იცოდა რამხელა უნდა გამხდარიყო, რომ ყველას მორგებოდა. ჰოდა მიამაგრა და დაუწყო ლოდინი დევის გაღვიძებას. ის კიდევ ეგეთს არაფერს არ აპირებს. ძინავს მშვიდათ, აგრძელებს ხვრინვას, ხანდახან ენას გააწლაკუნებს და ეტყობა სიზმარში მორიგ ხარსაც მიირთმევს.. უყურა, უყურა და იმის გაღვიძებას საშველი რომ არ დაადგაადგა, ყურებში ცხელ-ცხელი, კარგად გაღვივებული მუგუზალი ჩააყარა. ო.ჰო.ჰო ის წამოხტა , ყურებში ხელი იტყაპუნა, იმან იღმუვა, დათვის ღმუილი , კატის კრუტუნსა ჰგავდა, მერე ის რქიანი ერთი თავი მდინარეში ჰკრა დასაამებლად და კარგახანს აღარ ამოჰქონდა. - ამოყო და ნეტამც არ ამოეყო. წინ გოთუკა უდგას... მთები მუხლებამდე წვდება , მხარზე კომბალი აქვს გადებული , ბოლოსკენ თვალს ვერ გაუწვდენ. შეშინდა დევი, მა რა იქნებოდა?გოთუკამ, ვითომაც არაფერი და; "სანამ აი, ამ კომბლით ზურგი არ აგიჭრელე კისერზე შემისვი და მდინარეზე გადამიყვანე , ფეხის დასველება არ მინდაო. დევუკამ (აბა , რა იქნებოდა შეშინებული სწორედაც რომ დევუკა გახდა)კომბალს შეხედა ,ავად რომ გაედო ცის ტოლა მხრებზე გოთუკას და რაღას იზამდა , მიუშვირა კისერი და ისიც შეახტა. მიბლატუნობს დაღონებულ Dევუკა მდინარეში, თანაც უკვირს, ამოდონა კაცი , ეგეთი მჩატე რად არიო, შეკითხვისა კიდევ ეშინია, მაგრამ იძალა ცნობისწადილმა და ხმის კანკალით შეეკითხა; --აააამხელა ხარ, ეემოდონა ბუმბერაზი, შენთან შედარებიტ მატლივითა ვარ და ეგეთი მჩატე რადა ხარო? -რადა ვარ და შენნაირი ბრიყვები შემთვევით რომ არ გავჭყლიტო, ცაში უხილავი თოკებით მიჭერენო.- -მიდი რა, სულ ცოტა ააშვებინე, რა იქნება .მანდ კი ინატრა გოთუკამ სადგისი, მაგრამ სადა ჰქონდა ?რაღას იზამდა რაც არი არიო და კბილებით ჩააფრინდა იმის გაბანჯგვლულ და დაუბან კისერს, კბილები კი საღი ჰქონდა, ქვებს დაამტვრევდა ისეთი და ერთი შეშინებული დევუკა რაღა მოსატანი იყო ,. მორთო იმ საცოდავმა ღრიალი; - გეყოფა შე სულძაღლო, მომწყდა კისერი რიღათი გათრიო მერეო, დაები ისევ, თორემ ჩავვარდი წყალში და დავიხრჩე თავიო. ეგ არ აწყობდა გოთუკას და საწრაფოდ შეწყვიტა დევის დაშინება და დაკბენა , გადავიდნენ იქითა ნაპირზე, გოთუკას ისე გაუტკბა დევის კისერზე ჯდომა . იფიქრა კიდევ რამდენი მდინარე და მთა შემხვდება , ეგეთ სულელშეშინებულს კიდევ სადღა ვიპოვნი. ჰოდა წაუტყაპუნა თავში იმ თავის კომბალით და; - შენ როგორი მარდი და მმკვირცხლი ყოფილხარ, აბა, ბებერი ჯადოქრისკენ გაქუსლეო. -იქ რომ მიგიყვანო, თავს დამანებებ და არაფერ ცუდს აღარ შემამთხვევო?- შეეკითხა დევი, -თავს დაგანებებ, მარა ჯანდაბად მინდიხარ, მიდი , მიდი გაქუსლე. ოღონდ ეს მოვიშორო თავიდან და ქვესკნელში გადავიკარგებიო გაიფიქრა შტერსაცოდავმა და ფიქრზე უსწრაფესად გაქუსლა.
--რაკიღა ფიქრზე უსწრაფესად გაიქცა, იმ ტყესთან , საიდანაც ჯადოქრის მამულები იწყებოდა თვალისდახამხამებაში გაჩნდა.ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა გოთუკა დაეჭვდა კიდეც ემანდ რამეს ხომ არ მატყუებს ეს დევეშმაკაო. ყოველი შემთხვევისთვის თავში წაუთაქა, დაემუქრა რამეს თუ მატყუებ, მოვაშვებინებ თოკებს და აქვე გაგჭყლიტავ ჭიანჭველასავით .
---არა შენი ღონიერი ხელების და მარდი ფეხების ჭირიმეო, რასა ბრძანებ სულ ცხრათავიანიც რო ვიყო ,ტყუილს როგორ გაგიბედავ, ნამდვილად აქედან იწყება მაგ ჯადოქრის კარმიდამო და რა ჩემი ბრალია , ისე დაშინებული ვიყავ მიწას ფეხსაც არ ვაკარებდი , ოღონდაც შენ მომეყვანე დროულადო.
--- ჩემი თუ არ გჯერა, აგე ამას შეხედე, მართლაც მუხის ხეზე გაკრულ აბრაზე , გაკრული ხელით მიწერილი იუწყებოდა რომ ამ ადგილიდან იწყებოდა ჯადოქრის ტყეები და კარმიდამო და მის უკითხავად აქ შემოსულთ( ადამიანებს) ცხოველად გადაქცევა , ხოლო ცხოველებს მწერად გადაქცევა ემუქრებოდათ , განსაკუთრებულ ბრიყვთა და გაბედულთა სასჯელი კი სულაც ბაყაყებთან და გომბეშოებთან ერთად მოხარშვა იყო.
----მოხარშვა ისედაც ცუდი იყო და ხსენებულ ამფიბიებთან ერთად , კაცისთვის ორმაგად შეურაცხმყოფელი. ----ბილიკს გაყევი და ხუთასიოდ ადლში მაგის სახლსაც მიადგები, მე ტყეში ფეხის შემომდგმელი არა ვარ , მირჩევნია მომკლა და დამჭყლიტო ვიდრე ვირად გადაქცეულმა ,მაგის "ტაჩკაში" ჩაბმულმა დავასრულო ცხოვრებაო, ასე რომ თუ გინდა მომკალი, დევად მაინც მოვკვდები ,აი ამ საზღვარს კიდევ ფეხს არ გადმოვადგამო.
--ჰო , კარგი, კარგი შე ქვეშაფსიავ, მიდი გზისკენ მიტრიალდი ჩამოვხტები , შენი შეშინებული სახე აღარ მინდა დავინახო , ეგეთ რაღაცეებზე ისე ვბრაზდები, შეიძლება აქვე გაგაფრთხობინო სული.
---ამ ლაპარაკაში , თვალებიდან დურნინდი ისე მოხსნა , შეშინებულ დევუკად ქცეულმა, ვერც ვერაფერი გაიგო . --ძირს ჩამოხტარმა გოთუკამ, დევს დასჭყივლა;" --- აბა ჩქარა მოქუსლე აქედან... იმას კიდე რაღა ზედმეტი შეგონება და ჭყივილი უნდოდა? აქეთკენ რომ მოქროდა, იმაზე ორჯერ სწრაფად აქედან მოქუსლა. ქვეშაფსიას და შტერს რად მეძახის აკი თვითონაცა იცის რომ ჯადოქარს თუ დასჭირდა მარტო მე კი არა ,მაგასაც ვირად გადააქცევს, ესე იგი მართალს ვამბობ და თანაც ჭკვიანურს. არა რა სულ ტყუიალდ მეძახის შტერსა და ქვეშაფსიას ეგ თვითონ შტერიო“--- ესე ფიქრობდა გოთუკას, კარგა გვარიანად მოშორებული , გულზე მოსული, დევი. მაგრამ დავანებოთ აწი დევს თავი და გუთუკას მივხედოთ .
---გზაზე დამდგარმა დურბინდი გულზე ჩამოიკიდა და ჯადოქრის სახლისკენ მიმავალ ბილიკს ფრთხილი მაგრამ მაინც მტკიცე ნაბიჯით გაუყვა. --- ამოტოლა ხიფათებმა და თავგადასვლებმა სიფრთხილე ასწავლა , ნაბიჯი კი ჰქონდა მტიცე მაგრამ , როგორც გითხარით არც სიფრთხილე აკლდა , ამ ჯადოქარზე იმდენ ტყუილსა და მარტალს ჰყვებოდნენ, ჯობდა ფრთხილად ყოფილიყო. ამიტომაც შორით სახლი რომ გამოჩნდა, დურბინდი მოირგო და მიდამო დაზვერა. დაზვერა და კინაღამ დევს რასაც აბრალებდა თავად დაემართა. სახლის წინ ოთხთავიანი ძაღლი გაწოლილიყო და გველის კუდს ბალახზე ატყლაშუნებდა. შეშინებული გოთუკა ეგრევე მიწაზე განერთხო, იმ საშინელებას ემანდ თვალში რომ არ მოხვედროდა. --- -- ურჩხულძაღლის დანახვაზე გაეფიქრა; აქ რა მინდოდა ,აქ რამ მომიყვანაო ? -- პასუხად, მეფის ასული გაახსენდა იმის თვალები , იმის ბაგეები, ჯერაც გოთუკას ბაგის მომლოდინე, მაშინ მიხვდა გოთუკა რა დიდი ძალა ჰქონია სიყვარულს, რისთვისაც იყო აქ და რატომაც იგდებდა თავს საფრთხეში,სხვანაირად რომ არ ძალმიძდა მაგასაც მიხვდა. ---ჰოდა გამოისვა გოთუკამ პირში თითი და ნიავს მიუშვირა , რომ გაერკვია სიოს ძაღლის სუნი მისკენ მოჰქონდა და თუ პირიქით, გაგრილებულმა მხარემ თითისამ კარგი ამბავი აცნობა . ძაღლი ფაქტიურად უშანსოდ იყო. გულზე მოეშვა, ბალახებში და ბუჩქებში ოთხზე დაცემული გზას ფორთხვით გაუყვა, შემთხვევით, ძაღლს ან ძაღლისფერს ვისმეს თვალში რომ არ მოხვედროდა. ---კარგა გვარიანად იფოფხა. გვარიანადვე დაიღალა ,სანამ შესვენება და არემარის კვლავაც დაზვერვა გადაწყვიტა. დურბინდ მომარჯვებულმა , ბუჩქის ტოტები გადასწია და სახლისკენ გაიხედა., ვიღაც გრძელ მოსასხამში ჩაცმული, ძაღლს თავებზე ეფერებოდა და ჰოი საოცრებავ , გოთუკას თავისი სახელი მოესმა, „ამოძვერი ბიჭო გოთუკ ბუჩქებიდან, ვეღარ ატყობ იმ შტერ დევს , რომ ემსგავსები ნელნელაო?“
---შედელდა და შეშინდა გოთუკა, ვეღარ გაეგო ვერაფერი , ემანდ ხომ არ ვკვდები და უცხო ხმები მაგიტომღა მესმისო. --- მისკენ მოტრილებილმა კაცმა-- გამოძვერი ბუჩქებიდან თორემ გადაგაქციე კურდლათო,“ რომ გამოსძახა მაშინ კი იკადრა წამოდგომა. --- მოდი , მოდი ნუ გეშინია," თავჩაქინდრული დაიძრა იქითკე გახედვა ეშინოდა. ფიქრობდა , რო არ დავინახავ ეგებ გაქრეს და მეშველესო. მაგრამ ეგრე სადაა, არც ეს კაცი გაქრა და არც ის სამთავა ღრენია ძაღლი. ---"დაწყნარდი"---ძაღლს თავზე გადაუსვა კაცმა ხელი, „ვერა ჰხედავ ჩვენსკენ ვერც კი იხედება, ამას კიდე შენი ყეფა უნდაო ? ---- როგორც იქნა ზემოთ აიხედა და მის წინ მდგარ კაცში ძველი ნაცნობი, ხშირადკეთილი ჯადოქარი იცნო, ის კიდე უღიმოდა; ---- აბა გოთუკ აქ რამ მოგიყვანა? შენი ამბავი რომ ვიცი ჩემი დურბინდის დასაბრუნებლად იქნები მოსული, ხო გახსოვს ცოტახნით მეთხოვე და შენ კიდევ ვინ იცის უკვე შენი გეგონაო. გოთუკა იდგა ენაჩაგდებული , გაოცებული, აღარ იცოდა შეშინებოდა თუ გახარებოდა. ჰო, ბატონო მოგიტანეო. ---ეხ გოთუკ გოთუკ ბალღობაში ეგეთი მატყუარა არ იყავ, ეხლა რა მოგივიდა?--გაეცინა კაცს. მაშ ამოტოლა გზა მაგისთვის გამოიარე , აბა დაფიქრდი იქნებ და სხვა რამ მიზანი გქონდა და ამდენ ხიფათებს მაგიტომ გაუძელიო. --- ნეტა ამან საიდანღა იცის მე რა ხიფათებს გადავურჩი--გაიფიქრა გოთუკამ, მაგრამ გაახსენდა ხშირადკეთილი ჯადოქარი რომ იყო. თავის ნათქვამი გადააკეთა , ისაო , ხშირად კეტილო ჯადოქარო, არც არასდროს დამვიწყებია ეგ დურბიმდი დასაბრუნებელი, რომ მქონდა , ჰოდა მეფის ასულის გულის მოსანადირებლად აქეთკე რო გამოვუყევი, ეს დურბინდიც წამოვირე ეგებ და სადმე გადაყროდი და დამებრუნებინა, ეგრემც ყველაფერი, ყველა კეთილ კაცს აუსრულდეს როგორც მე ეგ ამბავი ამისრულდა , ეხლა მეორე ამბავიც ეგრე კეთილად, რომ დასრულდეს , აუცილებლად მორწმუნე გავხდებიო. ----გაეცინა ხშირადკეთილს, ბრიყვი ხარ გოთუკ ბრიყვი , მაგრამ რათომღაც მომწონხარ არ უნდა იყო ცუდი ბიჭი, აბა ერთი მომიყევი ის მეორე ამბავი რა არი რაზეც ეგრე გეწვება გულიო ვითომც არც არაფერი უწყოდა. ----მოუყვა გოთუკა სულ წვრილ წვრილად , თავის ამბავს როგორ შეუყვარდა , როგორ იტანჯებოდა ამ სიყვარულის გამო , და ბოლოს მეფის ბრძნულ გადაწყვეტილებაზე და პირობაზეც მოახსენა. ---- მაშ მაინცდამიანც ხურჯინში ჩასმული უნდა რომ მიუყვანო? --- ხო ჯადოქარო ეგრე სთქვა მეფემ ----იცი ეგ ჯადოქარი შენ რომ ტომარაში უპირებ ჩასმას ვინა? ----აბა მე საიდან უნდა ვიცოდე ხშირადკეთილო , ერთი უბირი ბიჭი ვარ სიყვარულით გაგიჟებულიო. -----შენი ბედი რომ სიყვარულმა გაგაგიჟა და არა სხვა რამემ, თორემ ეხლა ამ ძაღლის რომელ პირში იქნებოდი ღმერთმა უწყისო. ---- შეშინდა გოტუკა. -----ის ჯადოქარი გოთუკ ჩემი პაპაა, ეხლა შენ როგორ ფიქრობ პაპის ტომარაში ჩასმას რომ გადაგიწყვეტენ და თანაც მაგისთვის სახლში მოგაკითხავენ , იმ კაცს რა უნდა უყოო. გააჟრიალა გოთუკას , მაგრამ უკან არ დაიხია და ან ეგერ იქნება და ან აქა ვარ და ჰა გინდა ამ ძაღლს შეაჭამე ჩემი თავი , გინდ კურდღელად გადამაქციე , იმ ქალის გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი მაინც არა აქვსო. ----მაშ მაინცდამაინც ხურჯინით და ზურგზე მოკიდებულმა გინდა ატარო პაპაჩემი? კარგი რახან გულით გინდა იყოს ეგრე , ხო არ გგონია აქედანაც ის დევი გაგატარებს მაგ გზას ? ფეხით მოგიწევს გზის გავლა, ჰოდა ატარე და იყავი, პაპაცემი წინააღმდეგი არცაა, სიცილისგან მუცელი სტკიოდა მეფის ეგ ბრძანება რომ გაიგო, ---შენ მოსვლას ელოდებოდა გიყურებდით როგორ იკვლევდი გზას, ეხლა სახლშია შესული, ხანში უკვე შესული და ჩაეძინა, მე მთხოვა რომ დაგხვედროდი.წამოდი სახლში შევიდეთ, ნამგზავრი ხარ , მოშიებული იქნები წავიხემსოთ და პაპაც გაიღვიძებს ამასობაშიო. ---შევიდნენ სახლში, რომელიც გარედან მცირე სჩანდა , შიგნით კი უზარმაზარი იყო, ჭერი არც კი უჩანდა , კედლებს კიბე მიყვებოდა , რომელიც მერე აივნის მოაჯირად იქცეოდა , მერე ისევ კიბედ და ასე უსასრულოდ. ---პაპას ზემოთ უყვარს ძილი ხმაური იქამდე არ აღწევს და იქ ურჩევნია, უთხრა ხშირადკეთილმა. ----აბა ეგა ყოფილა--- ამ სიმაღლეზე ასვლა თუ შესძლებია , წლებს ეტყობა ვერაფერი დაუკლიათო –გაიფიქრა გოთუკამ . ----კედლებზე სურათები ეკიდა,--- კინაღამ გული გაუჩერდა შიშისგან , წყვილ-წყვილად დაკიდებულ სურათებზე , ადამიანები და ცხოველები იყვნენ გამოსახულები, წარწერით , უწინ და ეხლა. შეშინდა გოთუკა, შეშინდა ძლიერ, მაგრამ იმასაც მიხვდა რომ შიში ვერ იხსნიდა და თუ მისი ცხოველად გადაქცევა სურდათ აქამდეც წარმატებით იზამდენ ამას , ახსენა ღმერთის სახელი და კედლისკენ აღარც გაუხედავს. ----მაგიდა, თავსა და ბოლოში ორი სკამით ,ოთახის შუაში იდგა. მიუსხდენ ცარიელ მაგიდას. იფიქრა გოთუკამ დაიქნევს ჯადოსნურ ჯოხს და გაიშლება სუფრაო, მაგრამ ჯადოქარმა პატარა ზარი გააწკარუნა, და ოთახის ბოლოში, თითქოს ჰაერიდან გაჩენილმა მოსამსახურეებმა დაიწყეს სუფრის გაშლა, ბროლის ჭიქები , ვერცხლის დანები , ჩანგლები , სიფრიფანა ფაიფურის თეფშები , ვენეციურ შუშის გრაფინები სხვადასხვა სასმელით, სასმელს საჭმელები მოყვა.... გეყოფა ხშირად კეთილო , ვინაა ამ საჭმლის მჭამელი, რისთვის წუხდებიო?--იკითხა გოთუკამ. ----ეგრეც ნუ იტყვი გოთუკ , უთხრა ჯადოქარმა და მაღლა აახედა , სადაც კიბეებზე ჩამომავალი ხალხი დაანახა, განცვიფრდა გოთუკა ნეტავ ესენი ვინ არიან ან აქ საიდან გაჩდენნო? მალევე გამოჩნდა , რომ მთელ ამ ამალას ხალხისას წინ მოუძღოდა ჭარმაგი კაცი და პირბადე ჩამოფარებული ქალი. უკან მომავალებში კი გოთუკას ბევრი ეცნო , ეს ის ხალხი იყო , ვინც თავის დროზე მასთან ერთად შორეულ და ხიფათიან გზას დაადგა მეფის ასულის ხელისა და გულის მოსაპოვებლად, წინმომავალი კაცი კიდე სულაც ის ჯადოქარი აღმოჩნდა , ვის ტომარაში ჩასმასაც და სასახლეში მეფესთან მიყვანას ბევრი ნატრობდა.
---დაბნეული გოთუკა , თვალებს აქეთ იქით აცეცებდა, რადგან ვერაფერში გარკვეულიყო და ხშირადკეთილისკენ ვედრებით იხედებოდა და თვალებით პასუხს ეხვეწებოდა, ყველაფერ იმაზე რაც მის გარშემო ხდებოდა. ---ჰო გუთუკ, ეგ ის ხალხია შენთან ერთად რომ გამოემართნენ ჯადოქრის დასაჭერად, ხიფათებს და ფათერაკები ვერ გადალახეს და დამარცხებას შეეგუენ, ჰოდა მერე ჯადოქარმა ეგენი შეჰყარა და აღმოსავლეთის ქარს სახლის კართან მოაყრევინა , როგორც შემოდგომის ფოთლები. შენს, მოსვლამდე ეგენი ცხოველებად ჰყავდა გადაქცეული , რამდენიმე სულაც ერთ ტანში და ოთხავში მოაქცია , და იმ ძაღლად აქცია შენ რომ ეზოში ნახე, მაგათი ბედი შენზე იყო დამოკიდებული თუ კი აქამობამდე მოაღწევდი ჯადოქარი ისევ ადამიანებად აქცევდა მათ, თუ არადა სამუდამოდ ცხოველებად დარჩენა უწევდათ. ის გოგო ვინღააა?–იკითხა გოთუკამ , მაგას ბებერი ჯადოქარი თვითონონ გეტყვისო უთხრა ხშირად კეთილმა. ამასობაში გაშეშებულ–გაშტერებულ გოთუკას ბებერი ჯადოქარიც მოუახლოვდა და მდაბლად თავდახრილი გოთუკა , ბოდიშად და სინანულად დაიღვარა;
---მე კი ვიცოდი სისულელე , რომ დაგვავალა მეფემ , მაგრამ სხვა გზა არა მქონდა დიდი ჯადოქაროო(ბებერის თქმისა შეეშეინდა, შეიძლება მოერიდა კიდევაც ) იმ გოგოს გარეშე მე თავს ვერ ვიცოცხლებდიო, და გინდა იქ ჩამოვდნარ ჩამოვხმარიყავ და გინდ შენ დამმართო ფარსაგი რამე, ჩემთვის მაგას მნიშვნელობა არა აქვსო. ---კარგი გეყოფა ლაპარაკი და აბა ამ გოგოს გამოხედე იცი ვინაა?----შეეკითხა ჯადოქარი და გოგოზე მიუთითა , არაა დიადო აბა საიდანო. მაშინ მოხსნა გოგოს პირბადე ჯადოქარმა და ისედაც განათებული დარბაზი უფრო განათდა, ეს გოგო ჩვენი უკვე გაზრდილ-დაქალებული პრინცესა-მეფის ასული), ახალამოსულ მზესავით მშვენიერი და თავისუფლებასავით სანატრელი, ასე ახლოს ერთი ხელის გაწვდენაზე იდგა,სულ მუდამ სასურველი, დამწვარ თითივით სულშესაბერი, მოკლედ... გოთუკას ყველაფერი , აზრი , არსი, სიცოცხლე ,სიკვდილი , ახლიდან დაბადება ,მერე კვლავაც გოთუკობა , მის წინ იდგა და იმ ლამაზ იისფერთვალებს აფახულებდა.
----თავი სიზმარში ეგონა, რომლის ბოლოც არანაიარად არ უნდოდა,რომ გამოღვიძება ყოფილიყო. ----ვიქნები ასე არ გავიღვიძებ მარადჟამ ჩემს პრინცესასთან ერთად და თვალები დახუჭა. ----ხშირადკეთილმა იყოჩაღა და ლოყებში ერთი ორი მისცხო, თორემ ისე იყო თვალის გახელას და გადაადგილებას საერთოდ აღარ აპირებდა. ----" თვალი გაახილე შე ოხერო, ეს გოგო მამამის იმისთვის კი არ მოვტაცეთ, ფიფქიასავით ძილქუშ შეყრილს გავატანოტ, თუ არ გინდა. აქ რა შენზე ნაკლებ ბიჭებს ხედავ? –შენსავით უქონლები და შტერები კი არ არიანო.
----მაშინ კი იკადრა და ურმის ბორბალივით თვალებთან , ერთად ყურებიც მოიფშვნიტა; რამე ხომ არ მომესმა , ეს გოგო მართლა ჩემთვის მოიყვანესო?-დაეკითხა ხშირადკეთილს. ---ჰო გოთუკ , შენია ეგ გოგო , მოიყვა ცოლად , სანამ კარგ ხასიათზეა პაპაჩემი და დასიზმრებულ დედამისის , დაბარებულს ასრულებსო. ---შენი ბედი რომ ჩემი დიდბებია ესიზმრა პაპას, იმას უთქვამს გოთუკა მოვა , ქალის გულისთვის შენს ტომარაში ჩასმას რომ აპირებს, ეგ ჩემზე კარგად იცი და შენ რომ გჩვევია ეგეთი ეგეთი ცუდი არაფერი უქნა, ძაღლად და მაიმუნად კი არ გადააქციო, პირიქით ჰქენი ,იმ გიჟმეფის გოგო აქ მოიყვანე და იმ ბიჭს გაატანე , თუ დედა გიყვარსო. ---საიდან გაიგო დიდბებიამ შენი ამბავი, რად გამოიდო თავი შენს გულისთვის, პაპამაც კი არ იცის, რადგან ეს უსიზმრია და იმწამსვე გაჰღვიძებია პაპას , შეკითხვაც კი ვერ მოასწრო რისთვინო. მოდი შენც ნუ გამოიედებ თავს მაგის გამოძიებით, ნათქამია ხილი ჭამე, მებაღეზე კარგი თქვი, სადაურობას კი ნუ იკითხავო. ---დაილოცოს გამჩენო შენი განგება , გამოძიება და ზედმეტი თავის ტკივილი არაფერში მჭირდება , ერთი ეგ მითხარ რაკიღა ხილის ჭამა ახსენე , ესე იგი გოგოს კოცნაზე დასტური მაქვსო?? ---მიდი აკოცე გოთუკ, გელოდება გოგოო და დიადმა ჯადოქარმა გოთუკას , გოგო ჩააბარა. ---ყველა მარწყვი და ყველა ალუბალი ერთად მწიფობდა გოგოს ბაგეზე, ყველა ყვავილი იმ დღეს ჰყვაოდა პრინცესას თვალებში, ცაში ვარსკვლავნი აცეკვავდნენ, მიწაზე გახარებულ ადამიანთა ხმები ისმოდა ; აკოცა , აკოცა, აკოცა....
---მოკლედ აკოცა გოთუკამ მეფის ასულს და გახდა პატრონი გოგოს საუნჯეთა. მიუსხდნენ იმ დიდ დარბაზში გაშლილ სუფრას , პირველი სადღეგრძელო დიადმა შესვა და ერთი პირობა იმ საიდულმლოს გამხელაც კი დააპირა , რომელმაც ცხონებულ დედამისს ამდენ რაინდში გოთუკა ამოარჩევინა მერე გადაიფიქრა, ეგ ამბავი ჩემთან ერთად მოკვდებაო , დალოცა გოთუკა და მეფის ასული, დიდხანს სიცოცხლე უსურვა , ბევრი შვილები და უმეტესი ჭკუა გოთუკას და გოგოს–––– მეფე მამის ჭკუაზე მოსვლა უსურვა , თუმცა მაგას, ხომ მე ეხლავე ვიზამო სთქვა და მეფეც იმ სუფრაზე გააჩინა.
--- გაოგნებული მეფე თვალებს აქეთ იქით აცეცებდა, აგე მეფეო მე ის ჯადოქარი ვარ ამოტოლა ხალხი ჩემს ტომარაში ჩასასმელად და შენთან მოსაყვანად რომ გამოგზავნეო, აბა ერთი გვითხარი ეგ სისულელე რამ მოგაფიქრებინაო? მეტს აღარ ვიზამო დაპირდა მეფე, იზამ და კაი ტურას დაიჭერ , აბა ეგ შენი გვირგვინე და ტახტი ამ ბიჭს გადააბარე და რამე საშენო საქმეს მე მოგიძებნი, თუ გინდა ჩემი ბაღების მთავარ მებაღედ დაგნიშნავო, უთხრა ჯადოქარმა, გაუხარდა მეფესაც მადლობა მოიხადა, „ მინდა აბა მე ეხლა მეფეობაა,?“ მთელი ცხოვრება ბუნებასთან ახლოს ყოფნა მინდოდა , ასრულდა ჩემი ნატვრაო. მოკლედ მაგარი ქორწილი გამოვიდა , იქეთ გოთუკას ეშველა , აქეთ მეფეს , არც ის ხალხი დაგავიწყდეთ ცხოველებად ქცეულნი გოთუკას მშვიდობით მოსვლას რომ ელოდებოდნენ.
--- გოთუკა კარგი და სამართლიანი მეფე გამოდგა შვილებიც ბევრი ჰყავდათ , ხშირად კეთილი–––– სულმუდამკეთილი გახდა, მეფე მაგარი მებაღე გამოდგა, ახალი ჯიშები გამოიყვანა, ყველაფერი ისე მოხდა როგორც უნდა მომხდარიყო, ქატო და ფქვილი იყო გადასარჩევი და გადავარჩიე, ჭირი და ლხინიც გავაცალკავე, თანაც ისე რომ ფქვილი და ლხინი აქეტ , ჩვენსკენ დავტოვე. ხოდა ლხინი აქა, ფქვილი აქა, დარჩენილი ქატო და ჭირი კიდევ იქა.
მორჩა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. თვალცრემლიანმა მოვიგდე მეც მხარზე აბგა და შიშველი ფეხების ტყაპუნით შევუყევი ამ ზღაპარს...გარკვეული მდგომარეობის გამო.ზღაპარი იგი გზაზედ გავწყვიტე,ბოლომდე წაკითხვის იმედით.ამასობაში ბრძნული აზრი გამოვაანდაზე-იმაზე უკეთესი რა უნდა თქვა,რაც ხარ...კეთილო,საყვარელო ჯადოქარო? დროებით:) თვალცრემლიანმა მოვიგდე მეც მხარზე აბგა და შიშველი ფეხების ტყაპუნით შევუყევი ამ ზღაპარს...გარკვეული მდგომარეობის გამო.ზღაპარი იგი გზაზედ გავწყვიტე,ბოლომდე წაკითხვის იმედით.ამასობაში ბრძნული აზრი გამოვაანდაზე-იმაზე უკეთესი რა უნდა თქვა,რაც ხარ...კეთილო,საყვარელო ჯადოქარო? დროებით:)
17. ჰარი, იქ სამეზობლოში მოგილოცე დაბადების დღე. ესეც ორჯერ წავიკითხე და ახლა მესამედ ვაპირებდი აგერ მეგობრისთვის წამეკითხა და რას ვხედავ, არაა არსად ჩემი ბრძენი კომენტარი, შენს ბრძნულ, აზრიან გენოუსურ ზღაპარზე> წელიწადში ერთხელ, რომ წერ რაა მაგი, ნუ მოგვანატრებ .... ჰარი, იქ სამეზობლოში მოგილოცე დაბადების დღე. ესეც ორჯერ წავიკითხე და ახლა მესამედ ვაპირებდი აგერ მეგობრისთვის წამეკითხა და რას ვხედავ, არაა არსად ჩემი ბრძენი კომენტარი, შენს ბრძნულ, აზრიან გენოუსურ ზღაპარზე> წელიწადში ერთხელ, რომ წერ რაა მაგი, ნუ მოგვანატრებ ....
16. ძალიან...კარგია... წინსვლით... გაიხარე...შენა... ძალიან...კარგია... წინსვლით... გაიხარე...შენა...
15. რაც მე ოთხმოცდაათიან წლებში, სანთლის შუქზე ჩემი შვილებისთვის ზღაპრები წამიკითხავს.(ერთი თარო სავსეა ახლაც), არც ერთი არ ყოფილა ასეთი სახალისო. ზღაპარი+იუმორი ეს სიახლეა. მართალია ნახევრამდე ჩავედი {დანარჩენს ხვალ წავიკითხავ. (სანთელზე კითხვის ბრალია)}, უკვე იმსახურებს უმაღლეს ქულას.
რაც მე ოთხმოცდაათიან წლებში, სანთლის შუქზე ჩემი შვილებისთვის ზღაპრები წამიკითხავს.(ერთი თარო სავსეა ახლაც), არც ერთი არ ყოფილა ასეთი სახალისო. ზღაპარი+იუმორი ეს სიახლეა. მართალია ნახევრამდე ჩავედი {დანარჩენს ხვალ წავიკითხავ. (სანთელზე კითხვის ბრალია)}, უკვე იმსახურებს უმაღლეს ქულას.
14. ზეპირსიტყვიერად ხომ მოგილოცე დაბ.დღე? ახლა წერილობითაც მოგახსენებ: გაიხარე, ჰარიკო! კარგი ადამიანი ხარ შენ! და სულ არ ჰგავხარ ზოგიერთებს... :)))) ძალიან გაფასებ და ძალიან მიყვარხარ! ღმერთმა ძმაკაც-დაქალობის მადლი არ მოგიშალოს!
ახლა ნაწარმოები: ძალიან მომეწონა ქართული ზღაპრების შენებური ინტერპრეტაცია. 55555555555555555555555 ზეპირსიტყვიერად ხომ მოგილოცე დაბ.დღე? ახლა წერილობითაც მოგახსენებ: გაიხარე, ჰარიკო! კარგი ადამიანი ხარ შენ! და სულ არ ჰგავხარ ზოგიერთებს... :)))) ძალიან გაფასებ და ძალიან მიყვარხარ! ღმერთმა ძმაკაც-დაქალობის მადლი არ მოგიშალოს!
ახლა ნაწარმოები: ძალიან მომეწონა ქართული ზღაპრების შენებური ინტერპრეტაცია. 55555555555555555555555
13. არაჩვეულებრივი ზღაპარია))))) არაჩვეულებრივი ზღაპარია)))))
12. ჰარი, წავიკითხე ზღაპარი. :)
მომეწონაოოო?! მომეწონებოდა, აბა, რა იქნებოდა?! :))
მასეა, შეყვარებული ბრიყვებს უსრულდებათ ოცნებები. :))
ტენდი.
პ.ს. ახლა, კორექტურაზე ლაპარაკს და წერას რა მნიშვნელობა აქვს?! :)) ჰარი, შე მუცლით მეზღაპრე. :))
ტენდი.
ჰარი, წავიკითხე ზღაპარი. :)
მომეწონაოოო?! მომეწონებოდა, აბა, რა იქნებოდა?! :))
მასეა, შეყვარებული ბრიყვებს უსრულდებათ ოცნებები. :))
ტენდი.
პ.ს. ახლა, კორექტურაზე ლაპარაკს და წერას რა მნიშვნელობა აქვს?! :)) ჰარი, შე მუცლით მეზღაპრე. :))
ტენდი.
11. მშვენიერია.+5 მშვენიერია.+5
10. ჰარიიი, გოლიცავ დაბადების დღეს! :))
ჰა-რა-ლე-საც ვულოცავ შენი დაბადების დღეს! რა ეშველებოდა უშენოდ, ხომ მოიწყენდა კაცი?! :)) სუზისაც ვულოცავ შენი დაბადების დღეს, ჭასაც, საკუთრ თავსაც, ჯონათანსაც... ზოგადად სამეზობლოს :) ყველას გვიყვარხარ. :) რატომ არ მითხარი გუშინ, შენი დაბადების დღე თუ იყო? ხომ იცი საიტზე აღარ ვიხედები, პირდაპირ ფორუმზე გავრბივარხოლმე. :)
ტენდი
ახლა წავიკითხავ ზღაპარს! :)) ჰარიიი, გოლიცავ დაბადების დღეს! :))
ჰა-რა-ლე-საც ვულოცავ შენი დაბადების დღეს! რა ეშველებოდა უშენოდ, ხომ მოიწყენდა კაცი?! :)) სუზისაც ვულოცავ შენი დაბადების დღეს, ჭასაც, საკუთრ თავსაც, ჯონათანსაც... ზოგადად სამეზობლოს :) ყველას გვიყვარხარ. :) რატომ არ მითხარი გუშინ, შენი დაბადების დღე თუ იყო? ხომ იცი საიტზე აღარ ვიხედები, პირდაპირ ფორუმზე გავრბივარხოლმე. :)
ტენდი
ახლა წავიკითხავ ზღაპარს! :))
9. აქ ბრძანდებით დიადო ხვადო? როგორ მიხარის! გილოცავთ და გმაგლობთ, არსებობისთვის! აქ ბრძანდებით დიადო ხვადო? როგორ მიხარის! გილოცავთ და გმაგლობთ, არსებობისთვის!
8. ერი გმადლობს ძვირფასო ადამიანო:))) ალბათ შენ უნდა შეგეხსენებინა:))) ერი გმადლობს ძვირფასო ადამიანო:))) ალბათ შენ უნდა შეგეხსენებინა:)))
7. გილოცავთ! ჰარირამას შობის და ივერიის გაბრწყინების დღეს!!! გილოცავთ! ჰარირამას შობის და ივერიის გაბრწყინების დღეს!!!
5. ჰარი, მახსოვდა მე ამ ზღაპრის დასაწყისი...გოთუკას გლეხის ბიჭი რომ ერქვა, იმდროინდელი..., მაგრამ ის იყო ძალიან ჩვეულებრივი ზღაპრის დასაწყისი მხოლოდ, ახლა როცა დაგიმთავრებია და დაგიხვეწია , გახდა ა რ ა ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი... მიყვარს კომენტარებში გადაჭარბება,მაგრამ ახლა სრულ სიმართლეს მოგახსენებთ, ძალიან ძალიან კარგი თხრობაა, ბევრ მეზღაპრეს რომ შეშურდება ისეთი... ჰარი, მახსოვდა მე ამ ზღაპრის დასაწყისი...გოთუკას გლეხის ბიჭი რომ ერქვა, იმდროინდელი..., მაგრამ ის იყო ძალიან ჩვეულებრივი ზღაპრის დასაწყისი მხოლოდ, ახლა როცა დაგიმთავრებია და დაგიხვეწია , გახდა ა რ ა ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი... მიყვარს კომენტარებში გადაჭარბება,მაგრამ ახლა სრულ სიმართლეს მოგახსენებთ, ძალიან ძალიან კარგი თხრობაა, ბევრ მეზღაპრეს რომ შეშურდება ისეთი...
4. "ფრთხილი გოთუკა-ჰარი, დათვს არ შეეჭმევინებაო."...:) ჭინჭრაქაზე მოხერხებული გოთუკა, უცებ გახდა ქართული ზღაპრების ყველაზე მაგარი გმირი...
"გაზრდილ-დაქალებული პრინცესა-მეფის ასული), ახალამოსულ მზესავით მშვენიერი და თავისუფლებასავით სანატრელი, ასე ახლოს ერთი ხელის გაწვდენაზე იდგა,სულ მუდამ სასურველი, დამწვარ თითივით სულშესაბერი, მოკლედ... გოთუკას ყველაფერი , აზრი , არსი, სიცოცხლე ,სიკვდილი , ახლიდან დაბადება ,მერე კვლავაც გოთუკობა , მის წინ იდგა და იმ ლამაზ იისფერთვალებს აფახულებდა." რა ლამაზი ადგილია...:)
ძალიან ვისიამოვნე კითხვისას..საოცრად კეთილი და ქართული ზრაპარია...თხრობა საუკეთესო...ჩემი დიდი მოწონება აქ...:-* 555 "ფრთხილი გოთუკა-ჰარი, დათვს არ შეეჭმევინებაო."...:) ჭინჭრაქაზე მოხერხებული გოთუკა, უცებ გახდა ქართული ზღაპრების ყველაზე მაგარი გმირი...
"გაზრდილ-დაქალებული პრინცესა-მეფის ასული), ახალამოსულ მზესავით მშვენიერი და თავისუფლებასავით სანატრელი, ასე ახლოს ერთი ხელის გაწვდენაზე იდგა,სულ მუდამ სასურველი, დამწვარ თითივით სულშესაბერი, მოკლედ... გოთუკას ყველაფერი , აზრი , არსი, სიცოცხლე ,სიკვდილი , ახლიდან დაბადება ,მერე კვლავაც გოთუკობა , მის წინ იდგა და იმ ლამაზ იისფერთვალებს აფახულებდა." რა ლამაზი ადგილია...:)
ძალიან ვისიამოვნე კითხვისას..საოცრად კეთილი და ქართული ზრაპარია...თხრობა საუკეთესო...ჩემი დიდი მოწონება აქ...:-* 555
3. ქართული ხალხური ზღაპრების და მსოფლიო ხალხთა ზღაპრების საუკეთესო მოტივების ოსტატური და ღიმილიანი ნაზავი.
სულკეთილო ჰარირამა :) ქართული ხალხური ზღაპრების და მსოფლიო ხალხთა ზღაპრების საუკეთესო მოტივების ოსტატური და ღიმილიანი ნაზავი.
სულკეთილო ჰარირამა :)
2. წარმოუდგენელია ეს მშვენიერი ზღაპარი ასეთივე მშვენიერი, საყვარელი და საოცრად ორიგინალური სიტყვების გარეშე: ასჯადოქარნატვრაასრულებული, მილთვალმიტყეპებული, თავკედელმირტყმულები, ტკივილსიყვარული, ჯადოქრებისმჭერი, გალუმპულგაყინულქარდაბერილები. ჩახვანჩალდი, დევუკა.:)
ბზობას გილოცავ ჰარირამა! :) წარმოუდგენელია ეს მშვენიერი ზღაპარი ასეთივე მშვენიერი, საყვარელი და საოცრად ორიგინალური სიტყვების გარეშე: ასჯადოქარნატვრაასრულებული, მილთვალმიტყეპებული, თავკედელმირტყმულები, ტკივილსიყვარული, ჯადოქრებისმჭერი, გალუმპულგაყინულქარდაბერილები. ჩახვანჩალდი, დევუკა.:)
ბზობას გილოცავ ჰარირამა! :)
1. ჩემი კომენტარი მინდა აქ ახლა რომ იყოს პირველი:)
ამიტომ, ჯერ ამას დავწერ და მერე წავიკითხავ და მერე დავწერ ისევ :)
გამეხარდა, ბატონო ჰარირამა, ამდენი ხნის შემდეგ :) ჩემი კომენტარი მინდა აქ ახლა რომ იყოს პირველი:)
ამიტომ, ჯერ ამას დავწერ და მერე წავიკითხავ და მერე დავწერ ისევ :)
გამეხარდა, ბატონო ჰარირამა, ამდენი ხნის შემდეგ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|