ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ყარიბი
ჟანრი: თარგმანი
21 ივლისი, 2013


ლაჟვარდი(სტეფან მალარმე)

ზანტი ნათება მარადიულ სილაჟვარდისა
ძალ-ღონეს აცლის დამცინავი თვისი ციალით
უმწეო პოეტს, ვინც გენიას წყევლის თავისას
ტკივილების ბერწ უდაბნოში მოხეტიალე.

ლტოლვილი, თვალებდახუჭულიც ვგრძნობ სიცხოველით
დაძაბულ მზერას, რომ მითელავს მწარედ მქენჯნავი
ამ სულს ცარიელს, სად გავიქცე, ღამე რომელი
შეძლებს დათრგუნოს ზიზღი ასე გულგამგმირავი?!

ჰეი, ნისლებო, ამოდით და თავანი ცისა
აავსეთ თქვენი ფერფლითა და დაფარეთ არე.
დაე, ჩაძიროს ცა ჭაობმა შემოდგომისამ
და თავს დამხურეთ მე ახალი ჭერი მდუმარე


და შენც დატოვე გუბეები ლეთასეული
და ლელიანში შეაგროვე სევდა ძვირფასი,
რომ მით ჩაჩურთო, ამოავსო პირდაღებული
ხვრელები, ავი ჩიტები რომ აჩენენ ასე.

დაე, ბოლავდნენ ეს ბუხრები მწუხარ იერით,
მოხეტიალე შავმა მჭვარტლმა წუხილით ავით
დაე, ჩააქროს, ჩააბნელოს თვალსაწიერზე
მზე მოყვითალო, ავადმყოფი და სულთმობრძავი.

ცა მოკვდა! შენკენ, მატერიავ, ვილტვი და ვცდილობ
საბედისწერო იდეალით ასე ვნებული,
გადავივიწყო  ყოველი და გავინაწილო
საგები, სადაც პირუტყვია მოსვენებული.

იქ მინდა, რადგან დაღლილია დღეს ჩემი ტვინი
და ვით მიგდებულ, დაცლილ კოლოფს ფერუმარილის,
არ შეუძლია პეწი მისცეს აზრს მოქვითინეს
და ელტვის სიკვდილს მოწყენილი და გადაღლილი.

ამაოებავ, ცა იმარჯვებს და მღერის ვნებით,
ზართა გუგუნით, სულო ჩემო, ჰანგით ძლიერით,
რათა უფრორე შეგვაშინოს ამ გამარჯვებით
და ცოცხალ ლითონს გამოსცდება ლოცვა ცისფერი.

ის გრგვინავს ნისლში, ძველთაძველი და ვით მახვილი,
კვეთს ამ კაეშანს და არ ვიცი, საით შთავვარდე,
საით გავიქცე ამ ამაო ჯანყით დაღლილი.
ჰოი, ლაჟვარდი, ლაჟვარდი და ისევ ლაჟვარდი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები