| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: პროზა 3 აგვისტო, 2013 |
ძარცვა
აბა, ამათი გამოყვანა შეიძლება ტელევიზორში? მერე რასა გვანან, აბა დახე! ზედ რო დაცურდე, ხელის მოსაჭიდებელს ვერაფერს უნახამ.. ქალი ჯერ ფერხორცით ფასდება, მერე თმითა. ჩვენ დროს რო ხორციანი ქალები იყვნენ. ერთი რუთი გვყავდა, მარტო იმისი ერთი ბარკალი აიწონიდა მაგათ. რას იღრიჭები, ეგრე ბებერი გგონივარ? აბა, ყური დამიგდე. სოფლის მეწვრილმანე იყო ერთი, ნათანაილ-ურიას ვეძახდით.დაღლარა , ჩია კაცი, წვრილი, გამყინავი ხმა ჰქონდა. ტურებს რომ გაჯიბრებოდა კივილში, ნაღდად ის აჯობებდა. დადიოდა თავისი განუყრელი ბოხჩით სოფელ-სოფელ და რაღაცნაირი, თავისებური წამღერებით იძახდა: ნემსები, მახათებიი!ნარმა, მიტკალიი!სოფლის ქალების ნანინანატრი სტუმარი ეგ იყო. იმის გამოჩენა ეგრე უხაროდათ, როგორც სინდიოფალას ქათმის ბოლოსი. ამიტომაც, კაცები დიდად არ წყალობდნენ. მაინც იმის გარეშე ლხინის სუფრა არ ჩატარდებოდა. სიმღერა იცოდა ისეთი, რომა დედას აკვანში ჩაკრულ ჩვილს მიატოვებინებდა.ხოდა, ის რუთიც მაგისი ცოლი იყო. სქელ-სქელი, ფაშფაშა, იმისთანა ბარაქიანი ძუძუები მკერდი სოფელში ბარე ორ დედაკაცს არ ექნებოდა, კაი დედალი დაიბუდრებდა იმათ ჩრდილში. კოხტად ჩაცმა უყვარდა, ზიზილპიპილოების გიჟი იყო.მიწას თვალჩაჩერებულ სოფლის დედაკაცებს გულში ყველას შურდა მაგისა. ერთავად კილვა-ჭორების საგანი იყო. ამბობდნენ , სოფლის მეველე წყალობა ერთი ოყლაყი, როყიო ვინმე დაიარება და ნათანაილს უფასოდ ეშველებაო. აბა, ის ჭიამკვდარი ქმარი რას აუვიდოდა. წყალობას ლიახვის გაღმა, ვენახების ბოლოში ქოხი ედგა ერთი, იქ წირავდნენ მსხვერპლს სიყვარულის ღმერთსა, როცა მეწვრილმანე თავისი გამყივანი ხმით სოფლის დედაკაცების გულის მოგებას ცდილობდა. ერთხელაც ღამეა. სძინავს ჩვენს ნათანაილს მშვიდი ძილით, სუ ტკიცინა ლენინისთავიანები ელანდება. თავხედური ბრახუნი გაისმის კარზე. -ვინ არის?- ავი ეჭვით იკითხა მასპინძელმა. -კარი გააღე ეხლავე, თორემ ჩამოვიღე!- ეჭვი დაუდასტურა ხმამ. -თუ მოყვარე ხარ, დაგენაცვლე,ღამეს რას ელოდებოდი. თუ, ბოდიში მამითხოვია და ყაჩაღი, ჩემთან რა ხელი გაქ?- დაუტკბა ნათანაილი. - გააღე , თორემ დედასგიტირებ!- თქვა მომხდურმა და გაღებასაც არ დაელოდა, პირდაპირ, წიხლით შეამტვრია ფარღალალა კარი. ორნი იყვნენ. ერთი წითური, წვერგაბურძგნული, მეორე- ჩია, სახედაკენკილი..წითურს დიდი, ფინური დანა ეჭირა ,მეორეს- გადაჭრილი, მავთულით გადახვეული თოფი. წვერიანი ლოგინზე წამომჯდარ ნათანაილს ეცა და ტახტზე დააკრა. მაშინ სკოჩი და ეგეთი რამე სად იყო.დანას ცხვირწინ უტრიალებს და ეუბნება: -ეხლა არ დამიწყო,არაფერი მაბადიაო. უქოონელი ურია ვინა ნახა. ხო იცი ყველაფერზე ვარ წამსვლელი. ნათანაილმა ხროტინი დაიწყო. ენა ჩაუვარდა.არ ვიცი, მართლა , თუ იგონებდა. იქით მეორე, თოფიანი რუთის ეჩალიჩება. იმასაც ლოგინზე წამოუსვამს და ნაწნავებში ჩაფრენია. ენაბრგვილია, რას დუდღუნებს, ვერ გაიგებ. ანდა, რა გაგება ესაჭიროება, რას უნდა თხოულობდეს სახლში შემოჭრილი მოძალადე. უყურა წითურმა ამხანაგის ცოდვილობას და ახლა რუთის გასძახის: -ეხლა, რაცა გაქს, ყველაფერი გამოიტანე, თორე გავაგორე შენი ქმარი საშობაო ღორივითა!- თან გრძელ დანას ყელზე უმარჯვებს. სანაYთურიდან შემოჭრილ მთვარის შუქზე თეთრად, ავისმომასწავებლად ელავს იარაღი. თეთრ ღამისპერანგში გამოწყობილი, კეკლუცი რუთი ყინჩად პასუხობს: -თუნდა ეხლავე გამოჭერ ყელი, არაფერი გაგვაჩნია, გამჩენის მადლმა! რაც არა მაქვს რა გამოვიტანო! ამის გამგონე ნათანაილმა თვალი ჭყიტა, ენა ამოიდგა და ამოიხროტინა: -დახე ამის ყოფას, გაგიწყრა გამჩენი. ეხლავე ჩააბარე ყველაფერი ამ პატიოსან ხალხსა, თორემ ჩემმა მზემ ჩემი ხელით დაგახრჩობ! წამოიზლაზნა ლოგინიდან დანდალა რუთი, ის ჩოფურა ყაჩაღი თმებში ჩაბღაუჭებულ ხელს არ უშვებს აღვირივითა, თან პერანგიდან გამოჩრილ სხეულის ნაწილებს მისჩერებია გაშტერებული, რუთის თმები გაშლია და მხრებზე დაჰფენია შავად. ფეხშიშველა ქალი მიტანტალდა ოთახის კუთხეში (სულ ერთი ოთახი ჰქონდათ თავის დერეფნით). გამოაღო განჯინა, შეყო ხელი სამალავში. ორივე კაცი გატრუნული მისჩერებია, ვერ გაიგებ, ის უფრო აღელვებთ , თუ იმისი ქონება. გამოაძვრინა საგულდაგულოდ გადამალული ოქრო-ვერცხლი, ხელისკანკალით ჩააბარა წვერიანსა. ითვლის წითური ისე, თითქოს შოვნაში დიდი ჯაფა ადგა, თან ყურებზე გაურბის მზერა. ცრემლივით მარგალიტის საყურე უბრწყინავს ყურზე ქალს. დაიჭირა იმისი მზერა რუთიმ და ეუბნება: -ეგა, დაგენაცვლე, დედიჩემის დანატოვარია ეგღა დამრჩა იმ უბედურის სახსოვრად.(რაღა დროს იმისი დედა იყო ამას რო ეუბნება,თან იმ ჩათქვირულ მკერდს წინ ბზიკავს. წითურის მზერა ახლა ქვემოთ, ქალის უბისკენ ჩამოცურდა,საიდანაც ორი, ნესვივით ძუძუ მოუჩანდა და როგორღაც დამორცხვებით, ჩუმად ჩაიბურტყუნა: -კარგი , რას მათხოვრობ, შენი ფეშქაში იყოს! ესა თქვა და გაიძურწნენ, შეერივნენ ღამეს. დატოვეს ორი მასპინძელი, ერთი გამეტებული და დამცირებული, მეორე- ამაყი და მოზეიმე. რა გაცინებს, არა გჯერა? შვილებს გეფიცები, ერთი სიტყვა არ დამიმატებია, ეგრე იყო!
2013
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ეს გვერდი ყოველთვის მომწონს. ჩემი მოკრძალებული ხუთიანი ) ეს გვერდი ყოველთვის მომწონს. ჩემი მოკრძალებული ხუთიანი )
10. უღრმესი მადლობა! ძალიან მანებივრებთ. უღრმესი მადლობა! ძალიან მანებივრებთ.
9. აი, იცით როგორი განწყობით წავიკითხე ეს მოთხრობა? პირველად რომ წავიკითხე მიხეილ ჯავახიშვილის "ლამბალო და ყაშა" - ზუსტად ისეთი, რომ ამყვა და ამყვა მეოთხე სტრიქონიდან, -ბოლომდე გამყვა.
ხუთი ქულა მაგარ პროზაიკოსს! :* აი, იცით როგორი განწყობით წავიკითხე ეს მოთხრობა? პირველად რომ წავიკითხე მიხეილ ჯავახიშვილის "ლამბალო და ყაშა" - ზუსტად ისეთი, რომ ამყვა და ამყვა მეოთხე სტრიქონიდან, -ბოლომდე გამყვა.
ხუთი ქულა მაგარ პროზაიკოსს! :*
8. მეც ვიზიარებ ჰა-რა-ლეს მოსაზრებას _ ამონარიდია აშკარად. თხრობა იმდენად მიმზიდველია რომ ამ მოთხრობაში ყველაზე მეტად მისი მცირე ზომა განვიცადე:) წარმატებები ავტორო! მეც ვიზიარებ ჰა-რა-ლეს მოსაზრებას _ ამონარიდია აშკარად. თხრობა იმდენად მიმზიდველია რომ ამ მოთხრობაში ყველაზე მეტად მისი მცირე ზომა განვიცადე:) წარმატებები ავტორო!
7. როგორც ყოველთვის კარგი და გემოვნებიანი ნაწერია. როგორც ყოველთვის კარგი და გემოვნებიანი ნაწერია.
6. მომწონს ეს ავტორი. მომწონს ეს ავტორი.
5. კარგი იყო :) ძალდაუტანებლი, ლაღი თხრობა მკითხველს ამბის თანამონაწილედ აგრძნობინებს თავს. კარგი იყო :) ძალდაუტანებლი, ლაღი თხრობა მკითხველს ამბის თანამონაწილედ აგრძნობინებს თავს.
4. ვა, რა მშვენიერი რამ წავიკითხე. რატომ არ ვიცოდი, ან გამომრჩა ეს ავტორი?:( თან ეჭვი მაქვს, ამონარიდი უნდა იყოს, და ჩვენთვის მხოლოდ ეს ნაწილი შემოსწირა ავტორმა. :) 5! ვა, რა მშვენიერი რამ წავიკითხე. რატომ არ ვიცოდი, ან გამომრჩა ეს ავტორი?:( თან ეჭვი მაქვს, ამონარიდი უნდა იყოს, და ჩვენთვის მხოლოდ ეს ნაწილი შემოსწირა ავტორმა. :) 5!
3. რა ძარღვიანი, გემრიელი ქართულითაა დაწერილი ეს სახალისო ამბავი. რა ძარღვიანი, გემრიელი ქართულითაა დაწერილი ეს სახალისო ამბავი.
2. მსუბუქად მოთხრობილი, სასიამოვნოდ წასაკითხი ამბავი...5 ვეთანხმები პირველ კომენტარს... ოსტატის ხელი ეტყობა... მსუბუქად მოთხრობილი, სასიამოვნოდ წასაკითხი ამბავი...5 ვეთანხმები პირველ კომენტარს... ოსტატის ხელი ეტყობა...
1. ''სუ ტკიცინა ლენინისთავიანები ელანდება'' გაიხარე, ძალიან ვისიამოვნე. დიდოსტატის ხელია. ვისურვებდი თქვენი რომანი მალე წამეკითხოს. ``სუ ტკიცინა ლენინისთავიანები ელანდება`` გაიხარე, ძალიან ვისიამოვნე. დიდოსტატის ხელია. ვისურვებდი თქვენი რომანი მალე წამეკითხოს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|