ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცალუღელა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
21 ნოემბერი, 2008


ომობანას თამაში

საირმის ქუჩა... სადარბაზოს ვერ მივაგენი...
      – გიგა ჩიხლაძე ამ სადარბაზოში ცხოვრობდა? – ვკითხულობ წარსულ დროში...ბიჭები მისი ბინის მოძებნაში მეხმარებიან. გიგას სურათის წინ კანდელი ანთია... საღამოს გიგას მეგობრები შეიკრიბებიან და ასე გაგრძელდება მომავალში... გიგას მეუღლე, ნატა მუმლაძე ცდილობს ემოცია დამალოს. რაღაცნაირი სიმტკიცე იგრძნობა მის ხმაში.
      საშა კლიმჩუკის დედა ისეთ დღეშია, არა მგონია, რამე გითხრათო... რედაქციაში დაბრუნებულს რატომღაც კალამიც კი ”დამიდუმდა”. ვერაფერს ვწერდი ჩაცხრილულ, ფოტოკამერით და კალმით ”შეიარაღებულ” ბიჭებზე. 
    საშას შორიდან ვიცნობდი. გადაღებებზე ერთად ვყოფილვართ და მახსოვს მისი ხალასი იუმორი... ბოლოხანს, ინგოროყვას ქუჩაზე ხშირად ვხედავდი ხოლმე. განმარტოებით მჯდარიც შემინიშნავს ფოტოკამერით ხელში...  მთაწმინდაზე, არსენას ქუჩაზე უცხოვრია.  27 წლის ახალგაზრდა 30 წლის გიგას ”გამოუზრდია” როგორც ფოტორეპორტიორი.. 90-იან წლებში, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე საშა მშრალ ხიდზე, ძველი წიგნების ბაზრობაზე გაუცვნია და მას მერე ოჯახებით მეგობრობდნენ...
      გიგა ჩიხლაძე 2003 წლიდან გაზეთ ”კავკაზსკი აქცენტთან” თანამშრომლობდა. მანამდე სრულიად ახალგაზრდა, გაზეთ ”კომსომოლსკაია პრავდას” თბილისის გამოცემის რედაქტორი იყო. ”კამსამოლკა” მან შეგნებულად იმიტომ დატოვა რომ ”ცენტრის” პოზიციას ზოგიერთ საკითხზე არ იზიარებდა.
      მთელი საქართველო ფეხით ჰქონდა მოვლილი საკმაოდ რთული მარშრუტებით და საქართველოს ბუნებაზე, ეკოლოგიაზე მისი პუბლიცისტური წერილების გამოსაქვეყნებლად ”კავკაზსკი აქცენტს” სპეციალურად რუბრიკა ”ტურისტული კავკასიაც” კი შეუქმნია. გიგა წერდა ტოლერანტობაზე, მშვიდობაზე... მისი ძალიან გამორჩეული და სახასიათო ჩანაწერი დაგვრჩა ”ომობანას თამაში” ანუ იმაზე, თუ ვის ”ესვრიან” თბილისელი ბავშვები ეთნიკური ოჯახებიდან ომობანას თამაშის დროს... კითხულობ ამ პატარა, მაგრამ თავისი მნიშვნელობით დიდ ჟურნალისტურ ”გამოძიებას” და გრძნობ ქვეტექსტს, პროფესიონალი ჟურნალისტის მთავარ სათქმელს... თემა ”ვის ესვრიან ბავშვები ომობანას თამაშის დროს” იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ”გამოძიებაში” არაერთი ჩემი ნაცნობი ჩაერთო და გვიან ღამითაც კი მირეკავდნენ... ვერ ვიპოვე ვერც ერთი ბავშვი, რომელიც ”აფხაზებს”, ”ოსებს”, ან ”ქართველებს” ესროდა...
      რეალურმა ომმა ტელეკომპანია “ალანიაში” რედაქტორად მუშაობისას “მოუსწრო”... მეუღლემ აგარაკიდან დაურეკა, თუმცა იცოდა რომ გიგა ცხინვალში აუცილებლად წავიდოდა...
      ნატა მუმლაძე, გიგა ჩიხლაძის მეუღლე იხსენებს:
      „კახეთში ვიყავი აგარაკზე ბავშვებთან ერთად. მთხოვა ჩამოვსულიყავი თბილისში და შაბათს ერთად ვაპირებდით კახეთში, ბავშვებთან წასვლას. სადღაც დღის ოთხ საათზე ჩამოვედი პარასკევს, ომის დაწყების დღეს, რამდენიმე “მესიჯი” გავუგზავნე და შევატყობინე რომ შინ მოსულიყო, მაგრამ  ტელეფონები არ მუშაობდა, ქსელი გათიშული იყო. არ მიპასუხა და საღამოს ცხრისკენ სამსახურიდან დაბრუნების დროს დავურეკე ტელევიზიაში და იქ მითხრეს რომ წავიდა ცხინვალის მიმართულებით... მას მერე გიგასგან არაფერი გამიგია... მანქანაში ოთხნი იყვნენ: გიგა, საშა, თემური და ვინსტონი. ორივეს ვესაუბრე და მათ მითხრეს როგორ ჩაცხრილეს... მე ამ დეტალებს ახლა ვერ მოგიყვებით... გეტყვით მხოლოდ იმას, რომ გიგას ცოცხალი რეპორტაჟები უყვარდა და ყოველთვის ამბობდა, სადაც საჭიროა, იქ უნდა ვიყო და დავწერო ყველაფერი ობიექტურად, რასაც საკუთარი თვალით ვნახავო. ოჯახში კამათი გვქონდა, რადგან ცხინვალში ერთხელ უკვე ტყვედ იყო ჩავარდნილი, გატაცებული ჰყავდათ. დახვრეტის საშიშროება მაშინაც იყო, მაგრამ საბედნიეროდ, გადარჩა. ამის შემდეგ ხშირად ვსაუბრობდით იმაზე რომ ეს ყველაფერი სახიფათო იყო მისი სიცოცხლისთვის, წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა ორი ბავშვი სამი და ხუთი წლის, მე სამწუხაროდ არ ვმუშაობ... ავადმყოფი მამა მყავს... ბევრი საქმე მქონდა ოჯახში, მაგრამ სხვანაირად მას არ შეეძლო, უნდოდა ყოფილიყო წინა ხაზზე და საკუთარი თვალით ენახა ყველაფერი...
ბიჭები საერთოდ არ გაჩერებულან, სანამ ჩაცხრილვის ადგილამდე არ მივიდნენ... მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, მისულიყვნენ ბოლო პოსტამდე, სანამ არ გააჩერებდნენ და არ ეტყოდნენ ”ბიჭებო, იქით ომია და არ წახვიდეთ!” ასეთი რამ სამწუხაროდ არ მოხდა... რაკი გზაში არ გააჩერეს, იფიქრეს, მშვიდობააო...  ჟურნალისტების დამსახურებაა ის, რომ მიცვალებულებს მივაგენით... ჟურნალისტები საავადმყოფოში მიცვალებულებს დღე და ღამე იცავდნენ რომ საერთო სასაფლაოზე არ დაემარხათ...
      მათ შორის იყო ჟურნალისტი მარკ პინდერი, რომელიც ყველას უამბობდა რომ თბილისში 5 დღით ყოფნის დროს აღფრთოვანებული იყო საშა კლიმჩუკის სტუმართმოყვარეობით და იმით, რომ მან ”მეფურად” უმასპინძლა. 27 წლის ალექსანდრე კლიმჩუკი ფოტოსააგენტო ”კაუკასუს პრეს იმიჯის” ხელმძღვანელი იყო. მისი ფოტოები ქვეყნდებოდა ჟურნალ ”ნიუსვიქში”, გაზეთებში ”ნიუ იორკ თაიმსსა” და ”ლე მონდეში”. გიგა ჩიხლაძე კი მასალებს რუსული ”ნიუსვიკისთვის” ამზადებდა.
            უახლოეს მომავალში წიგნად გამოიცემა გიგა ჩიხლაძის გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი ესეები, მოთხრობები. ასევე საშას მიერ გადაღებული ფოტოისტორიები. წიგნში ”ომობანას თამაშიც” შევა, სადაც ქართველი აზერბაიჯანელების, ებრაელების, სომხების, ოსების და სხვა ეთნიკური ოჯახების ბავშვები რუსებს და ქართველებს კი არა, მხოლოდ ”ცუდებს” ესვრიან.

                                                                                                                          ლევან ცალუღელაშვილი.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს