მარადიული არაფერი არსებობს. დრო ჩვენთვის უკითხავად მოქმედებს, ჩვენს ნება-სურვილს არ ემორჩილება და ყველაფერს ცვლის. ცვლის ადამიანებს, ფასეულობებს, გრძნობებს, გარემოს აღქმას და რწმენასაც. ის სიმართლე , რომელიც უტყუარი გეგონა, ერთ დღეს შეიძლება უბრალოდ გაქრეს, გაიფანტოს მტვერივით და აღარაფერი დარჩეს მისგან. ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად დავიჯერებთ და რამდენად მივცემთ ამ თავდაჯერებას არსებობის უფლებას. კარი ორმოციოდე წლის ქალმა გაუღო. საშინაო ხალათსა და ოთახის ჩუსტებში არცთუ მიმზიდველად გამოიყურებოდა. ეტყობოდა თმაც სახელდახელოდ აეწია და დაუდევრად შეეკრა.გაცრეცილ სახეზე უიმედობა ეხატა. გაუღიმა და წინ გაუძღვა. ოთახებში ნესტისა და სიძველის სუნი იდგა. ჩაჟამებულ კედლებს, მუქი ფარდები კიდევ უფრო არასასიამოვო ფერს სდებდა. აქ შესულს ისეთი გრძნობა გაგიჩნდებოდა, თითქოს ცხოვრება წინ კი არა, უკან მიდის. სუნთქვაშეკრულმა გაიარა დერეფანი, სანამ სამზარეულოს კარს შეაღებდნენ. ცოტა გულზე მოეშვა. ქუჩის მხარეს გამავალი ფანჯრიდან სინათლე შემოდიოდა და ქალაქის ხმაურით მიხვდებოდი რომ სიცოცხლე არსებობს . ფანჯარასთან ახლოს დაჯდა და შეეცადა მხიარული გამომეტყველება მიეღო. -რატომ არ გამომიარე? -ჰკითხა ქალმა ხრინწიანი ხმით და ხველა აუტყდა. -ხომ იცი რამდენი საქმე მაქვს? ნუ მსაყვედურობ.-უპასუხა და თვალი აარიდა. არ უნდოდა მისი თვალებში ის დაენახათ , რასაც ასე საგულდაგულოდ მალავდა ღიმილით.თეთრი პერანგი,მოხდენილი ქურთუკი, გაპრიალებული ფეხსაცმლი, კოხტად დავარცხნილი, ჭაღარანარევი თმა ხაზს უსვამდა მის პედანტიზმს. მოჩვენებითი უდარდელობით მოუკიდა სიგარეტს და რგოლებად გამოუშვა ბოლი. ქალმა სევდიანი მზერით გააცილა რგოლები და კვლავ ხველა აუტყდა. წამიერად მოუნდა თვითონაც ერთ-ერთი ამ რგოლთაგანი ყოფილიყო, ასე მსუბუქად ასულიყო ზევით და ისიც ასე უმტკივნეულოდ შეერეოდა დილის ნიავს. -მაპატიე, მაპატიე. აქ არ უნდა მომეწია. - არა უშავს.-კვლავ გაუღიმა ქალმა და ორივემ იგრძნო რომ ეს ღიმილიც, ეს სიგარეტის ბოლიც, მხოლოდ დაძაბულობის დასაძლევად იყო მოგონილი, რომ როგორმე მთავარზე არ ეფიქრათ, მთავარზე არ ესაუბრათ. გაზქურაზე მდგარმა ჩაიდანმა სტვენით დაარღვია სიჩუმე და ორივემ შვებით ამოისუნთქა, მადლიერი თვალებით მიაჩერდნენ ორთქლად ამოსულ წყალს,რომელიც სწორედ რომ დროულად ადუღდა. ქალმა მაშინვე კარადა გამოხსნა ფინჯნების გამოსაღებად. კაცმაც შინაურულად ჩამოართვა და მაგიდაზე დააწყო. მერე ლიმონი დაჭრა თხელ ნაჭრებად , ჩაიც დაასხა და თავისი სკამი ქალის სკამისკენ მიაჩოჩა. -გინდა ამ კვირაში სადმე წავიდეთ? გავისეირნოთ, მოგიხდება სუფთა ჰაერი. -შენ ხომ ბევრი საქმე გაქვს?- საყვედური გაურია ხველისგან ჩაგუბებულ ხმაში. - ამ კვირაში აუცილებლად მოვიცლი და წავიდეთ . -კარგი.-თავი დაუქნია და ნაღველი ჩაუდგა, აუწყლიანდა თვალები. წამოდგა, სახე მოარიდა. თუმცა კარგად იცოდა, შეუხედავადაც ხედავდა კაცი მის ცრემლებს და ისიც იცოდა, თვითონ რომ არ ამდგარიყო კაცი ადგებოდა და ის მოერიდებოდა .ისიც იცოდა რომ არ მოვიდოდა, არც ამ კვირაში და არც მერე. ნაჩქარევად დალია კაცმა ჩაი, კვლავ ამოიღო სიგარეტი, მერე უკან ჩადო. თავზე აკოცა ზურგით მდგარ ქალს და კარისკენ წავიდა. ზღურბლიდან უთხრა, დაგირეკავო. თითქმის სირბილით ჩამოჰყვა კიბის საფეხურებს, სირბილით გაიარა ნაცნობი ეზო და კარგად რომ გასცდა სახლს, მხოლოდ მაშინ შეანელა ნაბიჯი. დაღლილობა იგრძნო. ნახევრად შეკრულ ქურთუკში შემოდგომის ცივი ნიავი უძვრებოდა და მთელს ტანში მისი სუსხი უვლიდა. შეამცივნა. იქვე მდებარე დასასვენებელი ბაღისკენ შეუხვია. ერთ-ერთ სკამთან შეჩერდა და გვერდით არ გაუხედავს, ისე ჩამოჯდა. მძიმე ტვირთაკიდებულივით ჩამოსდო სხეული. შორიახლო მდგომმა წყვილმა ნაწყენი მზერა ესროლა. ყურადღება არ მიუქცევია, იჯდა თავჩარგული და საკუთარ ფეხებს დაჰყურებდა. თითქოს მათში უნდა ეპოვა ყველა კითხვის პასუხი. თითქოს მისი გაპრიალებული ფეხსაცმელი, მის ცხოვრებასაც ასეთივე სუფთას აირეკლავდა. არ ფიქრობდა , ურალოდ იჯდა.ამ წუთში იმდენად მარტოდ გრძნობდა თავს, იფიქრებდით დედამიწა დაუცლიათ სულიერი არსებებისგანო. ქარის ზუზუნი, გამვლელების საუბარი, მათ ფეხქვეშ გამხმარი ფოთლების ხმაური, სადღაც შორიდან აღწევდა მის გონებამდე. თვალგაშტერებული უმოძრაოდ მისჩერებოდა ერთ წერტილს. ქარსაყოლილი ფოთლებივით აეშალნენ მოგონებები. ეს ადგილი იყო, პირველად რომ შეხვდა. ასეთივე დილა, ოღონდ უფრო ადრიანი და ზაფხულის .მზე ის-ის იყო ამოსულიყო და ცას მოყვითალო-ვარდისფერი დაკრავდა.ის დრო იყო, თითქმის რომ სძინავს ქალაქს. აქა-იქ თუ დაინახავ ფეხით მოსიარულეს და მანქანებიც კანტი-კუნტად მოძრაობენ. თვითონაც სიამოვნებით გააგრძელებდა ძილს, რომ არა ეს ძაღლი. მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. რადგან დიდსულოვნად დართეს ნება და ოჯახში მიაყვანინეს, ახლა კიდეც უნდა მოევლო. იდგა ხეს მიყრდნობილი და ძილსმოკლებული თვალებით შეჰყურებდა ოთხფეხა მეგობარს .სწორედ ამ დროს გამოირბინა მათ წინ. საოცრად უხდებოდა სპორტული სამოსი. ისე მსუბუქად მორბოდა, იტყოდით ფეხს არ აკარებს მიწასო. გრძელი, თავთუხისფერი თმა ცხენის კუდად შეეკრა და ისიც იმეორებდა მის მოძრაობას. ხარბი თვალი გააყოლა კაცმა, ამოოხვრას ნერწყვის ჩაყლაპვას ჩააყოლებდა , უცებ მისი ძაღლი რომ არ გაჰკიდებოდა მორბენალს ყეფით. ქალმა შეჰკივლა და შედგა. ცივწყალგადასხმულივით გამოფხიზლდა კაცი. დაეწია და შეაჩერა ნაგაზი. -მაპატიეთ. არ ვიცი რა დაემართა. საერთოდ არავის ერჩის. -რატომ უშვებთ ასე ძაღლს?! რომ ეკბინა?! -აღშფოთება გაუკრთა ხმაში. -კიდევ ერთხელ გთხოვთ მაპატიოთ, მიბრძანეთ რით გამოვისყიდო დანაშაული.- რატომღაც ძალიან მოუნდა რაინდივით მუხლზე დაჩოქილს ეთხოვა პატიება.მაგრამ მხოლოდ თავი დახარა ქალის წინაშე და უფრო მაგრად მოქაჩა ძაღლი, რომელსაც ისედაც ეგრძნო, რომ რაღაც დააშავა და შეწყალებისმთხოვნელი თვალებით იყურებოდა. პატიების მომლოდინე ძაღლმა და კაცმა ქალს ბრაზი გაუნელა და გაიღიმა. - არა უშავს. მიყვარს ძაღლები, ოღონდ არა ასეთი ავები. კაცმა თავი ასწია და თვალი ვერ მოსწყვიტა. ღიმილიც ისევე უხდებოდა, როგორც ორი წუთის წინ შეკრული წარბები. ძლივს შეაკავა ენის წვერზე მომდგარი სიტყვები -„უმშვენიერესი ხართ, როცა იღიმებითო“.ქალი ფიქრებს მიუხვდა და უხერხულად შეიშმუშნა. -კარგად.- თქვა და წასვლა დააპირა. - მოიცადეთ, სახელი მითხარით. - ჰმ, სახელი? რად გინდათ? მისი ცოდნის გარეშეც კარგად მოახერხეთ ჩემი შეჩერება. -ჰო, მაგრამ ყოველთვის არ მახლავს ძაღლი.-თქვა და თვითონვე გააკვირვა საკუთარმა საქციელმა. სხვა დროს ალბათ არ ჩაეძიებოდა და არ დაუწყებდა გამოკითხვას უცხო ქალს. მაგრამ უძილობის ბრალი იყო თუ ამ თვალისმომჭრელი დილის, არ შეეძლო ვინაობის გაგების გარეშე გაეშვა ეს საოცრად მომხიბლავი არსება, ციდან ჩამოსულს რომ ჰგავდა. ქალმა გაიცინა და გაიქცა. მერე თავი მოაბრუნა და თამთაო, მოაძახა. იმ დღეს განსაკუთრებულად მხიარული დაბრუნდა სახლში. დატუქსული ძაღლი ჩვეულებრივზე მეტი ალერსით დააჯილდოვა და მისი საყვარელი საკვებიც დაუნანებლად დაუყარა. არც ცოლის ჩვეულ ბუზღუნს გაუფუჭებია ამაღლებული განწყობა. მალევე გაიგო ვინ იყო და სად ცხოვრობდა თამთა. რითი სუნთქავდა, რაზე ფიქრით იწყებდა და ამთავრებდა დღეს. აკვიატებასავით იყო ეს ქალი, მიუწვდომელ ვარსკვლავს ჰგავდა. შორიდან რომ გინათებს და გინდა მხოლოდ შენ გეკუთვნოდეს მისი კაშკაში. მიიკუთვნა კიდეც, მიისაკუთრა. - მთებს გადავდგამ შენთვის ჩემო თამთაო,შეუძლებელს შევძლებო.- ეტყოდა ხოლმე და ქალიც იჯერებდა. მაგრამ ვერ გადადგა, ვერაფერი გადადგა, მითუფრო მთები. სანატრელი დედობაც არ აღირსა ქალს. არ მინდაო, სამსახურს დავკარგავო, მყავს უკვე ორიო. უმაგისოდაც სულ ერთად ვიქნებითო. ვერ იყვნენ, აგერ უკვე რამდენი ხანია მხოლოდ ორი წუთით თუ შეირბენს და დახედავს. თვითონაც არ იცის რა უფრო მეტად სტკენს გულს .რის დანახვას უფრო ერიდება, მისი ავადმყოფობის, ამის გამო გაუფერულებული სილამაზის თუ საკუთარი სისუსტის. არაფერი დააკლო, ექიმები, წამლები, მაგრამ არ ეშველა. ჩამქრალი ვარსკვლავი აღარ ინთება, მხოლოდ ნელ-ნელა უჩინარდება. გამოერკვა და საათს დახედა, მოვალეობა შეახსენეს ისრებმა. მძიმედ წამოდგა და გზას გაჰყვა. - მოვა? დღეს მაინც მოვა? ნუთუ დაავიწყდა? მათი გაცნობის დღეა. ეს თარიღი როგორ დაავიწყდა? გული ამოაყოლა ოხვრას და სარკეს მოშორდა. რამდენი ხანია აღარ სიამოვნებს მასში ჩახედვა.შიშით გააპარებს ხოლმე თვალს. უცხო ქალი უმზერს იქიდან, გატანჯული სახე აქვს და უშნო. არაფერი აქვს მასთან საერთო, არაფერი. -არ მოვა.არ მოვა... უმოწყოლოდ ითვლის კედლის საათი მოლოდინს. არ მოვიდა, ახსოვდა, მაგრამ არ მოვიდა. ვერ მოერია საკუთარ თავს.ის არაჩვეულებრივი დღე იყო, არ ემგვანებოდა სხვას და განსაკუთრებით ამას. ვერ სძლია იმ გრძნობას, მასში რომ ჩაბუდებულიყო ღრმად და შიგნიდან სჭამდა. არ შეეძლო ამ რეალობის მიღება, არ უნდოდა, თვალს ვერ უსწორებდა. არც იმ დღეს მივიდა და არც მომდევნო დღეებში. ტელეფონზე დაურეკა. არ უპასუხა. მერე ნაცნობებში მოიკითხა. საავადმოფოში გადაიყვანეს, მძიმედ არისო. ყოყმანობდა, ვერ გადაეწყვიტა. ურნაში ჩატენა მისი საყვარელი ნარცისები შეუბრალებლად. უმწეო სხეულის, ოფლისაგან შეწებებული თმის , ბალიშზე მისვენებული, გაფითრებული სახის დანახვას სიკვდილი ერჩია. ერჩია და მოვიდა კიდეც, ოღონდ თავისი არა, მისი. შეშლილივით დადიოდა იმ დღეს. პირველად უღალატა ჩვეულებას, პირველად გავიდა სახლიდან უწესრიგოდ, პირველად გააცდინა სამსახური. პირველად დაარღვია მოძრაობის წესები. ოდესმე ყველაფერი პირველად ხდება და სწორედ ახლა იგრძნო პირველად, რომ არაფერს , არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. არც ლამაზ ტანსაცმელს, არც აწყობილ კარიერას, არც მდიდრულ სახლს და შეუბღალავ რეპუტაციას. მოჩვენებითი იყო ეს ყველაფერი და მხოლოდ იმისთვის არსებობდა საკუთარი თავის რწმენა არ შერყეოდა. საკუთარ სურვილებში ჩაღრმავების შიშს რომ მორეოდა. ვერ გაბედა საფლავის ნახვა, იქ მისული უკან გამობრუნდა. ისევ ნაცნობ ბაღს მიაშურა. მორიდებით დააწყო ყვითელი ყვავილები ხესთან. ერთხანს ასე იდგა. მერე ვალმოხდილივით გაიშალა მხრებში და აკანკალებული ხელებით მოუკიდა სიგარეტს. რგოლებად უშვებდა ბოლს და მასში ეხვეოდა. რგოლები კი მაღლა ასვლის ნაცვლად, რატომღაც დაბლა ეშვებოდნენ და მარწუხებად ეჭირებოდნენ მის გულს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ზღაპრადმოსულოო მოდი:( ზღაპრადმოსულოო მოდი:(
11. კარგი ზღაპრადმოსული ხარ შენ:) :*
კარგი ზღაპრადმოსული ხარ შენ:) :*
10. მადლობა ნათია ჯაფარიძეს. მადლობა ნათია ჯაფარიძეს.
8. ასევე გაიხარე თეო წიკლაურო.:) ასევე გაიხარე თეო წიკლაურო.:)
7. რა კარგი და ემოციის მომგვრელი მოთხრობა მოგვიტანე ზღაპრადმოსულო. გაიხარე:) რა კარგი და ემოციის მომგვრელი მოთხრობა მოგვიტანე ზღაპრადმოსულო. გაიხარე:)
6. მადლობა მუხას, მანანა კაკაჩიას. მადლობა მუხას, მანანა კაკაჩიას.
5. მადლობა ერთგულო მკითხველებო jonatan livingston, ჭა. მადლობა ერთგულო მკითხველებო jonatan livingston, ჭა.
4. ჰო...სევდიანი და დამაფიქრებელი ისტორიაა... ჰო...სევდიანი და დამაფიქრებელი ისტორიაა...
3. ცუდია, რომ მიღწეული რატომღაც ხიბლს კარგავს... ცუდია, რომ მიღწეული რატომღაც ხიბლს კარგავს...
2. სენიმენტალური. სენიმენტალური.
1. მარადიული მართლაც არაფერია, მაგრამ მარადისობა ხომ სწორედ მილიარდობით ასეთი ეპიზოდისგან შედგება.
გადაუდგმელი მთების კიდევ ერთი ისტორია, კარგად მოთხრობილი.
მარადიული მართლაც არაფერია, მაგრამ მარადისობა ხომ სწორედ მილიარდობით ასეთი ეპიზოდისგან შედგება.
გადაუდგმელი მთების კიდევ ერთი ისტორია, კარგად მოთხრობილი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|