ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თინათინ დალაქიშვილი
ჟანრი: პროზა
12 მარტი, 2014


პატარა მათხოვარი

პატარა მათხოვარი

ჟინჟლავდა. ცივი ამინდი იდგა. ხალხმრავალი ქუჩის ტროტუარზე ხესთან ახლოს პატარა ბიჭუნა იჯდა. სქელი ჯემპრი და ჭუჭყიანი ჯინსის შარვალი ეცვა. თავზე გახუნებული კეპიანი ქუდი ეხურა, რომელიც სახეს უჩრდილავდა. პაჭუა ცხვირზე ბლომად ეყარა ჭორფლი. ბიჭუნა 7-8 წლის იქნებოდა. მას გვერდით მუყაოს ყუთი ედგა, სადაც რამდენიმე ხუთთეთრიანი ეგდო.
ბიჭუნა წარამარა სრუტუნებდა და ცხვირს სახელოთი იწმენდდა. ეტყობა სციოდა: აბუზული იყო, თვალები მოუსვენრად დაურბოდა აქეთ-იქით. ერთი ხანშიშესული ქალი მიუახლოვდა. დიდხანს იქექებოდა ჩანთაში. ბოლოს, როგორც იქნა მონახა მონეტა, ბიჭუნას შეხედა, თავი გადააქან-გადმოაქანა და ფული ქუდში ჩაუგდო.ბავშვს არც შეუმჩნევია იგი, ისე იყო ქუჩის ნაპირას გაჩერებული მანქანის თვალიერებით გართული.
“რა ლამაზია... _ კვლავ სახელოთი მოიწმინდა ცხვირი, _ ალბათ ძალიან მდიდარი იქნება ამის პატრონი. რამდენიო შოკოლადი ექნება სახლში?!”
მერე მზერა წინ მდგარი მაღაზიის ვიტრინისაკენ გადაიტანა.
“ალბათ ამ ველოსიპედის ყიდვაც არ გაუჭირდება.. _ ხარბად უცქერდა ვიტრინაში გამომდგარ ველოსიპედს _ ეჰ, ნეტავი მეც ასეთი მამა მყავდეს...”
ფიქრები კნავილის ხმამ შეაწყვეტინა. პატარა კნუტი მიუახლოვდა, იქვე მდგარ ხეს გაეხახუნა და საწყლად წამოიკნავლა. ბიჭუნას მის დანახვაზე თვალები აუციმციმდა, კნუტთან მიირბინა და ხელში აიყვანა.
_ როგორ გათოშილხარ, გაკანკალებს... შენ რა, დედ-მამა არა გყავს? ალბათ, გამოგაგდეს, არა? _ ჯემპრის კალთა აიწია და კნუტი შიგ შესვა, _ მე არ გაგაგდებ, ნუ გეშინია.
კნუტს ესიამოვნა სითბო, გაინაბა და კრუტუნი დაიწყო.
_ ცოტაც მოითმინე, ფული მომიგროვდება და ერთ “სასისკს” გიყიდი. აი, იმ კაფეში იყიდება, _ მოპირდაპირე მხარეს გაიხედა ბიჭუნამ, _ იქ კეთილი დეიდა ნანო მუშაობს.სხვაგან არ მიშვებენ. დამინახავენ თუ არა ყვირილით მაგდებენ, ზოგჯერ პანღურსაც მითავაზებენ... რომ იცოდე რა გემრიელი “სასისკებია”. როცა დეიდა ნანო კარგ ხასიათზეა ერთ ჭიქა ლიმონათსაც დამალევინებს-ხოლმე. ერთი რამე არ მომწონს. იქ სკამები არ დგას, მაგიდები კი ისე მაღალია, მე და შენ ვერ შევწვდებით. მერე ისევ აქ ვბრუნდები და ვჭამ გემრიელად. დანარჩენი ფული, რაც მომიგროვდება დედას უნდა ჩავაბარო.
კნუტს მოსწყინდა ჯემპრის ქვეშ სიბნელეში ჯდომა და გამოსვლა დააპირა.
_ ვეღარ ისვენებ? კარგი, გამოგიყვან. ეხლა თუ გინდა, კალთაში ჩამიჯექი. შეხედე, , პირდაპირ რომ დეიდა მოდის, ფულს გვაჩუქებს. აი, ნახე თუ არა! სახეზე შევატყობ-ხოლმე.
ონავარი თვალს არ აცილებდა ქალს, რომელმაც, მართლაც, ჯიბეში ჩაიყო ხელი და ყვითელი მონეტა ჩააგდო ყუთში.
აი, ხომ გითხარი! ორმოცდაათ თეთრიანი ყოფილა! აბა, ახლა დეიდა ნანოსთან წავიდეთ!
ბიჭუნა სწრაფად წამოხტა, კატის კნუტი გულზე მიიხუტა და კაფესაკენ გაეშურა.
ერთ-ერთ მაგიდასთან ორი კაცი იდგა. ერთი მაღალი, მეორე დაბალი, ღიპიანი.
დაბალმა ბიჭუნას ჯემპრის საყელოში წაავლო ხელი და თავისკენ მოქაჩა.
_ მოდი აქ ბიჭო, მითხარი ხაჭაპური გინდა თუ ნამცხვარი _ ეკითხებოდა და თან მთვრალი ამღვრეული თვალებით უყურებდა. ბიჭუნამ თავი გაინთავისუფლა, გაწელილი საყელო მშვიდად გაისწორა, ერთი ქვევიდან ამოხედა როხროხა მამაკაცს და თავისი გზა განაგრძო.
_ შენ, ეი, _ იუკადრისა ბიჭუნას საქციელი დაბალმა, _ რა ამაყი მაწანწალაა! ჯერ მიწას არ ასცილებია და ხედავ... ასეთებისგანაა ქვეყანა დაქცეული! ტილიანები, ჭირიანები, მოედვნენ მთელ ქალაქს!
_ კარგი, დაწყნარდი, _ ამშვიდებდა მაღალი, _მღირს კი მაგის გულისთვის ნერვების მოშლა?
დეიდა ნანო დახლიდან გამოვიდა და ბიჭუნას მიუახლოვდა.
_ ჩუ, ჩემო ბიჭუნა, _ ჩაიცუცქა დეიდა ნანო და ჩურჩულით განაგრძო ლაპარაკი, ხომ ხედავ, მთვრალია. არ უნდა გეწყინოს... აი, გამომართვი ეს სოსისები, კარგად შეგიფუთე, ეს ჭიქა ლიმონათიც დალიე. რა ლამაზი კნუტი გიპო... _ ჩურჩული იმ “კასრმა” შეაწყვეტინა.
_ ქალო, ვინ მოგცა იმის უფლება, რომ აქ ამ ტილიანებს უშვებ! ჭიქაც რომ მოუ8მზადა ლიმონათისათვის! მერე მე მომიტან ამ ჭიქას და უნდა შემეყაროს რამე! _ გრუხუნებდა აუტანლად.
გვერდით მდგარი მაგიდიდან ტუჩებდაპრუწულმა, ცხვირაბზუებულმა ქალმა კვერი დაუკარა.
_ მართალია, ეს კაცი! თქვენ ისე გააკეთებთ, რომ ყველა კლიენტს დაკარგავთ!
ბიჭუნამ უხერხულობისაგან ლოყებატკეცილ დეიდა ნანოს ახედა და ცრემლი, რომელიც თვალის კუთხეში დიდხანს კიაფობდა, ლოყაზე ჩამოუგორდა. დეიდა ნანომ უმწეობისაგან ხელები გაშალა, დახლს დაუბრუნდა და ხელსაწმენდების დაკეცვა დაიწყო.
ბიჭუნამ თავი დახარა, კეპი ისე ჩამოიფხატა, რომ ცრემლიანი თვალები არავის დაუენახა და შენობიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა.
_ ეჰ, ფისო, აქედანაც გამოგვაგდეს. საწყალი დეიდა ნანო, როგორ შეაშინა იმ კაცმა, გველეშაპივით დიდი პირი და წვრილი კბილები რომ ჰქონდა. როცა გავიზრდები, ეგეთებს იცი რას ვუზამ? ხმლით შევებრძოლები. მაშინ გამოჩნდება ვინაა მაგარი!
ბიჭუნა თავის ადგილს დაუბრუნდა. ბორდიურზე ჩამოჯდა და ერთი სოსისი დაანაწევრა, ქაღალდზე დაყარა, კატის კნუტი ასფალტზე დასვა და ახლოს მიუწია. კნუტი გამგელებული ეცა საჭმელს, მერე დიდხანს ილოკავდა თათებს და ბიჭუნას შესცქეროდა იმ იმედით, რომ იქნებ კიდევ გაემეტებინა მისთვის საჭმელი, რომელსაც ასეთი მადისაღმძვრელი სუნი ასდიოდა. იმედმაც გაუმართლა.
_ კიდევ გინდა, ხომ? აჰა, გამომართვი! _ პატარა ნაჭერი მოუგლიჯა, _ ეჰ, ძალიან მინდა სახლში წაგიყვანო, მაგრამ დედა დამიშლის. მოდი ასე მოვიქცეთ: მე ყოველდღე აქ ვზივარ. დილით ადრე მოვყევარ დედას და გვიან საღამოს ვბუნდები სახლში. შენ გაიღვიძებ თუ არა, ჩემთან მოდი. კარგი? _ ელაპარაკებოდა და თან ეფერებოდა კნუტს, _ ძალიან შემიყვარდი. ერთ საიდუმლოს გეტყვი. მარტო შენ მიყვარხარ ამ ქვეყანაზე... დედა? _ არ მიყვარს. ყოველ დღე აქ მოვყევარ, სიცივეში თუ სიცხეში. მეუბნება, ფული უნდა იშოვოო, ისე საჭმელს ვერ გაჭმევო. ჩემი უფროსი ძმა სხვა ქუჩაზე მიჰყავს. იცი, რა მგონია? დედაჩემი სულ სხვა ქალია, ლამაზი, კეთილი. რაღაც ცუდი ამბავი შეემთხვა და იძულებული გახდა, ცოტა ხნით სხვასთან დავეტოვებინე. ალბათ, არც იცის, როგორ მაწვალებენ, ასეთი ჭუჭყიანი და უჭმელი რომ ვარ, თორემ არ დამტოვებდა. ფისო, დედიკო, მალე მოვა და წამიყვანს თავისთან. შენც წაგიყვანთ. ხომ გითხარი, ძალიან კეთილია. რბილ ლოგინში დამაწვენს, შენც ჩემს გვერდით იქნები. დილით თბილ რძეს დაგვალევინებს. მერე სკოლაშიც წამიყვანს... უფროსი ძმა, ჩემი ნამდვილი ძმა არ არის. იმიტომ მცემს ასე ხშირად. სახლში არ მასვენებს. ისე, სიმართლე გითხრა, იქ ყოფნას აქ ყოფნა მირჩევნია. ეჰ, ზამთარი მოდის... ნეტავ მალე მოვიდოდეს ჩემი დედიკო, თორემ რა გაძლებს გარეთ ამ სიცივეში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები