ადამიანებს ხშირად გვიწევს თავთან, სურვილებთან ბრძოლა. ამ ბრძოლაში მთავარი იარაღი კი ნებისყოფაა, ნებისყოფის გარეშე არ არსებობს წარმატება, ვაჟკაცობა, ძლიერება, მეგობრობა, მიჯნურობა. ხანდახან ხდება ისე, რომ რაღაცის გაკეთების დიდი სურვილი გვაქვს, მაგრამ ღირსება, სინდისი, სიყვარული გვაკავებს, ხან კი თვითონ ცხოვრება მოითხოვს გავაკეთოთ ის, რაც არ გვინდა. ცხოვრების არსიც ჩემი აზრით ამაშია, საკუთარ თავთან ჭიდილში. შეუძლებელია ისე იცხოვროს ადამიანმა, რომ გულისთქმამ ერთხელ მაინც არ დაამარცხოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან ბრძოლა აღარ უნდა გააგრძელოს. ძალიან ძნელია, შეგეძლოს თავის მართვა, შენ იმონებდე მას და არა ის გიმონებდეს შენ. არ არსებობს იმაზე დიდი გამარჯვება, რაც თავთან ბრძოლაში გამარჯვებაა, თავისუფლებაც ხომ ეს არის, იყო საკუთარი თავის უფალი. ადამიანს იმდენი რამ შეუძლია, იმდენი რამ ხდება მასში, ისეთი დიდი და უსაზღვროა სინამდვილეში, რომ მთელი სამყარო პატარა ჩანს მის წინაშე. ჩემი აზრით ადამიანშია სიკეთე, ბოროტება, სამოთხე, ჯოჯოხეთი, ღმერთი და ეშმაკი, მაგრამ ამის დანახვის საშუალებას თავისი უსუსურობა არ აძლევს, საკმარისი მან ეს უსუსურობა დაამარცხოს და მივა სრულყოფილებამდე, სიმართლემდე. თუ ვერ შეძლებს, მაშინ არარაობად გადაიქცევა, საკუთარი თავის, სურვილების, ცხოვრების მონად, ეს კი სამუდამო დამარცხებაა, რომელიც ვერასდროს შეიცვლება გამარჯვებით. ადამიანობა არის როგორც სისუსტე, ისე ძალა, საკუთარი ადამიანობა ან დაგცემს, ან აგამაღლებს, ეს კი მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია თუ როგორ გამოვიყენებთ მას. ვირთხა - ვირთხად იბადება, ლომი - ლომად, მათ არჩევანის უფლება არ აქვთ, ადამიანს კი აქვს. ლომობა ძნელია, ვირთხობა კი ადვილი, მაგრამ ვირთხა ვერასდროს გაივლის ტყეში ისე ამაყად, თავაწეული, როგორც ლომი დადის. არავინ იბადება უღირსად ან ვაჟკაცად, ასეთ გზას ადგება, ასე ცხოვრობს, ასე კვდება. ყოველთვის ასე ხდება, თავის არჩევანს ყველა თვითონ აკეთებს, ზოგი საკუთარი თავის მონობას ირჩევს, ზოგი კი თავის უფლებას. ჩვენც თვითონ უნდა გადავწყვიტოთ ვინ ვიქნებით საკუთარი თავისთვის, მონა თუ ბატონი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მთლიანობაში სწორად აზროვნებთ მაგრამ არის დეტალები, რომლებსაც არ ვეთანხმები. ამ თემას თუ მომავალშიც დაუბრუნდებით და განავრცობთ, აუცილებლად წავიკითხავ. წარმატებები. მთლიანობაში სწორად აზროვნებთ მაგრამ არის დეტალები, რომლებსაც არ ვეთანხმები. ამ თემას თუ მომავალშიც დაუბრუნდებით და განავრცობთ, აუცილებლად წავიკითხავ. წარმატებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|