გარდატეხა მაშინ იწყება, როცა ვითარებას აცნობიერებ და ცდილობ განწმენდას. კათარზისი სხვების დასანახად არასდროს ხდება. დღეს ბევრი სპეკულირებს მტკივნეული თემებით, ირგებს ათასგვარ ნიღაბს და ლიდერად ყალიბდება. მე ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, საბოლოოდ კი, მესამე ნაპირი ავირჩიე. არც ერთ ბანაკს არ ვეკუთვნი, ორდროშობანა და ომობანა ისედაც საკმარისად ვითამაშე ბავშვობაში. დგება დრო, როცა ბავშვობა მთავრდება და საკუთარ წილ ტვირთს იღებ. მძულს ლაყბობა. რა საჭიროა ერთისა და იმავის ღეჭვა?! - როდის მიდიხარ? - მალე, რაც შეიძლება მალე. ერთ დროს სექტემბერი ჩემი საყვარელი თვე იყო. იცვლება ყველაფერი, მწვადაობაც გვბეზრდება, კარტის თამაშიც, ძაღლის გასეირნებაც და ბევრი რამ. არ მეგონა ჩემ საყვარელ საქართველოს ოდესმე თუ დავტოვებდი. მაგრამ დღევანდელი საქართველო აღარ არის სა - ქართველო. ეს არის ტერიტორია, რომელზეც ქართველებისთვის სულ უფროდაუფრო რთული ხდება ყოფა. არაფერს ვაზვიადებ. ნაგვის ბუნკერში იქექებიან პროფესიონალები; 18-19 წლის გოგონები, უფრო პატარებიც, სხეულს ყიდიან ორი- ლუკმა პურისთვის. ყოველი ფეხის ნაბიჯზე, როგორც ნიკო ამბობდა, მათხოვრების არმიები გხვდება. დედაქალაქი აღარ არის ,,თბილი-სი'', მე მას ვუწოდე ,,ჯიპი- სი’’. შიათ, არადა რა ჯიპებში სხედან?! ამბობენ, რომ ეს მათი სოციალური სტატუსის გამოხატულებაა. დღემდე არ მესმის, რატომ უნდა გამოკეტოს ადამიანმა საკუთარი თავი ერთ პატარ სივრცეში და პედანტურად მისდიოს უგუნურ პრინციპებს?! არც მე ვარ უცოდველი, დიდი დრო დამჭირდა უბინძურესი მანკიერებების დასამარცხებლად. მახსოვს დღეები, როცა მთელი ჩემი შინაგანი შემზიზღდა და ძველი კერპების მსხვრევა დავიწყე. გვეშინია ცვლილებების, ძალიან ზარმაცები ვართ. - მაპატიე, ამ შეკითხვით ბევრი გაბეზრებს თავს... რატომ დაიწყე? - ვიცოდი რო ამ კითხვას დასვამდი. შენნაირი კლიენტი ბევრი არ მყავს... არ ვტყუი. - მჯერა, განაგრძე. - ქმარს დავცილდი. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად დაიწყო... სამსახური დაკარგა, ბევრს სვამდა. ისეთი გალეშილი მოდიოდა ხოლმე, გული მისკდებოდა. მცემდა... ბოლოს დავიღალე, ძალა მოვიკრიბე, მოვკიდე ხელი ჩემ პაწიას და წამოვედი. ვეძებდი სამსახურს, მთელი ინტერნეტი გადავქექე, არაფერი ჩანდა. დანაზოგი მთლიანად ამომეწურა. საერთოდ არ მყავდა თბილისში ნაცნობები. - დაგეხმარები, პატიოსან სიტყვას გაძლევ. შენი ცრემლები არ ტყუის. - სანაცვლოდ რისი მიღება გსურს? - უნდა შემპირდე, რომ მე შენი ბოლო კლიენტი ვიქნები. რა თქმა უნდა, მე ვერ შეგამოწმებ, მაგრამ საკუთარ თავს ხომ ვერ მოატყუებ?! დავრეკავ ჩემს ნაცნობთან, პატარა ფირმა აქვს, დამლაგებელს ეძებენ. 300 ლარი გექნება ხელფასი. 300 ლარი დიდი ვერაფერია. ახალი ცხოვრება ,,გრეჩიხით’’ და კარტოფილით უნდა დაიწყო. - არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო... - მიდი ერთი, ყავა მომიდუღე, მაქამდე შხაპს მივიღებ. შემეცოდა, მაგრამ მასზე მეტად საკუთარი თავი შემეცოდა. სექსში ფული გადავუხადე მას, ვისაც შიმშილით კუჭი უხმება. როგორ გვტკივა ყველაფერი როცა ვეცემით, არადა როგორი აუცილებელია! ცხვირაწეულები პირდაპირ ცხვირით ეხეთქებიან ასფალტს. გაჯგიმული თანამემამულეები, სინამდვილეში, არაფრის მაქნისები არიან! ბაბუაჩემი ძალიან მიყვარდა. საწყალი, ხელებში ჩამაკვდა. ძალიან მკაცრად მზრდიდა. ერთხელ ერთმა უფროსმა მეზობელმა პანჩური ამომარტყა, მე გამოვხედე, პასუხის გაცემა ვერ გავუბედე. გამოვიდა აივანზე ბაბუ და ხმამაღლა დამიყვირა - ამოდიო. - ერთხელ თუ აპატიებ ესეთ რაღაცას, მეორეჯერ ,,ტრიაპკად’’ გაქცევს. - არაუშავს ბაბუ, ხშირად ვხუმრობთ ხოლმე ეგრე... - სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. - პანჩურის ამორტყმა რა ხუმრობაა, ბიჭო?! ეხლა მე და შენ ეზოში ჩავალთ, მამამისიც ეზოშია. აი, ზუსტად მამამისის წინაშე უნდა ამოვარტყა მაგრად და ვნახოთ ერთი როგორ გაიცინებს. - არა, ბაბუ, არა, არ გააკეთო ეგ, გთხოვ... ვერავინ ვერაფერს გაუბედავდა, იმიტომ რომ სიმართლე იყო მისი უმთავრესი ღირებულება. ერთს იტყოდა და ისეთს, ძაღლივით აყეფებულებს უმალვე აჩუმებდა. - დღეიდან ესე აღარ იხუმრებთ. ერთმანეთს ტრაკში წიხლები კი არ უნდა ურტყათ, ძმებივით უნდა დაუდგეთ გვერდში. - ბოდიშს გიხდით, მოვუვლი მე ამას სახლში. - ისე შენთვის რომ ამომეკრა უკეთესი იქნებოდა. - ახლა უკვე ზედმეტი მოგდით. სილა გააწნა და მანაც ვერაფერი უთხრა. ეტყოდა და კაი ჩიტსაც დაიჭერდა. როცა სიტუაცია ცოტა ჩაწყნარდა, ეზოს ბიჭებს მოგვიყარა თავი. - არასდროს მოიპაროთ, სუსტებს ხელი შეაშველეთ. ერთმანეთს პატივისცემით მოექეცით. სხვა დანარჩენი უაზრობაა. გარდატეხა აქედან დაიწყო. ვცდილობ შევცვალო ჩემში და სხვებშიც, შეძლებისდაგვარად. სადაც სიტყვა ვერ გაიტანს, იქ მუშტი იტყვის, მაგრამ სიტყვით მოპოვებული გამარჯვება ჯობს, რასაკვირველია. - როდის ჩამოხვალ? - მკითხა ლევანმა, ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა. - იმედი მაქვს, მალე, რაც შეიძლება, მალე. მართალია მესამე ნაპირი ავირჩიე, მაგრამ მერწმუნეთ, ეს არ არის ფუფუნება. საქართველოს დროებით გავეცალე, ცოტა სული უნდა მოვითქვა. ლევანი მელოდება, გიაც მელოდება... მელოდებიან ჩემები. სალი კლდეების რა გითხრათ, მაგრამ ქართულ, კავკასიურ სიწმინდეებს არასდროს დავთმობ. - რა ქენი, როგორ მოეწყვე? - შენნაირი გემრიელი სავარძელი არ მაქვს ზურიკო, მაგრამ რავიცი, არაუშავს აქაურობას. - დროებითია სავარძლები. - ეგ შენს თავს შეახსენე ხოლმე. ბიჭებს მიმიხიდე. - როდის აპირებ ჩამოსვლას? - როცა ახალი გარდატეხა მოხდება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ალბათ, ახალგაზრდაა ავტორი
გაქცევა გამოსავალი რომ არაა, გეცოდინებათ =)
ნაწერი ნაკლებად მომეწონა. წარმატებები ალბათ, ახალგაზრდაა ავტორი
გაქცევა გამოსავალი რომ არაა, გეცოდინებათ =)
ნაწერი ნაკლებად მომეწონა. წარმატებები
2. დღეს ვფიქრობდი როგორ მოვახერხო - მეთქი გერმანიაში წასვლა (((( გადამთელა ეხლა ამ ჩანაწერმა..... უამრავი მიზეზია უკვე, რომ საკუთარ ქვეყანაში აღარ გინდოდეს გაჩერება :((((( დღეს ვფიქრობდი როგორ მოვახერხო - მეთქი გერმანიაში წასვლა (((( გადამთელა ეხლა ამ ჩანაწერმა..... უამრავი მიზეზია უკვე, რომ საკუთარ ქვეყანაში აღარ გინდოდეს გაჩერება :(((((
1. ძალიან ძალიან კარგია! გამიხარდა რომ დაბრუნდი აქ. მაგრამ, არ გამაგიჟო, მართლა მიდიხარ ან წახვედი სადმე? პირველ პირში რომ წერია იმიტომ გეკითხები.. ძალიან ძალიან კარგია! გამიხარდა რომ დაბრუნდი აქ. მაგრამ, არ გამაგიჟო, მართლა მიდიხარ ან წახვედი სადმე? პირველ პირში რომ წერია იმიტომ გეკითხები..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|