ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტობი
ჟანრი: პროზა
23 მაისი, 2014


ხარის თვალი

ხარის თვალი
                                                           
                                                                           
                                                                           
2013 წლის 1 აგვისტო იდგა. მშვენიერი დარი იყო და ჩიტებიც საამურად ჭიკჭიკებდნენ.
_ გამარჯობა მონადირე!
_ გამარჯვება მოგცეს ღმერთმა.
_ გატყობ ჯერ ვერაფერი მოგინადირია. დიდი ხანია რაც გამოხვედი?
_ დილიდან.
_ მე კი სულ რაღაც ნახევარი საათია შევუდექი საქმეს და აი იხვი უკვე მოვინადირე. ჩემმა დინგომ ამოიყვანა ტბიდან.
_ კარგი სეტერია, ლამაზი, საქმეში გაწაფულიც ყოფილა.
_ და ეს შენი ძაღლი რა ჯიშისაა, ვერა ვცნობ. მონადირეს არა ჰგავს.
_ არც არის მონადირე.
_ ჰოოო... არ არის.
_ არც მე ვარ მონადირე.
_ და, აბა, რატომ? რათ... აბა რისთვის?.. მონადირე არა ხართ? აბა თოფი, თქვენი ჩაცმულობა, ჰა?
_ თოფი ისე უბრალოდ, ყოველი შემთხვევისთვის. მონადირისათვის დამახასიათებელი ჩაცმულობა კი მისწრებაა ტყეში და ამ ტბის ჭაობიან სანაპიროზე სასიარულოდ.
_ მეტყევე ბრძანდებით?
_ არა. მე უბრალოდ განმარტოება მიყვარს ბუნებაში. მიყვარს ბაყაყების ყიყინი, ჭრიჭინების ჭრიჭინი და ტყის იდუმალება. ყოველივე ამის ფონზე კი ფიქრიც ფიქრსა ჰგავს. „სიტყვა მიფრინავს, მაგრამ ფიქრი აქ, დაბლა მრჩება; უფიქროდ სიტყვა ვერასოდეს ცას ვერ მისწვდება“.
_ ბრძნული სიტყვებია.
_ შექსპირისეულია.
_ და ეს ძაღლი რა ჯიშისაა, მონადირის ჯიშისა ნამდვილად არ არის.
_ დიახ, არ არის. მე ხომ მონადირე არა ვარ.
_ აბა?
_ ირლანდიური მგელთამგუდავია*.
_ მგელთამგუდავი?
_ დიახ, ჩემმა შვილმა ჩამომიყვანა ამ ორიოდე წლის წინ ინგლისიდან. ლეკვი მე გავზარდე და დავმეგობრდით კიდეც. ძალიან საზრიანი ძაღლია.
_ რამხელა ძაღლია, ლომივით არის!
_ ჰო, გეთანხმები.
_ რა ქვია?
_ აქილევსი.
_ ოჰო, სახელიც რაინდული დაგირქმევია.
_ რა გქვია მონადირევ?
_ თორნიკე. თომას მეძახიან და შენ?
_ მე სულკალმახი მქვია.
_ სულკალმახი?
_ დიახ, სულკალმახი.
_ უცნაური სახელია, თუმცა განსხვავებული, საინტერესო...
_ სულკალმახი მითიური ამირანის გამზრდელი მამის სახელია.
_ ააა... გასაგებია. სულკალმახ რას იტყვი, რომ ცეცხლი დავანთოთ და ეს იხვი შევბრაწოთ _ ჩანთაში ორი ბოთლი საფერავი და შოთის პური მაქვს.
_ მშვენიერი იდეაა. რაჭულ ლორს, მჭადსა და ყველს მეც შევმატებ სუფრას.
_ ჰოდა, ძალიან კარგი. მე იხვს მოვამზადებ.
_ მე კი კოცონს გავაჩაღებ.
_ მაშ საქმეს შევუდგეთ.
_ შევუდგეთ!

***
დრო გაიზმორა... ბაყაყები ყიყინებდნენ და ჭრიჭინიც ისმოდა. ჩიტები კვლავ ჭიკჭიკებდნენ საამურად!..
_ აბა ეხლა კი ჩვენ გაგვიმარჯოს! ჩვენ გაცნობას გაუმარჯოს!!!
_ იცოცხლე თომა. ჩვენ გაცნობას გაუმარჯოს! ჩვენი გამარჯვებისა იყოს!
_ ამინ!
_ ოოო... ღვინო მართლაც საუფროსო გქონია.
_ შენ ეგა თქვი, იხვი როგორ შევბრაწე. გემრიელია?
_ კარგია. არაფერი დაეწუნება.
_ ისე სულკალმახ უცნაური ჩვევა გქონია. მონადირის აღჭურვილობით ტყე-ტყე სიარული და ფიქრი. მაინც რაზე ფიქრობ?
_ ეეეჰ, რა ვიცი აბა...
_ თოფიც თან დაგაქვს და რატომ არ ნადირობ?
_ არ მიყვარს ნადირობა თომა, ნადირს ვერ გავიმეტებ, ვერ ვესვრი.
_ კარგი, გასაგებია, მაგრამ მაინც რაზე ფიქრობ ტყეში ყოფნის დროს.
_ ეს ჩვევა ზუსტად ერთი წლის წინ დამჩემდა. ჩემი მეგზური მხოლოდ აქილევსია ხოლმე. თუ გინდა მოგიყვები და გინდ დაიჯერე, გინდ არა.
_ გისმენ ყურადღებით.
_ ერთი წლის წინ ლონდონში ვიყავი ჩასული ჩემ შვილთან. წამოსვლამდე ორი დღით ადრე, ლონდონის ცნობილ ქუჩაზე დაუნინგ სთრითზე მივდიოდი. ფეხსაცმელზე თასმა გამეხსნა და მის შესაკრავად დავიხარე. თასმას, რომ ვიკრავდი თვალი მოვკარი, _ ასფალტზე საფოსტო მარკა ეგდო, თუმცა მისი აღება აზრადაც არ მომსვლია. წელში გავიმართე, მაგრამ ალბათ იმან იმოქმედა, ბავშვობაში ფილატელისტობით, რომ ვიყავი გატაცებული და ასაღებად დავიხარე, ხოლო ნაპოვნ მარკას საფულეში მივუჩინე ადგილი. ბავშვობაში მარკებს კი ვაგროვებდი, ოღონდ წამოვიზარდე თუ არა ფილატელისტობით ჩემი გატაცებაც წარსულს ჩაბარდა. ჩემს მიერ შეგროვებული საფოსტო მარკები კი არ დამიკარგია _ ლამაზ ალბომში მქონდა შენახული.
დავბრუნდი საქართველოში, თუმცაღა იმ მარკის არსებობა აღარც გამხსენებია. პოვნიდან დაახლოებით ექვსი დღის შემდეგ შემთხვევით წავაწყდი საფულეში და მერეღა დავაკვირდი, რომ მარკას 60 ეწერა. კარგად დაკვირვების შემდეგ მივხვდი, ეს საკმაოდ გახუნებული, ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი ქაღალდის ნაგლეჯი საკმაოდ ძველი უნდა ყოფილიყო და გადავწყვიტე ინტერნეტში საფოსტო მარკების საიტზე შევსულიყავი. იმ მარკას, რომელიც ჩემს მფლობელობაში იყო მალევე მივაკვლიე, მასზე ინფორმაცია წავიკითხე და ყოველივე ამის შემდეგ ენით აუღწერელმა გაოცებამ მომიცვა.
ხელთ მქონდა 1843 წლის 1 აგვისტოს გამოცემული პირველი ბრაზილიური მარკა, რომელიც გამოვიდა სამი ნომინალის: 30, 60 და 90 რეის ღირებულების სახით. ბრაზილია ბრიტანეთის შემდეგ მეორე ქვეყანა ყოფილა მსოფლიოში, რომელმაც საფოსტო მარკა გამოუშვა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოყენებისათვის. ამ მარკის სახელწოდება არის „ხარის თვალი“. ეს სახელი იმიტომ შეურქმევიათ, რომ ნათელ ფონზე მუქი ფერის ოვალში ორნამენტული ციფრებით გამოსახული ნომინალი ძალიან ჰგავდა ხარის თვალებს.
„ხარის თვალს“ ჩემი ბავშვობის დროინდელი მარკების ალბომში მივუჩინე ადგილი, შემდეგ კი როცა ნაპოვნი საფოსტო მარკის სავარაუდო ფასი დავადგინე, კვლავ გამიტაცა ფილატელისტობამ და ორიოდ კვირის განმავლობაში არაერთი მარკა შევმატე კოლექციას. ერთ დღესაც გადავწყვიტე ბრაზილიური მარკა გამეყიდა, ჰოდა ფიქრებში გართულმა „ხარის თვალი“ ალბომიდან ამოვიღე და საგულდაგულოდ გადავმალე.
შენ წარმოიდგინე იმდენი მოვახერხე, რომ მისი ყიდვის მსურველიც გამოვნახე. ეს იყო ქართველი ბიზნესმენი, რომელიც ფილატელისტობით გახლდათ გატაცებული და „ხარის თვალში“ ასიათასობით ლარს მთავაზობდა. მიუხედავად ამისა გარკვეული ხანი ვიმერყევე, გამეყიდა თუ არა ალალბედზე ხელში ჩავარდნილი ბრაზილიური მარკა. ბოლოს გადავწყვიტე, რომ შევლეოდი და მისი ყიდვის მსურველს შევთავაზე, მეორე დღეს შემხვედროდა. ის სიამოვნებით დამთანხმდა.
წარმოიდგინე თუ რამხელა უნდა ყოფილიყო ჩემი იმედგაცრუება _ მეორე დღეს მარკა ვერა და ვერ ვიპოვე. მიწამ ჩაყლაპა თუ ცამ შთანთქა არ ვიცი. იმ ბიზნესმენმაც არ დაიჯერა ჩემი ნათქვამი მარკის დაკარგვის თაობაზე. ვერა და ვერ ვპოულობდი. დეპრესიაში ჩავარდი, ყველაფრის ხალისი დამეკარგა. მას შემდეგ კი რაც გონებაში აღვიდგინე 1843 წლის 1 აგვისტოს გამოშვებულ „ხარის თვალთან“ დაკავშირებული მოვლენები, ჩემს ტვინს ნისლივით შემოებურა გაოცებათა სერიის უწყვეტი ჯაჭვი. სწორედ 2012 წლის 1 აგვისტო იყო დაუნინგ სთრითზე რომ მივდიოდი, ხოლო მე ის დავკარგე პოვნიდან ზუსტად 60 დღეში. ვიპოვე გამოშვების დღეს და დავკარგე მესამოცე დღეს. ბრაზილიური გახუნებული მარკიდან, სწორედ ციფრები: 6 და 0 იმზირებოდნენ ხარის თვალებისდარად.
_ სულკალმახ დღესაც ხომ 1 აგვისტოა?
_ მართალი ხარ. ამიტომ, სწორედ დღეს განსაკუთრებით მომინდა ტყეში გამოსვლა. ბევრი ვიფიქრე, შევეცადე გორდიასის კვანძი** გამეხსნა, მაგრამ ამაოდ.
_ ჰოდა იმას ვამბობდი, _ ათი თვის წინ, მას შემდეგ რაც ამ მოვლენამ ჩემი ცხოველი გაკვირვება გამოიწვია, ჩვეულებად მექცა ტყეში სიარული და ამ უჩვეულო ამბის ირგვლივ ფიქრი. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, _ გარემოებათა ეს მისტიკური ჯაჭვი შემთხვევითი არ არის. ვფიქრობ და ვერ ამიხსნია რას უნდა ნიშნავდეს ეს.
_ სულკალმახმა სიგარეტს მოუკიდა, გააბოლა და ამასობაში მისი მობილური ტელეფონის მელოდიაც გაისმა. მას ზარად სამოციანი წლების ლეგენდარული „ბიტლზის“ ცნობილი სიმღერა „Yesterday” ქონდა დაყენებული. მან ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო, მაგრამ ხელიდან გაუვარდა. ტელეფონი დაიშალა და მასში ჩამალული “ხარის თვალი“ ბალახზე აირეკლა. სულკალმახმა მთელი ძალით შეჰყვირა:
_ ეს ხომ „ხარის თვალია“! თომა „ხარის თვალი“ ვიპოვე. ხომ გეუბნებოდი ჩვეულებრივ მოვლენასთან არ მაქვს მეთქი საქმე. როგორ აღარ მახსოვდა, რომ ეს მარკა ტელეფონის ელემენტს ზემოდან დავადე და „დავლუქე“, მაგრამ იმ დღეს როცა მისი გაყიდვა გადავწყვიტე, ისე აღელვებული ვიყავი, რომ რას ვაკეთებდი მე თვითონ არ ვიცოდი და არც მახსოვს არაფერი.
თორნიკე, თომა! მარკა ვიპოვე!!! ერთიც შესძახა სულკალმახმა, შემდეგ ხის კუნძზე მჯდომი ზურგით შეტრიალდა, მარკა კვლავ ელემენტს დაადო ზემოდან და ის იყო ტელეფონის აწყობას უნდა შესდგომოდა, რომ თომამ სანადირო დანა იშიშვლა და სულკალმახს ზურგში ორჯერ გამეტებით ჩაარტყა. სულკალმახი დაეცა, ხოლო ამის შემყურემ, თავისი გონიერებითა და ფიზიკური ძალით განთქმულმა ირლანდიურმა მგელთამგუდავმა, რომელიც იქვე ახლოს მსუბუქად იყო ხეზე მიბმული, აიწყვიტა და თომას ეცა. ცოტა ხანში ყელგამოღადრული თომაც უსულო სულკალმახის მახლობლად ეგდო და სისხლისგან იცლებოდა.
მგელთამგუდავი აქილევსურად მოიქცა. „ხარის თვალი“ კი ნიავმა გაიტაცა და მთვარეარეკლილი ტბის ზედაპირზე გაიჟღინთა.

--- 2014 წელი ---

სქოლიო:

*ირლანდიური მგელთამგუდავი _ ძაღლის ყველაზე მაღალი ჯიშია. XV-XVI საუკუნეებში მას ყველაზე ხშირად იყენებდნენ მგლების შესამუსვრელად.

**გორდიასის კვანძის გახსნა - რაიმე რთული, დახლართული საკითხის გაბედულად, ძალის გამოყენებით გადაწყვეტა. ძველი ბერძნული ლეგენდის მიხედვით ფრიგიის მეფემ გორდიამ (Gordias) დახლართა კვანძი. წინასწარმეტყველების თანახმად, ვინც ამ კვანძს გახსნიდა, აზიის მბრძანებელი გახდებოდა. ალექსანდრე მაკედონელმა გახსნის მაგივრად მახვილით გაკვეთა კვანძი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები