ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პროზა
7 დეკემბერი, 2008


მშვიდობით ლალო

მშვიდობით ლალო
1.

შემოდგომის თბილი დღე იდგა. მცხუნვარე მზე ანათებდა ოქროსფერ ხეებს და ხალისიანი დღე გარეთ გასასვლელად მიწვევდა. საქართველოში ახალი ჩამოსული ვიყავი. ძალიან მინდოდა მთაწმინდაზე ასვლა. მიყვარს მთაწმინდა. იქ თითქოს ჩემი ქვეყნის გულისცემას ვგრძნობ. მიყვარს მთაწმინდის მიწის სუნი, განსაკუთრებით გაზაფხულზე რომ იგრძნობა ხოლმე. თითქოს, რაღაც ძალა მექაჩებოდა მთაწმინდისკენ. გადავურეკე რამდენიმე მეგობარს მაგრამ არავინ გამომყვა. გადავწყვიტე მარტო ავსულიყავი მთაწმინდაზე. ავედი კიდეც, კიდევ ერთხელ მოვინახულე ილიას, აკაკის საფლავები, კიდევ ერთხელ გადმოვხედე თბილისს. ამაღლებული განწყობა დამეუფლა, მინდა მიწას ვეამბორო, მინდა მუხლი მოვიყარო და თაყვანი ვცე ჩემს ქალაქს, ჩემს მიწას. მთაწმინდიდან ქვემოთ ვეშვებოდი და არაჩვეულებრივი სილამაზის გოგოს მოვკარი თვალი. მას ღია წაბლისფერი თმა და უძირო ლურჯი თვალები ჰქონდა. რამდენიმე ნაბიჯი გავიარე და გავჩერდი. მანაც შეანელა ფეხი და აშკარად ვგრძნობ, რომ თვითონაც მიყურებს. მასთან გამოლაპარაკება მინდა, მინდა მივიდე და ვუთხრა, რომ ძალიან, ძალიან ლამაზია... მაგრამ, ხმასაც ვერ ვიღებ, ნაბიჯსაც ვერ ვდგამ. ის კი, მოდის ჩემკენ, არაფერს იმჩნევს და ეშმაკურად მიღიმის. ნერვები მეშლება, ვდგავარ დაბნეული, სულელივით და სიტყვა ვერ მითქვამს. ამასობაში მომიახლოვდა და გვერდით ჩამიარა, ღრმად ჩავისუნთქე, სინაზის, სიმსუბუქის და გაზაფხულის სურნელი ვიგრძენი, მოურიდებლად ჩავხედე თვალებში, მისი თმა თითქმის სახეზე შემეხო. როგორც იქნა ვაჯობე თავს, მივბრუნდი მისკენ ხელი შევავლე მკლავზე (ვერაფრით მოვიშალე ეს სულელური  ჩვევა) და შევაჩერე:
– უკაცრავად... – გოგონა ჩემკენ შემობრუნდა, და ინტერესით მიყურებს, თან თვალებით მზომავს, თითქოს მეუბნება, შემოსიტყვება როგორ გამიბედეო. ნეტავ, რა ვუთხრა? რითი დავიწყო? ათასი რამ მაფიქრდება, საათი ხომ არ ვკითხო? არა, ძალიან ბანალურია, სისულელეა, რომ მითხრას რომელი საათია მერე რა? არაფერი, ის თავის გზას გააგრძელებს, მე – ჩემსას. აბა, რა ვუთხრა? ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომარკვია:
– დიახ – მოჩვენებითი სიმკაცრით მომიგო გოგონამ.
– ისა, უკაცრავად, მესიჯს ხომ ვერ გამაგზავნინებთ? – რა სულელი ვარ, ეს რა მათქმევინა?!
– ინებეთ – გოგონა ტელეფონს მიწვდის და ღიმილით მელოდება.
მე ინსტიქტურად ავკრიფე მესიჯის ველში ჩემი ნომერი და გაგზავნის ღილაკს დავაჭირე. ამ დროს, ჩემი ტელეფონის ხმაა: „You have a text massage“. გავწითლდი ( არ მეგონა გაწითლება თუ კიდევ შემეძლო), შუბლი შემისველდა, გულწრფელად შემრცხვა, თვალები დაბლა დავხარე, მან კი გამიღიმა და მითხრა:
– გასაგებია, სულ ეს იყო? – და ტელეფონი გამომართვა.
– ბარემ, სახელსაც ჩავწერ – ვუპასუხე ღიმილით გათამამებულმა
– თაკო – გადაიკისკისა გოგონამ და ზურგი შემაქცია, მისი შეტრიალების დროს შევნიშნე, ჩანთაზე მომცრო ზომის დათუნია ეკიდა. ძალიან ლამაზი იყო, ძალიან უხდებოდა.
შემოვბრუნდი მეც და მივყევი უკან. მივყვები თაკოს და ვუყურებ დათუნიას, რომელიც ეშმაკურად იღიმება. ამოვიღე ტელეფონი და მივწერე: „ლამაზი დათუნიაა, თაკო“.  პასუხი: „ ჰო, ჩემი ლალო მეც ძალიან მიყვარს, უცნობო“. „უცნობი რატომ? მე ლევანი მქვია“ მივწერე და ისევ შორიახლო მივყვები, ისევ იკარგება ჩემი მზერა მის თმებში... თმებში, რომლებიც ყოველ ფეხის გადადგმაზე მხრებზე ხტის, ისევე როგორც მისი ლალო. თაკო პასუხს აგვიანებს, ცოტა არ იყოს ავნერვიულდი. უეცრად, ის შეჩერდა და ერთ–ერთ სკამზე დაჯდა. მე კი ჩავუარე, და რამდენიმე სკამს მოშორებით მოვკალათდი. გული გამალებით მიცემს, ხარბად ვუყურებ მის სრულქმნილ სხეულს, შემოდგომისფერ თმებს და გაზაფხულის ცისფერ ლურჯ თვალებს, რომლებიც, დროდადრო ამოცოცდებიან ჩემკენ და ისევ უსასრულობაში ინთქმებიან. თაკომ თავისი დათუნია კალთაში ჩაისვა და ელაციცება. ისევე როგორც ჩემი მზერა მის ყელს, თვალებს, თმასა და ლალოს.
2
ვზივართ ასე, ორნი. მე მას ვუყურებ, ის ლალოს, ლალო კი მე მიყურებს და მიღიმის ეშმაკურად. ცოტა ხანში ფეხის ხმა გაისმა და ვიღაც მოკლედ თმაშეკრეჭილი სიმპათიური ბიჭი გამოჩნდა. მან თაკო გადაკოცნა და გვერდით მიუჯდა. გული ეჭვმა და შურმა გამიბერა, ჩემს თავს ვწყევლი რატომ არ მივედი უფრო ადრე თაკოსთან, რატომ არ გამოვალაპარაკე, ეგებ ამ ბიჭის ამოსვლა დაგვიანებული ყოფილიყო, ახლა კი იძულებული ვარ სტატისტის როლს დავჯერდე. ისინი რაღაცას ლაპარაკობდნენ, ცალკეული ბგერები აღწევდა ჩემამდე და ვერ ვიგებდი აზრს, ახლა უკვე შიეცვალა როლები: ის ბიჭი თაკოს უყურებს, თაკო მე, მე თაკოს და ლალო ყველას გვიყურებს და გვიღიმის. არა, თვალი არ მატყუებს, თაკო აშკარად მე მიყურებს და სულ არ აინტერესებს ის ბიჭი, ნამდვილად ასეა! არც ასეა საქმე, ჯერ კიდევ არაფერია დაკარგული. ვუყურებ თაკოს და ჩემს თავზე ვბრაზობ და თან მეცინება. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი. მაგრამ უცბად გამოვერკვიე ფიქრებიდან, ბიჭი თაკოსკენ გადაიწია ხელი შემოხვია და კოცნას უპირებს... ფეხზე წამოვდექი, ვეღარ ვხედავ მის უძირო თვალებს, ვეღარც ლალოს ეშმაკურ ღიმილს. თაკომ ხელით მოიშორა ბიჭი, რაღაც დაუყვირა და წამოდგა. მან კი ძლიერად მიიხუტა გულზე და კოცნა დაუწყო. თაკო კი ეწინააღმდეგება, და კივის მიშველეთო, თან ჩემკენ აპარებს თვალს. დღესაც არ მახსოვს როგორ მივვარდი მათან და როგორ ჩავავლე ბიჭს ქეჩოში ხელი:
– ხელი გაუშვი შე ახვარო! – დავუყვირე, ბიჭმა ცივად შეუშვა თაკოს ხელი და ჩემკენ წამოვიდა.
– შენ ვინ გეკითხება ეე? ან ვაფშე ვინა ხარ?
– ეხლა გაჩვენებ ვინა ვარ მე შენი დედას . . . – მაჯაში ჩავალე ხელი, გადავუგრიხე და წონასწორობადაკარგულს ცერული გამოვუსვი, ძირს დაგდებულს იდაყვზე დავაჭირე მუხლი.
– ხელი გამიშვი ბიჭო! – მიყვირის მაგრად მუდარა უფრო ჩანს მის ხმაში
– გაჩუმდი შენი დედა . . . – ამ დროს თაკო გვერდზე მიდგას აწურული და ცახცახებს.
უცბად გონზე მოვედი, ავუშვი მუხლი იმ ბიჭს წამოვაყენე და წიხლი ვკარი:
– მოხიე აქედან შე ნაბიჭვარო.
– გნახავ მერე გნახავ – მიყვირის და ტანსაცმელს იფერთხავს
– ნუ გხედავ აქ ბიჭო!
ნელ–ნელა ბიჭის გამხმარი ფოთლებით დასვრილი ლანდი თვალს მიეფარა. ჩვენ კი ერთმანეთის პირდაპირ ვდგავართ და ხმის ამოუღებლად შევცქერით ერთმანეთს. ძიძგილაობის დროს თაკოს დათუნია დავარდნია, დავიხარე, ავიღე და მივაწოდე.
– გამომართვი შენი ლალო, არ გასვრილა, ძვირფასო... – თაკომ ნებიერად დახარა თვალები და გამომართვა დათუჩა, ისევ ცახცახებს, გაფითრებულა. შეშინებულ შვლის ნუკრს მაგონებს. გულში ჩავიხუტე მისი აკანკალებული სხეული, დავაკვდი ალუბლისფერ ტუჩებზე, ცალი ხელი წელზე შემომხვიე მეორეთი კი დათუჩას ვეფერები. თვითონაც მეკვრის, მეხუტება, ვგრძნობ როგორ გამალებით ძგერენ ჩვენი გულები. ჩემი თითები ეხება პატარა ლალოს და თაკოს ნატიფ თითებს. დროდადრო ვახელ თვალებს (ვერც ამ ჩვევას გადავეჩვიე !) და ვხედავ წვრილ ცისფერ ძარღვებს მის დახუჭულ, მიბნედილ, ჩემზე მონდობილ თვალებში.






3
ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, მას შემდეგ ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს და თითქმის ხმის ამოუღებლად ვტკბებოდით ერთმანეთით. თაკოს მოფერებით ლალოს ვეძახდი. მან კი თავისი დათუნია მაჩუქა. შინ წასული გულში ვიხუტებდი დათუჩას და ვიხსენებდი თაკოს სითბოს, მის ალერსს. ძალიან მიყვარს ასეთი ურთიერთობები, ხანმოკლე, არასერიოზული და რაც მთავარია სიყვარულის გარეშე. რადგან სიყვარული პასუხისმგებლობაა, რომელიც ყოველთვის ზედმეტად მიმაჩნია. ამ ბოლო დროს ჩემს თავს გამოვუტყდი, რომ გოგოსთან ფლირტის მხოლოდ ის ნაწილი მომწონს და მიყვარს, როცა მისი მონადირებისთვის ვიბრძვი. მოპოვებული და მონადირებული გოგო უკვე უინტერესო ხდება ჩემთვის და მალე მბეზრდება. ერთი კვირა გაგრძელდა ჩვენი ერთად ყოფნა –  ცხელი, ვნებიანი, მგზნებარე, ცოდვიანი და მზიანი ერთი კვირა.
ერთ დღეს სკამზე ვისხედით და მზეს ვეფიცხებოდით. მისი ხელი მეჭირა და ვეფერებოდი, დროდადრო თავს გადავუწევდი და ყელში ვკოცნიდი. თაკო ჩემკენ მოტრიალდა, თვალებში ჩამხედა და მკითხა:
– გიყვარვარ? – ოღონდ ეს არა, ოღონდ ეს არა, ვერ ვიტან ამ კითხვას
– არ ვიცი, მგონი არა – თაკოს სახე აემღვრა – უფრო სწორად ჯერ არა.
მან დათუჩას ხელი დაავლო და ფოთლებით გაყვითლებულ ხეივანს დაუყვა.
– მოიცა, მიყვარხარ! – დავუძახე, თუმცა ჩემს სიტყვებში დარწმუნებული არ ვიყავი. მას არ შეუმჩნევია, მიჰყვებოდა ხეივანს თავდახრილი, დათუნია გულში ჩაეხუტებინა. მხოლოდ ერთხელ მომხედა და ისევ გზა გააგრძელა. თვალები აცრემლებოდა, საოცრად ლამაზი იყო. უხდებოდა ცრემლი, გაბრაზება და სევდა აღბეჭდოდა თვალებში. და ეს უფრო მშვენიერს ხდიდა. წამოვდექი, გავეკიდე და ვერ დავეწიე.
„The person you have called can not be reached at the moment, please, try again later!” – სულ ერთი და იგივეს მპასუხობდა ტელეფონი. გულში რაღაც ჩამწყდა. თაკო არავის არ ჰგავდა ვინც კი ოდესმე მყოლია. ეგებ ვცდებოდი, ეგებ მართლა მიყვარდა და ვერ ვხვდებოდი, ვინ იცის...
მივყვები ხეივანს, დავცქერი გაყვითლებულ ფოთლებს და გულში ფიალით მეღვრება ცხელი სევდა – მიყვარს!..
4
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ბევრი ხანმოკლე და ხანგრძლივი ურთიერთობა, ბევრი კოცნა, ბევრი თავდავიწყება, ბევრი უძილო ღამე. თაკოსადმი გრძნობა გულის პატარა კუნჭულში ჩაიმალა, მხოლოდ ხანდახან, სიზმარში შემახსენებდა ხოლმე თავს.
ერთხელ, ადრე გაზაფხულზე, ჩემთვის მივსეირნობ ერთ–ერთ ბაღში. ვიღაცას ველოდები, ველოდები როგორც ყოველთვის და აგვიანებს. არ მიყვარს ლოდინი, მაგრამ დღეს კარგი, ხალისიანი დღეა. ღრმად ვსუნთქავ გაზაფხულს და უღრუბლო ცას ვუყურებ. ხეებმა ახლა გაიკეთეს კვირტები და ბუნება იმ დღესასწაულებისთვის ემზადება, რომელსაც ხეების ყვავილობა და გაზაფხული ჰქვია. მე კი – იმის მიუხადავად, რომ დამგვიანებელი ავიკლო და ტელეფონი ავუფეთქო, ლამის ცას შევწვდე ისეთ ხასიათზე ვარ. უცბად ბავშვის ტიტინმა გამომარკვია ფიქრებიდან. იქვე, ახლოს ერთ–ერთ სკამზე ვიღაც დედა–შვილი იჯდა. წეღან არც შემიმჩნევია, ახლა დავაკვირდი და თვალებს არ ვუჯერებ – ეს ხომ თაკოა! მივიჭერი სკამთან:
– როგორ ხარ თაკო?
– კარგად, თავად? – თავისებურად გამიღიმა
– ვისია ეს ბავშვი?
– ვისი უნდა იყოს?! ჩემია – გადაიკისკისა თამუნიამ.
– შევნიშნე, ბავშვს სწორედ ის დათუნია ეჭირა – ლალო – უეცრად დატრიალდა სამყარო, გადამისროლეს მოგონებებმა წარსულში. ერთ დროს ეს ლალო ხელში მეჭირა და ამ ბავშვის დედას თავდავიწყებით ვკოცნიდი.
– როგორ მოასწარი გათხოვება? – თაკო იცინის, ალბათ იდიოტის სახე მაქვს (არც არის გასაკვირი).
– მოვახერხე, სწორედ მას გავყევი, ვინც შენ ერთ დროს მთაწმინდაზე შემოგელახა. – ამაზე უკვე მეც გამეცინა.
თაკო არ შეცვლილა, ისევ ისეთია, ისევ ისე იპყრობს ჩემს მზერას, ისევ უღვივის ტუჩები... არ შეცვლილა ლალოც –  ეშმაკურად მიღიმის.  დავიხარე და ბავშვს მოვეფერე, ტანში გამაჟრჟოლა, დაუვიწყარი გრძნობაა – როცა მის შვილს კოცნი, ვინც ოდესმე ძლიერ გყვარებია. თაკო მიღიმის მაგრამ ეს არ არის ის ღიმილი, ამ ორი წლის წინ რომ ვხედავდი, არა ეს უკვე მკაცრი ღიმილია, მოზომილი, მორიდებული.
– რა ჰქვია ბავშვს?
– ლევანი – თბილად გამიღიმა თაკომ, ცრემლი ჩამოგორდა მის ლოყაზე. მეც თავი ჩავღუნე თავი ლალოს მოვეცაცუნე. ხუჭუჭა ლევანი კი მიღიმის. მე კი თავს ვხრი და მრცხვენია. მრცხვენია ჩემი თავის, მრცხვენია თაკოსი და მრცხვენია ყველასი და ყველაფრის ამქვეყნად.
– აი, ჩემი მეგობარიც მოვიდა, კარგად იყავი თაკო. – გადავკოცნე თაკო და ლოყის კუთხეში, ტუჩთან ვაკოცე, პირველი ცოდვასავით ტკბილი იყო მისი კოცნა. – კარგად ლევანიკო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები