 | ავტორი: ნ.ფხოველი ჟანრი: პროზა 24 სექტემბერი, 2014 |
2011 წლის 22 ივნისი, 12:08-ზე ზამთარი წელს გავიგე რა ყოფილა, აქამდე ზამთარი გუნდაობა იყო, გაყინულ გზებზე სრიალი და მიკროავტობუსების მძღოლების გაბრაზებული სახეები, ერთი სიტყვით ბავშვობა იყო, სპეტაკი თეთრი თოვლი, სადმე თუ დასვრილი იყო ვერც ვამჩნევდი.ერთხელ დასასვენებლად ბაკურიანში ვიყავი, სასტუმროს ბალიშზე თავს, რომ ვდებდი თოვლზე ფეხის დაბიჯების ხმა ჰქონდა, იმის მერე სულ მინდოდა ისეთი ბალიში, რომ ზაფხულშიც არ მეგრძნო უთოვლობა. წელს სულ არ მინდა რომ მოთოვოს, ალბათ ასაკთან ერთად ეგოიზმი მოდის და მოდის, ამ წამს გამახსენდა, რომ დედამიწაზე ბავშვები არსებობენ და მათაც ისე უხარიათ ზამთარი, როგორც მე მაშინ, ან იქნებ უფრო მეტადაც კი. წელს ჩემთან თოვლის პაპა არ მოვა, ცუდად ვიქცეოდი. ოოოო ვიიის? ყველას ვაბრაზებდი. დამდეგი ახალი წელი და ახალი იმედი ისეთივე ძველია, როგორც ჩემი ძველი კეტები, ერთგული, მაგრამ ძველი, რომ დავდივართ ერთმანეთს ვერ ვიტანთ, ერთი სული გვაქვს თავი დავაღწიოთ მე მას და მას მე. შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება, ასე რომ აზრი არ აქვს რომელი ვიქნებით პირველი, რომელი დავასწრებთ და რომელს მოვიშორებთ. ორივე მაგრად გავიხარებთ, მანამდე კი სანამ ერთმანეთს გავაბედნიერებთ, რაც ძალი და ღონე მაქვს სახეს სულ პატარა ქვებზე ვაჭყლეტინებ, რომლებიც ქუჩაში მხვდებიან, ისიც სულ უფრო და უფრო მიმეტებს, სიცივეს მეტად და მეტად უმეგობრდება. ერთი სიტყვით მაღლა რას ურტყამ სპილოსა დაბლა შემოჰკარ რბილოსას პრინციპით მებრძვის და ამართლებს კიდეც. უნდა დავიბარო თუ დამასწრო და მომკლა თან ჩამატანონ, ეს იქნება კბილი კბილის წილ, სისხლის აღება, შურის ძიება, ვენდეტა ან უბრალოდ გული მოვიფხანე. გულო ჩადექ საგულესა, გულო ჩადექ საგულესა, გულო ჩადექ საგულესა. გულოოოოო შე ოხეროოო, ყველაფერი შენი ბრალია, რომ შემეძლოს ამოგიჭრიდი და შენს თავს ვინმე მანჯურიელ ტომებს მოვუმზადებდი კეცზე, დავპატიჟებდი ცხვირში ძვალგაყრილ ლამაზმანს __ ერთი არტერია გამისინჯე გენაცვალე, ნახე რა საუცხოვო ქართული ჯიგარია თქო. არა "ვსიო", ხვალიდან მივდივარ და ვაკეთებ განცხადებას პაემანში. " გავიცნობ მანჯურიელ გოგოს, ვარ ყოველმხრივ უზრუნველყოფილი, თვეში საშუალოდ გამოვიმუშავებ სამ ბიზონს. თუ ჩემი უფროსი პაპუას ჯუნგლიაშვილი მთაშია წასული სიდედრის მოსანახულებლად და ამ დროს კი გზებზე ლავა ჩამოწვა, მაშინ ბევრი ბიზონი მრჩება "ლევად". ნავი ჯერ არ მყავს, მაგრამ გამოვიყვან განვადებით."___მშვილდოსან შუბისტარაძე. დაგელოდები ოთხშაბათს, 13 ნომერ ნავების გაჩერებასთან მაცვია "ლეტნად" რატომღაც სულ ფანჯრისკენ გამირბის თვალი. ერთი შეხედვითაც კი მიხვდები, რომ გარეთ ისე ცივა თვითონ ზამთარიც კბილს კბილზე აცემინებს, მაგრამ რაგინდა ძმაო, ქართველია ესეც ჯიუტია, შეუპოვარი და მიზანდასახული, ფეხს არ იცვლის დღე და ღამე გაუნძრევლად დგას ერთ ადგილას. __ეეეჰ წავალ ოთახს გავანიავებ, თან ამ უბედურსაც შემოვუშვებ სახლში, ჩემი სტუმართმოყვარე თავი რავთქვი მე, მერე დავსხდებით და შეციებულები თითო ჭიქა ჭაჭას ჩავარტყამთ, აბა მარტო ხომ არ დავლევ ლოთივით, თან იქნებ სიმთვრალეში როგორმე ლამაზად შევაპარო, რომ მაგრად მეზიზღება და ერთი სული მაქვს როდის წაეთრევა ჩემს ირგვლივ არსებული ატმოსფეროდან. ახლა ღამეა, ჩემი მტრები ოთახში მიწყვია. უნდა ნახო როგორი თვალებით მიყურებენ, გათენდება ღამე საზიზღარი და ჩვენს იქით სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაქვსო. ერთხელ გავბრაზდი, აივანზე დავტოვე. დილით, რომ გავხედე თასმებს იფშვნეტდნენ, ნეტა დაენახა მაშინ ვინმეს ჩემი გამარჯვებული, თვითკმაყოფილი სახე. იმ დღესაც იმავე განწყობით გავედი სახლიდან, როგორითაც იმის წინ ან იმის ან იმის წინ, განწყობა სახელად უჟმური. პირველ გზაჯვარედინზე, შუქნიშანთან გავბრაზდი მთელ ერზე. ერთმა უმნიშვნელო კარგად ნაცნობმა ელექტრო ენერგიის გამორთვემ ისეთი ქაოსი გამოიწვია გეგონებოდა დაკარგული ტერიტორიებისათვის იბრძვიანო, ყველა წინადადების დასაწყისში ჟღერდა სიტყვა დედა, ოღონდ გაგრძელებები მრავალფეროვანი ინტერპრეტაციებისა და ფანტაზიების გახლდნენ. ჩემი კეტებიც კი გაოგნებულები შესცქეროდნენ ამ სანახაობას, გადავავიწყდი კიდეც ოციოდ წუთით, მაგრამ მერე შუქი მოვიდა და ისევ შემცივდა, ოღონდ ამჯერად თან მცივა და თან გუშინ ნათქვამი ჩემი სადღეგრძელოს დაწყება გამახსენდა რაც მაგრები ვართ_ით იწყებოდა. კიდევ კარგი ის ბიჭი არ იყო ჩემთან ვინც ამ სიტყვებზე შემომედავა თორემ ჩემი ერთსაათიანი ქართველების აგიტაცია პროპაგანდა, რომელმაც გასჭრა სულ წყალში ჩამეყრებოდა. იმას დავაჯერე მე კი აღარ მჯერა, მე მარტო მცივა და მანჯურიაზე ფიქრებით ვითბობ თავს ერთ ბინძურ გაჩერებაზე, დაჯექი აბა თუ ბიჭი ხარ, ხვალ ტანსაცმელი გასარეცხი არა, საყიდელი გექნება. აქ ხომ შენამდე ნინჩომ, თიკჩომ და სალიმ დატოვეს თავის ავტოგრაფები კვასკვასა წითელი პომადით და საღეჭი რეზინები?! როგორ გეკადრებათ ძირს ხომ არ დააგდებდნენ, აღზრდა არ მისცემდათ ამის ნებას პირდაპირ სკამზე დააწებეს. მოკლედ ვდგავარ და მოთბინებით ველოდები ტრანსპორტს, რომელიც ისეთი გადატენილი მოვა, რომ ვერ დავჯდები და თუ გამიმართლა კიდეც და დავჯექი, მძღოლი ჩემს ზრდილობას აუცილებლად 50თეთრად გაყიდის ოციოდ მეტრში, გაუჩერებს ვინმე ხანში შესულ მანდილოსანს, მე რა თქმა უნდა ინგლისელებს ჯენტლმენობას დავესესხები და დავუთმობ ადგილს. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ მანჯურიაში წასვლა ჯერ კიდევ ვერ მოვახერხე, გულო ჩადექ საგულესა, გულო ჩადექ საგულესა, გულო ჩადექ საგულესა. აი უკვე 10წუთია ვდგავარ და ამ 10წუთის მანძილზე, ზემოთ აღნიშნული ფიქრების პარალელურად ფრენკ სინატრას სიმღერის მელოდია ჩამესმის, ნეტა რა ჭირად ამეკვიატა, მინდა შევცვალო რაიმე მამაპაპურით, მაგრამ ნურას უკაცრავად, შინაგანი რევერსი აღმომაჩნდა გაფუჭებული, მეტი რა გზაა ამას უნდა ვუსმინო სანამ განწყობა სხვა რამეს არ შემომთავაზებს, მაგის ამბავი კიდევ ღმერთმა უწყის, ესეთი უთავბოლო ტიპის მნახველი არ ვარ. ამასობაში გვერდზე ამომიდგა სასიამოვნო გარეგნობის გოგო, მართალია იმ ცხვირში ძვალგაყრილ ლამაზმანს ვერ ჯობია, მაგრამ ამასაც არა უშავს რა. უცბად მომინდა რომ ხელი მომეკიდა და შუა გზაზე მასთან ერთად მეცეკვა, მაგრამ გზაჯვარედინის ამბავი ჯერ კიდევ ისეთი ცხელ–ცხელი იყო, ეს აზრი სასწრაფოდ ამოვიგდე თავიდან, მერე ვიფიქრე იმ მელოდიას წავუმღერებ, რომ ჩამესმის თქო. თქვენც წაგიმღერებდით, მაგრამ ისეთი სმენა მაქვს მეშინია კითხვას არ გადაგაჩვიოთ, მერე მივალ და რამეს ვეტყვი თქო, ესეც არ გამოვიდა, თავდახრილი იდგა და ქვევიდან ზევით არ მინდოდა ავეთვალიერებინე, აქაც ამ ორმა ცელქმა კეტმანჯუნამ გაიმარჯვა, არაუშავს იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის, ეს ერთხელ სადღაც ვთქვი და ვიღაცამ მითხრა ეგ დენიროაო. ერთხელ თბილისშიც მანახა რა იქნება გაღიმებული ხალხი, როგორც იქნა ტრანსპორტიც მოვიდა, ამჯერად ყველაფერმა კარგად ჩაიარა "ა" პუნქტიდან "ბ"პუნქტამდე ისე ვიმგზავრე უკეთესს ვერც ინატრებ. საერთოდ მიწისქვეშა გადასასვლელებს ვერ ვიტან,როცა იქნება ისედაც მომიწევს იქ ჩასვლა , მაგრამ რადგან არ მინდა ეს პროცესი დავაჩქარო, სხვა რა გზაა გადავალ.არ არსებობს ჩახვიდე და თვალში არ მოგხვდეს წარწერები, იმას პლიუს ის უდრის ამას, მოკლედ ვისი იქსი ვის იგრეკთანაა ვერ გაიგებ, რთული განტოლებებითაა სავსე გადასასვლელი, შეგნებულად არ ვამბობ მიწის ქვეშას, გაფიქრებაც კი მზარავს. ხშირად მიფიქრია ამდენი, რომ დაფებზე წერონ ხო აშენდა ქვეყანა, როგორც იქნა თავს ვაღწევ მიწოფობიას, ოღონდ კიბეებზე მარტო მაგიტომ არ ავრბივარ, ჩვეულებისამებრ ვაგვიანებ სადღაც, ყოველ დღე ვიმუქრები, რომ აღარ ვიზამ, მაგრამ ჩვეულება ხომ რჯულზე უმტკიცესია. ___ბოდიში ძმაო ბავშვის წამალზე მაკლდება ლარი, ხომ ვერ დამეხმარები? აბა ახლა ეს გიჟი არააა, არა გიჟი კი არა უნამუსოა, ყოველდღე მხვდება თითქმის, სახეზე მაინც როგორ ვერ დამიმახსოვრა, მაინც და მაინც მე რომ არ მომახტეს, თან ჩემი ლარიანის მერე იგივე მარათონს აგრძელებს, ეს თვეში ჩემზე მეტ ბიზონს გამოიმუშავებს, ეგაც კარგია მთავარია შემართება და ხალისი არ დაკარგო, თორემ რა პროფესიის იქნები რა მნიშვნელობა აქვს. აააუუუუ მაგრად მეჩქარება ეს მინდოდაა ახლაააა, მერე მთელი დღე უარესად მოშხამული უნდა მქონდეს იმაზე ფიქრით, თანამემამულეს როგორ არ დავეხმარე, იქნებ მართლა სჭირდება, იქნებ ეს, იქნებ ის. ათი მეტრის იქით სამი მოზარდი მეჩეხება "იზვინი" ჩემი ძმა უპატრონო ბავშვთა სახლს ვეხმარებით, რამით ხო ვერ დაგვეხმარები, თან ამორჩეულად თანხმოვნებს ისე წელავენ, როგორც ჩემი მეზობელი "ძველი ბიჭი" "გროზნო". აბა სრული ბედნიერებისთვის ამათი ძმობაღა მაკლდა, თორემ დახმარებას ვინღა ჩივის. გულო ჩადექ საგულესა, გულო ჩადექ საგულესა, გულო ჩადექ საგულესა...... დავაგვიანე.ჩემი მეგობარი საკმარისზე მეტად ნაწყენი დამხვდა, თვითონ არასოდეს აგვიანებს ისეთი პუნქტუალურია ხანდახან გერმანელი მგონია. ახლა ამის ნოტაციებს უსმინე და თავი უქნიე, რას იზამ სახელის გატეხას თავის გატეხა ჯობია, დღეს ისეთი ცხოვრაბაა სულ თავგატეხილმა უნდა იარო. აღმზრდელობითი გაკვეთილების მერე, როგორც იქნა საქმეზეც გადავედით. დიდხანს ვსაუბრობდით, რაღაც პატარა ბიზნესის წამოწყება გვინდა, რა ბიზნესის არ გეტყვით, კონკურენცია გენაცვალე კონკურენცია. ოღონდ იმაზე ჯერ არც ერთს არ გვიფიქრია საწყისი ფული სად ვიშოვოთ, მთავარია ქილა ერბო გვაქვს და მერე ყველაფერი ფანტაზიაზეა დამოკიდებული. დრომ და მუცელმა თავისი ქნა, ორივეს მოგვშივდა, მე ხმას არ ვიღებ, ვაჟკაცურად ვუძლებ. ვერსად დავპატიჟებ, მარტო ისეთ შეწუხებული სახე მაქვს, ნებისმიერი სომალელი ბავშვი ჩემზე კარგი გამომეტყველებისა იქნება ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა ზოგჯერ თქმითაც დაშავდების და ვაშააააა ის იძახის. ___ბიჭო, წამო ცოტა ფული მაქვს და სადმე დავლიოთ. ეს გამოთქმა კი თავისთავად გულისხმობს რაიმე გემრიელ კერძს, იფ იფ იფ იფ, გაგვიმარჯოს ამას, იმას, ყველას ავოიეეეე ეს ქალაქი ჩვენია, აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ იქით გორასა ძვრას ვუზამ ადიდებულ მდინარეს კი დავაყენებ ყლაპს ვუზამ და შენ გენაცვალე ჩემი ძმა ხარ_ს მერე ოთხივ კუთხივ ჯვარი გვწერია ორივეს. მიძახებული "სახლში მომიკითხე" დარწმუნებული ვარ ორი ნაბიჯის მერე აღარც ახსოვს, კაირგი ფინალია დღევანდელი ურთიერთობის ჰეფი ენდი. გაგრძელება იქნება, თუბი ქონთინიუდ, პრადალჟენიე სლედუეტ, ღმერთი მოწყალეა ხვალ ისევ გაგვეღვიძება, ოღონდ თავი მთელი ღამის ნაწამები, საკუთარი სხეულის წმინდანად მეყოლება შესარაცხი. გარეთ გამოსულს რადგან არ შემცივდა მეგონა რომ, მიველ დავლიე და გავიმარჯვე. ვინ შეგარგებს თუ ძმა ხარ, ახლა გაფართოვებულ სისხლძარღვებზე არ დამაჭირეს ამ უნამუსოებმა, უნდათ რომ სახლში გამაქციონ, მემგონი ეს ოხრები ჩემ მშობლებთან არიან შეკრულები და მიჩალიჩებენ, აბა ახლა მე მაგ ჭკუაზე ვარ? უნდა სხვანაირად ვძლიო სვე ბედს. ჯიბეში რაღაც ზმუის, უი მობილურიი, ფიჭური კავშირგაბმულობის საშვალებაააა, ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, ცალ თვალზე ხელი უნდა ავიფარო, რომ დავინახო ვინ რეკავს. ჩემი ძმაკაცია, ღმერთმა კარგად მიმყოფოს მაგათი თავი, მყვანან და თან სულ სანაქებოები, გამოფენაზე მეპატიჟებიან. კაპიტანო წინ სრულიო სვლით გალერიისაკენ. არ მეგულება არც ერთი პროცესი, რომელსაც სახელი ესე მაგრად უხდება, როგორც გამოფენას, თუ კარგად დააკვირდებით აუცილებლად შეამჩნევთ, რომ დარბაზში სადაც ეს ყველაფერი ხდება, ტილოების გარდა იმდენი მოსაუბრე და მოძრავი ეგზემპლარია გამოფენილი რამდენიც გინდა. ამ დროს ყველა საკუთარი თავის მხატვარიადა ამავდროულად ყველანი ერთმანეთის დამთვალიერებლები ვართ. ადამიანებოოო თქვენზე ვგიჟდები. ვდგავარ, ვათვალიერებ ჩემთვის უცნობების სულებს, აი მაგალითად ერთ ერთის სული დარწმუნებული ვარ წამოწოლილი იყო და თვლემდა ისეა ფერები ერთმანეთში აზელილი, რაღაც ბუნდოვანია სიზმრისეული, თან რომ გახსოვს და თან თვალის გახელისთანავე გავიწყდება. ჩემი ნება რომ იყოს დედამიწას სახელს გადავარქმევდი და გალერეას დავარქმევდი, ამ გალერეაში კი ჩემი სიმთვრალის პატრონს ყველაზე მეტად მე შემეფერება სიტყვა ტილო. იმდენი ვქენი უამრავი დამთვალიერებელი მყავდა ერთ საათში, ყველა სიტყვა გამოვიყენე რაც კი მხატვრობასთანაა დაკავშირებული, დაწყებული პალიტრით და დამთავრებული სურეალიზმით. ვინ იცის ჩემზე რას ფიქრობენ, უკვე გვიანია, მანქანაში ვზივარ, მინაზე მაქვს თავი მიდებული, სხეულიდან ემოციები მყავს გაშვებული და ცელქი ბავშვების მშობლებივით ველოდები როდის დაბრუნდებიან სახლში. წერილი მინდა მივწერო ვინმეს თეთრი მტრედის მეშვეობით, კვირაობით ველოდო პასუხს, ეჰ მანჯურიაში მინდა. ისეთი ღამეა, ღამის უნახავს გაგხდის ადამიანს. მანქანიდან გადავალ და დუელში გამოვიწვევ ზამთარს. სეკუნდანტები ფეხზე მაცვია, იარაღი აირჩიე თავხედო სეირნობა მინდა. ყელი გამიშრა, წყალი ბაბაჯან წყალი. ახალი წელია გზაში, სვენებ სვენებით მოდის, ყველამ გაუღეთ კარი, შეციებული არის. ქუჩები ისე ლამაზადაა განათებული თავი ზღაპარში გეგონება, ტყუილად გგონია რომ არა. ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო, ჭალას ჩიტი მომკვდარიყო, დიდ ქვაბში არ ეტეოდა, პატარაში სულ არ იყო. თითქოს ამ ქუჩის ბოლოს სამეფოა, სადაც ბრძენი და ქველი მეფე ზის. გმირობის ჩამდენი დასაჩუქრდება მეფის ასულის ღიმილით. რაიყო გეცოტავა? ააა ხოო გამახსენდა, შენ ხომ ისედაც გმირი ხარ, ბარემ პირდაპირ გაგიღიმოს და მერე შენს საპატივცემულოდ გამართულ ბალ მასკარადზე მაგრადაც დათვრეს. მოდი რაა ძმაო ამ გზაზე საერთოდ ნუ გაივლი, ეს ჯადოსნური ღიმილების გზაა. ნაბიჯ_ნაბიჯ, ნაბიჯ_ნაბიჯ, მარტო მე ვხმაურობ. ხის კენწეროზე რომ ავძვრე? იქნებ მთვარეს კუთხე ჩამოვატეხო, ერთ მჭედელს ვიცნობ, ბეჭედს გამიკეთებს და მთვარისთვლიანი ბეჭდით გადავიხდი ღიმილის საფასურს, მე ხომ გმირი არ ვარ, გმირები გენაცვალე თქვენსკენ მოიკითხეთ წარსულში, მე თავი დამანებეთ ისედაც ყელი მიშრება. ჭყალი ბაბაჯან წყალი. ეს მდინარე რა წყნარად მოდის ესე მგონია ტყვეობაშია, მოაჯირები არ აძლევს საშუალებას მკლავი გაშალოს, პრინციპში ასეთი ლამაზი მოაჯირები ყველა მდინარემ ინატროს. შენ რაა მამშვიდებ? ის არ მეყოფა თავზე რომ მადგახარ? იქნებ ნაგავიც გადმოაგდო?! ამოხვედით ყელში ღირსები ხართ ხელი გტაცოთ და ლოდებზე მიგანარცხოთ, ჰაა ბიჭო ხმას რატო არ იღებ შენ რააა გადმოხტე ხო არ გინდა?! რაიყო ძმაო თოკი აღარ იშოვება ყველამ მე რომ არ შემომაკლათ თავი?! თქვენ რა გგონიათ გული არ მაქვს? ნახევარზე მეტი სულ ცრემლები ვარ. გულო ჩადექ საგულესა, გულო ჩადექ საგულესა, გულო ჩადექ საგულესა......
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ნაწარმოების დასაწყისიდან გამომდინარე მეგონა გვიყვებოდი ბაკურიანში, ნანახ ერთ ზღაპრულ ლამაზ თოვლიან დღეს , ძალიან ბევრ საჭირბოროტო თემას ეხები. თუმცა ძალიან მომეწონა-თქო ვერ ვამბობ, არადა მინდოდა... ნაწარმოების დასაწყისიდან გამომდინარე მეგონა გვიყვებოდი ბაკურიანში, ნანახ ერთ ზღაპრულ ლამაზ თოვლიან დღეს , ძალიან ბევრ საჭირბოროტო თემას ეხები. თუმცა ძალიან მომეწონა-თქო ვერ ვამბობ, არადა მინდოდა...
6. მადლობა : ) მადლობა : )
5. მადლობა : ) მადლობა : )
4. საინტერესო იყო ) საინტერესო იყო )
3. დადებითი განწყობა მოაქვს დადებითი განწყობა მოაქვს
2. გაიხარე : )
გაიხარე : )
1. განწყობა იგრძნობოდა კარგად. ყალბიც არ იყო.
იუმორისტული ელფერიც მშვენივრად დაკრავდა :)
"ერთხელ გავბრაზდი, აივანზე დავტოვე ( კეტები). დილით, რომ გავხედე, თასმებს იფშვნეტდნენ" :)
დასალაგებელი ნაწერია და კარგი რამ გამოვა.
განწყობა იგრძნობოდა კარგად. ყალბიც არ იყო.
იუმორისტული ელფერიც მშვენივრად დაკრავდა :)
"ერთხელ გავბრაზდი, აივანზე დავტოვე ( კეტები). დილით, რომ გავხედე, თასმებს იფშვნეტდნენ" :)
დასალაგებელი ნაწერია და კარგი რამ გამოვა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|