ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰერელი
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2014


...ამინდური...



(დავით დუმბაძეს)



ტალღებს ფეხდაფეხ მოსდევს გუგუნი,
ნაპირი ახშობს ზღვის ამბოხებას...
და ვერ გავიგე, ეს საუკუნე
ახლა გვისწრებს თუ უკან მოგვყვება.
როცა ზურგს უკან გვრჩება მეტი მზე
და დაკარგული მიწის სურნელი;
წვიმა გადარბის გზაჯვარედინზე,
ჩვენ კი სიჩქარეს ისე ვუნელებთ, –
თითქოს ვნებდებით ბედის შუქნიშანს
(სახლში მიმავალ წვიმას ვატარებთ),
სიღრმეში ტალღას ზღვა მოუკბიჩავს
ძაღლივით. გარბის... გარბის... მატარეეეე–
ბელი დაძრულა! კივის სადგური,
ამის მნახველი და მონაწილე...
და მეც მივდივარ და ფეხ–ადგმული
ამინდიც თითქოს სახლში მაცილებს.
ნაპირთან ქარი გამოიფიტა,
ზღვამ გამორიყა თავის ჯილაგი.
ამინდს ლექსები სცვივა ჯიბიდან,
ჩვენ კი ვკრიფავთ და სულში ვილაგებთ.
წვიმას ქალაქი უდევს სასთუმლად,
ბათუმი იშრობს ნესტიან კიჩოს.
მატარებელი უკვე გასულა....
ჩვენი სიფხიზლე გამოვა, ბიჭო?!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები