ხანდახან ისე მინდა დაჯერება,რომ მჯერა. ბაბუაჩემს ძველი საათი ჰქონდა. მამაჩემის მამას არა. დედაჩემისას უფრო ღარიბული ნივთები ჰქონდა. არ იყვნენ შეძლებულები მამაჩემის მამასავით. იმ საათზე სპილენძის ისრები სულ ექვსსა და სამს შორის მებლანდებოდნენ თვალში. როცა ავდიოდით სოფელში და ბაბუა სახლში არ გვხვდებოდა,ან სათიბში იყო,ან ყანაში. ან თავისი ოფლიანი,მზისგან მოსაჩრდილავი ქუდით ქამა სოკო მოჰქონდა სერებიდან. ასე ეძახდნენ მწვანე მინდვრიან გორებს დედაჩემის სოფელში. იმ სერებზე დავგორდი და ცხვირპირი გადავითხლიშე.ოპერაციაც კი დამჭირდა. ბაბუაჩემს ტუჩზე შრამი ჰქონდა.ქვედა ტუჩზე. ომიდან სახლში ჩამოუტანია. ტყვიაც ჰქონდა სადღაც ჩარჩენილი.შეიძლება ნატყვიარი და მე ვაჭარბებ. მახსოვს მისი შრომით დაკოჟრილი და ბალახის სიმწვანით შავად დახაზული ხელისგულები.გაუხეშებული კანი. მახსოვს როგორ უბზინავდა წყლისფერი ოფლი კისრის ნაოჭებში. სიმსუქნე კი არა.სიბერე რომ ნაოჭებს აჩენს. დედაჩემი მოვიდა ერთხელ სამსახურიდან. ეზოში ვიყავით მე და ჩემი და. ის პერიოდი მქონდა,შარვლებს უკითხავად რომ ვჭრიდით მუხლამდე და იმის იქით. ორჯერ დაძახებაზე რეაქცია რომ არ მქონდა და სახლში არ ავდიოდი. სიგარეტს ვეწეოდი ხან ვის სარდაფში და ხანაც კილომეტრებით მოშორებული სახლისგან.კორპუსებს უკან,სად აღარ. რამდენი ახალი ადგილი აღმომიჩენია და გავოცებულვარ. რა ბალახი და ბოთოლიც შემხვდებოდა,ყველაფერს რომ ვსრესდი, სუნი რომ არ მიმყოლოდა თითებზე. თუმცა არავის დაუსუნავს ჩემს თითებზე არასდროს ამის გამო. რა ვიცოდი. დედაჩემი რომ მომიახლოვდა სახეზე მოთეთრო იყო. მე მძულს თეთრი.ის ყველაზე ჭუჭყიანი ფერია! დედაჩემი ლამაზია. იმ წამს ისეთი შეუხედავი და უსახური იყო.შემეშინდა. ლიფტში შევედით.ჩანთები ეჭირა.ბაზრის.გამომართვიო. ნერწყვს ვერ ყლაპავდა. მესამე სართულზე ასვლამდე ყელი გაეხა და ამოუცვივდა_ბაბუა აღარაა... ჩავიცვით.გავემზადეთ.წავედით.იქამდე ხმა არ გაუღია. მე და ჩემი დაც მუნჯებადქცეული მივსდევდით. გაუბედურებული უსახლკაროებივით. საბაგიროდან ფეხით უნდა გვევლო ნახევარი საათი აღმართებზე. ის სოფელი ჭიათურაშია.პერევისა ჰქვია. იქ ყველგან საბაგიროა. ქალაქიდან სოფლები და სხვადასხვა უბნები საბაგიროთია კავშირში. გზაზე უამრავი ნაცნობი გვხვდებოდა.დედაჩემის ნაცნობები. ყველას აინტერესებდა დედაჩემი იქ რომ მივიდოდა,რას იზამდა. იქ მისული დედაჩემი მამამისზე დაემხო.ტირილი არ მესმოდა. ხმა.ღმუილი იყო არაადამიანის. მე არ შემეძლო გაჩერება.გავიპარე მეზობლის სარდაფში.სახლქვეშ რომ ჰქონდა. იქ ფიცრების სუნი იდგა და ცემენტის. მუდმივად ეს სუნი იყო იმ სარდაფში.რამდენიმე ღერი მოვწიე. არ განმიცდია ბაბუაჩემი.თუმცა ვიტირე. არ ვიცოდი მიყვარდა თუ მტკიოდა. ვერ ვხვდებოდი რა იყო ის,რაც ხდებოდა. მხოლოდ სიკვდილს ვხედავდი და სისხლგაყინულ ბაბუაჩემს. ძალიან მაწუხებს ამ წამს,რომ არ ვიცოდი მაშინ რას ვგრძნობდი იქ. არც ის მინდა,ახლა გავიარო იგივე,რომ ვიგრძნო. სუნი მახსოვს ბაბუაჩემის. რომ გადავკოცნიდი და ცხვირში მრჩებოდა. ქამა სოკოები.ნაოჭებში წყლისფერი ოფლი.მწვანე ბალახისგან გაშავებული ხაზები თითებზე. ხელისგულებზე და დედაჩემის ღმუილი.არაადამიანის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. :( მეც გული მწყდება ბევრ ასეთ რამეზე
++ :( მეც გული მწყდება ბევრ ასეთ რამეზე
++
2. მომეწონა! ძალიან კარგად წერთ. რეალურია, ,სევდიანი და გულწრფელი,
ნაცნობი შეგრძნებაა! მომეწონა! ძალიან კარგად წერთ. რეალურია, ,სევდიანი და გულწრფელი,
ნაცნობი შეგრძნებაა!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|