ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტობი
ჟანრი: პროზა
5 იანვარი, 2015


რქაწითელი

_ შენ აქ ახალი მოსული ხარ. გვიამბე რა გადაგხდა თავს?
_ კეთილი, გიამბობთ.
_ მაშ დაიწყე. გისმენთ!
_ სანამ კორიდა დაიწყებოდა წყვილებმა პასადობლი* იცეკვეს. შემდეგ კი ხალხმა ჩემი სახელის სკანდირება დაიწყო! მე პამპლონელი** მაყურებლის წინაშე, წრიულ მოედანზე ხართან საბრძოლველად გავედი. ტორრო! შევძახე ბრავოს ჯიშის ხარს. ხარი სარქენად დაიძრა, მაგრამ ტექნიკური მოძრაობით სისხლისფერი ლაბადა ავაფრიალე და მან ვერა დამაკლო რა. ცოტა ხანში ზურგში დაშნა ჩავეცი გაშმაგებულ ცხოველს. ხარი გამწარდა, შემოტრიალდა და ჩემსკენ გამოექანა. ჩემი ოსტატობის დემონსტრირება წარმატებით შევასრულე და ხარს ისევ გამეტებით გავუყარე მახვილი. პირუტყვმა ტკივილისგან დაიღმუვლა. ასე გაგრძელდა რამდენიმე წუთი. მე ხარს ახალ-ახალ ჭრილობებს ვაყენებდი, მას კი ჭრილობებიდან სისხლი თქრიალით სდიოდა, თუმცა ძალა მოიკრიფა და ერთხელ კიდევ დამეძგერა. ჰო-და, დაშნა მოვიმარჯვე და ვცადე კიდევ მიმეყენებინა ტკივილი ხარისთვის, მაგრამ ამჯერად ჩემი მცდელობა კრახით დასრულდა. ხარმა შიგ გულში გამიყარა რქა. ტრიბუნებზე მაყურებლებმა იხუვლეს, ხოლო ჩემთან ერთად რქაგაწითლებულმა ხარმაც დალია სული. ცხოველმა ტკივილებს ვეღარ გაუძლო და სისხლისგან თითქმის სულ დაიცალა.
ერთმა ყმაწვილმა _ ხესუს ბასორამ, რომელიც კორიდას ესწრებოდა, ხარის ის რქა ჩაიგდო ხელთ, რომელმაც მე სიცოცხლე მომისწრაფა. მისგან კი ზურმუხტ-ქარვისაგან მოოჭვილი ყანწი დაამზადებინა იუველირს, _ ხოლო როდესაც ხესუსმა იმ რქით დამზადებული ყანწიდან, რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან დაყენებული ღვინო გამოცალა, უმალ ერთმა სურვილმა მოიცვა მისი გული და გონება _ მას მატადორობა მოუნდა. თავდაუზოგავმა ვარჯიშმა შედეგი გამოიღო. ხესუსი სახელგანთქმული მატადორი გახდა, რომელიც მუდამ იმარჯვებდა ხარებთან ბრძოლისას.
ერთ ვარსკვლავებით მოჭედილ ღამეს, ციური მნათობებით გარშემორტყმული ნამგალა მთვარე ცის ტატნობს ანათებდა. ხესუსს ეძინა და როდესაც მთვარე ცაზე მეუფებას მზეს დაუთმობდა, მატადორს სისხლიანი კორიდასთვის მზადება უნდა დაეწყო. მე მას სიზმარში შევხვდი და შემდეგი სიტყვებით მივმართე:
_ ხესუს რამდენიმე საათის შემდეგ ხალხი შენი სახელის სკანდირებას დაიწყებს. ისინი გამარჯვებას მოგთხოვენ, მაგრამ გთხოვ, მოიქეცი ისე, როგორც გული გიკარნახებს... დაე ხალხს ნამდვილი გამარჯვება აჩვენე. იხსენი შენი თავი და მიხსენი მეც. არ მოკლა ხარი!
და მართლაც, მაყურებლებით გარშემორტყმულმა ხესუსმა სისხლისფერი ლაბადა გვერდზე მიაგდო და ხარს თვალებში შეხედა. ხარიც თვალებში შეჰყურებდა მატადორს და არც კი ცდილობდა თავდასხმას. ცხოველი უზაკველ თვალებს აკვესებდა და უცოდველი მზერით თითქოს რაღაცას ეუბნებოდა ხესუს ბასორას. სახელგანთქმულმა მატადორმა ხარის თვალებში ის ვედრება ამოიკითხა, როგორი ვედრებითაც ჩვენ ღმერთს მივმართავთ ხოლმე, _ ხარი დანდობას შესთხოვდა ხესუსს. მატადორმა დაშნაც გვერდზე მოისროლა და ატირდა. ის ამის შემდეგ კორიდაზე აღარ გამოსულა და ხარებთან ბრძოლის ერთ-ერთი აქტიური მოწინააღმდეგეც გახდა.
მე კი ღმერთმა შემინდო და თქვენთან ყოფნის პატივით დამაჯილდოვა.

- 2015 წელი -

სქოლიო:

*პასადობლი _  პასადობლის წარმოშობა დაკავშირებულია ესპანურ დღესასწაულებთან, რომლის დროსაც იმართებოდა განთქმული ბრძოლები - კორიდები. ამ დღესასწაულებზე სრულდებოდა მასიური სახალხო ცეკვები და ყველაზე პოპულარული მათ შორის იყო პასადობლი. ამ ცეკვაში ქალი ასრულებს ლაბადის როლს, ხოლო მამაკაცი მატადორის როლს. პასადობლი ესპანურად ნიშნავს _ „ორ ნაბიჯს“.

**პამპლონა _ ქალაქი ჩრდილოეთ ესპანეთში. ნავარის ავტონომიური რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები