ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნ.ფხოველი
ჟანრი: პროზა
8 ნოემბერი, 2015


საკალმახიდან

            სალამი მსმენელო , ზოგიერთს კიდევაც შეიძლება გაუკვირდეს, რატომ დაიწყო ამ ადამიანმა თავისი ნააზრევის მოთხრობა უცხოს ტომის სიტყვითაო, მაგრამ ჩვენ ხომ ქართველები ვართ , ოდესღაც ჩვენს მამა-პაპათ უთქვამთ სალამი ღვთისააო, ჩვენც ესე მოვდევთ ამ ჩვეულებას, რომელიც ხანდახან რჯულზედაც კი უმტკიცესია და ერთის წამითაც არ ვიცვლით გეზს იმ ტრაექტორიით, რომლისკენაც კარგა ხნის წინათ გზა გაუკვალავთ, ამ გზას კი ყველანი ღვთისაკენ მივყავართ, რადგან უცხო ტომელების და მითუმეტეს უცხოს რჯულის ძირძველი სიტყვა სალამიც კი ღვთისაა და ჩვენი გამარჯვება ან ღმერთმა გაგიმარჯოს ხომ ღვთისაა და ღვთისაა.
        ბევრს აღარ შეგაწყენთ თავს მისალმებით, პირდაპირ საქმეზედ გადავალ, საქმე კი იმაშია, რომ ჩვენ ყველას ღმერთმა მოგვცა ფიქრის უდიდესი ნიჭი. მე რომ მკითხოს კაცმა ის ტალანტი, რომელიც ადამიანს ღმერთმა მისცა ფიქრი იყო და სწორედ ამ ფიქრის გამრავლებით მრავლდება ქვეყანაზე სიკეთეცა და ბოროტებაც, რომელი რომელს გადასწონის მარტოდ და მარტოდ ჩვენს ფიქრზედღაა მონდობილი. სანამ რაიმეს მოყოლაზე გადავიდოდე ერთს იმას გეტყვით, რომ ეს ჩემი ფიქრი სანამ თავშია იქამდეა ჩემი თორემ, როდესაც ამ მრგვალი ძვლის კედლებს გასცდება, შეიძლება შენი ფიქრის წყაროს სათავე თუ არა ერთ-ერთი შენაკადი მაინც გახდეს, ამიტომ ყველაფერს სჭირდება ასჯერ გაზომვა სანამ შენს გონებას გააჭრევინებ, ვაითუ შენი შტო ნაკადულისა, რაიმემ შლამით, ღორღით ამოგივსოს და საკუთარი წყურვილის მოკვლა ვეღარც კი მოახერხო კაცმა.
        ჩემი წყარო ისევე, როგორც ყველა წყაროს წყალი მთებიდან იღებს სათავეს, ჩამოივლის უსწორმასწორო ქედებს, სადაც მოსაწონია იქ გაივლის, სადაც არ ეპრიანება იქ კი თავისას გასჭრის, მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ რამდენი ხანი მოუნდება, იმიტომ, რომ არსად ეჩქარება. იცის, რომ ბოლო მაინც რომელიმე დიდის მდინარის ზვირთებში აქვს და თავიდანვე გულდამშვიდებით მოუყვება დაღმართს, იმ აზრით, რომ ისიც მდინარეა. უბრალოდ ამაწუთისოფლის დროის ამბავია როდის აისრულებს თავის გულის წადილს. არა ის კი არ იფიქროთ, რომ მდინარედ ქცევამდე არ შეეძლოს ადამიანს მოუკლას წყურვილი, უბრალოდ მისი სურვილი ისაა, რაც შეიძლება ბევრს არგოს. ადამიანსა აქვს ბოლოს და ბოლოს ამბიცია მაგისა და ამას ხომ მითუმეტეს, იმიტომ, რომ კარგად იცის ვისი გორისაა და ისიც იცის, რომ მასზედ ბევრი პასუხისმგებლობა ძევს.
      ფიქრს აქვს საოცარი თვისება, ის კი არის იმ კედლებს მიღმა მოქცეული რასაც ადამიანის თავი ჰქვია, მაგრამ მას მაინც არანაირი საზღვარი არ აქვს, შეუძლია წამში გადალახოს ცხრა ძღვა, ცხრა მთა, იქ კი ის იყოს რაც თავის გუნებას სწადდეს, მეც დავმორჩილდები მისი გულის წადილს და წითელკოპლება კალმახად გადავიქცევი  რათა შევძლო დინებას ზემოთ ავყვე, წინააღმდეგობა გავუწიო ერთის შეხედვით ამ უძლეველს სტიქიას, რადგან ყველაფერი ჩემს ნებაზედ არის, მეც ავდგები და ცურვას მტკვრიდან დავიწყებ (მართალია საჩემოდ კი ცოტა არ იყოს დამიბინძურეს ეს ჩემი პატიოსანი თავშესაფარი, მაგრამ აბა თევზს წყალში რა გაუჭირვებს) ძალიან კარგად ვიცნობ ჩემს სახლ-კარს, იმისი ყველა შესასვლელ გასასვლელიც ზეპირად ვიცი, დიდი ხანია ამ მდინარეში ვცხოვრობ მიუხედავად იმისა, რომ ფესვით სხვა ხეობას ვეკუთვნი , რა ვქნა რომ ესე მოინდომა ჩემი წერის დამწერმა?! არც არაფერს ვემდური ოღონდ ერთი კი ისაა, რომ ზემოდან სულ უფრო და უფრო მეტი ხმაური მაწუხებს, რა არ სმენიათ ჩემს ყურებს, თქვენ წარმოიდგინეთ აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის მომსწრეც კი ვარ, რამდენი დაჭრილისთვის მილოკია ჭრილობები ამ ჩემი სახლის ნაპირებზე, მაგრამ განა მარტო ჩემს ნდომაზედ არის?! ერთის ბრძენის კაცის ფიქრსაც მოსვლია ეს აზრი “რაცა ღმერთსა არა სწადდეს არა საქმე არ იქნების”-ო, მეც კარგის აწონვა დაწონვით შემიერთებია ეს წყარო ფიქრისა ჩემი ნაკადულისათვის და აღარას ვამბობ! მერე თითქოს ყველაფერი მიწყნარდა, ცხოვრება დაუბრუნდა თავის კალაპოტს, აღარც გულსაკლავი გოდება ისმოდა და აღარც ბავშვების ტირილი ისევ დაისადგურა გამარჯვებამა და გაგიმარჯომ, ამის მერე კიდევ რამდენჯერმე დამერღვა მყუდროება, მაგრამ ჩემის გამჩენის წყალობით კიდევაც მიწყნარებულა ყველაფერი.
    ბევრი ცუდი, რომ აღარ გავიხსენო ( მაინც ამ ხნისა ვარ და ჯანმრთელობაზედ არ მაწყინოს, განა მარტო თქვენ ებღაუჭებით სიცოცხლეს, რაც ძალი და ღონე გაქვთ) ერთს კი გავიხსენებ გამორჩევით, თურმე სადღაც წიწამურთან, ერთი ძალზედ კარგი კაცი მოუკლავთ. აბა მე იმ ადგილს სადა ვნახავდი ხმელეთზე ხომ ვერ დავდივარ, ჩემი სახლის ნაპირებზე წყურვილის მოსაკლავად მოსულ ნადირთ ვკითხავდი ამბავს, იმათ უნახავთ თურმე, მიცვალებულსაც კი წმინდანივით სახე ჰქონდაო. მაშინ კი ვთქვი დასწყევლა ღმერთმა ადამიანის გაჩენის დღე თქო , ალბათ ცხელს გულზედ კი მომივიდა, მაგრამ მაინც ვერ დაგმართნიათ კარგი საქმე, მანდ ზევით ამაყად მოსიარულეთ. ბევრი ვიფიქრე და ამ საქმის ჩამდენსაც თავისმა ფიქრმა გააჩენინა ეს ბოროტება, ის კი უნახავთ, რომ ამ ბოროტებას, კიდევ სდომებია თავისნაირის გაჩენა, მაგრამ გაჩენას გადაჰყოლია, ის კი მოუსწრია, რომ ბოლო ბოღმა ამოენთხია პირიდან, ერთს ადგილას წასცხებია ამ დალოცვილს მიწას, იმის მერე მოწამლულა და ერთი თვისება შეუძენია , რომ ვინც მას ეხება და ვინც მასზედ დადის ნელ ნელა სწამლავს. ამის წამალიც კი სცოდნიათ ადრე ჩვენს  წინაპართ, თურმე სასთუმლიდან გადმოსვლისთანავე გამოისახავდნენ პირჯვარს “დიდება ღმერთო შენდა”-ო იტყოდნენ და იმათ თურმე ვეღარას აკლებდა ეს ცოდვიანი დედამიწა. ამის მერე დიდი დრო გასულა. ადამიანს დასძინებია ღრმა ძილით, იმდენ ხანს სძინებია, რომ გაუღვიძია დაჰვიწყებია პირჯვრის გამოწერა როგორა უნდა, აღარც ის ხსომებია ვისთვის უნდა ეთხოვა თავისი თუ სხვების ჯანმრთელობა. ამის მერე დაუწყია დედამიწას ორჯერ უფრო მეტად ტრიალი, იქნებ ისე მალე დაღამდეს ეს გათენებული დღე, რომ ადამიანს არ გაახსენდეს თავისი ძველი ხრიკებიო, მე რასაც ვუყურებ იხდენს კიდეც თავის გულის ხვაშიადს.
            ამას წიანთ კიდევ ერთხელ ამოვყავი თავი, იქნებ რამე ახალი გავიგო სახლს ზევით თქო ( არ კი მექნა ეს ) თურმე გამოუგონიათ, რაღაც რკინის ოთახები, რომლებიც რა ძალით დადიან არც კი ვიცი. ადრეც კი ვხედავდი მაგგვარს რაღაცეებს, მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ გამწევად ჩემებრ არსება ჰყავდა. ამათ კი თითქოს ქაჯები დააქროლებენო, მერე შექუჩდებიან ერთს ალაგას და გაუდისთ გულის გამაწვრილებელი წრიპინი.
  ადამიანიც გამოცვლილა ძალზედ. თავიდან გამიხარდა ერთმენეთს ძალიან ხშირად უხსენებენ დამბადებელს დედას თქო,  ისევ ჩემი ძმობილების დახმარებით გავიგე, რომ კი არ ლოცავენ ერთმანეთის გამჩენთ, არამედ უგინებენ და ჰლანძღავენ. დასწყევლა ღმერთმა ადამიანის გაჩენის დღე! ეს იყო და ეს ჩავყვინთე და ავუყევი დინებას მაღლა, იქით საიდანაც ჩემი სისხლის ყივილი მესმის. ეს ბარში მეძახიან ძმობილო ორაგულს, იმიტომ, რომ ჩემი ფესვის ბწკალი არაგვის სათავეს არის მობმული და მე ისა მგონავ ჩემის სახელის დამახინჯებამდე ბარში არაგვულს მეძახდენ. ავიდე ჩემს არაგვში მაშინა ნახე, როგორ დამიჭროღდეს ამ წითელის კოპლებით მთელი ტანი, იქნება ისე ვბზინავდე ვინმეს ეგონოს კერპთაყვანისმცემლობის დროს ადამიანი არაგვს სცემდა თაყვანს და ეს რამოდენა ვერცხლის განძი შეუწირავთო, მერე ნახე როგორ მივაპობდე ამ მგრგვინავი მდინარის ზვირთებს შუბლით, თანაც მიხაროდეს, რომ ამდენი წინააღმდეგობა მხვდება, ათასმაგად მჭირდება და მწადია კიდეც გაძალიანება, თორემ ეს გაკალმახებული ისევ ორაგული გავხდები .
      გზადაგზა მორევებში შევივლი, მკითხავენ გამარჯვება მოხველო მშვიდობით?! მენაც ვეტყვი “გაგიმარჯოთ თქვენაც დამხვდითაა მშვიდობით?! ჩასჭრიან დამბალს ხაჭოს, შემოსდგამენ ხინკალს, დამიდგმენ სასმელს, ვახსენოთ ჩვენი ხატ ჯვარი ჩვენი სალოცავები იმათი ძალი და მადლიმც გვეწეოდესო, გადავჰკრავთ თითო ოროლას, თან ძველს გმირთა საგმირო საქმეთაც დავამღერებთ ფანდურზე, გული გამალებით დაიწყებს ბაგაბუგს სისხლი მაჯისთავს რო ლეწავს ჯებირებს, ავხედავ ამ ბუმბერაზ მთებს გულის პირი, რომ ჭრელის ხალიჩასავით აქვთ მორთული, ალაგ ალაგ კლდეებზე დაყრდნობილი იდაყვებით და დავიღრიალებ ხარ ირემივით, რომ ჩემი ხმა მაღლა ღმერთს ასწვდეს დაილოცა ღმერთო შენი სახელი.
      აბა ვინმე ამოდით აქ თქვენის პოლიტიკით, დღე ნიადამ, რომ დედის ნანასავით პოლიტიკაზედ გძინავთ, ხელათში გაგისვრით კინწისკვრით. არა თქვენ ის კი არ იფიქროთ, რომ ჩვენ სტუმარი არ გვიყვარს, ნურას უკაცრავად, ჩვენში სტუმარიც კი ღვთისაა, უბრალოდ თქვენთვითონვე მიხვდებით, რომ მაგ აზრებით აქ არ დაგედგომებათ და თავად დაეშვებით აქედან საკუთარი თავის კინწისკვრით.
      აქ ჩვენ თავად ვიცით ჩვენი პოლიტიკა, ყველანი ჩვენის თავის პოლიტიკოსებიც და ბატონ პატრონებიც ჩვენ თავადა ვართ. აქ ჩვენში ტყე, რომ ტყეა ისიც კი არ იყრევინებს ფოთოლს თავისი ერთადერთი ბატონის გარეშე და ჩვენი ერთადერთი ბატონიც ის არის დიდება მის სახელს. ესე მოვდივართ ჩვენ პაპის პაპით და ესე გვწადის აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
                                                                                                        25.10.2015 ფშავი. სოფ. შარახევი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები