ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირცხულავა
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2015


დე...

ყველაზე მეტად შენთან ვცრუობ, დე ...
ახლაც, წუთის წინ :
- "რა ხმა გაქვს, ხომ კარგად ხარო ?! "...
- "კი, კარგად, უბრალოდ დავიღალე" - მეთქი. მოგატყუე, დე ! არა ვარ კარგად, სრული ქაოსია, ვერ ვალაგებ, არ ვიცი, საიდან დავიწყო... ეს არაა წიგნებისა და ტანსაცმლის კარადა თანმიმდევრობას რომ მასწავლიდი, როგორ მომეწესრიგებინა !
წუხელაც რომ დამირეკე სად ხარ, მალე მოხვალო ?!...
შემოგბღვირე, გავიზარდე და მოვაგნებ თქო როგორმე სახლს... ვიცრუე, დე ! არ გავზრდილვარ, ვერც სახლს ვაგნებ, გზები ამებურდა და საჩემოს ვერ ვადგავარ...
შენი კალთა მინდა, შენს კაბაზე დათვლილი პეპლები... გახსოვს, ის წითელი კაბა, ჩემს ბანკეტზე რომ გეცვა ?! მას მერე არც მინახავს ფერადი სამოსი შენს ტანზე.
მინდა, ყველა სიზმარი მოგიყვე, დე !
იცი, რომ მკითხე ,თაზო მესიზმრებოდა თუ არა...
" დედა ვარო და სიზმარშიც ვერ ვხედავო" - ტიროდი.
- "არ მესიზმრება"- მეთქი, მოგატყუე ! არადა ხშირად ვხედავ, დე ! სულ ერთად ვართ და თმებზე გეთამაშებით...
წიგნებს რომ დამიწყობდი, წაიკითხეო და დასრულების შემდეგ არჩევანს გიწონებდი....
გატყუებდი, დე !
არც ერთი შენი შერჩეული წიგნი არ მომწონდა...
არც შენი სადაქალო მომწონდა და ვცრუობდი, როცა ვუღიმოდი...
არც ფილოლოგობა მინდოდა და მაშინაც მოგატყუე, დე, როცა დაგთანხმდი...
არც ის ბიჭი მომწონდა, შენი ტაძრის მრევლი, მაგრამ რამდენიმეჯერ ხომ შევხვდი და მოგატყუე კიდეც, მაგარი ბიჭია თქო !
და მაინც ყველაზე ბევრს შენთან ვცრუობ ...
მოდი, დამითვალე ტკივილები, რომ პატიება გთხოვო, დე !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები